ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია − ერთ-ერთი ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია. ისტორიული გადმოცემის თანახმად, იმ ტერიტორიაზე, სადაც მოგვიანებით შეიქმნა ბულგარული სახელმწიფო, ქრისტიანობა ვრცელდებოდა უკვე I საუკუნეში. სარდიკიის (ახლანდ. სოფია) ეპისკოპოსი პროტოგონი მონაწილეობდა ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების (325) მუშაობაში. 343 წ. სარდიკიაში გაიმართა საეკლესიო კრება, რომლის დადგენილებები შეტანილ იქნა „დიდ სჯულის კანონში“.

VII ს. დასაწყისში ახლანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ სლავური ტომები და იმავე საუკუნის II ნახ-ში აქ ჩრდილო შავიზღვისპირეთიდან მოვიდა თურქული მოდგმის ხალხი – ბულგარელები, რომლებმაც შექმნეს თავიანთი სახელმწიფო. დროთა განმავლობაში ბულგარელებმა განიცადეს სლავურ მოსახლეობასთან ასიმილაცია, ორი ხალხი შეერწყა ერთმანეთს და შეიქმნა ერთი ერი, რომელმაც პირველისგან სახელწოდება მიიღო, ხოლო მეორისგან – ენა. 865 წ. ბულგარელთა მთავარმა ბორისმა (852-889) ქრისტიანობა მიიღო, რასაც მოჰყვა ქრისტიანობის სწრაფი გავრცელება და ხალხის მოქცევა. 870 წ. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ ბულგარეთის ეკლესიის მეთაური აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის პატივში. პირველი მთავარეპისკოპოსი, რომლის ხელდასხმა მოხდა ბიზანტიის დედაქალაქში, იყო წმ. იოსები. IX ს. ბოლოს ბულგარეთში დამკვიდრნენ წმ. კირილეს და წმ. მეთოდეს მოწაფეები, რომლებმაც აქ გაავრცელეს სლავური დამწერლობა. 919 წ. ბორისის შვილის, მეფე სიმეონის (893-927) დროს, საეკლესიო კრებამ ქ. პრესლავში გამოაცხადა ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალია და მისი მეთაურის საპატრიარქო რანგში აღზევება. კონსტანტინოპოლმა ეს აქტი ცნო მხოლოდ 927 წ. პატრიარქის რეზიდენცია თავდაპირველად ქ. დოროსტოლში იყო, შემდეგ ბიზანტიის მიერ ბულგარეთის სამეფოს ნაწილის დაპყრობის გამო, გადაიტანეს ქ. ტრიადიცაში (ყოფილი სარდიკია, ახლანდელი სოფია), მოგვიანებით კი – დასავლურბულგარული სამეფოს დედაქალაქ ოჰრიდში. 1018-1019 წწ. ბიზანტიამ სრულად დაიპყრო ბულგარეთი, რასაც მოჰყვა ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და საპატრიარქოს სამთავარეპისკოპოსოს რანგამდე ჩამოქვეითება. 1185-1186 წწ., ბულგარელთა აჯანყების შემდეგ, ავტოკეფალია აღდგენილ იქნა და მალე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გერმანე II-მ (1222-1240) ცნო ბულგარეთის ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ღირსება. პატრიარქის ადგილსამყოფელი იყო ქ. ტირნოვო. 1393 წ. ბულგარეთის სამეფო კვლავ გაუქმდა და მოიშალა ეკლესიის დამოუკიდებელი მართვაც – ტირნოვოს კათედრა მიტროპოლიის უფლებებით ისევ კონსტანტინოპოლს დაექვემდებარა.

XVIII-XIX სს. ბულგარელები იბრძოდნენ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალიური უფლებების აღდგენისათვის, მაგრამ უშედეგოდ. 1870 წ. თურქეთის სულთანმა თავისი ფირმანით ბულგარეთის ეკლესიას მიანიჭა ავტონომიური საეგზარქოსოს სტატუსი, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომაც აღიარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბულგარულმა ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა ანთიმოზმა, 1872 წ. 11 მაისს კონსტანტინოპოლის ბულგარულ ტაძარში საჯაროდ წაიკითხა ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი, კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა აუკრძალა მას ღვთისმსახურება, ხოლო ბულგარეთის ეკლესია განხეთქილებაში მყოფად გამოაცხადა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რუსეთის ეკლესიის შუამდგომლობის შემდეგ მხოლოდ 1945 წ. ცნო ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალია. 1945 წ. 13 მარტს ბულგარეთის ეკლესიის დელეგაციას გადაეცა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის, მსოფლიო პატრიარქის, ბენიამენის (1936-1946) თომოსი ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალურად ცნობის თაობაზე. 1945-1948 წწ. ბულგარეთის ეკლესიის სათავეში იდგა მღვდელმთავარი ეგზარქოსის ტიტულით. 1948–1953 წწ. ეკლესიას მართავდნენ წმ. სინოდის ნაცვალი თავმჯდომარეები, ხოლო 1953 წლიდან – პატრიარქის ტიტულის მქონე მღვდელმთავრები. 1971 წ. 4 ივნისს ბულგარეთის პატრიარქია მაქსიმე (მინკოვი). 1992 წ. ბულგარეთის მთავრობა უხეშად ჩაერია საეკლესიო საქმეებში და პატრიარქი მაქსიმე გადაყენებულად გამოაცხადა. ამას მოჰყვა განხეთქილება ეკლესიაში – ეპისკოპოსთა ნაწილმა პატრიარქად გამოაცხადა მიტროპოლიტი პიმენი (ენევი), რომლის ინტრონიზაცია შედგა 1996 ნ. 4 ივნისს. კრიზისი გადაილახა მხოლოდ 1998 წ. მას შემდეგ, რაც გაიმართა ბულგარეთის ეკლესიის სინოდის გაფართოებული სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა მსოფლიო პატრიარქი ბართლომე და რომელშიც მონაწილეობდნენ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები და წარმომადგენლები. სინოდის ამ სხდომამ ცნო პატრიარქ მაქსიმეს უფლებამოსილება და შეარიგა დაპირისპირებული მხარეები. განხეთქილებაში მყოფმა სასულიერო პირებმა მოინანიეს და კვლავ დაუბრუნდნენ დედაეკლესიის წიაღს.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდა და აქვს მჭიდრო ურთიერთობა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიასთან. ამ ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია ბულგარეთის ტერიტორიაზე 1083 წ. გრიგოლ და აბაზ ბაკურიანის ძეთა მიერ დაარსებული პეტრიწონის (ბაჩკოვოს) მონასტერი. მონასტრის დაარსებიდან 900 წლისთავზე ბულგარეთში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა მონასტრის მნიშვნელობას როგორც ქართული ისე ბულგარული სულიერების, მწერლობისა და მეცნიერებისათვის, ზოგადად ორი ხალხის კულტურისათვის: „ბაჩკოვოს მონასტერი წარმოადგენდა როგორც ლოცვისა და სულიერი მოღვაწეობის, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ცენტრს. აქ იწერებოდა და ითარგმნებოდა საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ლიტერატურა. იგი იქცა იმ ბრწყინვალე ადგილად, რომელმაც დააკავშირა და გაამდიდრა ქართული და ბულგარული კულტურა“. ბულგარეთში არსებულ ამ მონასტერში მოღვაწეობდა დიდი ქართველი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი.

ბულგარეთის პატრიარქი მაქსიმე ოფიციალურად ეწვია საქართველოს ეკლესიას 1982 წ. სექტემბერში. 1983 წ. მაისში შედგა საქართველოს პატრიარქის ვიზიტი ბულგარეთში. ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში 13 ეპარქიაა (11 – ბულგარეთში, 2 – საზღვარგარეთ), მოქმედებს 120 მონასტერი (83 – დედათა, 37 – მამათა) და 2 სემინარია (სოფიასა და პლოვდივში). უმაღლესი თეოლოგიური სკოლებია სოფიის უნ-ტის ღვთისმეტყველების ფაკ-ტი და წმ. კირილესა და მეთოდეს უნ-ტი. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის ოფიციალური ტიტულია: უწმინდესი პატრიარქი ბულგარეთისა და მიტროპოლიტი სოფიისა. 2013 წ. 24 თებერვალს ბულგარეთის პატრიარქად არჩეულ იქნა დორისტოლისა და ჩერვენის მიტროპოლიტი ნეოფიტე (დიმიტროვი).

მ. ბოჭორიშვილი
ვ. კოროტკოვა

წყაროები და ლიტერატურა

  • კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი, წ. 2, თბ., 1997.
  • Бессонов М.Н. Православие в наши дни, М., 1990; Поместные Православные Церкви, М., 2004.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები