ემიგრაცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემიგრაცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის შემდგომ საქართველოს ხელისუფლება და მისი მხარდამჭერი პოლიტიკური თუ სამხედრო პირები ეტაპობრივად წავიდნენ ემიგრაციაში. ემიგრაციის განსაკუთრებით დიდი ტალღა იყო 1921-1922 წლებში და 1924 წლის აჯანყების შემდგომ. საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვრის მკაცრად გაკონტროლებამდე ინდივიდუალურად ბევრი ტოვებდა საქართველოს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა კონსტანტინოპოლის გავლით პარიზში ჩავიდა 1921 წლის აპრილში. დევნილი მთავრობის მთავარი მიზანი უცხოეთიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლა იყო. 1924 წლის აჯანყების დამარცხების, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მთავრობათაგან საბჭოთა რუსეთის ცნობის შემდეგ, ევროპის სახელმწიფოთაგან დახმარების შანსები შემცირდა. საქართველოს საკითხი დაისვა ამერიკის შეერთებული შტატების სენატშიც, მაგრამ უშედეგოდ.

1933 საბჭოთა რუსეთსა და საფრანგეთს შორის დადებული პაქტის შედეგად პარიზში საქართველოს ემიგრანტულ მთავრობას რწმუნებები გაუუქმეს. სანაცვლოდ ჩამოყალიბდა საქართველოს „ლტოლვილთა ოფისი“, მის ხელმძღვანელად დაინიშნა სოსიპატრე (ჭიჭიკო) ასათიანი საქართველოს საელჩოს ყოფილი მდივანი. „ლტოლვილთა ოფისის“ ფილიალებად გადაკეთდა დემოკრატიული საქართველოს საელჩოები შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიასა და სტამბოლში. ემიგრაციაში ჩამოყალიბდა ორი ანტისაბჭოთა ძალა:

1. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტი და მასთან დაკავშირებული ცალკეული ემიგრანტები, რომლებიც სხვადასხვა პარტიებსა და დაჯგუფებებს მიეკუთვნებოდნენ;
2. სპირიდონ კედიასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გაერთიანება და მათთან იდეურად ახლოს მყოფი ემიგრანტები, ძირითადად, სოციალ-დემოკრატების პოლიტიკით უკმაყოფილონი.

ქართული ემიგრაციის ორი ძირითადი ნაწილი დასახლდა ევროპაში: 1) პოლიტიკური; 2) სამხედრო. ქართული პოლიტიკური ემიგრაციის დასაყრდენი გახდა საფრანგეთი, 137 ქართული სამხედრო ემიგრაცია ძირითადად განთავსდა პოლონეთში.

XX საუკუნის 40-იან წლებში ქართული ემიგრაციის პოლიტიკური და სამხედრო მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებად დაიყო:

1. მიემხრნენ ნაცისტურ იდეოლოგიას და ჩადგნენ მათი პროპაგანდის სამსახურში;
2. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს გერმანიის მხარეს უშუალო მონაწილეობას იღებდნენ საბრძოლო ოპერაციებში, განსაკუთრებით, კავკასიისათვის ბრძოლაში ეროვნული ბატალიონების მეშვეობით;
3. შემოქმედებითი და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები მოღვაწეობდნენ ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში, ცდილობდნენ საქართველოს საკითხის პოპულარიზაციას უცხოეთში;
4. ანტინაცისტურად განწყობილი ემიგრაციის წარმომადგენლები თანამშრომლობდნენ წინააღმდეგობის მოძრაობასთან. მრავალი მათგანი აშშ-ში გადასახლდა.
ბონდო კუპატაძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები