გიგინეიშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე გიგინეიშვილი

ივანე გიგინეიშვილი − (დ. 9 აგვისტო 1909, ქუთაისი, – გ. 28 იანვარი 1982, თბილისი), ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ტექსტოლოგი, ლექსიკოგრაფი. ლინგვოსტილისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, სალიტერატურო ენის ნორმალიზატორი, ენის ისტორიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1976).

სარჩევი

ბიოგრაფია

სხვადასხვა დროს მუშაობდა ენის, ლიტერატურის, ისტორიის და ხელოვნების ინსტიტუტის („ელხი“) ენის სექტორის უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა (1938-იდან) სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, პარალელურად მე-3 საცდელ-საჩვენებელ სკოლაში. იყო „ეჩიმკის“ ქართველურ ენათა განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი, იმავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე (1950-66) და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (1952-53). 1946-იდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის წევრი და მდივანი, ხოლო 1953-82 – ჯერ საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმთან, შემდეგ კი – საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი და მდივანი: იმავე წლიდან ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენი კომისიის განყოფილების (1966-იდან „ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების გამგე. იყო „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მთავარი რედაქციის სწავლული მდივანი (1949-53); „ვეფხისტყაოსნის“ კრიტიკული ტექსტის დამდგენი კომისიის (1959-60), შემდეგ კი აკად. პრეზიდიუმთან შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ აკად. ტექსტის მომმზადებელი კომისიის მთავარი რედაქციის წევრი; 1951-82 –საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის „მოამბის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1973-82 ქართული ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო-ტერმინოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი.

სამეცნიერო საქმიანობა

გიგინეიშვილის მეცნიერული კვლევის სფერო მოიცავდა ახალი ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების, დიალექტებსა და საერთო-სახალხო ენასთან მისი მიმართების საკითხებს. გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილება მუშაობდა სინტაქსისა და სტილისტიკის საკითხებზე, ასევე პრაქტიკული სტილისტიკის სახელმძღვანელოს შედგენაზე ლექსიკონითურთ, რომელსაც უნდა მოეცვა კონტექსტში სიტყვის უმართებულო ხმარების, უმართებულო სიტყვათშეხამებათა ტიპობრივი შემთხვევები. ამ ლექსიკონის ერთი ნაწილი გამოქვეყნებულია „ქართული სიტყვის კულტურის საკითხებში“ (წგ. VII, 1985).

კლასიკური და აღორძინების ხანის ორიგინალური თუ ნათარგმნ ძეგლთა და ავტორთა („აბდულმესია“, „ვისრამიანი“, „ამირანდარეჯანიანი“,„შაჰ-ნამე“, „ვეფხისტყაოსანი“, „რუსუდანიანი“, „თამარიანი“, თეიმურაზ I, არჩილი, თეიმურაზ II, „დავითიანი“, სულხან-საბა, ბესიკი) ენის ხანგრძლივი კვლევის შედეგად გიგინეიშვილი მივიდა დასკვნამდე, რომ ე. წ. საშუალი ქართული ენა არარის ისეთი ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი ერთეული, როგორიცაა ძველი და ახალი ქართული სალიტერატურო ენა.

ტექსტოლოგიური კვლევის ერთგვარ ეტალონად შეიძლება ჩაითვალოს გიგინეიშვილის ნამუშევრები. ტექსტის დადგენა-გამოცემის თვალსაზრისით სანიმუშოა „რუსუდანიანი“ (ი. აბულაძესთან ერთად, (1957), ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ (1972) და „ხუთი პოემა“ (1975). ნაყოფიერი და მრავალმხრივი იყო გიგინეიშვილის ლექსიკოგრაფიული მუშაობა: იყო „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ VIII ტ. თანარედაქტორი (ბ. ფოჩხუასთან ერთად), რისთვისაც სხვა რედაქტორებთან ერთად მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1971; ე. თოფურიასთან ერთად შეადგინა „სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1941, 1946, 1949), შემდეგ ვრცელი „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1968, 1998). მის მიერ შედგენილი ლექსიკონები ერთვის „დავითიანს“ (1955 და 1980), „რუსუდანიანს“ (1957) და ქართლურ, კახურ, ფშაურ, გუდამაყრულ დიალექტურ ტექსტებს (წიგნში „ქართული დიალექტოლოგია“, I, I961); წინასწარი რედაქცია გაუკეთა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ გამოცემულ ორთოგრაფიულ ლექსიკონებს: ბერინული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (1985); საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (1987); საბჭოთა კავშირის გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონი (1987); უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (1989); საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიულ სახელთა ორთოგრაფიული ლექსიკონი (1989).

გიგინეიშვილი თავდადებით ემსახურებოდა სალიტერატურო ენის უნიფიკაციის საქმეს, მისი სიწმინდისა და მონოლითურობის დაცვას, ქართული მეტყველების კულტურის კვლევასა და მოვლას. მისი რედაქციით გამოვიდა „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“ – ხუთი წიგნი. იყო რედაქტორი კრებულისა, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები“ (1970, 1986). გიგინეიშვილი იღვწოდა ენობრივ ნორმათა პოპულარიზაციისა და დანერგვისათვის, რადიომაუწყებლობის კომიტეტში ხელმძღვანელობდა რადიოგადაცემათა ციკლს – „ქართული სალიტერატურო ენის სიწმინდისათვის“, კითხულობდა ლექციებს ტელევიზიისა და რადიოს მუშაკებისათვის, გამომცემლობების თანამშრომლებისა და პედაგოგებისათვის.

ლ. ლეჟავა

თხზულებები

(გარდა ტექსტში მოხსენიებულისა):

  • ერთიანი ქართული სალიტერატურო ენის საკითხები. - „იკე“. III, თბ. I952;
  • ილია ჭავჭავაძე და ახალი ქართული სალიტერატურო ენა. „თსუ შრიომები“. 1958, ტ. 69;
  • სულხან-საბას ენისათვის. – წგ: სულხან-საბა ორბელიანი, საიუბილეო კრებ., თბ., 1959;
  • „ბახტრიონის“ ტექსტისათვის;
  • „ბახტრიონის“ ენობრივი თავისებურებანი;
  • „ბახტრიონის“ ავტოგრაფი. – წგ.: ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“, თბ., 1972;
  • გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“ ენისა და ტექსტის კრიტიკის ისტორიის საკითხების შესახებ. თბ. 1975;
  • ვ. ბარნოვის სტილის თავისებურებათა საკითხისათვის. – კრ.: „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები“. წგ. 10, თბ., 1993;
  • არქაიზმების საკითხისათვის.– იქვე, წგ. 11.თბ., I998.


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები