არმაზის წარწერა მარიამ-ხათუნყოფილისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმაზის წარწერა მარიამ-ხათუნყოფილისა – XII ს. II ნახ. ასომთავრული წარწერა, ამოკვეთილი 10 სტრიქონად ნაცრისფერი ქვიშაქვის ფილაზე (55x88x20 სმ), რომელიც ჩასმული იყო არმაზისხევის (მცხეთის მახლობლად) ეკლესიის დასავლეთ კედელში, ინახება საქართველოს მუზეუმის ქვის ძეგლების ფონდში (№109).

შინაარსით წარწერა სამშენებლოა და იმავდროულად ეპითაფიკული საბუთიც. მარიამ-ხათუნყოფილი, რომელიც სხვა წყაროებში არ გვხვდება, თავის თავს მოიხსენიებს აბულეთის დედად და სალდუხის ძმისწულად (ორივე ასევე უცნობია). აღნიშნავს რომ უყიდია და აუშენებია ეკვდერი არმაზში, როგორც ჩანს, თავისი და ახლობლების დასაკრძალავი ადგილი, ქართლის კათალიკოსის ნიკოლოზის ბრძანებით და სურვილით, და შეუწირავს მისთვის „გლეხნი და სიგელნი“ ამ გლეხების ფლობის შესახებ და დაუდგენია მწირველი მისი სულისათვის. ტექსტის ბოლოს დასახელებული არიან კიდეც ეს გლეხები, რომელთაგან ერთი ციხედიდელი და მეორე უპითელი ყოფილა, აქვეა ცნობა რაღაც შეწირულების შესახებ მცხეთაში (შეიძლება – სახლის), მაგრამ ტექსტის ნაკლულობის გამო გაურკვეველია.

წარწერა თარიღდება პალეოგრაფიული ნიშნებისა და მასში დასახელებული ქართლის კათალიკოსის ნიკოლოზ I გულაბერისძის (†1190) მოღვაწეობის მიხედვით. წარწერა ხვეული დამწერლობის კლასიკური ნიმუშია. მისი ტექსტი ასეთია:

„† ჵ, ყოვლად საგალობელო დედოფალო, ცათა დაუტევნელისა დამტევნელო, მტჳრთველო ღმრთისა, ქერობინთაგან უტჳრთველისაო, მშობელო დედაო, მაწოვნებელო ღმრთისა ჭეშმარიტისაო, სიტყჳსაებრ შენისა სანატრელო, მარადის ქალწულო მარიამ, პატიოსანო და ნათლისა მიმცემელო ყოველთა შენდამი შე[ევედრ]ებულთაო!

მე, უნდო დედაკაცი, ხათუნ-ყოფილი მარიამ, დედაჲ აბულეთისი, ძმისწული სალდუხისი, რომელი ღირს ვიქმენ წმიდასა ღმრთ[ივაღმა]რთებულსა კათოლიკე ეკლესიასა სულისა შევედრებად, შუვამდგომლობითა სუეტისა ცხოველისაჲთა, ბრძანებითა და სურვილითა ქართლისა კათალიკოზის ნიკოლოზისითა, შემწეობითა ყოველთავე კათოლიკე ეკლესიისა შვილთაითა, ჴელ-ვყავ მცირედითა მსახურებაჲ:

ვიყიდე და ა(ღვაშე)ნე არმაზს ეკუდერი სრული ყოვლითა, საკურთხეველი, გლეხნი და სიგელი; მწირველი სულისა ჩემისათჳს.

და ვინცა შემდგომითი შემდგომად წოდებულ იქმნმᲱთ ქართლისა კათალიკოზობასა, შეიწყალეთ უნდოჲ სული ჩემი და დაამტკიცეთ, თქუენცა ღმერთმან მტკიცე გყვნეს.

ვინცა შეცვალოს ფრიადი წადილი ჩემგნით – სულისა ჩემისა სალოცავი, შე-მცა-იცვალების ქრისტეს სარწმუნოებისაგან და შენ აზღვევინე-მცა [ცოდვა]ნი სულისა [ჩემისანი], ამენ.

ერთი გლეხი ტო[…]ბლაჲსძე ა ციხედიდს, ლომინაჲ უჰითს, მცხეთას [სახლი?!]“.

წარწერის პირველი სტრიქონის მესამე ასოს – დ-ის მუცელში ჩახაზულია სოლომონის ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც ბაგრატიონთა სამეფო სახლის ბიბლიური წარმოშობის ემბლემაა. ის ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით ტაოკლარჯეთში, ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე, რომლებიც სამეფო სახლის წევრების მიერაა აშენებული. მისი ჩართვა ამ წარწერის ტექსტში შეიძლება ნიშნავდეს. რომ მარიამ ხათუნყოფილი სამეფო სახლის ან ჩვენთვის უცნობი წევრია, ან დაკავშირებულია ამ სახლთან.

ვ. სილოგავა



ლიტერატურა

  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი. შედგენილი და დასაბეჭდად მომზადებულია ა. ბაქრაძის და ს. ბოლქვაძის მიერ, ილია აბულაძის ხელმძღვანელობით და რედაქციით, თბ. 1953, № 12
  • (იქვე წინა გამოცემები): ბარნაველი თ. არმაზის მონასტრის წარწერის თარიღისათვის, «სმამ», 1960. ტ. 24, №5.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები