დიდი გუფთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი გუფთა – სოფელი საქართველოში, ლიახვის ხეობაში. (ჯავის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ცხინვალი-ონის საავტომობილო გზაზე.

ხალხური გადმოცემა ამ ტოპონიმის წარმოშობას რატომღაც საჭმლის სახელწოდება გუფთას, ქუფთას უკავშირებს. შესაძლებელია ეს ხალხური ტრადიციული ცნობა ჰქონდა ხელთ კ. ჰანს, რომელიც სოფლის სახელ გუფთას სწორედ ასეთნაირად განმარტავდა: რომელიღაც თურქი ფაშა ბრძოლიდან დაბრუნებისას ამ სოფელში გარდაცვლილა; მისთვის მოუწყვიათ ქელეხი და ხალხს გუფთით გამასპინძლებიანო. ეტიმოლოგიას თავისი ძალა და დამაჯერებლობა დღემდე, როგორც ჩანს, არ დაუკარგავს: გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში არსებულ ვენახების სახელწოდება გუფთას ასევე რატომღაც საჭმლის სახელს ქუფთას უკავშირებენ: „ქუფთებივით დაჭრილ-დანაწევრებული მიწებია და ხალხიც ამიტომ ეძახის გუფთებსო“.

ტოპონიმ გუფთის მეცნიერული ახსნა პირველად ვ. გამრეკელმა სცადა. მან, კერძოდ, დაუშვა, რომ გუფთა ქისტური ჩაჩნური) ენობრივი სამყაროდან უნდა ყოფილიყო ქართულში შემოსული. გუფ- ქისტურად ბორცვს ნიშნავს, -თა ელემენტიც ქისტურია და ქართულ -ზე თანდებულს უდრისო. ამ ვარაუდის მიხედვით გუფთა უნდა გაგვეგო როგორც ბორცვზე („ბორცვზე გაშენებული სოფელი“, „ბორცვთან“). ამ ვარაუდს არსებითი ხასიათის დაბრკოლებები ეღობება. პირველ რიგში სუფიქსი -თა არამც და არამც არ შეიძლება ჩაჩნურ (ქისტურ) ელემენტად მივიჩნიოთ, რადგან მისი ქართული წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს: იგი არის მრავლობითი რიცხვის ნათესაობითი ბრუნვის დაბოლოება; როგორც საწარმოებელი სუფიქსი, იგი დღეს მკვდარია, მაგრამ ისტორიულად მისი სამოქმედო არეალი საკმაოდ ფართო ყოფილა. ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის 20-იან წლებში პროფ. ვ. თოფურია გარკვევით მიუთითებდა, რომ საქართველოს ის გეოგრაფიული სახელები, რომელთაც -თა მოეპოვებათ დაბოლოებად, „ქართულს ნიადაგზე უნდა აიხსნასო“, ამის კვალობაზე დიდი მეცნიერი ქართულ სახელებად მიიჩნევდა ისეთ -თა სუფიქსიან ტოპონიმებს, როგორიცაა: აკაურთა, ბალანთა, გომართა, გურიანთა, იკორთა, დვალთა, ხორანთა, მცხეთა, ქურთა.. მათ გვერდით იყო წარმოდგენილი ჩვენთვის საინტერესო ტოპონიმი გუფთა-ც. -თა სუფიქსიანი ტოპონიმები უძველეს ხანებშივე ენაში საკმაოდ ხშირად გვხვდებოდა; ბაკთა, თავი შეშათა, ვანთა, მოწამეთა, მოგვთა, ბერთა, ჭურთა, ჯვართა, ჯავახთა.

გეოგრაფიული სახელწოდება გუფთა, ჩვენი ვარაუდით, წარმოქმნილი ჩანს გუბე სიტყვისაგან. -თა სუფიქსის დართვას გამოუწვევია ბ მჟღერის დაყრუება და მისი ფ თანხმოვნად ქცევა (ნაწილობრივი ასიმილაცია) გუბ-ითა - გუფ-თა. საამისო მაგალითი ენაში არაერთი იძებნება. მთიულეთში, ხადის ხეობის დასაწყისში, კლდოვანი ადგილის სახელად დასტურდება ქოფთა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ქობ-თა, იგივე ქვაბ-თა („გამოქვაბული კლდეები“). აქაც ზუსტად ისეთი ფონეტიკური ცვლილება განუცდია სიტყვას, როგორც გუფ-თა სახელში დავადასტურეთ. აღმოსავლეთ საქართველოს მიკროტოპონიმიაში შეიძლება მოიძებნოს ათეულობით ისეთი ერთეული, რომლებიც გუბე სიტყვისაგან მომდინარეობენ. ისინი ხან იმავე -თა, სუფიქსით არიან გაფორმებულნი, ხან კი – მრავლ. რიცხვის აღმნიშვნელი სართებით. სოფ. ალისში (მცხეთის რ.), მაგალითად, არის ადგილი, რომელსაც გუფთა ეწოდება. ადგილობრივმა მცხოვრებმა ნინო კახურაშვილმა იგი ასე განმარტა: „სველი ადგილია, ერთავად წყლის გუბე დგას, წვიმების დროსაც და მშრალშიც“. ზუსტად იგევე სახელი (მჟღერი ვარიანტით) ადგილს ეწოდება გუდამაყარში, სოფ. ბახანში. აქაური ინფორმატორის ცნობითაც: „გუბე დგას იქ, წყარო გამოდის“, მთიულეთში, ს.დუმაცხო აღმოსავლეთით გამოედინება წყარო, რომელსაც გუბთკრის||გუფტკრის) წყარო ეწოდება. ამოსავალი აქაც, რა თქმა უნდა გუბთკარია („გუბეებიანი ადგილი“)“. ს. ართხმოში (ყაზბ. რ.) სათიბი მინდვრის სახელად დასტურდება გუბნი, იქვე ახლოს კი არის მეორე სათიბი მამული გუბთკალთა. ს. კალერთაში (ახალგორის რ.) სასაძოვრე მინდვრების სახელად ჩვენ დავადასტურეთ გუფთებ-ი. ადგილობრივი მცხოვრების ვგ. ბალაშვილის სიტყვებით: „გუფთებს მამულებს ვეძახით. ჰანერობი ადგილებია, წვიმების დროს პატარა გუბე-ტბები დგება“. ს. ხევშაში (მთიულეთი, დუშეთის რ) ერთ-ერთ ადგილს გუფთის ხევ-ი ეწოდება. ადგილთა სახელებად გუფთა||გუფთი არც თუ იშვიათად დასტურდება ზემო იმერეთისა და ზემო აჭარის მიკროტოპონიმიაში (ს.ს. სარგვეში, ვაჭევი, ჩრდილი; ზედა მახუნცეთი...).

სახელწოდება გუფთის ასეთი გავრცელებულობა, ბუნებრივია, გამოგვარიცხვინებს ლიახვის ხეობაში არსებულ ტოპონიმ გუფთა-ს ჩაჩნურ წარმომავლობას; იგი, როგორც ვთქვით, ქართული ენის ფაქტია.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები