გრიგოლი (მღვდელ-მონაზონი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლი − (ვაჩნაძე გიორგი), (1784, სოფ. კოლაგი, კახეთი, – 03.01.1842, ბოდბის მონასტერი, სიღნაღის მაზრა, თბილისის გუბერნია), მღვდელ-მონაზონი.

კრებული (1816 წ.) გადამწერი - გრიგოლ ვაჩნაძე

დაიბადა თავადის ოჯახში. დედამისი იყო ელენე ანდრონიკაშვილი. 1800 წ. ბერად აღკვეცის სურვილით მივიდა ბოდბის წმ. ნინოს სავანეში, სადაც შეისწავლა წმ. წერილი, გრამატიკა, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1805 წ. ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მაყაშვილი) ანაფორა უკურთხა და დიაკვნის ხარისხი მიანიჭა. 1809 წ. მიტროპოლიტმა იოანემ ბერად აღკვეცა, სახელად გრიგოლი უწოდა და მღვდლად დაასხა ხელი. 1812 წ. ბრინჯაოს ჯვრით დაჯილდოვდა.

მღვდელ-მონაზონი გრიგოლი იყო კარგი კალიგრაფი და გადაწერილი აქვს რამდენიმე ხელნაწერი. „წიგნი სამღვდელოთ კურთხევისა“ გადაწერილია 1837 წ., მას აქვს მინაწერი: „ესე წიგნი სამღვდელოთ კურთხევისა დავსწერე მე, ღვდელ-მონაზონმა გრიგოლ ბერმა. ცხრა კურთხევის წიგნი არის. რომელთა აღმოიკითხოთ, შენდობას მიბრძანებდეთ, რამეთუ ესე წიგნი ჩემთვის დავსწერე და არავის სხვისათვის დავსწერე, წმინდის ნინოს ეკლესიაში სოფელს კოლაგისაგან მყოფმან გვარით ვაჩნაძემ, ასლანის შვილმან, ნოემბრის კთ, ჩყლზ წელსა“. ასევე გადაწერა წმ. მოწამე თეკლას წამება, რომელზეც არის მისივე ანდერძი: „პირველმოწამეო თეკლა, მეოხ მეყავ წინაშე ღვთისა ღვდელ-მონაზონს გრიგოლ ვაჩნაძეს, ამინ“.

1838 წ. გრიგოლი ხირსის წმ. სტეფანეს მამათა მონასტერში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ჩანს, მალევე დატოვა იქაურობა. 1842 წ. 7 იანვარს ბოდბის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (ჯანდიერი) ეგზარქოს ევგენის (ბაჟენოვი) წერდა: „გამორიცხული შტატ გარეთისა ხირსის წმ. სტეფანეს მონასტრიდამ მღვდელ-მონაზონი გრიგოლი წარმოსრული წმ. საბას ეკლესიის თანა მცხოვრებისა არქიმანდრიტ ილარიონიდგან 23 რიცხვსა განვლილის დეკემბრისა მოსრულ იყო წმ. ნინოს სობოროში ჩემს სადგომში იმ დროს, როცა მე არ ვიმყოფებოდი. და რა მივედი მე, დამიხვდა იგი ძლიერ ავადმყოფი ციებ-ცხელებითა. და რადგანაც სიყრმიდგან აღზრდილი იყო წმ. ნინოს სობოროში და უმსახურნია სამღვდელო წესით აქა ორმოცი წელი, იგი მოწადინებულ იყო, რომ თვისი ცხოვრების დღენი მუნვე დაესრულებინა. მე გამოუყავ მას სენაკი და ყოველღონით ვცდილობდი მორჩენასა მისსა, მაგრამ ამა წლის 7 იანვარს იგი აღესრულა, არა დარჩა რა არავითარი ქონება. მე შევმოსე იგი ჩემი ანაფორითა და შესამოსლითა და მოვიწვიე დასაფლავებაზე – ხირსის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეპიფანე და განსვენებულის თხოვნით იგი დავასაფლავე წმ. ნინოს გალავანში, სამხრეთისაკენ განშორებით სობოროსადმი, თვით გალავნის კედელსა თანა, რაისა ზედაცა უპატივცემულესად მოვახსენებ თქვენსა მაღალყოვლადუსამღვდელოესობასა“. ხირსის მონასტერში დარჩენილი მისი მწირი ქონება 1842 წ. 11 თებერვალს არქიმანდრიტმა ეპიფანემ (ბუჭყიაშვილი) თბილისში, საეგზარქოსოში გააგზავნა.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი

წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №559; საქმე №3837; საქმე № 7876.
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა (S კოლექცია), ტ. 1, 1960; 8. 3, 1963.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები