არსენი (ტფილელი მიტროპოლიტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენი - (იესე ბაგრატიონი; ნადიბაიძე, (სხვა მოსაზრებით – ნაიბაძე, 1757 – 30.11.1813), სასულიერო მოღვაწე, ტფილელი მიტროპოლიტი. მეფე იესეს (ალი ყული-ხანი, მუსტაფა) უკანონო შვილის – არჩილის (აბდულა-ბეგი) – უკანონო ვაჟი.

მამამისი თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს ოპოზიციაში ედგა და ქართლის სამეფო ტახტის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ ამ ბრძოლაში დამარცხდა. მისი შვილი იესეც თეიმურაზისა და ერეკლეს მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ოჯახს დაუნათესავდა – ცოლად შეირთო 1765 წ. შეთქმულებაში მონაწილე ქართლის თავადის, ელიზბარ თაქთაქიშვილის ასული. ახალგაზრდობაშივე დაქვრივებული ბერად აღიკვეცა; სახელად არსენი ეწოდა და იმერეთში კაცხის მაცხოვრის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. შემდგომში კათოლიკოსმა ანტონ I-მა იგი ეპისკოპოსად აკურთხა და ნიქოზის კათედრაზე დაადგინა.

1795 წ. კრწანისის ბრძოლის შემდეგ მოწამებრივად აღესრულა თბილელი მიტროპოლიტი დოსითეოსი, რის შემდეგაც დედაქალაქის კათედრა არსენმა დაიკავა და მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. თბილისის გარდა, ეჭირა ბოლნისისა და მანგლისის კათედრებიც. იგი მიესალმა აღმოსავლეთ საქართველოს შესვლას რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და ამ ფაქტთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვაც კი აღავლინა თბილისის სიონში. რუსეთის მთავრობა არსენს ძალიან სწყალობდა, საფიქრებელია, უფრო ანტონ II-ის უფლებების შეზღუდვის მიზნით, მით უფრო, რომ ისიც სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. რუსული ეკლესიის წმ. სინოდმა არსენი წმ. ანას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, 1807 წ. კი – ბრილიანტის ჯვრით შემკული თეთრი ბარტყულა უბოძა. ასეთი გარეგანი ნიშნების წყალობით არსენ კათოლიკოსის მეტოქედ ჰყავდათ წარმოდგენილი. მართლაც, იგი კათოლიკოსის იურისდიქციას აღარ ემორჩილებოდა და ხშირად უშუალოდ რუსეთის სინოდს მიმართავდა, რითაც ხელი შეუწყო საქართველოს საეკლესიო საქმეებში რუსეთის საერო მთავრობის ჩარევას. 1809 წ., როცა ანტონ II-მ ახალი მთავრობის სურვილისამებრ შეადგინა სასულიერო დიკასტერიის დაარსების პროექტი, რომლის მიხედვით, უქმდებოდა თბილისის ეპარქია, ხოლო მისი საკათედრო ტაძარი – სიონი – თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორს, დეკანოზ ალექსი პეტრიაშვილს (შემდგომში – არქიმანდრიტი ათანასე) ექვემდებარებოდა, პირადი ინტერესებით აღძრულმა მიტროპოლიტმა არსენმა ვრცელი საჩივარი გაგზავნა იმპერატორ ალექსანდრე I-ის სახელზე და მთავრობას მოუწოდა საეკლესიო საქმეებში ჩარევისა და გამოძიებისაკენ. 1809 წ. 12 დეკემბერს, იმპერატორის დაბადების დღეს, სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვაზე არსენმა მთავარმართებელ ა. ტორმასოვისა და საზოგადოების წინაშე მოურიდებლად საკურთხეველში შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ალექსისა და მთავარეპისკოპოს ვარლაამს (ერისთავი, შემდგომში – საქართველოს პირველი ეგზარქოსი). ამას დაერთო ეპარქიის მართვა-გამგეობაში დაშვებული სხვა ბოროტმოქმედებანი და სიონის ქონების გაფლანგვაში მხილება-ბრალდებანი, რასაც შედეგად მოჰყვა სასულიერო სასამართლოს განაჩენი, რომლის ძალითაც არსენი კათედრიდან გადააყენეს, 6 თვით მღვდელმსახურება აუკრძალეს და გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში გაგზავნეს. არსენი ამ განაჩენს არ დაემორჩილა და იმპერატორთან აუდიენცია ითხოვა. ახალი მთავარმართებელი რტიშჩევი მოითხოვდა მის რუსეთში გადასახლებასა და ერთ-ერთ მონასტერში განწესებას 1200 მანეთის ოდენობის პენსიით. 1813 წ. იმპერატორმა პეტერბურგში ჩასვლისა და სინოდში თავისი საქმის გამორკვევის ნება მისცა. თბილელი მიტროპოლიტი ასეთ განკარგულებას ეჭვის თვალით შეხვდა. მისი გამგზავრება პეტერბურგში არ შედგა – 1813 წ. 30 ნოემბერს პ. მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი პატივით დაკრძალეს სიონის ტაძარში, ხოლო მის მოხუცებულ დედას, თინათინს, რუსეთის მთავრობამ პენსია დაუნიშნა – თვეში 25 მანეთი ვერცხლით. თინათინი გარდაიცვალა 1824 წ. 20 თებერვალს სოფ. ქვემო ხვითში 100 წლის ასაკში და დაკრძალა მღვდელმა მანასე მაჭავარიანმა ამავე სოფლის სასაფლაოზე.

ე. ბუბულაშვილი
გ. მაჩურიშვილი

Logo1.JPG არსენი მრავალმნიშვნელოვანი

ლიტერატურა

  • ბუბულაშვილი ე., საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ანტონ II (1788-1811), წგ.: დიდი ქართველები, წგ. 11, თბ., 2011; კალისტრატე (ცინცაძე);
  • „ქვაშვეთის წმიდის გიორგის ეკლესია ტფილისში“, თბ., 1994.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები