გურგენი (მეფეთა მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურგენი, (მეფეთა მეფე) (გ. 1008)], ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. ქართველთა მეფის, მეფის ბაგრატ II-ის შვილი და ერთიანი საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის მამა. გურგენის მეუღლე გურანდუხტ დედოფალი ეგრის-აფხაზეთის გიორგი II-ის ასული იყო: „ესე გუარანდუხტ დედოფალი ასული იყო გიორგი აფხაზთა მეფისალ და დედა ბაგრატისი“. (მატიანე ქართლისაჲ).

გურგენი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლაში. როდესაც დავით III კურაპალატმა 975 წ. ქართლის გამგებლობა ბაგრატ III-ს ჩააბარა, მისი მეურვე გურგენი გახდა: „დაუტევნა უფლისციხეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ. მას ჟამსა იყო ბაგრატი ჯერეთ ასაკითა თჳსითა უსრულ, ამისთჳს თანაგანმგებელად დაუტევა მამაჲ მისი გურგენ“. (მატიანე ქართლისა). ერთხანს გურგენი ბაგრატთან და გურანდუხტ დედოფალთან ერთად კახეთის სამთავროს აზნაურებმა დაატყვევეს, თუმცა დავით III კურაპალატის აქტიური ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

978 წლიდან, ბაგრატ III-ის დასვლეთ საქართველოში გამეფების შემდეგ, გურგენმა მეფეთმეფობა მიიღო: „ვიდრე გურგენის გამეფებამდე ესე ბაგრატ მეფე იქმნა აფხაზეთს, და ამისთჳს გურგენს მეფეთმეფობა ეწოდა“. (სუმბატ დავითის ძე).

გურგენი მონაწილეობდა ბაგრატ III-ის მიერ წამოწყებულ კლდეკარის ერისთავ რატის წინააღმდეგ მიმართულ ლაშქრობაშიც, რაც გურგენსა და დავით კურაპალატს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. დავითს მოახსენეს, რომ ბაგრატმა და გურგენმა ჯარი მის მოსაკლავად შეკრიბეს: „არასადა წარვალს სხუაგან, არამედ განმზადებულ არს სიკუდილად შენდა“. (მატიანე ქართლისა). ბრძოლა გურგენსა და დავითს შორის შავშეთში გაჩაღდა: „დავით კურაპალატი წარმოვიდა მსწრაფლ, მოუწოდა ლაშქარსა თჳსსა და უჴმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა. და მაშინ ჯერეთ ცოცხალი იყო პაპა ბაგრატისი, ბაგრატ ქართველთა მეფე; იგი-ცა მოვიდა დავით კურაპალატისა წინაშე, რამეთუ ეშინოდა ძისა თჳსისა გურგენისგან წაღებასა მეფობისასა. მოვიდეს და დადგეს დლივს სპითა დიდითა, რომელთაჲ არა იყო რიცხჳ, და გაგზავნნა ლაშქარნი გურგენს ზედა. მიეგებნეს წინა გურგენს, და შეიბნეს გარდათხრილთა, თავსა შავშეთისასა; გააქციეს გურგენ, და შთაიხუეწა მეოტი და შევიდა ციხესა წეფთისასა“. (მატიანე ქართლისა). დაძაბული მდგომარეობა ბაგრატ III-ის სწორმა საქციელმა განმუხტა – მან დავით კურაპალატს შენდობა სთხოვა. 994 წ. გარდაიცვალა გურგენის მამა ქართველთა მეფე ბაგრატ II. მისი სამფლობელოები გურგენმა მიიღო. 1001 წ., დავით III კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, ბიზანტ. იმპერატორმა ბასილი II-მ მისი სამფლობელოები დაიკავა. მან ბაგრატ III და გურგენს თავისთან იხმო: „გამოვიდა ბასილი, ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა. და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისაჲ. და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ, აფხაზთა მეფე, და მამაჲ მისი გურგენ და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივი – გურგენს მაგისტროსობაჲ და ბაგრატს კურაპალატობაჲ, რათამცა ვითარ მტერ ყვნა ერთმანერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცუა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და მართალი იყო და ვერა აღძრა გული მისი ზაკჳთა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონისძიებითა“. (სუმბატ დავითის ძე). ბასილი II-ის პოლიტიკამ, ბაგრატ III-ისთვის უფრო მაღალი ტიტულის ბოძებით, მამა-შვილს შორის მტრობა ჩამოეგდო, შედეგი არ გამოიღო. გურგენი მეფეთმეფე 1008 წ. გარდაიცვალა. მისი მამული მისმა ძემ, ბაგრატ III-მ დაიკავა და ერთიან საქართველოს შემოუერთა: „გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთმეფე, ძე ბაგრატ ქართველთა მეფისა, ქრონიკონსა ს~კ~ჱ, და დაუტევა ძე ესე თჳსი ბაგრატ, აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი, და ეუფლა ტაოს, მამულსა თჳსსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე“. (სუმბატ დავითის ძე).

ვ. კეკელია

ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაჲ, წგ.: ქართლის ცხოვრება, თბ., 2008;
  • სუმბატ დავითის ძ ე, ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა, იქვე;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ,. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები