ამირანდარეჯანიანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამირანდარეჯანიანი - (XII ს.), ქართული სარაინდო რომანი. ავტორად მოიხსენიება მოსე ხონელი („ამირან დარეჯანისძე მოსეს უქია ხონელსა“). ცნობებს მოსე ხონელის ვინაობისა თუ მის მიერ შექმნილი სხვა ნაწარმოებების შესახებ არ მოუღწევია.

XII საულუინეში საქართველო მახლობელი აღმოსავლეთის უძლიერესი სახელმწიფო გახდა და მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. ეს დიდება საქართველოს „ხმალმა“ მოუტანა. საზოგადოების იდეალი, ზნეობრივი გმირი, ხდება მეომარი, რომელიც სიცოცხლეს არ ზოგავს რჯულისა და ქვეყნის სადიდებლად. სწორედ მან შეძლო მტრის განდევნა და რჯულის დაცვა. საქართველოში მნიშვნელოვან ძალად იქცა „ლაშქარი“. ქვეყანაში დომინირებს ჭაბუკური მსოფლშეგრძნება, თავდაცვით ომებში გამობრძმედილი ფენა უომრად ვეღარ ძლებს. მთელი სახელმწიფო მხედრული სულისკვეთებითაა გამსჭვალული. „არა არს ღონე დარჩომისა ჩუენისა თვინიერ ლაშქრობისა და რბევისა,“ – მეფე თამარისადმი მიმართული ეს სიტყვები ზუსტად გადმოსცემს მაშინდელი ქართული საზოგადოებბის განწყობას. ამ სიტყვებიდან გამოსჭვივის ის ჟინი, რითაც შეპყრობლი არიან „მათი დამართი“ ძალის მძებნელი „ამირანდარეჯანიანის“ ჭაბუკები. ქართველი მხედრების ესოდენ „გალაღებას“ გარკვეული იდეოლოგიური საფუძველი ჰქონდა. ისინი თავს მიიჩნევდნენ აღმოსავლეთის ქრისტიანთა მფარველებად. მოლაშქრის საქმიანობა რელიგიური კუთხით იქნა წარმოდგენილი. წმ. მოწამის გვერდით ადგილი დაიმკვიდრა „ხმალგაშიშვლებულმა ჭაბუკმა“, რომელიც ქრისტეს სახელის სადიდებლად იბრძვის. თუ ჰაგიოგრაფიულმა გმირმა თავი მტკიცედ მოიზღუდა და ბოროტებას სულის სიმტკიცე დაუპირისპირა, ჭაბუკი, პირიქით, უტევს და ლახვარს სცემს მას.

ქართულ ლიტერატურას შეუმჩნეველი არ დარჩენია ეს მოვლენა. „ამირანდარეჯანიანში“ არეკლილია იმდროინდელ საქართველოში არსებული სულისკვეთება. თხზულების გმირთა სახეებში ჩანს რეალურ პროტოტიპთა მისწრაფებანი. გამოგონილ გარემოში მოქმედი ჭაბუკები ეროვნული ენერგიის გამოვლინებას განასახიერებენ. ჭაბუკის სახე – იდეა არის ერის ცნობიერებაში დალექილი საკუთარი ფსიქოლოგიური წყობისა და ხასიათის განმსაზღვრელ ღირსებათა ერთიანობა. ამ გმირის წარმოსახვისას მწერალი გვერდს ვერ აუვლიდა თავის მეხსიერებაში არსებული ჭაბუკის „არქეტიპს“ – წმ. მხედრის „ფორმულასა და სახეს“, რომელიც ასევე „საჭურველითა სხმული“ ებრძვის მოწინააღმდეგეთ, საშინელ მხეცებსა და ვეშაპებს.

სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყოფილია ზოგიერთი პარალელური მოტივი „ამირანდარეჯანიანსა“ და წმ. მხედართა „ცხოვრებას“ შორის, სადაც ჰაგიოგრაფია რაინდული რომანის წინამორბედადაა წარმოდგენილი. მსგავსება ძირითად ხაზებში ზედმიწევნითია. გიორგი და თეოდორე რაინდულ საქმეს ჯერ ღვთისა და ჯვრის დახმარება-შეწევნით ასრულებენ, მერე კი – თავიანთი ვაჟკაცობითა და სიმამაცით. ასეა ამირან დარეჯანის ძეც. „შენ პირველად ღმერთმან მოგცა ქვეყანა ესე და მერმე ჭაბუკობამან შენმანო“, – ვკითხულობთ თხზულებაში. რასაკვირველია, მოსე ხონელს ეს ეპიზოდები გიორგისა და თეოდორეს „წამებიდან“ არ გადმოუღია. შესაძლებელია და უფრო საფიქრებელიც, რომ ისინი ერთი და იმავე სუბსტრატიდან მომდინარეობენ. საერო რომანის ავტორებს გარკვეული ლიტერატურული სკოლა ჰქონდათ გავლილი და სიუჟეტებისა და მდგომარეობათა გარეგნული მსგავსება იტაცებდათ, შეუგნებლად პოულობდნენ თავიანთ ლიტერატურულ მეხსიერებაში ზოგიერთ, ჰაგიოგრაფიული რომანის ნიადაგზე განვითარებულ, ფორმულასა და სახეს. ეს ფორმულები და სახეები მკითხველსაც უადვილებენ ჰაგიოგრაფიული ბელეტრისტიკიდან საერო რომანზე გადასვლასა და მასთან შეგუებას. ამირანი, სეფედავლე, მზეჭაბუკი, ბადრი, ამბრი და სხვა ჭაბუკები ხოცავენ დევ-ვეშაპებს, საშინელ მხეცთაგან იცავენ ადამიანებს და ჩართული არიან იმ კოსმოგონიურ ბრძოლაში, რომელიც ღმერთსა და სატანას შორის მიმდინარეობს.

„ამირანდარეჯანიანში“ მოქმედება ვითარდება აღმოსავლეთ ქვეყნებში, ოღონდ თხზულებაში დასახელებული სპარსეთი, არაბეთი თუ ხაზარეთი ისეთივე მხატვრული გამონაგონია, როგორც „მნათობთა“ ან „ტილისმათა“ ქვეყანა და ისევე არ მიუთითებს კონკრეტულ ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოზე, როგორც, მაგალითად, ხალხური ზღაპრისეული გამოთქმა „ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით“. თხზულების სამყარო გაყოფილია რჯულიან-ურჯულოდ და მათ შორის მიმდინარეობს ბრძოლა. ცალ მხარეს დგანან „რჯულიანნი“ ჭაბუკები და მათი გულშემატკივარი მკითხველი, მეორე მხარეს კი – „უსჯულოები“, ბოროტი ძალები. ასე რომ, როცა „დიაცი ვინმე“ ეუბნება ჭაბუკს: „ჩვენნი რჯულნი ხართო“, ნათელია, რომელი რჯული იგულისხმება. პერსონაჟთა სარწმუნოებრივი აღმსარებლობა მკითხველისათვის ადვილად გამოიცნობა შემდეგი ფრაზებით: „თუმცა ღმერთისაგან არა მეშინოდეს“, „მადლი ღმერთსა“, „ვფიცავ ღმერთსა ცხოველსა“, „კურთხეულმცა არს იგი ღმერთი, რომელმან დაგბადა ეგეთი ჭაბუკი“, „ღმერთი არის ჭაბუკობა ჩვენი დამარჩენელი“, „ღმერთისაგან იქმნა ძლევა შენი“, „მიანდვენით თავნი თქვენნი ღმერთსა“, „ღმერთსა უბრძანებია ხელითა ჩემითა მის წალკოტსა ხსნა“ და სხვ.

შუა საუკუნეების ქართული აზროვნება ერთმანეთისგან ასე მკვეთრად არ მიჯნავდა სასულიერო და საერო ლიტერატურას და მათ ერთ კონტექსტში, „საღმრთოდ გასაგონად“, მოიაზრებდა. ამის თვალსაჩინო დადასტურებას წარმოადგენს ის, რომ სვანეთში, ლენჯერის თემის სოფელ ლაშთხვერის მთავარანგელოზის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახული არიან მოსე ხონელის რომანის პერსონაჟები. იგივე კომპოზიცია უნდა ყოფილიყო გამოხატული უშგულში, სოფელ ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე, მაგრამ ამჟამად მხატვრობა ძლიერ დაზიანებულია.

ფრესკაზე, რომელიც XIV საუკუნეს მიეკუთვნება, ორი სცენაა გამოსახული. პირველ სცენაზე სისხლით მოსვრილ ამირანს დაშნით გაუპია რგოლებად დახვეული ვეშაპისთვის მუცელი და სანახევროდ გამოსულა. გვერდზე ასომთავრულით შესრულებული წარწერაა: „ოდეს ამირან ვეშაპმან ჩანთქა, ვეშაპი მოკლა და გამოვიდა“. მეორე სცენაზე კი ვეშაპზე გადამჯდარ დევს გმირავს შავ ცხენზე ამხედრებული ამირანი. ამირანს ვეშაპისთვის შუბი ჩაუცია ხახაში, ხოლო მარჯვენით ხმალი უპყრია და თავს უპობს დევს, რომელსაც ცეცხლწაკიდებული კომბალი მოუქნევია ამირანის ცხენისთვის; ზემოთ წარწერაა: „ჰომი ამირანისა და ბაყბაყ-დევისა“. ამირანის ზურგს უკან სამი მხედარია გაშიშვლებული ხმლებითა და ფარებით. თითოეულის წინ წარწერაა: „ბადრი“, „სეფედავლა“, „უსიბ“. ბადრის ფარზე გამოსახულია ჯვარი. ნაწარმოებში ადვილი საპოვნელია ორივე ილუსტრაციის წყარო. დარეჯანისძემ დაშნა „ამოიღო და შიგან მუცელი დაუჭრა, გვერდი გაუპო და გამოვიდა სისხლითა შესვრილი“. „ოდეს დავხედენით: მოვიდოდა ღამაზ დევი, ვეშაპსა ზედან ჯდა მეტად დიდსა, უმაგალითოსა, ხელთ ამოწვდილი ხმალი ჰქონდა, თავმან თქვენმან, საზაროდ კმა იყო“... „ცხენს უმაღლე იყო იგი ვეშაპი და აეშმკო პირი ჩასანთქმელად და ჰკრა აღრენილსა პირსა ხიშტი ამირან დარეჯანისძემან და მიწამდე დაასკვნა და მოკლა ვეშაპი“. ამის შემდეგ დარეჯანისძემ „ჰკრა ხმალი და მოკლა ღამაზ დევი“. ფრესკაზე თითქმის ზუსტადაა გადატანილი ბრძოლის სურათი, ოღონდ რომანის ჩვენამდე მოღწეულ ვარიანტში დევს ღამაზ დევი ჰქვია, ბაყბაყ დევს კი ადრე კლავს ნოსარ ნისრელი (66, 32).

მხატვრის ყურადღებას იპყრობს რომანის ორი ეპიზოდი – ვეშაპის მუცლიდან გამოსვლა და დევ-ვეშაპის განგმირვა. ვეშაპის მუცლიდან გამოსვლა ასოცირდება წინასწარმეტყველ იონას სასწაულთან. სვანეთში მეზობელი სოფლის, იენაშის, წმ. იონას ეკლესიის ინტერიერში გამოსახულია წინასწარმეტყველ იონას ვეშაპის მუცლიდან გამოსვლა. ლაშთხვერის ეკლესიის მხატვარი სარაინდო ლიტერატურაში ეძიებს ბიბლიური სიუჟეტის ანალოგიას და მეტად საინტერესო გადაწყვეტასაც პოულობს. რაც შეეხება მეორე სცენას, აქაც ანალოგიაა წმ. მხედრის მიერ ურჩხულის განგმირვისა. კომპოზიციას ემატება ცეცხლით მებრძოლი დევი, რომელიც „ვეშაპი ცეცხლისალს“ პარადიგმად მოჩანს. დარეჯანისძის სახე ერთ შემთხვევაში აღდგომის, მეორეში კი განკითხვის დღის სიმბოლიკას უკავშირდება.

საგულისხმოა, როგორ არის განაწილებული მხატვრობა ეკლესიის ოთხივე ფასადზე: დასავლეთით, კარიბჭის თავზე, გამოსახულია ვედრების სცენა; აღმოსავლეთით – წმ. ესტატეს ნადირობა; სამხრეთით – წმ. მხედრები: გიორგი, დემეტრე და თევდორე; ჩრდილოეთ ფასადზე კი – ორი სცენა „ამირანდარეჯანიანიდან“. ოთხივე ფასადზე კომპოზიციების ამგვარი განლაგება მნახველის აზრობრივ ორიენტაციას მხატვრისთვის სასურველი კუთხით წარმართავს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ, მსგავსად წმ. მხედრებისა და წმ. ესტატესი, ჭაბუკებიც ღმერთის რჩეულნი და მისი ნების აღმსრულებელნი არიან. საეკლესიო მხატვრობისა და საჭაბუკო რომანის ამგვარი თანხვედრა თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ არსებობდა ტრადიცია ჭაბუკების ქრისტეს მხედრებად წარმოდგენისა და ეს აზრი იმდენად იყო ფესვგადგმული, რომ საეკლესიო ცენზურას უხერხულად არ მიაჩნდა ამირან დარეჯანისძისა და მისი თანამებრძოლების გამოსახვა ეკლესიის კედელზე წმ. გიორგის გვერდით.

მიუხედავად იმისა, რომ „ამირანდარეჯანიანი“ საჭაბუკო რომანია და მეომრულ იდეალებს ამკვიდრებს, იგი არ წარმოადგენს თვითმიზნური ომებისა და სისხლისღვრის აპოლოგიას. მისი უმთავრესი თემაა სიკეთის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და სამართლიანობის დამკვიდრება. ომი „ამირანდარეჯანიანში“ უპირველესად ესთეტიკური ფენომენია. იგი ჭაბუკისთვის ცხოვრების ისეთივე წესია, როგორც ჰაგიოგრაფიის პერსონაჟისთვის – ლოცვა. ბრძოლის სურათები ნაწარმოებში ხშირადაა გამოყენებული, თუმცა გმირები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა თავი აარიდონ მკვლელობას და იშვიათი შემწყნარებლობით გამოირჩევიან. ჭაბუკი მიდის მეტოქესთან, როგორც მეგობართან, მისადმი უღრმესი პატივისცემით აღვსილი და, მიუხედავად ორთაბრძოლის შედეგისა, ისინი ძმადნაფიცებად სცილდებიან ერთმანეთს. ამბრი არაბი დამარცხებულ მეტოქეს ჩამოუხტება, წამოაყენებს და მიმართავს: „მე ძმა ვარ და მონა შენი დღეისათგან წაღმა“. დიდ სირცხვილად ითვლება მეტოქის სასიკვდილოდ გამეტება. მკვლელი თავლაფდასხმულად მიიჩნევა და ირიყება ჭაბუკთა წრიდან. თხზულების საზოგადოების დადებითი ნაწილი, რომელიც ავტორის მსოფლმხედველობასაც გამოხატავს, გმობს მესისხლეობას და მკვლელობას ბოროტებად მიიჩნევს.

ნაწარმოების ჰუმანისტურ პრინციპებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ამირანდარეჯანიანში“ ყოველ მეორე-მესამე გვერდზე ვხვდებით ბატალურ სცენებს, სადაც ჭაბუკები ჟლეტენ ლაშქრებსა და ბუმბერაზებს. ბუმბერაზი „ამირანდარეჯანიანში“ არის სულიერებისგან დაცლილი ფიზიკური ძალის სიმბოლო. ჭაბუკის ბრძოლა ბუმბერაზთან სულისა და ხორცის ბრძოლაა და მისი მოკვლა ჭაბუკის ბუმბერაზულ საწყისზე ამაღლებას მოასწავებს. დაახლოებით ასეთივე ფენომენია ლაშქარი, რომელიც ყოველთვის უფორმო მასის სახით არის წარმოდგენილი და მხოლოდ რაოდენობრივად ხასიათდება – „ლაშქარი დიდი“ ან „ლაშქარი მეტად დიდი“. გმირების მიერ ლაშქართა ჟლეტა არის მოსე ხონელისთვის დამახასიათებელი ლიტერატურული ხერხი, რამაც მეტაფორულად უნდა დაგვანახვოს ჭაბუკის ადგილი იერარქიულ კიბეზე.

„ამირანდარეჯანიანი“ საერთოდ არ ცნობს მიჯნურობას. საომრად შემართული გმირისთვის უცხოა „მიჯნურობისგან დაუძლურება“ და „ცხელთა ცრემლთა“ ღვრა. მისი დარდის საგანი სხვაა: „რომელ ვერავინ გაუსწორის ომი და ვერცა ჰპოვა სწორი მისი, შეჭირვებად ჯდა, არცა ნადიმობდა, არცა ნადირობდა“. ქალი აქ საკმაოდ აქტიური და დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელიც ოჯახისა და მამულის ინტერესებს იცავს, იმავე სულისკვეთებით ზრდის შვილს და მტერთან საბრძოლველად აგულიანებს ქმარს; იგი არ არის მიჯნურის ტიპი და არც კაცისგან მოითხოვს გრძნობათა დემონსტრირებას. ჭაბუკმა მხოლოდ ვაჟკაცობით, მტერთან ბრძოლით, გაუტეხლობით უნდა დაამტკიცოს, რომ იგი ღირსია ქალის ქმრობისა, სხვა თვისებებს ეს მშვენიერი ასულები დიდად არ აფასებენ. ქალის სამსახური წმინდა ვალად ითვლება ჭაბუკისთვის და პირველივე დაძახებისთანავე იგი უყოყმანოდ მიდის დასახმარებლად. მისთვის ქალი სიმბოლურად უმაღლეს იდეალებს განასახიერებს და მის ხორციელ სიმშვენიერეს ვერც კი ამჩნევს;

მოსე ხონელი თითქმის არ მიმართავს პერსონაჟების გარეგნულ დახასიათებას და ამ მხრივ ერთფეროვნებას იჩენს. „ამირანდარეჯანიანის“ ქალების მსოფლმხედველობა საოცარ მსგავსებას ამჟღავნებს იმ სულისკვეთებასთან, რომლითაც გამსჭვალულია ქართული საგმირო პოეზია, სადაც გმირი ომის შემძლეობით ფასდება, ხოლო ომის სურათები ესთეტიკურ ტკბობას იწვევს. „ხევსურსაც იგეთს გავყვები, დღე შუა ლესდეს ხმალსაო, ლაშქარს წინ მიუძღვებოდეს, დრეკავდეს შუბის ტარსაო!“ – ამბობს ხევსური ქალი. „მე ეგეთი ქმარი არ მინდა, რომელი ეგრე ვგონებდე თუ მისი დამართებითი კაცი არისო და ანუ უკეთესი ქვეყნისა ზედაო“, – აცხადებს ზღვათა მეფის ასული.

ვ. მაღლაფერიძე

ლიტერატურა

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • მისივე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. 2, თბ., 1981;
  • სირაძე რ., ქართული აგიოგრაფია, თბ., 1987;
  • ჯანაშვილ ი მ., მოსე ხონელი და მისი ამირან-დარეჯანიანი, ტფ., 1895;
  • Чеишвили Г.Д., Бучукури М.Н., Некоторые особенности памятников средневековой росписи в верхней Сванетии, 4, Международный симпозиум по грузинскому искусству, Тб., 1983.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები