ბეტონების კლასიფიკაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბეტონების კლასიფიკაციაბეტონების დახარისხება ძირითადი თვისებების მიხედვით. ეს თვისებებია:

  1. სიმკვრივე (მოცულობითი მასა);
  2. სიმტკიცე;
  3. დანიშნულება;
  4. შემკვრელი ნივთიერების სახეობა.

ყველაზე ფართოდაა გავრცელებული ბეტონების კლასიფიკაცია სიმკვრივის მიხედვით:

  1. განსაკუთრებით მძიმე ანუ ზემძიმე ბეტონი 2500 კგ/მ3 და მეტი;
  2. მძიმე (ჩვეულებრივი) ბეტონი 1800-2500 კგ/მ3;
  3. მსუბუქი – 500-1800 კგ/მ3 (ზოგჯერ შემსუბუქებული 1800-2200 კგ/მ3);
  4. თბოსაიზოლაციო ანუ განსაკუთრებით მსუბუქი ბეტონი 500 კგ/მ3-მდე.

ბეტონის სიმკვრივე დიდადაა დამოკიდებული შემვსებზე. მაგ., ზემძიმე ბეტონში გამოიყენება ბარიტი, მაგნეზიტი, თუჯის და ტყვიის საფანტი, ფოლადის ბურბუშელა და ღერო. ჩვეულებრივ ანუ მძიმე ბეტონში შემვსებად გამოიყენება მკვრივი ქანი: გრანიტი, ბაზალტი, კირქვა და ა.შ.

მსუბუქ ბეტონში გამოიყენება ბუნებრივი ან ხელოვნური ფოროვანი მსუბუქი მასალა. მსუბუქი ბეტონის დამზადება შეიძლება უქვიშოდ, მარტო მსხვილი შემვსებით (მსხვილფოროვანი ბეტონი); განსაკუთრებით მსუბუქ ბეტონს მიეკუთვნება უჯრედოვანი ბეტონი (აირბეტონი, ქაფბეტონი), რომელიც მიიღება შემკვრელის, დაფქული დანამატის და წყლის ნარევის სპეციალური მეთოდით აფუების შედეგად.

უჯრედოვან ბეტონში შემვსებად რეალურად გამოდის ხელოვნურად შექმნილ უჯრედებში მყოფი ჰაერი. ევრონორმების (EN 206-1) შესაბამისად, ბეტონების კლასიფიკაცია სიმკვრივის მიხედვით შემდეგია:

  1. მძიმე ბეტონი, აღნიშვნა C, სი-მკვრივე 2000-2600 კგ/მ3;
  2. განსაკუთრებით მძიმე, აღნიშვნა HС, სიმკვრივე 2600 კგ/მ3-ზე მეტი და
  3. მსუბუქი, აღნიშვნა LC (LC 1,0; LC 1,2; LC 1,4; LC 1,6; LC 1,8 და LC 2,0), სიმკვრივე 800-2000 კგ/მ3.

სიმტკიცის მიხედვით (კუმშვაზე) ბეტონი იყოფა შემდეგ მარკებად:

ზემძიმე – 100-200 კგძ/სმ2 (10-20 მპა);
მძიმე – 100-800 კგძ/სმ2 (10-80 მპა);
მსუბუქი – 10-400 კგძ/სმ2 (1-40 მპა) და
თბოსაიზოლაციო ბეტონი – 10-200 კგძ/სმ2 20 მპა).

ევრონორმების (EN 206-1) შესაბამისად ბეტონების კლასიფიკაცია სიმტკიცის მიხედვით შემდეგია:

მძიმე და ზემძიმე ბეტონის სიმტკიცის კლასები: C 8/10, C 12/15, C 16/20, C 20/25, C 25/30, C 30/37, C 35/45, C 40/50, C 45/55, C 50/60, C 55/67, C 60/75, C 70/85, C 80/95, C 90/105, C 100/115.

მსუბუქი ბეტონის სიმტკიცის კლასები: LC 8/9, LC 12/13, LC 16/18, LC 20/22, LC 25/28, LC 30/33, LC 35/38, LC 40/44, LC 45/50, LC 50/55, LC 55/60, LC 60/66, LC 70/77, LC 80/88 (შენიშვნა: ინდექსებში მეორე ციფრი აღნიშნავს ბეტონის კუბურ სიმტკიცეს მპა-ში).

დანიშნულების მიხედვით ბეტონი არსებობს:

  1. მძიმე (ჩვეულებრივი) – შენობებისა და ნაგებობების ბეტონის და რკინაბეტონის მზიდი კონსტრუქციების დასამზადებლად;
  2. ჰიდროტექნიკური – ჰიდროტექნიკური ნაგებობისათვის;
  3. საგზაო – საგზაო ნაგებობისათვის;
  4. ბიოლოგიური – გამოსხივებისაგან დამცავი ბეტონი;
  5. ცეცხლმედეგი;
  6. დეკორატიული;
  7. ქიმიური – მჟავა- და ტუტეგამძლე ბეტონი;
  8. სწრაფმყარებადი და სხვ.

შემკვრელი ნივთიერების მიხედვით ბეტონი არის:

  1. ცემენტიანი – ჰიდრავლიკურ შემკვრელზე;
  2. თაბაშირიანი – თაბაშირის შემკვრელზე;
  3. სილიკატური – ჰაერულ ან ჰიდრავლიკურ კირზე;
  4. პოლიმერბეტონი – ორგანულ პოლიმერზე ან ფისზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები