ალუდები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალუდები – მიცვალებულის წლისთავი – მკვდრის პატივსაცემად გამართული უკანასკნელი სუფრა თუშეთში; იმართებოდა ზაფხულში, ათნიგენობების დაწყებამდე. წლისთავის ჯეროვანი გადახდისათვის საჭირო იყო სამი-ოთხი კოდი ქერი სალუდე ფორის დასამზადებლად, ორი-სამი კოდი საარყე მასალა, ორი კოდი ფქვილი პურის გამოსაცხობად, სამი-ოთხი ცხვარი საკლავად, ათი-თხუთმეტი ცხვარ-თოხლი დოღის მონაწილეებისთვის, საკმარისად ბევრი ფული სხვადასხვა ხარჯებისთვის. ყოველივე ამაში ოჯახს ნათესაობა „სანიჭრით“ (ცხვრით, ყველით, ფულით და სხვ.) ეხმარებოდა, რითაც ჭირისუფალს გარკვეული მატერიალური შეღავათი ეძლეოდა. ალუდის გადახდის სამზადისში მთელი საგვარეულო და სოფლის მეზობლობა მონაწილეობდა. ისინი ოჯახს შეშის მოჭრა-მოტანასა და ლუდის მოხარშვაში, არყის გამოხდაში, პურის გამოცხობაში და სხვა საქმეში შველოდნენ.

წლისთავის თარიღს ნათესავებს ერთი კვირით ადრე შეატყობინებდნენ: ზოგს ცხენიანად დაპატიჟებდნენ, ზოგსაც – უცხენოდ; დოღისთვის საშუალოდ ოც-ოცდახუთ ცხენს მაინც მოიწვევდნენ („სადგინი“); იწვევდნენ მოდალავეებსაც („დალაჲ).

საალუდებო სუფრის დასრულებისთანავე, როცა სტუმრების წასვლის დრო დადგებოდა, მასპინძლები სოფლის გასასვლელებში ჩადგებოდნენ და სტუმარ კაცებს დიდი სასმისებით გარდაცვლილ მეშაბაშეთა, მექარმუჯეთა, კოდ-მეკოდეთა, მოლხინართა შესანდობარს დაალევინებდნენ.

ალუდების მეორე დღეს მიცვალებულის სოფლელი ქვრივი ქალები „საქვრივოს“ მოითხოვდნენ. ჭირისუფალი ვალდებული იყო მათთვის სუფრა გაეშალა. ქვრივები სასმელით გარშემომყოფებსაც გაუმასპინძლდებოდნენ და თავიანთი ქმრების შესანდობარს ათქმევინებდნენ. ბოლოს, საამდღისოდ საგანგებოდ მოხარშულ ფაფას ოჯახის მეკვლე სახლიდან უკანმოუხედავად გამოიტანდა, გამოიყოლებდა სასმელსაც და მიცვალებულის სულს ახსენებდა; ფაფას კი ბავშვებს აჭმევდა. ჭირისპატრონი „მოსანიჭრეებს“, ანუ იმათ, ვინც ხარჯში ოჯახს სანიჭრით დაეხმარა, სასმელსაჭმელა გაატანდა, თან გარდაცვლილის პირადი ნივთებიდან რაიმეს უსახსოვრებდა; შინ მისული მოსანიჭრეები მეზობლებს მოიწვევდნენ და მოტანილი სასმელ-საჭმლით მეზობლებს მკვდრის შესანდობარს ათქმევინებდნენ („ვის სახელზედაც ნამცხვარ-ნადუღარი იყოს, იმას შეუნდოსო“). გარდა ამისა, ჭირისუფალი თავის სოფელში ე. წ. „სამეკვლოს“ ჩამოარიგებდა: ხარჯში დაკლული ცხვრის ნაწლავებს დაწნულს მოხარშავდნენ, წვრილად დაჭრიდნენ და, ერთ „საკვამლო კვერთან“ და ერთ მუჭა ბიჭონთან ერთად, ყველა ოჯახს გაუგზავნიდა.

ალუდის ხარჯებიდან მესამე დღეს კვლავ სუფრას გაშლიდნენ, სოფლის ქალებს მოიწვევდნენ და ფლასზე უკანასკნელად გამართავდნენ ტირილს. შემდეგ ფლასიდან მიცვალებულის ტანსაცმელსა და ნივთებს აალაგებდნენ (ამას „ფლასის აღება“ ერქვა) და მკვდრის სახსოვრად გასცემდნენ; მიცვალებულის ცხენსაც გაასაჩუქრებდნენ (იტყოდნენ: „ცხენი დედისძმათ საკუთვნოაო“). ამ ცხენის გაყიდვა არ შეიძლებოდა, იგი ახალი პატრონის ხელში უნდა დაბერებულიყო.



ლიტერატურა

გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ. 101-126.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები