ბურსამჯელოზი ძუარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბურსამჯელოზი ძუარ-ი (ოს. Бурсамджелозы дзуар) – შიდა ქართლის მდ. დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში მცხოვრები ოსების სალოცავი, რომელიც განსაკუთრებული თაყვანისცემის ობიექტი იყო. მისი სახელობის დღეობა სექტემბრის ბოლოს იმართებოდა; სწირავდნენ ცხვარს, აწყობდნენ ქუვდს (ლოცვა-ნადიმს) და ბურსამჯელოზი ძუარს სეტყვისაგან, ნაადრევი თოვლისა და მეწყერისაგან დაცვასა და ბარაქიან მოსავალს შესთხოვდნენ.

ბურსამჯელოზი ძუარის კულტი ბრუტსაბძელას (ოსურად „ბურსამძელი“) მთის თაყვანისცემასთან იყო დაკავშირებული და იგი, როგორც ჩანს, დიდი ლიახვის ხეობაში გადმოსახლებულმა ოსებმა ადგილობრივი ქართველებისგან მიიღეს. ოსურ-ქართული გადმოცემების თანახმად, ბრუტსაბძელას (ბურსამძელას) მთაზე ისევე, როგორც იმერეთსა და სამეგრელოში ტაბაკონას მთაზე (შდრ. გარცაბროკენის მთიანი მასივი გერმანიაში), ბატონობდნენ კუდიანი ჯადოქრები, რომლებიც მგზავრებს ქვებს უშენდნენ ან გრიგალს იწვევდნენ და აბრმავებდნენ, რის შემდეგაც ისინი კლდიდან ვარდებოდნენ და იღუპებოდნენ (1924 წელს გ. ჩურსინი, რომელიც ბრუტსაბძელას მთაზე ასვლას ლამობდა, მოსახლეობამ აღნიშნული მოტივით შეაჩერა). ხალხის რწმენით, მთაზე ამინდის ღმერთი, ელია, ცხოვრობდა და ატმოსფერულ მოვლენებს განაგებდა. ერთ-ერთი ოსური გადმოცემის მიხედვით, მონადირე, რომელიც ბურსამძელას მთაზე არსებულ მღვიმეში მიჯაჭვული ამრანის (ამირანის) განთავისუფლებას შეეცადა, ვაცილას (წმ. ილიას) მიერ კლდიდან იქნა გადმოგდებული. ბრუტსაბძელას მთასთან დაკავშირებულია საქართველოს მეფის – თამარის სახელიც, რაც ისტორიულ რეალობას კი არ შეიცავს, არამედ ასახავს ღვთაების მიერ ამინდის მართვის უძველეს მითს. როგორც ჩანს, ბრუტსაბძელას მთა ატმოსფერულ მოვლენათა განმგებლის ადგილსამყოფლად იყო მიჩნეული და ბურსამჯელოზი ძუარის კულტიც აქედან მომდინარეობს. რაც შეეხება ბურსამძელის მთის კავშირს კუდიანებთან, იგი გვიანდელი მოვლენაა.

ტერმინ „ბურსამჯელოზის“ ამოსავალი უნდა იყოს ქართული „ბრუტის ანგელოზი“ (შდრ. ქართული „მთავარანგელოზი“ და ოსური „თარანჯელოზი“).


ლიტერატურა

Чурсин Г. Ф. Осетины. Этнографический очерк. Тф., 1925.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები