არკადი II კვიპრელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არკადი II კვიპრელი - (VII ს.), წმინდანი (ხსენების დღე 16/29.08), საეკლესიო მოღვაწე, ისტორიკოსი, მწერალი, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი (630-638). იყო სვიმეონ მესვეტის (გ. 596) მოწაფე. აღწერა „ღირსი სვიმეონის ცხოვრება“, ეს არის მისი ერთადერთი თხზ., რომელიც ქართულად ითარგმნა. სხვა თხზულებების ძველი ქართული თარგმანები არ მოგვეპოვება. „სვიმეონის ცხოვრება“ (89-ე, 111-ე, 114-ე და 229-ე თავები) მეტად საგულისხმო ცნობებს გვაწვდის ქართველების შესახებ. 89-ე თავში მოთხრობილია ღირსი სვიმეონის ხილვის შესახებ: „დღესა ერთსა იყო წმიდაჲ იგი განკჳრვებასა შინა. იხილა ერი დიდძალი ფრიად მამათა და დედათაჲ და ყრმათაჲ. და აქუნდა ჴელთა მათთა ჯვრები და მოვიდოდეს იგინი აღმოსავალით მისა ლიტანიითა და ლოცვითა, რომელთა შესწირვიდეს ღმრთისა მიმართ. და სული წმიდაჲ ჰფარვიდა მათ, ყოველსა მას ერსა და თანაუვიდოდა. და ვითარ მოეახლნეს იგინი მთასა მას საკჳრველსა, ჰრქუა სულმან წმიდამან მონასა თჳსსა სჳმეონს: უწყი-მეა, ვინ არიან ესენი, რომელნი მოსრულ არიან შენდა. ესე არს ნათესავი ქართველთაჲ, რომელნი გყუარობენ შენ სახელისა ჩემისათჳს და მოვიდოდიან შენდა ჟამითი ჟამად სარწმუნოებითა დიდითა. და გამოცდილებაჲ მიიღონ ნიჭთა ამათგან, რომელნი მომადლებულ არიან შენდა საკურნებელად და ქადაგებდნენ სახელსა შენსა ქუეყანასა მათსა და განამტკიცებდენ ყოველთა სარწმუნოებითა. და კუალად დაემკჳდრნენ მათგანნი მონასტერსაცა შენსა. და იყვნენ იგინი მორწმუნე და კეთილ მსახურ. და შემდგომად სახილავისა ამის მცირედთა დღეთა მოვიდა ერი მრავალი ქართველთაჲ ლიტანიითა და აქუნდა ჴელთა მათთა ჯვრები“.

„ღირსი სვიმეონის ცხოვრება“ ადრევე ითარგმნა ქართულად. მთარგმნელის ვინაობა უცნობია. ერთ-ერთ უძველეს ნუსხაში (იერუსალიმის №26 ხელნაწერი) არსებული არმენიზმების გამო, ნ. მარმა დაათარიღა XIII ს. „სვიმეონის ცხოვრების“ სხვა ნუსხა წარმოდგენილია სინის მთის №73 ხელნაწერში, რომელიცც 978 წ. არის გადაწერილი.

საქართველოს ეკლესია ძველ დროიდანვე აღასრულებდა არკადი II კვიპრელი მთავარეპისკოპოსის ხსენებას. მის მოსახსენებელს ვხვდებით გიორგი მთაწმინდლის სვინაქსარში, იოანე ზოსიმეს კალენდარსა და იერუსალიმის კანონარში (7 მარტის საკითხავები).

გ. მაჭარაშვილი

ლიტერატურა

  • კეკელიძე კოუცხო ავტორები ძველ ქართულ მწერლობაში, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 5, თბ., 1957;
  • მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის შეერთებული კალენდარი, თბ., 2001;
  • ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, ნაწ. 1, კიმენი, ტ. 1, კ. კეკელიძის გამოც., ტფ., 1918.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები