ბრუკნერი ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტონ ბრუკნერი

ბრუკნერი ანტონ - გერმ. Anton Bruckner. (4. IX 1824, სოფ. ანსფელდენი, ლინცის მახლობლად, – 11. X. 1896, ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი, ორგანისტი და პედაგოგი.

ორგანს უკრავდა ავსტრიის მონასტრებში, შემდეგ ქ. ლინცის ტაძარში. 1868-იდან ვენაში ცხოვრობდა. ასწავლიდა მუსიკალურ-თეორიულ დისციპლინებს და ორგანის დაკვრას უნივერსტეტსა და კონსერვატორიაში. მისი მოწაფეები იყვნენ გ. მალერი, ა. ნიკიში და სხვ.

წერდა უმთავრესად სიმფონიურ მუსიკას. სიცოცხლეში გაითქვა სახელი როგორც გამოჩენილმა ორგანისტ-იმპროვიზატორმა. გატაცებული იყო ი. ს. ბახისა და რ. ვაგნერის შემოქმედებით, მიისწრაფოდა გვიანდელი რომანტიზმის სტილისტიკისა და ფორმის ქმნადობის კლასიკური პრინციპების შერწყმისაკენ. ბრუკნერის სიმფონიური სტილი ძირითადად ავითარებს ლ. ბეთჰოვენის, რ. შუმანისა და ფ. შუბერტის („დიდი სიმფონია“) სიმფონიების ტრადიციებს. ბრუკნერის შემოქმედების მკაფიოდ გამოხატულმა ეთიკურმა საწყისმა, პანთეისტურმა მსოფლაღქმამ განსაზღვრეს მისი მუსიკის ამაღლებული და დიდებული ხასიათი. ავტორია 9 სიმფონიისა. მთელი მისი მუსიკა პოლიფონიურობითაა გამსჭვალული. აღიარება გვიან მოიპოვა – მე-7 სიმფონიის შესრულების შემდეგ (1884). დაწერილი აქვს აგრეთვე სასულიერო ნაწარმოებები (საორგანო მესები) და სხვ.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები