ამასია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამასია იუდეველთა მეფე

ამასია – (ძვ.წ. 798-769 ) – იუდეის მეფე, იოაშის ძე. ამასია რელიგიური მონარქი იყო და თავისი მამის და პაპის მსგავსად კერპთაყვანისმცემლობას არ მისდევდა. მეფე გამოირჩეოდა ძველებრაული კანონების კარგი ცოდნით. ის პატივს სცემდა წინაპართა ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს.

ამასიამ მთელი თავისი ენერგია იუდეის სამხედრო ძლიერების აღდგენას შეალია, რადგან იორამის, ოხოზიას და იოაშის დროს იუდეის სამეფომ მძიმე დამარცხებები იგემა და ძალიან დასუსტდა. ამასიამ ჯარში გაიწვია ყველა ოც წელს გადაცილებული მამაკაცი, ვისაც ბრძოლა შეეძლო. მიუხედავად ამისა ამასიამ მაინც ვერ შესძლო საჭირო რაოდენობის ჯარის მოკრება და ისრაელი სამეფოდან დაიქირავა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმიული შენაერთი. თუმცა ბიბლიის მიხედვით მეფე დაემორჩილა უფლის წინასწარმეტყველს, რომელმაც ამცნო, რომ ღმერთი წინააღმდეგი იყო კერპთაყვანიმცემელი ისრაელიანებთან იუდეველების ურთიერთობით, ამიტომ ამასიამ უკან დააბრუნა დაქირავებული ჯარისკაცები. მეომრებმა ამაზე საპასუხოდ ისრაელისკენ მიმავალ გზად იუდეის ქალაქები და სოფლები მოაოხრეს. მიუხედავად ამისა ამასიამ მაინც მოახერხა ჯარის მოძლიერება საიმისოდ, რომ იუდეის წინააღმდეგ ჯერ კიდევ იორამის დროს აჯანყებული ედომი დაემორჩილებინა. ედომის მეფე მომზადებული იყო მტრის დასახვედრად თუმცა მაინც დამარცხდა და ედომი კვლავ იუდეას დაუბრუნდა. იუდეველმა ჯარისკაცებმა საოცარი სისასტიკე გამოიჩინეს ედომში და ათასობით უდანაშაულო ადამიანი დახოცეს. ამ სამარცხვინო საქციელის გამო ამასია ყველა ებრაელმა ღვთისმსახურმა და წინასწარმეტყველმა შერისხა. ისინი მეფეს მოსალოდნელ უბედურებას უწინასწარმეტყველებდნენ.

ამასიამ ედომური კერპები იერუსალიმში ჩაიტანა და ხალხს მათი თაყვანისცემა უბრძანა. ამას იუდეველებში უარყოფითი რეაქცია და თვით მეფის ძმის, ამოსის განაწყენება მოჰყვა. ამასია ძალიან შეცვალა ედომზე გამარჯვებამ. ის თავის თავში დარწმუნებული, თუმცა ზედმეტად ამპარტავანი გახდა. მას სურდა უფრო დიდი გამარჯვების მოპოვება. სწორედ მაშინ საბედისწერო ნაბიჯი გადადგა და ისრაელის სამეფოს ომი გამოუცხადა. ისრაელის მეფე იოაში არმიით დაიძრა და ამასიას ბეთშემეშთან შეხვდა.

ორ მეფეს შორის ბრძოლა მეტად სასტიკი გამოდგა და ორივე მხრიდან საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა. იუდეველები დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. იოაშმა აიღო და გაძარცვა იერუსალიმი, ხოლო შემდეგ თავის სამეფოში დაბრუნდა. ამასია მტერს ტყვედ ჩაუვარდა თუმცა მალე მოახერხა განთავისუფლება და იუდეაში დაბრუნება. მეფის რეპუტაცია იმდენად დაცემული იყო ისრაელთან განცდილი დამარცხების გამო, რომ ამასია გაიქცა და გამაგრებულ ქალაქ ლახიშს შეაფარა თავი. შეთქმულებმა რომელთაც მისივე ვაჟი, უზია (ოზია) მეთაურობდა 15 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეს მეფის თავიდან მოშორება. საბოლოოდ ლახიშში შეთქმულთა მკვლელმა მოახერხა შესვლა და ამასია სიცოცხლეს გამოასალმა. იუდეის მეფე უზია გახდა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები