აცვაყვა-ელია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა-ცვაყვა-ელია (Ацәаҟәа-елиашь – „ცისარტყელა-ელია“) – ამინდისა და ზოგიერთ დაავადებათა მფარველი ღვთაება, რომელიც ღრუბლებში ბორიალობს, წვიმას აგზავნის დედამიწაზე და ყველას, ვინც მის წინაშე შესცოდავს, მკაცრად სჯის – ზოგს სიკვდილით, ზოგსაც – ავადმყოფობით. მისი რისხვა რომ არ დაიმსახუროს, ცაზე ცისარტყელის გამოჩენისას, აფხაზი წყალს ხელს არ ახლებს. ვისაც აცვაყუა-ელია გაუწყრება (გააყვითლებს და ჩამოახმობს), ვალდებულია (მკითხავის მითითებით) მსხვერპლი შესწიროს და ილოცოს მის სახელზე. ხუთშაბათ დღეს ასაკოვან ქალებს ავადმყოფი მდინარეზე მიჰყავთ, თავზე შემოავლებენ ჭრელი ჩითის რამდენიმე ნაჭერს და ასაკით უფროსი დაილოცება: „დიდო ღმერთო, შეიგნო რა თავისი ცოდვა (იტყვიან დაავადებულის სახელს – ნ.ა.), მოვიდა შენთან და გთხოვს მიიღო ეს ლამაზი ჩითები ნიშნად იმისა, რომ იგი, აწაავის (მკითხავის – ნ.ა.) მითითებით, დროულად მოგიძღვნის შესაწირს“. მომავალ ხუთშაბათს სამ ან შვიდ ქალს (მამაკაცთა გარეშე) თეთრ სამოსში გამოწყობილი ავადმყოფი კვლავ მდინარესთან მიჰყავთ, თან მიაქვთ ასაკით უფროსი მლოცველის მიერ დაკლული და მოხარშული ყვერული და დედალი, შვიდი ჩვეულებრივი და შვიდი მცირე ზომის ღვეზელი (აჩა-ღვაზალი), ღომი, კვერები. ქალები თავად გამართავენ სახელდახელო მაგიდას და ზედ შესაწირს დაალაგებენ, დაანთებენ შვიდ სანთელს, რომლის წინ მუხლმოყრით ავადმყოფს დააყენებენ; უფროსი ქალი აცვაყუა-ელიას დაავადებულის „განთავისუფლებას“ შესთხოვს. ლოცვის შემდეგ შესაწირის შვიდ-შვიდ მცირე ულუფას წყალში გადაყრიან, დანარჩენს თვითონ შეჭამენ, სახლში რაიმეს წაღება იკრძალება. ბოლოს ვაზისგან გაკეთებულ გვერგვს შვიდ სანთელს შემოუნთებენ და მდინარეში ჩაუშვებენ; ავადმყოფი უკანმოუხედავად მიჰყავთ სახლში.

აბჟუის აფხაზები აცვაყუა-ელიას „წითელ ელიასაც“ (ელიაფში) უწოდებდნენ. ზოგიერთ კუთხეში ზემოაღწერილი წესებისაგან განსხვავებული რიტუალი იცოდნენ: სალოცავად წყლისპირზე გასულნი ერთი ნაპირიდან მეორემდე აბრეშუმის ძაფს გაჭიმავდნენ, მდინარის ორივე ნაპირზე სხვადასხვა ნივთებს დაალაგებდნენ; მლოცველი დედაკაცი ხელში იღებდა ფერადი ნაჭრებით მორთულ მამაკაცის სახის თოჯინას, მუხლმოყრილ და მიტკალგადაფარებულ ავადმყოფს თავზე შემოავლებდა და ელიაფშს მის „განთავისუფლებას“ შესთხოვდა; ლოცვის დამთავრების შემდეგ, თოჯინას თავწაჭრილ აყიროში ჩაამაგრებდა, ირგვლივ ანთებული სანთლებით გააჩირაღდნებდა და მდინარეში ჩააგდებდა სიტყვებით: „ავადმყოფის ნაცვლად ამას შეექციე, ეთამაშე, ამასთან გაერთე!“ ამ სალოცავის აღსრულებას, აფხაზის აზრით, აუცილებლად წვიმა მოჰყვებოდა. აცვაყუა-ელია-ში მოცემული „ელია“ არის ქართველებისათვის (და არამარტო მათთვის) კარგად ცნობილი წმ. ელია – ატმოსფერულ მოვლენათა განმგებელი და რიგ დაავადებათა მფარველი ღვთაება.


ლიტერატურა

  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • პ. გიორგიძე. აფხაზეთი და აფხაზნი // ივერია. 1888. №186.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები