განზრახ თვითდაზიანება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განზრახ თვითდაზიანება - 1950-იან წლებამდე თვითმკვლელობის ლეტალურ შემთხვევებს ნაკლებად განასხვავებდნენ ისეთი შემთხვევებისგან, როდესაც სუიციდის აქტის შემდეგ ადამიანი ცოცხალი რჩებოდა. ბრიტანეთში, სტენგელმა (Stengel, 1952), პირველმა დაადგინა ეპიდემიოლოგიური განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის. მან შემოიტანა ტერმინი „სუიციდის მცდელობა” ისეთი თვითდაზიანების აღსანიშნად, რომლის შემდეგაც ადამიანს არ აქვს გადარჩენის გარანტია.

შემდგომმა გამოკვლევებმა შეისწავლა ამგვარი ეპიზოდების მოტივაცია და აღმოაჩინეს, რომ ძალიან ხშირად, სიკვდილი არ წარმოადგენდა პიროვნების მიზანს. ამას მოჰყვა ისეთი ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა „საკუთარი თავის განზრახ მოწამვლა”, „პარასუიციდი” და „განზრახ თვითდაზიანება”. ყოველი მათგანი აღწერდა განზრახ თვითდაზიანების შემთხვევებს ლეტალური გამოსავლის გარეშე, რომლებიც იყო ან არ იყო სიკვდილის სურვილით მოტივირებული. კრაიტმანმა (Kreitman, 1977) აღწერა ეს ქცევა, როგორც „არაფატალური აქტი, რომლის დროსაც ადამიანი განზრახ იწვევს თვითდაზიანებას ან ჭარბი დოზით იღებს წამალს”. ასეთი დეფინიცია სასარგებლოა, რადგან ის არ აზუსტებს სუიციდური განზრახვის ხარისხს.

სუიციდით დასრულებული აქტები და განზრახ თვითდაზიანების აქტები ურთიერთგადამკვეთია. ზოგი ადამიანი, ვისაც არ აქვს სიკვდილი განზრახული, წამლის ჭარბი დოზის მსხვერპლი ხდება, ზოგი კი, ვისაც სიკვდილი აქვს განზრახული, ცოცხალი რჩება. მნიშვნელოვანია, რომ თვითდაზიანების მომენტში ძალინ ბევრ ადამიანს არ აქვს მკაფიოდ გამოხატული სიცოცხლის ან სიკვდილის სურვილი. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებთან, რომლებმაც განახორციელეს განზრახ თვითდაზიანების აქტი, მომდევნო 12 თვის მანძილზე სუიციდის აქტის ალბათობა ასჯერ მაღალია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში და ის მრავალი წლის მანძილზე მაღალი რჩება. შესაბამისად, განზრახ თვითდაზიანების შემთხვევებს სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ.

სარჩევი

განზრახ თვითდაზიანების აქტი

განზრახ თვითმოწამვლის მეთოდები

ბრიტანეთში, განზრახ თვითმოწამვლის შემთხვევების დაახლოებით 90%, ზოგადი პროფილის საავადმყოფოში ხვდება და გადაჭარბებული დოზით წამლის მიღებას უკავშირდება. ამ შემთხვევების უმრავლესობა არ არის სიცოცხლისთვის საშიში. გამოყენებული პრეპარატების სახეობა დამოკიდებულია ასაკზე, წამლის გამოწერის ადგილობრივ პრაქტიკაზე და წამლის ხელმისაწვდომობაზე. პრეპარატებიდან ყველაზე ხშირად არაოპიატური ანალგეტიკები გამოიყენება (პარაცეტამოლი და ასპირინი). პარაცეტამოლი განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან ის აზიანებს ღვიძლს და შეიძლება, მოგვიანებით, გამოიწვიოს იმ პირების სიკვდილი, რომლებსაც არ აქვთ სიკვდილი განზრახული. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა პაციენტები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ რისკის სერიოზულობას, ამ პრეპარატს ხშირად იყენებენ. ეპიზოდების ერთი მეოთხედის შემთხვევაში გამოიყენება როგორც ტრიციკლური, ისე სერატონონის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტები. მამაკაცების, დაახლოებით, ერთი მესამედი და, ქალების, დაახლოებით ერთი მეოთხედი მოიხმარს ალკოჰოლს თვითმოწამვლის აქტამდე 6 საათით ადრე (Hawton et al., 2003b).

თვითდაშავების ყველაზე გავრცელებული მეთოდი საკუთარი თავისთვის ჭრილობების მიყენებაა (ძირიათადად მკლავზე, ან მაჯებზე). ჭრილობებით თვითდაშავება ზოგადი პროფილის საავადმყოფოში რეგისტრირებული თვითდაშავების შემთხვევების დაახლოებით ოთხ მეხუთედს შეადგენს. თვითდაშავების სხვა ფორმებია სიმაღლიდან გადმოხტომა, მატარებლის ან ავტომანქანის წინ ჩახტომა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და თავის დახრჩობა. ასეთი ძალადობრივი აქტები ძირითადად, შედარებით, ხანდაზმულ ადამიანებთან გვხვდება, რომელთაც თვითმკვლელობა აქვთ განზრახული (Harwood and Jacoby, 2000).

საკუთარი თავისთვის ჭრილობების განზრახ მიყენება

არსებობს საკუთარი თავისთვის ჭრილობების განზრახ მიყენების სამი ფორმა:

  • (1) ღრმა და საშიში ჭრილობები, რომლებიც, ძირითადად, მიყენებულია სუიციდის სერიოზული მცდელობის მქონე მამაკაცების მიერ;
  • (2) საკუთარი თავის დასახიჩრება შიზოფრენიის მქონე პაციენტების მიერ (ხშირად სმენითი ჰალუცინაციების საპასუხოდ) ან დასწავლის სერიოზული სირთულეების მქონე პირების მიერ;
  • (3) ზედაპირული, სიცოცხლისთვის უსაფრთხო ჭრილობების მიყენება, ძირითადად, ქალების მიერ.

საკუთარი თავისთვის ჭრილობის მიყენების აქტს ხშირად წინ უძღვის მზარდი დაძაბულობა და გაღიზიანება, რომლებიც შემდგომში სუსტდება. აქტის შემდეგ, პაციენტს ხშირად სირცხვილისა და ზიზღის გრძნობა ეუფლება. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ თვითდაზიანების დროს ცნობიერება რამდენადმე შეცვლილი ჰქონდა და ტკივილს საერთოდ ან ოდნავ განიცდიდა. ჩვეულებრივ აღინიშნება მინითა ან სამართებლით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები, ძირიათადად, მკლავებზე, ან მაჯებზე. ზოგი ადამიანი განსხვავებული სახით იზიანებს თავს (მაგ., სიგარეტის სხეულზე ჩაქრობით ან სისხლჩაქცევების გამოწვევით).

საკუთარი თავისთვის ჭრილობების მიყენების გამო, საავადმყოფოში უფრო ხშირად მამაკაცები ხვდებიან (Hawton et al., 2004c). ადამიანები, რომლებიც ზერელედ იჭრიან თავს, არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს. მათი უმრავლესობა ახალგაზრდა ქალია, რომელთაც ხშირად პიროვნული ხასაითის პრობლემები აღენიშნებათ (დაბალი თვით-შეფასება, იმპულსური ან აგრესიული ქცევა, არასტაბილური გუნებ-განწყობა). მათ, შეიძლება, აგრეთვე, ახასიათებდეთ სირთულეები ინტერპერსონალურ ურთიერთობაში და ალკოჰოლ და ნარკომოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები.

განზრახ თვითდაზიანების ეპიდემიოლოგია

1960-იანი წლების დასაწყისში, განზრახ თვითდაზიანების ეპიზოდების სიხშირე გაიზარდა დასავლეთის ქვეყნების უმეტესობაში. დიდი ბრიტანეთის ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში, 1973 წლამდე მიმართვის სიხშირე ოთხჯერ გაიზარდა 10 წლის განმავლობაში. მიმართვიანობის მაჩვენებელი უფრო ნელი ტემპით იზრდებოდა 1970-იანი წლების შუა პერიოდში, მაგრამ 1970-იანი წლების მიწურულს ის მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შემდეგ ისევ შეინიშნებოდა ზრდის ტენდენცია. დღევანდელი მონაცემებით, ბრიტანეთში განზრახ თვითდაზიანების ეპიზოდების სიხშირე წელიწადში 1000 შემთხვევაზე 3-ის ტოლია. ევროპის სხვა ქვეყნებში უფრო დაბალი მაჩვენებელია დაფიქსირებული (Kerkhof, 2000).

განზრახ თვითდაზიანების მიზეზები

პრეციპიტატული ფაქტორები

გენერალურ პოპულაციასთან შედარებით, ადამიანებს, რომლებიც განზრახ იზიანებენ თავს, 6 თვით ადრე თვითდაზიანების აქტამდე, ოთხჯერ მეტი სტრესული მოვლენა აქვთ გადატანილი (Paykel et al., 1975). ეს მოვლენები სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია უთანხმოება მეუღლესთან, პარტნიორთან, დაშორება სექსუალურ პარტნიორთან ან მის მიერ უარყოფა; აგრეთვე, ოჯახის წევრის ავადმყოფობა, ახლო წარსულში სომატური დაავადების გადატანა და სასამართლოს წინაშე წარდგომა.

პრედისპოზიციური ფაქტორები

ოჯახურმა და განვითარებასთან დაკავშირებულმა ფაქტორებმა შეიძლება წინასწარ განაწყონ პიროვნება განზრახ თვითდაზიანების მიმართ (Statham et al., 1998). გავრცელებული ფაქტორებია ადრეულ ასაკში მშობლის გარდაცვალება, მშობლის მიერ ბავშვის უგულებელყოფა და მასზე ძალადობა.

პიროვნული აშლილობა. ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში (Suominen et al., 1996) პიროვნული აშლილობა განზრახ თვითდაზიანების ეპიზოდების მქონე პაციენტების თითქმის ნახევართან აღინიშნება. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა გავრცელებულ ფაქტორად ითვლება, თუმცა იმ გამოკვლევებში, რომლებშიც სტანდარტული მეთოდები გამოიყენება, უფრო ხშირად დასახელებულია შფოთვითი, ანანკასტიური (ობსესიური) და პარანოიდული პიროვნული აშლილობა (Haw et al., 2001). სხვა ფაქტორებია ინტერპერსონალური პრობლემების გადაჭრისთვის არასაკმარისად განვითარებული უნარჩვევები და იმპულსურობა.

ხანგრძლივი პრობლემები პარტნიორთან ურთიერთობაში. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადრეულ გამოკვლევაში (Bancroft et al., 1977), განზრახ თვითდაზიანების ეპიზოდების მქონე პაციენტების დაახლოებით ორ-მესამედთან დადასტურდა პრობლემები პარტნიორთან ურთიერთობაში.

ეკონომიკური და სოციალური გარემო. განზრახ თვითდაზიანების მაჩვენებლები უფრო მაღალია დაუსაქმებელ პოპულაციაში. თუმცა, უმუშევრობა დაკავშირებულია განზრახ თვითდაზიანებასთან ასოცირებულ სხვა ფაქტორებთან (მაგ., ფინანსური სირთულეები), რის გამოც ძნელი სათქმელია, რამდენად წარმოადგენს უმუშევრობა პირველად მიზეზს. განზრახ თვითდაზიანების მაჩვენებლები აგრეთვე შედარებით მაღალია სოციო-ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალგანვითარებულ რეგიონებში (Gunnell et al., 1955; Hawton et al., 2001b). ცუდი ფიზიკური ჯანმრთელობა გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენს.


განზრახ თვითდაზიანების აქტის შედეგები

თვითდაზიანების აქტის გამეორება

განზრახ თვითდაზიანების ეპიზოდის შემდეგ, მრავალი პაციენტი აღნიშნავს ცვლილებებს უკეთესობისაკენ. ფსიქიკური აშლილობის სიმპტომების მქონე პაციენტები აღნიშნავენ, რომ მათი სიმპტომები სუსტდება. ასეთი გაუმჯობესება შეიძლება განპირობებული იყოს პროფესიონალების მიერ გაწეული დახმარებით ან პიროვნების ურთიერთობებში, დამოკიდებულებებში და ქცევაში მომხდარი ცვლილებებით. ზოგი ადამიანი ხელახლა იზიანებს თავს, რასაც, ზოგჯერ, ლეტალური დასასრული მოჰყვება. ოუენმა ჩაატარა 90 გამოკვლევის სისტემური მიმოხილვა (Owens et al., 2003), და დაასკვნა, რომ იმ ადამიანებში, ვინც განახორციელა თვითდაზიანების აქტი:

  • დაახლოებით 6-დან 1 იმეორებს ამ აქტს ერთი წლის განმავლობაში;
  • დაახლოებით 4-დან 1 იმეორებს ამ აქტს ოთხი წლის განმავლობაში.
განზრახ თვითდაზიანების შემდგომი სუიციდი

ადამიანები, რომლებმაც განზრახ დაიზიანეს თავი, მოგვიანებით სუიციდის უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ოუენსის მიმოხილვაში (Owens et al., 2003) ამ პოპულაციაში

  • 1 წლის მანძილზე სუიციდის აქტს ახორციელებს 200-ში 1 ადამიანიდან 40-ში 1 ადამიანამდე;
  • 9 წლის და უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე სუიციდის აქტს 15-ში 1 ადამიანი ახორციელებს.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები