ალექსანდერი ფრანც გაბრიელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდერი ფრანც გაბრიელ

ალექსანდერი ფრანც გაბრიელ - Alexander Franc Gabriel, Александер Франц Габриэль, 1891-1964

უნგრული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოსომატური მედიცინისა და ფსიქოანალიზური კრიმინოლოგიის ფუძემდებელი. სამედიცინო განათლება მიიღო ბუდაპეშტში, ფსიქოანალიზური - ბერლინში (ოტო რანკთან). 1932 წლიდან მოღვაწეობდა აშშ-ში. 1956 წლამდე ხელმძღვანელობდა ჩიკაგოს ფსიქოანალიზის ინსტიტუტს, სადაც წამოიწყო ფსიქსომატური პრობლემატიკის კვლევა ფსიქოანალიზზე დაყდნობით. ამავე დროს შეისწავლა სოციალური დეზორგანიზაციისა და კრიმინოლოგიის საკითხები. შემდგომში იყო ფსიქიატრიული და ფსიქოსომატური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლოს-ანჯელესში, ფსიქოსომატური მედიცინის ჟურნალის მთავარი შემქმნელი და რედაქტორი. ითვლებოდა ამერიკის წამყვან ფსიქოანალიტიკოსად, იყო ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის, APA-ს პრეზიდენტი (1938).

ალექსანდერი ფსიქოანალიზური მკურნალობის იმ მიმართულების სათავეში იყო, რომელიც ორგანულ დაავადებებზე ფსიქიკური ფაქტორის გავლენას იკვლევდა. აღწერა განსხვავებული ტიპის პიროვნებებისთვის დამახასიათებელი კონფლიქტური მოდელები, რომლებიც მჭიდრო კავშირშია გარკვეული სახის დაავადებებთან. თავის „ვექტორულ თეორიაზე” დაყრდნობით ალექსანდერმა ჩამოაყალიბა აზრი სამი ელემენტარული სასიცოცხლო მოტივაციური ტენდენციის შესახებ და გამოყო კონფლიქტური იმპულსების სამი ვექტორი, რომლებიც თვით დაავადებაშია „მოთავსებული”:

1) მიღებისა და გაერთიანების სურვილი;
2) განდევნისა და დახარჯვა-განადგურების სურვილი;
3) შენახვისა და დაგროვების სურვილი.

ამ არაცნობიერი ტენდენციების კონფლიქტი მათ ბლოკირებას იწვევს. ასე ყალიბდება ცენტრალური კონქლიქტი. ეს ვითარება კომპენსირდება სპეციფიკური ფსიქოფიზიოლოგიური ან ვეგეტაციური რეაქციებით, რაც, თავის მხრივ, ამათუიმ ორგანული სნეულების ეტიოლოგიური ფაქტორი ხდება. ალექსანდერი ყველაზე მეტად იკვლევდა ქრონიკულ, ესენციურ ჰიპერტონიას და კუჭის წყლულს. მაგ., ქრონიკული ჰიპერტონიის მიზეზი არის შეუძლებლობა, შეუზღუდავად გამოხატო მტრული დამოკიდებულება სხვა ადამიანებისადმი, რადგან ისინი სათანადოდ არ აკმაყოფილებენ შენს მოთხოვნილებას, უყვარდე სხვებს. ნაჩვენები იყო აგრეთვე რევმატოიდური ართრიტის, ასთმის, ნეიროდერმატიტის და ტიროტოქსიკოზის გამომწვევი ცენტრალური კონფლიქტი. მაგრამ პათოლოგიური პროცესის დასაწყებად კიდევ ორი პირობაა საჭიროა: ორგანული მიდრეკილება, ანუ სათანადო ორგანოს მოწყვლადობა და „გამშვები მექანიზმი” (დამაჩქარებელი სიტუაცია). ადამიანს ორგანიზმის სპეციფიკური მოწყვლადობით და დამახასიათებელი კონფლიქტური მოდელით შესაბამისი დაავადება მხოლოდ იმ შემთხვევაში განუვითარდება, თუკი მის ცხოვრებაში მომხდარი ძლიერი ძვრები აღძრავს ცენტრალურ კონფლიქტს და დაანგრევს ორგანიზმის ფსიქიკურ თავდაცვას.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები