ბრამსი იოჰანეს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოჰანეს ბრამსი

ბრამსი იოჰანეს - გერმ. Johannes Brahms (7. V. 1833, ჰამბურგი, – 3. IV. 1897, ვენა), გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი.

დაიბადა მუსიკოსის ოჯახში. 50-იანი წ.წ. დამლევს გამოდიოდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში როგორც პიანისტი, მონაწილეობდა ლაიფციგის „გევანდჰაუზის“ კონცერტებში. მასთან ერთად გამოდიოდნენ რ. შუმანი და ი. იოახიმი.

1862-იდან დამკვიდრდა როგორც პიანისტი და საგუნდო დირიჟორი. 70-იანი წლებიდან დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობა. იგი აირჩიეს ბერლინის ხელოვნებათა აკადემიის წევრად, ჰამბურგის „საპატიო მოქალაქედ“. ბრამს მიენიჭა კემბრიჯისა და ბრესლავლის უნივერსიტეტების მუსიკის დოქტორის ხარისხი.

ბრამსის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მოიცავს ინსტრუმენტულ და ვოკალური მუსიკის მრავალ ჟანრს. მას შექმნილი აქვს 4 სიმფონია (1876, 1877, 1883 და 1885). განსაკუთრებით აღსანიშნავია IV სიმფონია, რომელიც XIX ს. II ნახევრის ევროპის სიმფონიზმის უდიდეს მონაპოვრადაა აღიარებული. ბრამსის ინსტრუმენტული კონცერტები უახლოვდება სიმფონიებს. მისი სავიოლინო კონცერტი (1878) ამ ჟანრის მწვერვალია. ასეთივე მნიშვნელობა ენიჭება ბრამსის II საფორტეპიანო კონცერტს (1881). ვოკალურ-სიმფონიურ ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია „გერმანული რეკვიემი“ (1868). მრავალფეროვანია ბრამსის ვოკალური მუსიკა. მან შექმნა 200-მდე სიმღერა, გადაამუშავა 100-ზე მეტი ხალხური სიმღერა.

ჯერ კიდევ შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისში ბრამსი მუშაობდა კამერულ-ინსტრუმენტულ მუსიკის ჟანრებში (I საფორტეპიანო ტრიო, საფორტეპიანო კვინტეტი და სხვ.). განსაკუთრებულ წარმატებას ამ ჟანრში მან მიაღწია ცხოვრების ბოლო პერიოდში (II და III საფორტეპიანო ტრიო, სონატები ვიოლინოსა და ჩელოსათვის ფორტეპიანოსთან ერთად და სხვ.).

ბრამსი ავტორია საფორტეპიანო სონატების, მინიატიურების. ამ უკანსკნელთა შორის აღსანიშნავია „უნგრული ცეკეები“, რომელშიც ოსტატურადაა გამოყენებული უნგრული მუსიკის ფოლკლორი. სიცოცხლის ბოლო წლებში ბრამსი ქმნის კამერულ საფორტეპიანო ნაწარმოებებს. ბრამსის საფორტეპიანო სტილისათვის დამახასიათებელია კონტრაპუნქტულად განვითარებული ფაქტურა, მასალის ფაქიზი დამუშავება, ვირტუოზული ეფექტურობა, რომელშიც შეესატყვისება ნაწარმოების შინაარსს. ბრამსს ეკუთვნის აგრეთვე 2 სერენადა, ვარიაციები ჰაიდნის თემაზე, საორკესტრო უვერტიურები, ვოკალური ანსამბლები, გუნდები და სხვ.

ბრამსი გვიანდელი რომანტიზმის წარმომადგენელია. ამავე, დროს თანმიმდევრობით ავითარებდა კლასიკური მუსიკის მაღალ ტრადიციებს. კლასიკური მუსიკის ფორმებს მან ახალი რომანტიკული შინაარსი შესძინა. იგი უმღერის პიროვნების თავისუფლებას, ზნეობრივ სიწმინდეს, ვაჟკაცურ შემართებას. მისი მუსიკა მსმენელს ხიბლავს მთრთოლვარე ლირიზმითა და ეპიკური სიდიადით. ბრამსი მუსიკალური აზროვნების მკაცრ ლოგიკას უთავსებს მუსიკალურ მასალის განვითარების თავისუფალ-იმპროვიზაციულ მანერას.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები