ბაკელიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაკელიტი

ბაკელიტი − (ინგლ. Bakelite < ბელგიელი მეცნიერის ლ. ბაკლენდის სახელის მიხედვით), ხელოვნური ფისი, ფენოლის ფორმალდეჰიდთან პოლიკონდენსაციის პროდუქტი ტუტის კატალიზატორის (ამიაკი, იშვიათი ნატრიუმი) მონაწილეობით. სითბოს ცუდი გამტარია, დიდ წინააღმდეგობას უწევს ხახუნსა და დარტყმით დატვირთვებს, მოქნილია, კარგად ემორჩილება მექანიკურ დამუშავებას და უძლებს 300°C ტემპერატურას. არის ბლანტი სითხე ან მაგარი ხსნადი ადვილდნობადი პროდუქტი ღია-ყვითელიდან შავ ფერამდე. კარგად იხსნება სპირტში. ფორმულა (С6Н6О·СН2О)п. შესანიშნავი დადებითი თვისებების გამო ბაკელიტი შეუცვლელი მასალაა მრეწველობაში. მისი გამოყენების სფეროა: ფანერა, მერქანბურბუშელოვანი ფილები (შემკვრელი), ავეჯი, ავეჯის ფურნიტურა, წებო БФ (ბაკელიტ-ფენოლური), მეტროს ესკალატორის საფეხურები, ინსტრუმენტის სახელური, ელექტროტექნიკური ნაკეთობები (ჩამრთველი, ამომრთველი, გადამრთველი, ელექტრომრიცხველი), სამხედრო ტექნიკის დეტალები, სამზარეულოს მოწყობილობები, სუვენირები, სასპორტო ინვენტარი და სხვ.

მშენებლობაში ფართოდ გამოიყენება დაბაკელიტებული („საზღვაო“) ფანერა, რომელიც მიიღება შპონების გაჟღენთვით ბაკელიტის ლაქში და შეწებებული (4 მპა წნევის ქვეშ) თერმულად აქტიური ფენოლფორმალდეჰიდური ფისით. ასეთი ფანერა გამოირჩევა გაუმჯობესებული წყალმედეგობითა და სიმტკიცის მაღალი მახასიათებლებით. მზადდება აგრეთვე ლამინირებული (გლუვი, გაპრიალებული) მაგარი ზედაპირით. დაბაკელიტებული ფანერის ტექნიკური მახასიათებლებია: სიმკვრივე 1,2 გ/სმ3; საანგარიშო წინაღობა ღუნვაზე – 78,5 მპა; საანგარიშო წინაღობა გაჭიმვაზე ბოჭკოების გასწვრივ – 73,5 მპა; სისქე – 7, 10, 12, 15, 18, 21, 24, 27 მმ (ლამინირებულის – 4, 6, 9, 12, 15, 18, 21, 24, 27, 30 მმ); სტანდარტული ზომები: 5700х1250, 2850х1250, 2500х1250, 2440х1220 მმ (ლამინირებულის – 1220х2440, 1250х2500, 1500х3000 მმ).

მშენებლობაში გამოიყენება ტიხრების მოსაწყობად, მცირე არქიტექურული ფორმების ასაგებად, მსუბუქ კონსტრუქციებში, ყალიბებად, ჰიდროჩამკეტი ფარების სამონტაჟოდ და სხვ.

ამგვარად, დაბაკელიტებული ფანერა იდეალურია გამოვიყენოთ „რთულ პირობებში, რომელიც უკავშირდება ამაღლებულ ტენიანობას, მაღალ ტემპერატურას და აგრესიულ გარემოს (ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნები).

ბაკელიტის მიღების ტექნოლოგია ძალიან მარტივია: რეზოლურ ფისს ემატება შემავსებელი (ხის ფქვილი), გამამაგრებელი და სხვა აუცილებელი კომპონენტები. შერევა ხდება მაღალ ტემპერატურაზე შემრევებში ან ექსტრუდერებში. მიღებული კომპოზიციიდან აწარმოებენ საჭირო ფრაქციის ფხვნილს.

ბაკელიტური კომპოზიციის სამაგალითო შემადგენლობა შემდეგია: ხის ფქვილი – 40-60%; რეზოლური ფისი – 34-46%; გამაყარებელი (უროტროპინი) – 3-7%; კალციუმის ან მაგნიუმის ჟანგი – 1-3%; პიგმენტი, საღებარი და სხვ. დანამატები – გემოვნების მიხედვით. მიღებული წნეხ-ფხვნილი ექვემდებარება ცხელ ფორმირებას წნეხებში ან თერმოპლასტ-აპარატე-ბში (ინჟექტორული მანქანა).

ამჟამად ბაკელიტურ მასალებს გამოუჩნდა ახალი კონკურენტი მერქანპოლიმერული კომპოზიტი, რომელიც მიიღება თერმოპლასტიკური ფისის საფუძველზე.

ბაკელიტის ტექნიკური მახასიათებლები: სიმკვრივე – 1,3-1,7 გ/სმ3; სიმტკიცის ზღვარი ღუნვაზე – 60 მპა; სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე – 160 მპა; დარტყმითი სიმტკიცე – არა ნაკლები 5 კჯ/მ; თბომედეგობა მარტენსის მიხედვით – 125°C; წყალშთანთქმა – 0,2-0,5%; სამუშაო ტემპერატურა – –50-დან +300°C-მდე; თბოგამტარობის კოეფიციენტი – 0,2 ვტ/(მ·K); თბოტევადობა – 0,92 კჯ/(კგ·K).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები