გარეული იხვი (იბსენი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„გარეული იხვი“ − ნორვეგიელი დრამატურგის ჰენრიკ იბსენის ფანტასმაგორიული პიესა, 1884.

პიესაში „გარეულ იხვი“ იბსენი ღარიბ, მოკრძალებულ და თავისებურად ბედნიერ ოჯახის ყოფას გვიხატავს. თუმცა მთელი ეს ბედნიერება პირობითია და ტყუილს ემყარება.

ოჯახი ოთხი წევრისგან შედგება - ფოტოგრაფი ილმარ ეკდალი, მოხუცი მამა, ფოტოგრაფის ცოლი, რომელიც რამდენიმე წლით უფროსია ქმარზე და 14 წლის ქალიშვილი ჰედვიგი. მოხუცი ეკდალი, ლეიტენანტი, ოდესღაც მდიდარი მეტყევე და თავგადაკლული მონადირე გახლდათ. არაკანონიერი გზით, კომერსანტ ვერლესთან ერთად, დიდი ტყე შეიძინა, მაგრამ ვერლემ სამართალდამცავი ორგანოებისთვის თავის დაძვრენა მოახერხა და მთელი პასუხიმგებლობა ეკდალს დააკისრა, რომელიც დააკავეს, ყველაფერი ჩამოართვეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ახალგაზრდა ეკდალს, განვითარებული მოვლენების გამო, უნივერსიტეტის დატოვება მოუხდა. ვერლე, რომელმაც დაღუპა მამა ეკდალი, შვილის „ჯალათადაც“ იქცა. სწორედ იმ ქალს, რომელიც მისი შეცდენილია, მიათხოვებს ეკდალს, რათა დაფაროს ჩადენილი ბოროტების კვალი (ანუ ქალი ორსულადაა). ის ქალისთვის მზითვსაც არ იშურებს და ეკდალს ფოტოგრაფიულ სახელოსნოს მოუწყობს. სტუდენტი თავს ანებებს სწავლას და მოკრძალებული ხელობით იწყებს თავის რჩენას. მას აზრადაც არ მოსდის, რომ სხვის საყვარელზე იქორწინა, რომ ჰედვიგი მისი ქალიშვილი არ არის, და რომ მთელ ამ ობივატელურ „კეთილდღეობას“ ცოლის საყვარელს უნდა უმადლოდეს. ამის წყალობით ილმარი ბედნიერია, უყვარს ცოლ-შვილი და ფოტოგრაფის სტატუსითაც არ არის უკმაყოფილო. ეს პირველი ტყუილია, ქმრის მოტყუებასთან გვაქვს საქმე.

მეორე ტყუილი ცოლ-შვილს ეხება. მათაც არ იციან, რომ ილმარ ეკდალი არ არის გენიოსი, დაკავებული ახალი, უდიდესი აღმოჩენით ფოტოგრაფიის სფეროში. ამიტომაც მას არაფერზე აწუხებენ, ყველა მოვალეობას საკუთარ თავზე იღებენ, დაფოფინებენ ილმარს, თვითონ ბევრ რამეს იკლებენ და ილმარს ყოველდღიურად სასმელით და საკვებით ამარაგებენ. სინამდვილეში ახალგაზრდა ეკდალი უქნარა და ეგოისტია, ის მთელი დღეების განმავლობაში ლუდს სვამს, ბუტერბროდებს აყოლებს და ძინავს, ელის, როდის ეწვევა შთაგონება ახალი მწვერვალების დასაპყრობად. მაგრამ ეს ყველაფერი ცოლ-შვილმა არ იცის, და თავისმხრივ ბედნიერები არიან.

მესამე ტყუილი, უფრო სწორად, თავის მოტყუება მოხუც ეკდალს ეხება. მოხუც მონადირეს სხვენში ნაძვებისგან მოწყობილი აქვს მინი ტყე და პისტოლეტით შეიარაღებული ყოველდღე ადის „ტყეში“ და თავის მოშენებულ ქათმებს, კურდღლებს და მტრედებს დასდევს... ნადირობს კაცი, მეტი რა ქნას?! და ისიც თავისმხრივ ბედნიერია. კურდღლების განადგურებაში „დიდი გამომგონებელი“ ეხმარება, ხოლო საკუთარ საქმეს - ფოტოების გამჟღავნებას თვალებმტკივან ქალიშვილს აბარებს. ასეთია ეკდალების ცხოვრება. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ მოხუცი გადავარდნილია ბავშვობაში და თან გალოთებულია, მისი ვაჟი - მუქთახორა და ეგოისტია, რძალი - დაცემული ქალია, შვილიშვილი - „ნაბიჭვარია“, კომერსანტი ვერლე კი ყველა ამ პერსონაჟის კოშმარია. მეორე მხარე ამ ტყუილისა კი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა პერსონაჟი ბედნიერია, მათ უყვართ ერთმანეთი და აკმაყოფილებთ ის ცხოვრების წესი, რომლითაც 14 წელია ცხოვრობენ. ბოროტი ვერლე კი უჩუმრად აგრძელებს მათ ფულად დახმარებას. ამ ამაღლებული ტყუილის სიმბოლოდ პიესაში გარეული იხვი გვევლინება. გარეული იხვი სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელი ტყუილის სიმბოლოს წარმოადგენს.

ერთხელ ვერლემ ნადირობისას ფრთაში დაჭრა გარეული იხვი; ის ტბის ძირისკენ გაცურდა, მაგრამ ძაღლმა ფეხში ჩაავლო და ამოათრია წყლიდან, დაჭრილი იხვი მისცეს მოხუც ეკდალს, იხვი ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა, მოსუქდა და ოჯახის საყვარელი ბინადარი გახდა. მასზე ზრუნავენ, თავს ევლებიან. სხვენში საპატიო ადგილი აქვს დაკავებული, ლამაზი კალათია მისი ლოგინი და წყალი და საჭმელი გობში არ უთავდება. ყოველი დილა იწყება იხვის ჯანმრთელობის მოკითხვით; მოხუცს არ მოსწონს, როცა იხვს ჩიტად მოიხსენიებენ, ჰედვიგი ერთნაირად ლოცულობს მამისა და იხვისთვის.

ეკდალებს ჰყავთ ერთი ნაცნობი, ექიმი რელინგი, ის პიესის იდეის გამტარებელია: ერთდროულად ტყუილის აუცილებლობასა და იდეალების მსხვრევას ქადაგებს. განზრახვა კეთილშობილი აქვს - ადამიანების გაბედნიერება სურს, ის თითოეულ პერსონაჟს უნერგავს ამაღლებულ ტყუილს - მაგ., ეკდალი დაარწმუნა, რომ ის გენიალური გამომგონებელია.

ასეთ ამაღლებულ ტყუილში ცხოვრებაში განვლო 14-მა წელმა. ელმარი გასუქდა, გარეული იხვიც, ჰედვიგი ნაზ და მოსიყვარულე გოგონად ჩამოყალიბდა, რომელმაც არ იცის, რომ მალე დაბრმავდება, ელმარის ცოლი, გინა, ფოტოსახელოსნოს მართავს და გენიალური ქმრისთვის ლოცულობს, მოხუცი სვამს კონიაკს, ხოცავს კურდღლებს და როცა სახლში მარტოა, გამოაქვს ლეიტენანტის მუნდირი და იცვამს მას. ყველა ბედნიერია... და აი ჩამოდის ვერლეს ვაჟი - ახალგაზრდა გრეგერს ვერლე, ილმარის უნივერსიტეტელი ამხანაგი, აბსოლუტური სიმართლის მქადაგებელი - ის ბრანდის სახის ვარიაციაა. მაგრამ რამხელა უფსკრულია გმირ მღვდელსა და კომერსანტის შვილს შორის! და როგორ შეიცვალა დრამატურგის დამოკიდებულება იდეალურის, სიმართლის მიმართ! მოთხოვნა „ყველაფერი ან არაფერი“ ისევე ყალბია, როგორც ეკდალების ურთიერთობები. გრეგერს ვერლე ისევე ჰგავს ბრანდს, როგორც ეკდალების მოსუქებული იხვი, თავისუფლებაში მყოფ გარეულ იხვს.

გრეგერს ვერლეს სძულს მამამისი, ის დაკომპლექსებული ახალგაზრდაა, ვინაიდან ვერ უპოვია საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ამიტომაც დიდაქტიკოს-მსაჯულადაა ქცეული. აი დაბრუნდა და შეიტყო სიმართლე ეკდალებზე და მის საცოდავ არსებობას ბოლოს და ბოლოს აზრი მიეცა. ის გადაწყვეტს, გადაარჩინოს ილმარი, შესანიშნავი ადამიანი, რომელსაც წლებია ატყუებენ. გადაწყვეტს - ის შეატყობინებს გინას წარსულს, ქმარს შეარიგებს მათ და ტყუილში აღარ მოუწევთ ცხოვრება. ამ „მართალი“ საქციელით გრეგერსიც გამოისყიდის ცოდვას, განთავისუფლდება უბადრუკი, სამარცხვინო მემკვიდრეობისგან. „შენ გამიმწარე მთელი ცხოვრება“, - ეუბნება გრეგერსი მამას, - „მხოლოდ შენ გამო მიწევს ხეტიალი ერთი ადგილიდან მეორისკენ, შენ მაქციე მოხეტიალედ! სულ თან მსდევს სულის მტანჯველი ტკივილი.“ ამ ბრალდებებს მამა არად აგდებს. გრეგერსი უარს ამბობს „კანტორაში“ სამსახურზე და მამას სამუდამოდ ემშვიდობება. კითხვაზე, - როდემდე ეყოფა ის თანხა, რაც აქამდე გამოიმუშავა, შვილი პასუხობს: - ჩემს სიკვდილამდე მეყოფა. მშვიდობით.

ასე შორდება მამა-შვილი ერთმანეთს... შვილმა აგრძნობინა, რომ ამიერიდან სიცოცხლე მისთვის არაფერს ნიშნავს, რომ განიწმინდება ცოდვებისგან და... აქ ვხედავთ მინიშნებას თვითმკვლელობაზე. მსგავსი სცენები მრავლადაა იბსენის ბოლო პერიოდის დრამებში. ასეთი ტექსტი შემზარავია და დამაფიქრებელი.

მამა ვერლეზე მეტად ექიმი რელინგი ღიზიანდება გრეგერსის შეშლილ ქადაგებებზე. ისმენს რა გრეგერსის გამოსვლებს, გინას ცუდი წინათგრძნობა იპყრობს და ექიმ რელინგს ეკითხება, მართალია თუ არა, რომ ახალგაზრდა ვერლე შეურაცხადია? - სამწუხაროდ, არა, - პასუხობს ექიმი, - მაგარამ ის ავადაა.

გინა - რითია ავად?

რელინგი - გეტყვით. ის სიმართლის ციებ-ცხელებითაა შეპყრობილი.

ექიმი იმავეს უმეორებს გრეგერსაც და უხსნის, რამდენად დამღუპველია სიმართლე ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც ეკდალები არიან. მაგრამ გრეგერსი თავისას არ დაიშლის და ილმერს გინას შესახებ სიმართლეს უყვება. ილმარი იგებს, რომ ჰედვიგი მისი შვილი არ არის. ილმარის რეაქცია ყოველგვარ ღირსებას მოკლებულია, ის ისტერიკას მართავს და სახლიდან წასვლით იმუქრება, გაოგნებული გრეგერსი ჰედვიგს სთავაზობს, გარეული იხვი მოკლას და ამით დაუმტკიცოს მამას სიყვარული, ილმარი განაგრძობს ყვირილს და ვაივიშს, უეცრად მაგიდაზე ყავას და ბუტერბროდს დაინახავს, აიღებს, სვამს, მერე რაღაცის ძებნას იწყებს, ის თურმე კარაქს ეძებს, მისთვის ბედნიერება ილუზორულ სიმართლეშიც არ არის, ბედნიერება ამ წუთას კარაქიანი პურია, საოცრად უსუსური და გამაღიზიანებელია, საერთოდ არ იწვევს თანაგრძნობას. ამ დროს ჰედვიგი იხვის ნაცვლად ტყვიას გულში თვითონ იკრავს და კვდება. სასოწარკვეთილი გრეგერსი მიდის, რომ თავი მოიკლას, სულმოკლე ადამიანები კი ისევ თავისებურად ბედნიერები იქნებიან, დახოცავენ კურდღლებს, შეჭამენ ბუტერბროდებს და ისევ მოატყუებენ ერთმანეთს. სიმართლე და ბედნიერება შეუთავსებელი ცნებებია. ასე მთავრდება პიესა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები