ბეთჰოვენი ლუდვიგ ვან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - (გერმ. Ludwig van Beethoven, მოუნათლავთ 17. XII. 1770, ბონი, – 26. III. 1827, ვენა), გერმანელი კომპოზიტორი.

დაიბადა ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა. 1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა კ. ნეეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782.

1787 ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიურ ლექციებს ბონის უნივერსიტეტში 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხტსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა. 27 წლისას დაეტყო სიყრუის ნიშნები, დაავადება სწრაფად ვითარდებოდა, რაც კომპოზიტორისათვის მძიმე სულიერ ტრავმად იქცა.

ბეთჰოვენის შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი პერიოდი მთავრდება 1802. ამ დროისათვის შექმნილი ჰქონდა I (დო მაჟორი, 1800) და II (რე მაჟორი, 1802) სიმფონიები, 17 საფორტეპიანო სონატა, მ. შ.: „პათეტიკური“ (№8, 1799), „სამგლოვიარო მარშით“ (№12, 1801), „მთვარის“ (№14, 1801), პირველი სამი საფორტეპიანო კონცერტი (I-1795, II-1798, III-1800), სავიოლინო და სავიოლონჩელო სონატებისა და სიმებიანი კვარტეტების ნაწილი, ბალეტი „პრომეთეოსის ქმნილებანი“ (1801).

მეტად ნაყოფიერი გამოდგა ბეთჰოვენის მოღვაწეობის შუა პერიოდი (1803-1812). ამ წლებში დაწერა ისეთი გენიალური ქმნილებები, როგორებიცაა: მე-3 („გმირული“, მი ბემოლ მაჟორი, 1803), მე-4 („რომანტიკული“, სი ბემოლ მაჟორი, 1806), მე-5 („ტრაგიკული“, დო მინორი, 1808), მე-6 („პასტორალური“, ფა მაჟორი 1808), მე-7 (ლა მაჟორი, 1812) და მე-8 (ფა მაჟორი, 1812) სიმფონიები, მუსიკა გოეთეს ტრაგედია „ეგმონტისათვის“ (1810), ოპერა „ფიდელიო“ (1805); უვერტიურები: „კორიოლანი“ (1807), „ლეონორა“ – №1, №2, №3 (1805-06), ფანტაზია ფორტეპიანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის (1808); საფორტეპიანო კონცერტებ: №4 (1806), №5 (1809) სავიოლინო კონცერტი (1806) და სხვ.

ახალი აღმავლობა იწყება 1818-იდან და გრძელდება თითქმის გარდაცვალებამდე. ამ დროსაა შექმნილი მისი უკანასკნელი 5 საფორტეპიანო სონატა (1816-22), 5 სიმებიანი კვარტეტი (1823-26), „საზეიმო მესა“ (1823) და მისი შემოქმედების მწვერვალი მე-9 სიმფონია (1824). ცხოვრების უკანაკნელი წლები ბეთჰოვენმა თითქმის სრულ სიმარტოვეში გაატარა.

ბეთჰოვენის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ამოძრავებდა გენიალური შემოქმდებითი ნიჭი, მგზნებარე მეამბოხე ტემპერამენტი და უდრეკი ნებისყოფა. ბეთჰოვენის ქმნილებებში სრულყოფილად გამოიხატა 1789 საფრანგეთის რევოლუციის იდეური და ემოციური სულისკვეთება და მისწრაფება.

ბეთჰოვენი ძირითადად სიმფონიური მუსიკის სფეროში მოღვაწეობდა. მის ცხრა სიმფონიაში ნათლად აისახა კომპოზიტორის შემოქმედებითი ევოლუციის სრული სურათი. ბეთჰოვენის სიმფონიური შემოქმედების პირველი მწვერვალია მე-3 („გმირული“) სიმფონია, მეორე მწვერვალია მე-5 სიმფონია, რომელსაც ზოგჯერ „ტრაგიკულს“ უწოდებენ და რომლის ფინალიც ჟღერს როგორც რევოლუციური ჰიმნი-მარში. ბეთჰოვენის სიმფონიზმის გმირული ხაზი გრძელდება მე-7 სიმფონიაში. მე-4 და მე-6 („პასტორალური“) სიმფონიაში მკაფიოდ გამოჩნდა ბეთჰოვენის შემოქმედების რომანტიკული ხასიათი. მე-9 სიმფონია ყველაზე რთული, დრმა და გრანდიოზულია მის სიმფონიებს შორის. გმირის ტრაგედია (I ნახ.) გადაიზრდება ბედნიერებისაკენ მიმავალი კაცობრიობის კოსმოისურ სიხარულში (ფინალი). აქ კომპოზიტორს გამოყენებული აქვს ფ. შილერის „ოდა სიხარულისადმი“ და ფინალი გადაწყვეტილია როგორც ვოკალურ-სიმფონიური ჟანრის კომპოზიცია (კანტატა), რაც პირველი შემთხვევაა სიმფონიური მუსიკის ისტორიაში.

დიდია ბეთჰოვენის უვერტიურების, პირველ რიგში – „ეგმონტის“, „კორიოლანისა“ და „ლეონორას“ მნიშვნელობა პროგრამული სიმფონიური მუსიკის ისტორიაში.

ისტორიული როლი შეასრულა ბეთჰოვენის ინსტრუმენტულმა კონცერტებმა, რომლებიც შინაარსის სიღრმითა და მასშტაბებoთ წარმოადგენს სიმფონიურ და საკონცერტო ჟანრების სინთეზს. დიდ ფორმის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია გრანდიოზული „საზეიმო მესა“(1823), რომელიც თავისი ჩანაფიქრით უახლოვდება მე-9 სიმფონიას. ბეთჰოვენის ერთადერთი ოპერის „ფიდელიოს“ (დაიდგა 1805, ვენა, მე-2 რედაქცია-1806, მე-3-1814) თემაა ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა. გმირულ თემას ეძღვნება ბეთჰოვენის ბალეტი „პრომეთეოსის ქმნილებანი“ (1801).

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბეთჰოვენის კამერულ-ინსტრუმენტულ მუსიკას (32 საფორტეპიანო და 10 სავიოლინო სონატა, 16 სიმებიანი კვარტეტი, 5 საფორტეპიანო ტრიო, 32 ვარიაცია ფორტეპიანოსათვის და სხვ.). საფორტეპიანო სონატები – „პათეტიკური“, „მთვარის“, „აპასიონატა“, 32-ე, სავიოლინო – „კროიცერის სონატა“ ჩანაფიქრის მასშტაბურობით, გამომსახველ ხერხთა ნოვატორული სითამამით ამ ჟანრის მწვერვალებს წარმოადგენს. №28-32 სონატებითა და მე-12-16 კვარტეტებით ბეთჰოვენი გზას უკაფავს მუსიკალურ რომანტიზმს. ბეთჰოვენის ვოკალური მემკვიდრეობა მოიცავს 91 სიმღერას, 70-ზე მეტ გუნდს, ვოკალურ ანსამბლებს, მის მიერ დამუშავებულ სხვადასხვა ხალხთა სიმღერებს და სხვ.

დიდი ტრადიცია აქვს ბეთჰოვენის ნაწარმოებთა შესრულებას საქართველოში. მისი კონცერტები და სონატები პირველი ქართველი პიანისტის, ა. მიზანდარის რეპერტუარში შედიოდა. 1927 4 აპრილს თბილისში ბეთჰოვენის გარდაცვალების 100 წლისთავზე გამართული კონცერტზე „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ სიმფონიურ ორკესტრმა ი. ფალიაშვილის დირიჟორობით საქართველოში პირველად შეასრულა ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. პიანისტმა ანასტასია ვირსალაძემ – მე-5 საფორტეპიანო კონცერტი. 1970 პიანისტმა ნ. გაბუნიამ პირველად ქართული საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიაში შეასრულა ბეთჰოვენის 32-ვე სონატა, ხოლო ე. ვირსალაძემ – კომპოზიტორის ხუთივე საფორტეპიანო კონცერტი. (გ. ტორაძე)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები