არსენ საფარელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენ საფარელი – საეკლესიო მოღვაწე, მწერალი და პოლემისტი, ქართლის კათოლიკოსი (ზეობისა და საერთოდ, ცხოვრება-მოღვაწეობის ზუსტი პერიოდი უცნობია). მოღვაწეობდა საფარის მონასტერში.

არსენ საფარელი არის ავტორი ცნობილი ანტიმონოფიზიტური ტრაქტატისა – „განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა“, რომელიც მოიცავს კავკასიური ქვეყნების (უპირატესად სომხეთის) საეკლესიო და პოლიტიკურ ისტორიას, ბიზანტიის და ირანის იმპერიებთან ურთიერთობის ფონზე IV ს. დასასრულიდან 726 წლამდე. არსენ საფარელის თხზულებაში დეტალურად არის განხილული პერიოდი VI ს. შუა ხანებიდან VII ს. 80-იან წლებამდე, ვინაიდან, არსენ საფარელის აზრით, სომეხთა გამონოფიზიტების პროცესი სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა. არსენ საფარელის თხზულების მთავარი წყაროა ასევე ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი Narratio de rebus Armeniae, რომელმაც ჩვენამდე ბერძნულ ენაზე მოაღწია, თუმცა აარსენ საფარელი მის სომხურ დედანს უნდა იყენებდეს. ამ თხზულების გარდა, არსენ საფარელის წყაროა კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ფოტიოსის ეპისტოლე სომეხთა პატრიარქ ზაქარიასადმი (895), იოჰანეს დრასხანაკერტცის „სომხეთის ისტორია“, ასო– ღიკის „მსოფლიო ისტორია“. იგი იყენებს სომეხი ავტორების – აგათანგელოსის, მოვსეს ხორენაცის, ლაზარ ფარპეცის – საისტორიო თხზულებებს. არსენ საფარელი კავკასიაში მომხდარ სარწმუნოებრივ განხეთქილებას განიხილავს, როგორც უცხო ძალის დაწოლით მომხდარ პოლიტიკურ აქტს და არა როგორც შინაგან კანონზომიერებას. არსენ საფარელი გმობს მონოფიზიტობას, მაგრამ სწამს, რომ სომხები „უბრალონი“ არიან და მათი წინაპრები მხოლოდ გამოუვალმა პოლიტიკურმა სიტუაციამ აიძულა, „მწუხარებით ეთხოვათ“ სპარსელებისგან „სჯული იაკობთაჲ“. ავტორის რწმენით, ხელსაყრელ პოლიტიკურ ვითარებაში კავკასიური ქვეყნების სარწმუნოებრივი გაერთიანება არ არის გამორიცხული.

სპეციალურ ლიტერატურაში არსენ საფარელის ვინაობისა და მოღვაწეობის დროის შესახებ გავრცელებულია სხვადასხვა მოსაზრება: თარიღები მერყეობს VII ს. მიწურულსა და XIV ს. შორის. ზოგიერთი ავტორი არსენ საფარელს აიგივებს IX ს. II ნახ-ის მოღვაწე ქართლის კათოლიკოს არსენ დიდთან (დაახლ. 60-80-იანი წწ.) ან კათოლიკოს არსენ II-თან (დაახლ. 955-980). არსენ საფარელის მიერ გამოყენებული წყაროები, ტერმინები, კავკასიის საეკლესიო ისტორიის ცალკეული პერიოდების მისეული ცოდნა, შეფასებები და დასკვნები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ტრაქტატის – „განყოფისათვის“ – ავტორი არსენ საფარელი XI ს-ზე ადრე მოღვაწე პირად იქნეს მიჩნეული.

ზ. ალექსიძე

იხილე აგრეთვე

არსენ საფარელი


Logo1.JPG არსენი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები