დუშეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დუშეთი – ისტორიული ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე.

დუშეთმა, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა ფეოდალური ხანის ქალაქმა, შფოთიანი და მღელვარე ამბებით აღსავსე საუკუნეები გამოიარა. ქართულ საისტორიო წყაროებში დუშეთი დასახლებულ პუნქტად 1215 წლიდან მოიხსენიება. XVII ს-ის დამდეგიდან დუშეთი ქვეყნის პოლიტიკურ სარბიელზე დიდად დაწინაურებული და პრივილეგირებული ფეოდალების – არაგვის ერისთავთა – რეზიდენცია ხდება. აქ მდგარა ნუგზარ ერისთავის საუცხოო სასახლე. ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა და წარმოადგენს ე.წ. „მოხელის დარბაზი“ (XVII ს.), ჭილაშვილების ციხე-დარბაზი (XVIII ს-ის დასასრ.), აგებული ქალაქის განაპირას, სოფ. მილახვრიანთკარში და სხვ. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს დუშეთის წმ. გიორგის სახელობის მცირე ეკლესია (IX-X საუკუნეთა მიჯნა), რომელშიც შემონახულია ძვირფას ფრესკულ მოხატულობათა ფრაგმენტები.

არაგვის საერისთაოს გაუქმების შემდეგ (1743) დუშეთი თანდათან იწყებს დაქვეითებას და პირველობას უთმობს ანანურს, სადაც 1689 წელს აიგო უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლი – ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. მაგრამ დუშეთს თავისი მნიშვნელობა შემდგომ ხანებშიც არ დაუკარგავს. 1829 წელს დუშეთის სასტუმროში ღამის გასათევად შეჩერებულა ტფილისს მიმავალი ალექსანდრე პუშკინი როგორც ცნობილია, დუშეთში 1868-73 წლებში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა და აქვე ცხოვრობდა დიდი ილია ჭავჭავაძე. ისიც კარგად არის ცნობილი, რომ დუშეთში გატარებული წლები („დუშეთური პერიოდი“) ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა ილიას სამწერლო-შემოქმედებით ბიოგრაფიაში.

დუშეთი სხვა მხრივაც აღძრავდა ინტერესს. პირველ რიგში ბევრი იყო დაინტერესებული თვით სახელწოდების შექმნის ისტორიით. ტოპონიმ დუშეთის ახსნის პირველი ცდა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, რუს გეოგრაფსა და ისტორიკოს-ეთნოგრაფს კ. ჰანს ეკუთვნის. სამწუხაროდ მან სახელწოდება დუშეთი ეთნონიმ თუშს დაუკავშირა: ძველად ამ ადგილებში თუშებს უცხოვრიათ და ქალაქის სახელიც აქედან არის წარმომდგარიო. მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ თუშების სამოსახლო ეს რეგიონი არასოდეს ყოფილა.

ადგილობრივი ხალხური გადმოცემები სახელწოდება დუშეთის წარმოშობას, როგორც ეს ხშირად ხდება, თათრულ (მონღოლურ) სიტყვებს უკავშირებენ. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით არაგვის ხეობაში შემოსულ თემურ-ლენგს თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქარი გაუჩერებია და წამოუძახია: „დუშათ!“. ეს კი თითქოს ნიშნავს: „აქ შევისვენოთ!“ (აბესალომ იორდანიშვილი). სხვაგვარი ვერსიით „დუშათ“ თურქული სიტყვა ყოფილა ქართულად უწყლო, მწირ, უნაყოფო ადგილს აღნიშნავს (ლალი ჯავახიშვილი).

ჩვენი ვარაუდით დუშეთი ადამიანის საკუთარი სახელისაგან მომდინარე გეოგრაფიული ერთეული უნდა იყოს. საქმე ისაა, რომ ძველ ქართულ ეკონომიკურ თუ საკანონმდებლო განჩინებებში აქა-იქ გვხვდება პიროვნული სახელი დუშია. ვახტანგ VI-ის „დასტურლამალში“, მაგალითად, მოხსენიებულია ვინმე არეშისშვილი დუშია, ეგევე სახელი გვხვდება XVII საუკუნის კიდევ ერთ საბუთში. აქ, კერძოდ, მოთხრობილია იმ ფაქტის შესახებ, თუ როგორ მიაბარა (მიაკუთვნა, გადასცა) სოფლის იასაულმა ერეკლე I-ის (ნაზარალიხანის) ბრძანებით ბიძინას და დუშიას ვარიანში მცხოვრები ხუცესი უჯარმელაშვილი, ბერუკა უჯარმელაშვილი და ხუცო თავის მამულებიანად მოკლული ნათესავის სისხლის საფასურში.

ძველ ხელნაწერ საბუთებში ვხვდებით აგრეთვე ვინმე დუშია ოზბეგისშვილს. ყოველივე ეს გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ დუშეთი „დუშიას გვარის ხალხთა საცხოვრებელ ადგილად“ გავიაზროთ. დუშ-ეთ-ი იმგვარადვე ჩანს გაფორმებული პიროვნული სახელისაგან, როგორც: გრიგოლ-ეთ-ი, გობრონ-ეთ-ი, სიმონ-ეთ-ი, ბაზალ-ეთ-ი, ამაშუკ-ეთ-ი და სხვ. მრ.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები