გიორგი ოლთისარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი ოლთისარი – (XI ს.), ათონის ივერთა სავანის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1065 წ., გიორგი მთაწმიდლის გარდაცვალების შემდეგ, იგი ივირონის წინამძღვარი გახდა.

1056 წ. ათონიდან ანტიოქიაში წასვლის წინ გიორგი მთაწმიდელმა მონასტრის მესვეურობა მამა არსენ ფარსმანყოფილს გადააბარა. 1060/61 წლიდან არსენი მამა თეოდორემ შეცვალა, ხოლო 1065 წლისთვის, როდესაც გიორგი მთაწმიდელი საქართველოდან კონსტანტინოპოლში დაბრუნდა, ივირონის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ოლთისარი იყო. ის კონსტანტინოპოლში გიორგი მთაწმიდელს შეხვდა და უთხრა: „კურთხეულ არს ღმერთი, კეთილად მოგიძღუა უფალი. აჰა ესერა, მონასტერი შენი წინაშე არს შენსა“. ამ შემთხვევაში გიორგი ოლთისარი სახელის მოუხსენებლად „მთაწმიდის მამასახლისად“ არის წოდებული. მისთვის განწესებულია აღაპი 61 (Actes d’ Iviron, II, p114) გიორგი ოლთისარი როგორც მომგებელი, იხსენიება ათონის კოლექციის რამდენიმე ხელნაწერში გიორგი ოლთისარი ხელნაწერის მომგებელიც არის. ათონური ხელნაწერები, სადაც გიორგი ოლთისარი იხსენიება როგორც მომგებელი, გიორგი მთაწმიდლის თარგმანებს შეიცავს (მაგ. Ath. 24, 54 – პარაკლიტონი, თვენი).

გიორგი ოლთისარის მოღვაწეობას ხელი შეუწყო იმან, რომ ქართულ მონასტერს ამ დროს დიდი დახმარება გაუწია ბაგრატ IV-ის ასულმა, ბიზანტ დედოფალმა მარიამ მართა ყოფილმა, ამ დახმარების აღსანიშნავად ათონელ მოღვაწეებს მათთვის აღაპიც დაუდვიათ (N133) „დიდთა და მრავალთა ქველისმოქმედებათა მათთვის“.

ათონის აღაპებში გიორგი ოლთისარის მოღვაწეობა შემდეგნაირად არის აღწერილი: „მონასტერთა ზედა მრავალთა კეთილთა ქმნა, მრავალნი მონასტერნი და პრასტინნი დაჰყარნა, მრავლით ჟამითგან წახუმულნი, და ზღუდენი მოვლნა მონასტერსა, და ოქრობეჭედი აიღო, მრავალთა ზრუნვათა და ჭირთა გარეწარმცდელი“. (აღაპი 61).

აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი ოლთისარის წინამძღვრობის დროს ივირონში მომრავლდენენ მწიგნობრები და იქ არაერთი მნიშვნელოვანი ხელნაწერი შეიქმნა. მაგ. ევსტრატი დეკანოზის მიერ გადაწერილი სვინაქსარი (Ath. 30) ზოსიმე მონაზონის მიერ გადაწერილი თვენი (Ath.54) და ივირონის კოლექციის გამორჩეული ხელნაწერი „ათონის კრებულად“ წოდებული (Ath.558) ნუსხა.

ე. დუღაშვილი


ლიტერატურა

  • მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, თბ., 1980;
  • მეტრეველი ე., ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ.,1998;
  • მისივე, ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ.,1996;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, 2, თბ., 1967;
  • Actes d’ Iviron, II,Des origines au milieu du Xi e siècle, edition diplomatique par Laques Lefort, Nikolas Oikonomides, Denise papachrisanthou avec la collaboration d’ Helene Metreveli. 2008.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები