დუღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუღ-ი (ოს. Дугь — „დოღი“) — მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული მარულა, რომელიც გარდაცვლილი მამაკაცის (იშვიათად ქალის) დასაფლავების დღეს, წლისთავზე და ზასხასანის დღეობაზე იმართებოდა (იგი დღემდე იმართება სამხრეთ ოსეთის ზოგიერთ მთიან სოფელში). ადგილობრივებთან ერთად დოღში მეზობელი სოფლების საუკეთესო მხედრებიც მონაწილეობდნენ. არცთუ იშვიათად მარულაში ჩართულ ცხენოსნებს ჭირისუფალი ურიგებდა თეთრი კოლენკორის ნაჭრებს, რომლებსაც ისინი მხრებზე შეიხვევდნენ.

ბარში დოღი გრძელ დისტანციაზე (ზოგჯერ 30-40 კმ. მანძილზე) ეწყობოდა, მთაში — ძალზე რთულ და ციცაბო გზებზე. წლისთავამდე ერთი ან ორი დღით ადრე მიცვალებულის ნათესავები მარულაში მონაწილეობის მსურველებს რომელიმე ახლომდებარე აულში აგზავნიდნენ, სადაც მათ ღამე უნდა გაეთიათ და დოღის დაწყების წინ უნდა მობრუნებულიყვნენ. შეჯიბრის ყოველ მონაწილეს (дугъон) ჰყავდა მეურვე მხედარი (хъузон), რომელიც მას გარკვეულ პუნქტში ხვდებოდა, ამხნევებდა და მის ცხენს მათრახისცემით აჩქარებდა. გამარჯვებული მხედარი მიცვალებულის საფლავზე მიდიოდა, სამარხის გარშემო ცხენს სამჯერ შემოატარებდა და, თუ დასაფლავების დღე იყო, „სულის ცხენის“ დამკურთხებლისაგან („ბახფალდისაგი“) ფასეულ პრიზს იქვე მიიღებდა. გამარჯვებულს მიცვალებულის ჭირისუფალი უნაგირით, ზოგჯერ ცხენითაც ასაჩუქრებდა. სამოსით ასაჩუქრებდნენ ასევე მეორე და მესამე ადგილზე გასულ მხედრებს. გამარჯვებულს აძლევდნენ ასევე სპეციალურ პრიზს — ხარის ტყავს, წვივის ხორციან ძვალს (შდრ. მეგრული საქორწინო რიტუალი, რომლის დროსაც მახარობელს საქონლის კანჭს აძლევდნენ ან კბილს დაადგმევინებდნენ); წლისთავის სუფრის დასრულების შემდეგ სახლში ძღვენსაც ატანდნენ. აღსანიშნავია, რომ ტრადიციულ ოსურ საზოგადოებაში დოღის დროს ნებადართული იყო მიცვალებულის სადიდებელი სიმღერის (номы зараг) თქმაც. საუკეთესო მომღერალი რაიმე საჩუქარს აუცილებლად მიიღებდა.

მიცვალებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღის გამართვა იცოდნენ ქართველებმა („დოღი“, „სადგინი“, „დალაი“), ასევე კავკასიის ხალხებმა — ჩერქეზებმა, აფხაზებმა („თარჩია“, ინგუშებმა და სხვ. იგი ფართოდ იყო გავრცელებული შუა აზიის და ყაზახეთის ხალხებში. ვარაუდობენ, რომ ეს საწესო მარულა სათავეს სწორედ შუა აზიიდან იღებს; კავკასიაში მისი შემოტანა და გავრცელება კი ძველი და შუასაუკუნეების ირანულენოვან ხალხებს — სკვითებს, სარმატებსა და ალანებს მიეწერება.

რამდენადაც დოღში გამარჯვებულ მხედარს ხშირ შემთხვევაში მიცვალებულის სამოსით ან მისი კუთვნილი იარაღითა და სხვა ნივთებით ასაჩუქრებდნენ, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, აღნიშნულ ჩვეულებას საფუძვლად უდევს მიცვალებულის ქონების მემკვიდრეობით მიღების მიზანი (ეს თვალსაზრისი ემყარება სკვითებსა და სხვა ხალხებში გავრცელებულ ე. წ. „სასამართლო ორთაბრძოლებს“, რომლებსაც რეალურად არავითარი კავშირი არა აქვთ მემკვიდრეობისათვის ბრძოლასთან).

უნდა ითქვას, რომ არქაულ საზოგადოებაში, რომლის წიაღშიც წარმოიშვა ზემოაღნიშნული დოღი, კონკრეტული ინდივიდის ქონება არ არსებობს; ყოველივე ფასეული, რაც მოცემულ სოციალურ უჯრედს დაუგროვებია, არის ამ უჯრედის წევრთა საერთო საკუთრება, რომლის დანაწევრება ანუ მემკვიდრეობითობა ჩვეულებითი სამართლის ნორმებით რეგულირდება. ჩვენთვის საინტერესო მოვლენას წმინდა რელიგიური მსოფლმხედველობა უდევს საფუძვლად. საქმე ისაა, რომ სიკვდილის მოსვლა, ისევე როგორც ადამიანთა ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტი (დაბადება, ქორწილი, მიცვალებულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები, ძველი და ახალი წლების მიჯნა, დიდ მნათობთა დაბნელებისა და ბუნიობისა და მზებუდობის პერიოდები და სხვ.). აღიქმება კრიტიკულ დროდ, როცა ქაოსის დამანგრეველ ძალთაგან კოსმიური წესრიგის, წონასწორობის რღვევის საშიშროება დგება. დოღი ამ წესრიგის აღდგენის ცდაა. „სულის ცხენის“ მონაწილეობა დოღში აუცილებელია იმიტომ, რომ იგი გაიგივებულია მიცვალებულთან. დოღი არის მიცვალებულის გაცილება საიქიოში ანუ მისი სიმბოლური გაყვანა იმ სივრციდან, სადაც მოცემული კოლექტივი ცხოვრობს. ის უნდა წავიდეს, რათა თავად სიკვდილი წავიდეს. მიცვალებულის წასვლით და სხვა მაგიური ქმედებით („ყაბაყი“) ხდება სიკვდილის ანუ ქაოსის ძალის მიზეზით დარღვეული დროისა და სივრცის აღდგენა და ჩვეულებრივ დინებაში ცხოვრების მოქცევა.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Чочиев А. Р. Очерки истории социальной культуры осетин. Цхинвали, 1985;
  • Дзаттиаты Р. Г. К семантике скачек дугъ у осетин // ИЮОНИИ. XXIX. Тб., 1985;
  • Чибиров Л. А. Традиционная духовная культура осетин. Владикавказ, 2008.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები