ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანანურის ხუროთმოძღვრული კომპლექსი - ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე (XVI-XVII სს.) მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე (წილკნისა და დუშეთის ეპარქია).

ანანურის სამონასტრო კომპლექსი

ციხესიმაგრე ჩრდილოეთიდან კეტავდა დარიალის ხეობით მომავალ გზას. იყო არაგვის ერისთავთა რეზიდენცია. მეფე თეიმურაზ II-მ გააუქმა არაგვის საერისთავო და ანანურის ციხე მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. არაგვის უძლიერესი ფეოდალები, ერისთავები, ქართლ-კახეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ, განსაკუთრებით XVII ს. დასაწყისიდან საერისთავოს გაუქმებამდე (1743). სწორედ ამ პერიოდში წარმოებდა „ანანურის“ ინტენსიური მშენებლობაც.

სარჩევი

აღწერილობა

„ანანურის“- ანსამბლი-ციხესიმაგრე გარშემორტყმულია მძლავრი გალავნით, რომლის შუაგულსა და კუთხეებში მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები (სამხრეთით ჭიშკრის კოშკია) და ნიშებია მოწყობილი. „ანანურის“ ტერიტორიაზე, მის დასავლეთ ნაწილში, განლაგებულია მცირეგუმბათიანი „ღვთაების“ ეკლესია. ციხესიმაგრის ცენტრში აღმართულია მძლავრი ოთხკუთხა ხუთსართულიანი ხევსურული კოშკი „შეუპოვარი“ (მას ყარანგოზიშვილების კოშკსაც უწოდებენ, სავარუდოდ – XV ს.). ძველ გეგმაზე აღმოსავლეთით, აღნიშნულია რაღაც მოზრდილი გალავნის ნანგრევები, რომელიც, შესაძლოა, არაგვის წინანდელი ერისთავების რეზიდენციის ნაშთიც იყოს. ტაძრის აღმოსავლეთ მხარის კლდის განაპირას ხელოვნურ მოედანზე პატარა, კოხტად ნაგები სამრეკლო მოხდენილად ასრულებს ანსამბლის სილუეტს. სამრეკლოს ქვეშ მოქცეულია ნატეხი ქვით ნაგები, შედარებით ძველი დარბაზული ეკლესია – ე.წ. „მკურნალი“ (წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახ.).

ეკლესია ღვთაება

ანანური. ღვთაების ეკლესია

„ანანურის“ გალავანში ორი გუმბათოვანი ეკლესიაა განლაგებული. მცირე ეკლესია, „ღვთაება“ დგას ანსამბლის დასავლეთ მხარეს, ფერდობზე, ისე, რომ მისი დასავლეთ კედელი სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. იგი ორგვარი მასალით – ნატეხი ქვითა და აგურით – არის ნაგები (გუმბათი მთლიანად აგურისაა). ეკლესია თითქმის სრულიად სწორკუთხაა (გარე ზომები: 17.0X13.5 მ; შიდა სიმაღლე: 14.5 მ). ტაძარს შესასვლელი სამხრეთ და ჩრდილოეთ მხრიდან აქვს. სამხრეთ მხარეს სწორკუთხა კარიბჭეა მიშენებული. ეკლესიის ვიწრო, სუფთად გამოყვანილი გუმბათი ეყრდნობა ბემის კუთხეებსა და ორ წყვილ ჯვროვან ბურჯს. მკლავების კამარები შეისრულია, ხოლო სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მონაკვეთები, ცალკეული კვადრატები ოთხწახნაგა შეკრული კამარით არის გადახურული. ტაძარს აქვს საკურთხევლის სამი და დანარჩენი კედლების თითო-თითო, გუმბათის თოთხმეტი ძალზე ვიწრო სარკმელი. ეკლესია სადა და უბრალო, ზოგან პრიმიტიული და მოუხეშავი ფორმებით გამოირჩევა. ინტერიერში კედლები შეუბათქაშებელია, თვალში საცემია მათი ტლანქი წყობა. ტაძრის სივრცე არ არის ერთიანი და მთლიანი, იგი თითქოს დაქუცმაცებულია თვალს უსიამოვნოდ ხვდება ედიშერ მდივანბეგის საფლავის შეუსაბამოდ დიდი გავალაკი („გუმბაზი“). გავალაკს სამი მხრიდან შემოუყვება საკმაოდ ვრცელი მხედრული წარწერა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „ოთხი სვეტი ესე გუმბაზი“ 1674 წ. აუგია ანა-ხანუმ აბაშიძის ასულს თავისი მეუღლის, სრულიად საქართველოს მდივანბეგ ედიშერისთვის. იქვე ვკითხულობთ, რომ ედიშერი დისწული იყო ვახტანგ მეფისა (იგულისხმება ვახტანგ V შაჰნავაზი) და ძმა ოთარ ერისთავისა. ამგვარად, წარწერიდან ირკვევა, რომ ანანურის „ღვთაების“ ეკლესია 1674 წლამდეა აგებული.

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

„ანანურის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების დიდი გუმბათიანი ტაძარი. მას ქართულ ხუროთმოძღვრებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს.

ანანური. ღვთისმშობლის ეკლესია. დეტალი.

ტაძრის სამხრეთ კედელზე მოთავსებული წარწერით ირკვევა, რომ ეკლესია 1689 წ. აუგია არაგვის ერისთავის მდივანბეგ ბარძიმის ბრძანებით ქაიხოსრო ბაღსარაშვილს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „არაგვის კიდეზედ არს ანანური. ძუელად იყო ეკლესია მცირე, არამედ წელსა ქრისტესა ჩღდ აღაშენა გიორგი ერისთავმან ეკლესია გუნბათიანი, დიდი. გარემო მოავლო ზღუდე ქვიტკირი და მაღალსა კლდესა ზედა ქმნა კოშკი და ციხე“. ამგვარად, ანანურის ტაძრის მაშენებლად ვახუშტის გიორგი არაგვის ერისთავი მიაჩნია (როგორც ჩანს, ბარძიმის ძმას გულისხმობს), რომელსაც ეკლესია თითქოს 1704 წ. აუგია. ამ შეცდომას მექანიკურად იმეორებენ პ. იოსელიანი, დ. ბაქრაძე და ზოგიერთი სხვა ავტორი.

ჯვარგუმბათოვანი, მოქვიშისფრო-მონაცრისფრო თლილი ქვის პერანგით შემოსილი ეკლესია მასშტაბური ზომისაა (მარტივი სწორკუთხედი გეგმის: 1730 X 22.50 მ). ტაძრის გეგმა იმ ტრადიციას მისდევს, რომელიც XII-XIII სს. მიჯნის გუმბათოვან ხუროთმოძღვრებაში ჩამოყალიბდა – წაგრძელებული სწორკუთხედი, სადაც გუმბათი ორ რვაწახნაგოვან ბურჯს ეყრდნობა, პატრონიკეთა უკუგდება, შესასვლელების მოწყობა არა გუმბათქვეშა კვადრატის პირდაპირ, არამედ უფრო ახლოს დასავლეთ კედლისკენ (სამხრ. და ჩრდ.), შუქის სიუხვე სარკმელთა სიმრავლის წყალობით (გუმბათის ყელში თექვსმეტი სარკმელია გაჭრილი), თავისუფალი, დაუტვირთავი შინაგანი სივრცე. ეკლესიის ინტერიერში კედლები ქვაყორითაა ნაშენი, აქა-იქ აგურიცაა გამოყენებული. სარესტავრაციო სამუშაოების წყალობით გამოვლინდა, რომ ეკლესიის კედლების მთელი ზედაპირი არ ყოფილა ფერწერით შემკული – ბათქაშზე ტემპერის საღებავებით მოუხატავთ მხოლოდ ინტერიერის ჩრდ. და სამხ. კედლების სარკმლების ქვედა მონაკვეთები და გუმბათქვეშა რვაწახნაგა ბურჯების აღმოსავლეთ ოთხ-ოთხი წახნაგი. მოუხატავი დაუტოვებიათ საკურთხევლის აფსიდა (რაც ძალზე უჩვეულოა ქართული ეკლესიის მხატვრობისათვის), დასავლეთ მკლავი და გუმბათი.

„ანანურის“ კედლის მხატვრობის ძირითადი გამოსახულებებია: წმ. მხედრების, წმ. ასურელი მამებისა და სხვადასხვა წმინდანის ფიგურები. გარედან ტაძარი სუფთად თლილი ქვიშაქვის პერანგში ზის. ქვის დამუშავება და წყობა ნამდვილი ოსტატის ხელს ამჟღავნებს.

„ანანურის“ საფასადო ქანდაკება ქართული მონუმენტური ქანდაკების დიდი ხნით მივიწყებული ტრადიციების აღდგენა-აღორძინების მცდელობაა. აღსანიშნავია ქართული ტაძრების ფასადებზე მანამდე არნახული მასშტაბის მქონე ჯვრების გამოსახვა. სწორედ ამ ტრიუმფალურ-ესქატოლოგიური ნიშნით აღბეჭდილი ჯვრების მკლავებქვეშ „იშლება“ ტაძრების საფასადო პროგრამათა ძველი თუ ახალი აღთქმისეული სახეებით გაჯერებული რელიეფური დეკორის უმთავრესი იდეა: შესაქმე, ცოდვით დაცემული ადამის მოდგმის გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმით ხსნა – სიკვდილის დათრგუნვა და აქედან გამომდინარე, აღდგომა – „ცხოვრების მომნიჭებელი“ მარადიული სუფევის (სამოთხის) დამკვიდრება. უფლის მეორედ მოსვლას ეხმიანება ამავე ფასადის კეხში წარმოდგენილი წმ. ნიკოლოზის რელიეფური ხატი, ისევე, როგორც სამხრეთ ფასადის ტიმპანის ანგელოზთაგან უფლის დიდების სცენა თუ ჩრდილოეთ ფასადის ანგელოზთა მიერ მანდორლით მოსილი, გოლგოთის ჯვრის ამაღლების მოწითალო შინდისფრით დაფერილი კომპოზიციაც. ამ თემას უკავშირდება დასავლეთ ფასადის გვირგვინოსანი, ზეციური დედოფლის სახით წარმოდგენილი ჩვილედი ღვთისმშობლის (ქართულ სახვით ხელოვნებაში უპრეცედენტო იკონოგრაფიული რედაქციით – ფეხმორთხმით – გადმოცემული) რელიეფური ხატი.

შესამჩნევია გამოსახულებათა სამეტყველო ენის, სახვითი ხერხებისა და ფორმების გაუბრალოება-გამარტივება, როგორც დროისმიერი ნიშანი. მიუხედავად გამოსახულებათა სტილისტური არაერთგვაროვნებისა, ჩუქურთმათა ორნამენტულ სახეთა სიჭრელისა, ფასადებზე გამოსახულებები მაინც ერთიანად შეკრულ, რაც მთავარია, იდეურად, შინაარსობრივად გამთლიანებულ დეკორს ქმნიან და ადასტურებენ შუა საუკუნეების მქანდაკებლობის ტრადიციის უწყვეტობას.

ე. კვაჭატაძე

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994;
  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  • გორდეევი დ., ანანურის არქიტექტურულ ანსამბლის შესწავლისათვის, 1939, №3;
  • ზაქარაია პ., ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი. თბ., 1953;
  • მისივე, ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს., თბ., 1990;
  • თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ., 1902;
  • კვაჭატაძე ე., ანანურის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიის საფასადო სკულპტურის გააზრებისათვის, ქართული ხელოვნების ნარკვევები, წ. 3, თბ., 2004;
  • მისივე, წმ. ნიკოლოზის რელიეფური ხატი ანანურის ღმრთისმშობლის ეკლესიის სამხრეთ ფასადზე, „საქართველოს სიძველენი“, 2006, №10;
  • კვაჭატაძე ე., ჯანჯალია მ., ანანური, თბ., 2012;
  • Иоселиани Пл., Описание Города Душета, Тифлисской Губернии, Тфл., 1860;
  • Садзагелов Г., Ивериели Ананурский Успенский соборъ, и его окрестные достопримечательности, Тфл., 1898;
  • Шмерлинг Р., К характеристике стилистического различия двух сходных памятников разных эпох XI и XVII вв.. საქ. სსრ მეცნ. აკადემიის „მოამბე“, 1942, ტ.3, №6.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები