გაბუნია ნოდარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოდარ გაბუნია

გაბუნია ნოდარ კალისტრატეს ძე - (9. VIII. 1933, თბილისი, – 31. VIII. 2000, იქვე), ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1982), ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1985), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (1984-2000), საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი (1973-79) და თავმჯდომარე (1996-97).

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (1957) და ასპირანტურა (1961) ფორტეპიანოს განხრით (ხელმძღვანელი ა. გოლდენვეიზერი), ხოლო 1962 კომპოზიციის განხრით (ხელმძღვანელი ა. ხაჩატურიანი).

1962-იდან მოღვაწეობდა თბილისში (კონსერვატორიის პროფესორი, საფორტეპიანო კათედრის გამგე – 1965, რექტორი – 1984), გამოდიოდა კონცერტებით როგორც პიანისტი (პირველმა საქართველოში შეასრულა ბეთჰოვენის ყველა საფორტეპიანო სონატა, 1970, ბარტოკის საფორტეპიანო შემოქმედების პროპაგანდისტი იყო).

გაბუნია ავტორია 2 მუსიკალური კომედიისა: „ყვარყვარე თუთაბერი“ (1973) და „ხე ჭრიალებს“ (1979), დაიდგა თბილისის მუსიკის კომედიის თეატრში (1974, 1979), 2 სიმფონიისა (1972, 1984), 3 საფორტეპიანო კონცერტისა (1961, 1976, 1986); მასვე ეკუთვნის სონატა საყვირის, ფორტეპიანოსა და დასარტყმელი საკრავებისათვის (1980). სონატები და პიესები ფორტეპიანოსათვის, ორგანისათვის, 2 სიმებიანი კვარტეტი, საფორტეპიანო ტრიო, კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები, მ. შ. ცნობილი „იგავი“ (ს.ს. ორბელიანის მიხედვით, 1964, იუნესკოს საერთაშორისო პრემია, 1965), მუსიკა თეატრისა და კინო-ფილმებისათვის („ვედრება“, „ნერგები“, „აურზაური სალხინეთში“) და სხვ. გაბუნიამ აღზარდა ნიჭიერ პიანისტთა პლეადა.

(გ. ტორაძე)



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ნოდარ გაბუნია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები