ემილია გალოტი (ლესინგი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

„ემილია გალოტი“ – გერმანელი დრამატურგის ლესინგის ტრაგედია, დაიწერა 1772 წელს. რეალისტურად დაწერილი პიესა „ჰამბურგის დრამატურგიის“ შედეგია. ეს დრამატურგიული ნაწარმოები ლესინგისვე შექმნილი დრამის თეორიის ილუსტრირებაა. აქ არის ხასიათების სირთულე, წინააღმდეგობა, ტრაგიკული დანაშაული.

ლესინგმა სიუჟეტად რომაელი ისტორიკოსის ტიტუს ლივიუსის მოთხრობილი ამბავი გამოიყენა. ძვ. წ. 249 წ. რომის რესპუბლიკის კონსულს, აპიუს კლავდიუსს, მოუნდომებია პლებეი ლუციუს ვირჯინიუსის ასულის, პლებეი იცილიუსის საცოლის, ვირჯინიას ხელში ჩაგდება. აპიუს კლავდიუსმა იცილიუსი მონად გამოაცხადა და თავის მოხელეებს სიკვდილით დაასჯევინა. ქალიშვილის ნამუსის დასაცავად, მამას – ლუციუსს, ხანჯლით მოუკლავს ქალიშვილი. ყოველივე ამას მოჰყვა ხალხის აჯანყება და კლავდიუსის დამხობა.

სოფელში გაზრდილი ემილია, გაღარიბებული აზნაურის, პოლკოვნიკ ოდოარდო გალოტის ასული, დედასთან ერთად ცხოვრობს სატახტო ქალაქში. ემილია კეთილშობილ გრაფ აპიანეს საცოლე ხდება. ერთერთ მეჯლისზე ემილიას ნახავს პრინცი ეტორე გონზაგა, რომელსაც ემილიასთან შეხვედრის შემდეგ, გული აუცრუვდება მორიგ სატრფოზე, გრაფის ასულ ორსინაზე. ემილია და აპიანე ჯვრის დასაწერად მიემგზავრებიან. პრინცი ვერაგული გეგმის განხორციელებას თავის კამერგერ მარინელის დაავალებს. მარინელის მიერ დაქირავებული ბანდიტები თავს დაესხმიან ეტლს და მოკლავენ აპიანეს. ემილიას კი ვითომდა თავშესაფარს მიუჩენენ პრინცის ვილაში. პრინცის გეგმას ხელსბშეუშლის ორსინა. იგი აცნობებს ემილიას მამას მის ადგილსამყოფელს. მამა მოძალადისაგან დასაცავად კლავს ქალიშვილს.

პიესაში ლესინგმა კამერგერ მარინელის საშინელი, მზაკვრული სახე გამოხატა. იგი, არა მარტო ხელს უწყობს პრინცს ბინძურ საქმეთა განხორციელებაში, არამედ აქეზებს კიდეც. მარინელი ყოველგვარ სიყვარულს წვრილმანად მიიჩნევს. ქორწინებაში მხოლოდ „ცერემონიას“ ხედავს. ქალს საქონლად, ნივთად მიიჩნევს, რომელსაც მეორე ხელიდან უფრო იაფად ყიდულობენ, მაშინ როცა, ქალის „პირველი ხელიდან შოვნა შეუძლებელია“. იგი თვლის, რომ შესაძლებელია ყველაფრის ყიდვა, ან ძალით მიტაცება.

ლესინგის პრინცი არ არის მარინელის „უკიდურესობათა“ მომხრე. იგი უნებისყოფო და ვნებებს დამონებულია. დომინიკელთა ტაძარში ემილიას საცდუნებლად აჩქარებულს, ადამიანის ბედი იმდენად არ „ენაღვლება“, რომ მზად არის, ოღონდაც არ დაყოვნდეს, განუკითხავად, „დიდი სიამოვნებით“ მოაწეროს ხელი სასიკვდილო განაჩენს.

ემილიას სახის და ზოგადად მთელი პიესის „გასაღებს“ ემილიას „ტრაგიკული დანაშაულის“ საკითხი წარმოადგენს. ლესინგის დრამის თეორიის თანახმად, ემილია არა იმდენად გარეგანი ძალდატანების შედეგად უნდა დაღუპულიყო, რამდენადაც საკუთარი მიზეზით, თავისსავე ხასიათის ნაკლოვანების გამო, რომელიც მის სათნოებას შინაგანად არღვევს. მართლაც, ემილია გაამხელს, რომ პრინცის ძალმომრეობისა კი არა, ცდუნების ეშინია, რომლის წინაშეც თავს უძლურად გრძნობს. ემილიას ურჩევნია ხანჯლით მოიღოს ბოლო, ვიდრე გრიმალდის „მხიარულებისა და განცხრომის სახლში“ წავიდეს. ამ სახლში ემილიას უეცრად ისეთი გრძნობა აღძვრია, რომელმაც მისი სათნოებისა და მდგომარეობის მიუხედავად, შინაგანად ააფორიაქა და შეაძრწუნა. ეს „ცდუნება“ ემილიას პრინცისადმი განწყობაა. ეს კარგად იგრძნობა ტაძრის სცენაში. დედა ემილიას ეუბნება: „ვიმედოვნებ, თავს საკმაოდ დაეუფლე, რომ მისთვის ერთი შეხედვით გეგრძნობინებინა ის ზიზღი, რომელსაც ის იმსახურებს.“ „ეგ ვერ მოვახერხე, დედაჩემო“ − უპაუხებს ემილია. ჯვრისწერის დღეს, როცა მისი ლოცვა „ისე გულწრფელი და მხურვალე“ უნდა ყოფილიყო, რაპიანე არაა მოკლებული კეთილშობილურ თვისებებს, რომლებიც, ოდოარდოსთან ერთად, ემილიასაც აღუძრავდნენ მისდამი პატივისცემას. იგი „ემსახურება, მაგრამ არ ემონება“ ხელისუფალთ. აპიანე ემილიას, როგორც ცოცხალ ადამიანს კი არ აღიქვამს, არამედ მასში მხოლოდ ღვთისმოსავ სათნოებათა განსხეულებას ხედავს. აპიანესთან ასე უსიყვარულოდ დაკავშირება წარმოადგენს ემილიას მთავარ ზნეობრივ დანაშაულს. მის მიერ საკუთარ ადამიანურ ბუნებაზე ჩადენილ ძალდატანებას.

ემილია თავისი ნებით კი არ მიჰყვება აპიანეს, არამედ მშობელთა სურვილით. ემილიას არ გააჩნდა დამოუკიდებელი არსებობის უნარი და არც აქვს ამის განცდა ან მოთხოვნილება. ამ მონური მორჩილების შედეგად სჩადის მეორე დანაშაულს, დედის რჩევით უმალავს აპიანეს ეკლესიაში პრინცთან შეხვედრის ამბავს. ემილია თავისივე უღონობის, უუნარობის მსხვერპლია.

ლესინგი იზიარებს ტრაგიკული გმირის დანაშაულის კონცეფციას. არისტოტელე აღნიშნავს, რომ ძალზე არადამაჯერებელი იქნება ისეთი ფაქტი, როდესაც ტრაგიკული გმირი აბსოლუტურად უდანაშაულოა. ვინაიდან უდანაშაულო ადამიანის დიდი წამება გამოიწვევს მაყურებელში არა კათარსისს, არამედ საშინელი უსამართლობის უცნაურ გრძნობას. არისტოტელე ამბობს, ტრაგიკულ გმირს რაღაც შეცდომა უნდა ჰქონდეს. აი, ამ შეცდომის გამო იტანჯება და იღუპება გმირი. ამდენად, გმირის ტრაგიკული ბედი რამდენამდე გამართლებულია. ეს აუცილებლად უნდა იყოს შეცდომა და არა დანაშაული. ლესინგიც ამგვარად მსჯელობს. ტრაგიკულ გმირს უნდა ჰქონდეს რაღაც დანაშაული და მაშინ, მისი ტანჯვა და დაღუპვა გამართლებული იქნება. ასეთია არისტოტელეს კონცეფციის ლესინგისეული ინტერპრეტაცია.

ემილია გალოტის ტრაგიკული ბედი გამოწვეულია იმით, რომ მასაც შეუყვარდა პრინცი, ვინაიდან არ ეყო ნებისყოფა გამკლავებოდა გრძნობას. ემილია გალოტი ქალია, მან ვერ გაუძლო ცდუნებას. ემილია აცნობიერებს თავის დანაშაულს, იგი დამნაშავეა საქმროს ბედშიც − მის ტრაგიკულ დაღუპვაში. ემილიას შებრძოლება არ შეუძლია და ამიტომაც სთხოვს მამას − მომკალიო.

პიესა მაღალი წოდების წინააღმდეგაა მიმართული. „ემილია გალოტში“ ადამიანი არ ურიგდება არავითარ ძალადობას და არავითარ ტირანიას. იმისათვის, რომ პიროვნება იყოს ტრაგიკული, ჩართული უნდა იყოს იმ ამბავში, ისტორიაში, რომლის გამოც შემდეგ ეწამება.

ემილია გალოტი“ პირველად 1772 წელს ვაიმარის თეატრში დაიდგა და ოდოარდოს როლი ბრწყინვალედ შეასრულა კონრად ეკჰოფმა. მას შემდეგ „ემილია გალოტი“ გერმანული კლასიკური რეპერტუარის ოქროს ფონდშია შესული.

მაკა ვასაძე

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები