ალექსანდრე ოქროპირიძე (ეპისკოპოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალექსანდრე (ალექსი ოქროპირიძე)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქეოპირიძე)

ალექსანდრე (ოქროპირიძე ალექსი) - (1824, სოფელი დისევი, გორის მაზრა – 09.11.1907, შიომღვიმის მონასტერი), წმ. მღვდელმთავარი (ხსენების დღე 26.10/8.11), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის ოჯახში. გორის სასაულიერო სასწავლებლის დამთავრებისთანავე, 1839 წ., ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1845 წელს დაამთავრა. სემინარიის დამთავრების შემდეგ 1845 წლის 8 ივლისს ბერად აღიკვეცა თბილისის ფერისცვალების მონასტერში. იმავე წლის 18 აგვისტოს აკურთხეს დიაკვნად. 1846-1850 წწ. სწავლობდა ყაზანის სასულიერო აკადემიაში; 1849 წ. მღვდელ-მონაზვნის ხარისხში აიყვანეს; 1850 წელს, აკადადემიის დამთავრებისას, მიენიჭა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. 1851 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის დაბალ განყოფილებაზე წმინდა წერილს, ლათინურ ენას, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ხოლო უმაღლეს განყოფილებაზე – ზნეობრივ ღვთისმეტყველებასა და ბიბლიურ არქეოლოგიას ასწავლიდა. 1851 წლსე აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა, პარალელურად, 1851 წლის 28 ივლისიდან 28 სექტემბრამდე ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორისა და უმაღლესი განყოფილების მასწავლებლის მოვალეობას ასრულებდა.

18 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აფხაზეთში, სადაც განვლო გზა მღვდელმონაზვნობიდან ეპისკოპოსობამდე და ღრმა კვალი დატოვა კუთხის ცხოვრებაში. 1852 წელს ილორში ჩამოაყალიბა სკოლა, სადაც ბავშვებს ამზადებდა სასულიერო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. 1852 წელს ლიხნში ამოქმედდა სასულიერო სასწავლებელი, რომელიც უწმინდესმა სინოდმა 1851 წელს დააფუძნა, თუმცა რეალურად არ მოქმედებდა. სასწავლებლის პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის საჭირო სახსრები ალექსანდრემ საკუთარი თანხებიდან გაიღო. ყირიმის ომმა (1853-1856) მკვეთრად შეცვალა პოლიტიკური ვითარება მხარეში – აფხაზთა მნიშვნელოვანი ნაწილი თურქეთს მიემხრო და სასწავლებელი დროებით დაიხურა. 1854-1855 წწ. ალექსანდრე კვლავ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველისა და უმაღლესი განყოფილების მასნავლებლის მოვალეობას ასრულებდა; იმავდროულად იყო გელათის მონასტრის წინამძღვარიც (დროებით). 1855 წელს იღუმენის ხარისხში აიყვანეს; იმავე წელს იღუმენი ალექსანდრე აფხაზეთის მთავრის მიწვევით ზუგდიდის მაზრის სოფელ ჭკადუაშში ჩავიდა მთავრის ტახტის მემკვიდრის, 9 წლის გიორგი მიხეილის ძე შერვაშიძის, აღსაზრდელად.

ყირიმის ომის შემდეგ აფხაზთა ნაწილი ისლამს დაუბრუნდა, რასაც ხელს უწყობდა ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლები. არქიმანდრიტის ხარისხში აღყვანილი ალექსანდრე მისიონერული საქმიანობის ახალ გზებს ეძებდა. 1860 წელს მან ჩამოაყალიბა და საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას წარუდგინა „მოსაზრება აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელებისა და ქრისტიანობის განვითარების შემაფერხებელი მიზეზების შესახებ“. მისი აზრით, აფხაზთა შორის ქრისტიანობის წარმატებით გავრცელებისათვის აუცილებელი იყო სასულიერო სასწავლებლის გახსნა, უძველესი ტაძრების აღდგენა, სამღვდელოების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ღვთისმსახურების წარმართვას ქართულ ენაზე, რადგან აფხაზეთში ღვთისმსახურება მუდამ ამ ენაზე აღესრულებოდა. მთავრის ოჯახი ქართულ ენას „სუფთად და თანდაყოლილად“ ფლობდა, „რუსულს – სრულებითაც არა“; ამიტომ აფხაზეთში მოღვაწე ყველა მისიონერმა უნდა იცოდეს ეს ენა, – ასკვნიდა ალექსანდრე.

1862 წლის 4 მარტს ალექსანდრე სიონის საკათედრო ტაძარში აკურთხეს ეპისკოპოსად და დაინიშნა აფხეთის ეპარქიის მმართველად. 1863 წელს, როგორც აფხაზეთის ეპისკოპოსმა, ალექსანდრემ საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში წარადგინა აფხაზეთის ეპარქიის „სტატისტიკური აღწერა“, სადაც მხარეში ქრისტიანობის წარმატებისათვის აუცილებელი პირობები იყო განხილული. 1866 წელს საქართველოს ეგზარქოსს წარუდგინა აფხაზეთში ქრისტიანობის უფრო გაბედულად და წარმატებით გავრცელებაზე ზრუნვის პროექტი; 1867 წელს კი სოხუმის სამხარეო განყოფილების უფროსისათვის შეადგინა წერილი: „აფხაზეთში ქრისტიანობის მდგომარეობისა და მისი გაძლიერებისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ“.

ალექსანდრემ სოხუმში 1867-1868 წლებში საკუთარი სახსრებით განაახლა ორი ეკლესია, ასევე საკუთარი ხარჯებით 8 აფხაზ ყმაწვილს სასულიერო განათლება მიაღებინა, მონათლა 3 ათასამდე აფხაზი და ამით ისინი თურქეთში გადასახლებისაგან იხსნა. მისივე ინიციატივით 1867 წელს ბიჭვინთაში სასულიერო სასწავლებელი გაიხსნა, სადაც რუსულთან ერთად დიდი ყურადღება ეთმობოდა ქართულ და აფხაზურ ენების სწავლებას. სამწყსოსადმი კეთილი დამოკიდებულებით მოსახლეობაში (თვით მუსლიმთა შორისაც) დიდი სიყვარული მოიპოვა, დაიმკვიდრა აფხაზეთის „მეორე მოციქულის“ სახელი.

1869-1882 წლებში ალექსანდრე გორის ეპისკოპოსი და საქართველოს ეპარქიის ვიკარია. 1871 წელს ალექსანდრე წმ. ანას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს; 1878 წელს დაამტკიცეს კავკასიაში მართლმადიდებლობის აღმდგენი საზოგადოების კომიტეტის წევრად. ალექსანდრე იღვწოდა ქართული ენისა და კულტურის დასაცავად. ეგზარქოს იოანიკეს დროს მან აიძულა სასულიერო ხელისუფლება, ქართველი მოწაფეთათვის სავალდებულო საგნებად ეცნოთ ქართული ენა და გალობა.

1881-1886 წლებში ალექსანდრე გურიის ეპისკოპოსია, 1886-1898 წლებში – კვლავ გორის ეპისკოპოსი. 1898 წლის 20 მარტიდან 1903 წლის 4 ნოემბრამდე გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველია. 90-იან წლებში მან შეაკეთა და განაახლა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: შიომღვიმე, ზედაზენი და დავით-გარეჯა. დიდძალი თანხები შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და საეკლესიო მუზეუმს. ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად დააწესა სტიპენდიები.

წმ. ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე) (ხატი)

ალექსანდრე ღიად დაუპირისპირდა ქართველი ერის გათიშვის, სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნის იმპერიულ პოლიტიკას, რაც მძაფრად გამომჟღავნდა 1902 წლის აპრილში, როდესაც ეგზარქოსი ალექსი (ოპოცკი), დეკანოზ ი. ვოსტორგოვის თანხლებით, სტუმრობდა სამეგრელოსა და აფხაზეთს ვითომდა ქართულ-მეგრულ ენებს შორის განსხვავების შესასწავლად. თბილისში დაბრუნებულმა ეგზარქოსმა უწმინდეს სინოდის ობერპროკურორს საიდუმლო წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ღია შეკრებებზე, თავადების თანდასწრებით, რუსი ხალხისა და რუსი ხელისუფლების მისამართით უხამს განცხადებებს აკეთებდა და მოუწოდებდა თავადებს „თავისუფლების დასაცავად“ გაერთიანებისაკენ. 1903 წელს ალექსანდრე სამსახურიდან დაითხოვეს. ფოთის ქალაქისთავმა, ნიკო ნიკოლაძემ, ფოთის საზოგადოებამ და სამღვდელოებამ მას გულთბილი გაცილება მოუწყვეს. გაცილებასთან დაკავშირებული პარაკლისი სიონის საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) გადაიხადა. ტაძარში სიტყვა ილია ჭავჭავაძემ წარმოთქვა. ცხოვრების დარჩენილი წლები მან შიომღვიმის მონასტერში გაატარა.

ალექსანდრე იყო მრავალი საქველმოქმედო საზოგადოებისა და დაწესებულების წევრი, მათ შორის – ქართველთა შორის წერა-კითხის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი. მან საკუთარი სახსრებით გამოსცა ანტონ I კათოლიკოსის „მზამეტყველება“ და „სწორმეტყველება“, ანტონ ნეკრესელის „სიტყვანი და მოძღვრებანი“, ისტორიული საბუთები შიომღვიმის მონასტრისა, სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი და ა.შ. მანვე დააფინანსა ქართული საეკლესიო გალობის ნოტებზე გადაღება.

ალექსანდრე ცდილობდა რუსეთის ეგზარქოსების მმართველობის პირობებში დაკნინებული სამონასტრო ცხოვრების აღორძინებას, ლავრა-მონასტრებში ქართველი ბერების გამრავლებას, სასულიერო განათლების დონის ამაღლებასა და ამ გზით სარწმუნოების განმტკიცებას.

მცხეთის სვეტიცხოვლის აღსადგენად მან 1500 მან. გაიღო, იყო ამ ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის თავმჯდომარე; აღადგინა ეკლესიები მშობლიურ სოფელ დისევში, გურიაში, აჭარაში. 21 ათასი მანეთი შესწირა შიომღვიმის მონასტერს, 11700 მან. – იოანე ზედაზნელის სავანეს. ასევე ალექსანდრეს ხარჯით მრავალმა უსახსრო მოსწავლემ მიიღო განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში, მის მიერ დაარსებულ საეპარქიო ქალთა სასწავლებელში, ილორის სკოლაში, ბიჭვინთისა და ქუთაისის სასულიერო სასწავლებლებში, ყაზანის სასულიერო აკადემიაში და სხვ.

1995 წლის 17 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ალექსანდრე წმინდანად შერაცხა წმ. მღვდელმთავრის სახელით.

ჯ.გამახარია

ლიტერატურა

  • აბაშიძე ზ., განუწყვეტელი სათნოება, „ფუძე“, 2005, №1;
  • გურგენიძე ვ., წმ. მარიამის წილხვედრ ქვეყანაში, წგ., 2, თბ., 1997;
  • თავბერიძე ი., XIX ს. ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა, თბ., 2005;
  • წმინდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) და აფხაზეთი, ჯ. გამახარიას გამოც., თბ., 2006;
  • ჭიჭინაძე ზ., გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე; ტფ., 1903; მისივე, სიტყვანი და წერილები ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეზე, ტფ., 1907.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები