ბელეროფონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბელეროფონი(ბერძნ.) გმირი, კორინთოს მეფის, გლავკოსის ძე, სისიფოსის შვილიშვილი.

კორინთოს მეფისწულს მშობლიური მხარის დატოვება მოუხდა, რადგანაც შემთხვევით ვინმე ბელეროსი შემოაკვდა. მისი სახელი, ბელეროფონი, ბელეროსის მკვლელს ნიშნავს. იგი შეიფარა ტირინსის მეფე პროიტოსმა და ცოდვათაგან განწმენდის წესისგებაც აღუსრულა. მასპინძლის ცოლმა, დედოფალმა ანტეამ, შეიყვარა ბელეროფონი და ჭაბუკთან სიახლოვე მოიწადინა. ბელეროფონმა თავი შორს დაიჭირა, რამაც შეურაცხყო და შურისძიების გრძნობით აღავსო დედოფალი. მან ქმართან ცილი დასწამა ჭაბუკს, თითქოსდა იგი მის შეცდენას ლამობდა. მეფე განრისხდა და განიზრახა ბელეროფონის თავიდან მოცილება. ლიკიაში გაგზავნა თავის სიმამრთან, მეფე იობატოსთან, თან წერილიც გაატანა, სადაც წერდა: „ამ ვერაგმა შეურაცხყო ჩემი მეუღლე, შენი ქალიშვილი, რადგან მასთან სარეცელის გაზიარება მოიწადინა. ამიტომ იგი დაუხანებლივ გამოასალმე სიცოცხლეს“.

მეფემ პატივით მიიღო სტუმარი, ცხრა დღე ილხენდა მასთან ერთად. წერილი კი მხოლოდ მეათე დღეს წაიკითხა. თავად მოერიდა მასპინძლობის წესის დარღვევას და სასიკვდილოდ ჭაბუკი საზარელი ურჩხულის, ქიმერას, დასამარცხებლად გაგზავნა. ბელეროფონს უკან არ დაუხევია, უპირველესად იგი მისან პოლიიდოსს ეწვია და რჩევა ჰკითხა. მისგან შეიტყო, რომ ქიმერას დასამარცხებლად ფრთოსანი რაში, პეგასოსი, უნდა მოეთვინიერებინა. პოლიიდოსმა ასწავლა მას ამ საოცარი ცხენის დამორჩილების წესიც (პეგასოსი).

პეგასოსის დახმარებით ბელეროფონმა რამდენიმე საგმირო საქმე აღასრულა: მოკლა ქიმერა, დაამარცხა უძლეველი სოლიმები, ამორძალები, და ბოლოს, კარიელი მეკობრეები. როცა იობატოსმა ნახა, რომ ბელეროფონი ყველა სახიფათო დავალებას იოლად ასრულებდა და მისი მძლეველი აღარსად იყო, გადაწყვიტა, ლიკიის უძლიერესი მეომრები მოეხმო მის მოსაკლავად. ისინი უეცრად დაესხნენ თავს ჭაბუკს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მათაც აჯობა გმირმა. ახლა კი იეჭვა ბელეროფონმა, იობატოსს ჩემი დაღუპვა სურსო. ამიტომ მისი დასჯა განიზრახა. მან პოსეიდონის შემწეობით იობატოსის სამეფო დატბორა. იქაურმა ქალებმა კაბის კალთები აიკეცეს და მის შესახვედრად გაემართნენ. ისინი ემუდარებოდნენ ბელეროფონს, რისხვა დაეცხრო. ხოლო სანაცვლოდ თავს სთავაზობდნენ. ჭაბუკს სირცხვილი მოეძალა და აბობოქრებული წყალი განარიდა მათ სამოსახლოს.

მალე გაირკვა, რომ ანტეა ცილს სწამებდა გმირს. იობატოსმა პატიება სთხოვა სტუმარს, თავისი ქალიშვილი ცოლად შერთო და ნახევარი სამეფო უბოძა.

ბელეროფონი ლიკიაში დასახლდა და ბედნიერად ცხოვრობდა. მას ორი ვაჟი და ერთი ასული შეეძინა. დიდებითა და პატივით გარემოსილი მეტისმეტად გაამაყდა და გაღმერთება მოიწადინა. თავის პეგასოსზე ამხედრდა და ღმერთთა სამოფელისკენ გაფრინდა. არ აპატია ზევსმა. მისი ნებით, ცხენი ბორამ დანესტრა. დაფეთებულმა პეგასოსმა მხედარი ძირს გადმოაგდო. ბელეროფონი ეკალბარდებში ჩავარდა. მართალია, გადარჩა, მაგრამ დაბრმავდა, დაკოჭლდა და გონება შეერყა. გაუბედურებული და მარტოსული სიკვდილამდე დაეხეტებოდა იგი ტყე-ღრეში.

ბელეროფონის მითოსს ხშირად მიმართავდნენ ბერძენი ავტორებიც (ევრიპიდე, სოფოკლე, პინდაროსი) და მხატვრებიც.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები