ეპიგრაფიკული დიპლომატიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპიგრაფიკული დიპლომატიკა − ისტორიულ-ფილოლოგიური და იურიდიული დარგის სამეცნიერო დისციპლინა. სწავლობს ეპიგრაფიკულ საბუთებს, ე. ი. მაგარ საწერ მასალაზე (ქვა, ხე, ლითონი) შესრულებულ იურიდიულ აქტებს, წარწერა-საბუთებს. ეპიგრაფიკული დიპლომატიკის შესწავლის საგანია როგორც წარწერა-საბუთის შინაარსი, მისი იურიდიული მხარე, ისე მასში წარმოდგენილი ტერმინები, ენობრივი მოვლენები, ისტორიული რეალიები, ყოფაცხოვრებითი ფაქტები და სხვ. საქართველოში ეპიგრაფიკული დიპლომატიკის ძეგლები, ანუ წარწერა-საბუთები უფრო ადრინდელია (VII ს.), ვიდრე რბილ საწერ მასალაზე (ეტრატი, ქაღალდი) შესრულებული იურიდიული საბუთები.

ეპიგრაფიკული დიპლომატიკის ძეგლები მოეპოვება ყველა ხალხს, რომელსაც აქვს დამწერლობა და თავისი ისტორიის მანძილზე შეუქმნია და დაუტოვებია წარწერები. ამ მხრივ გამორჩეულია ძველი ბერძნული და ლათინური წარწერების ის მნიშვნელოვანი და მრავალრიცხოვანი ნაწილი, რომელიც წარმოადგენს საკანონმდებლო აქტებს, ორ იურიდიულ მხარეს შორის დადებულ ხელშეკრულებებს და სხვ. საყოველთაოდ ცნობილია ხამურაბის კანონები (ძვ. წ. XVIII ს. 60-50-იანი წლები), რომელიც ამოკვეთილია ლურსმული დამწერლობით ბაზალტის ქვის დიდ სტელაზე და სხვ.

ქრისტიანული ხანის ეპიგრაფიკული დიპლომატიკის ძეგლებიდან დიდი რაოდენობით წარწერა-საბუთებია ცნობილი სომხურ ეპიგრაფიკაში.

ყველა სახის ქართული ეპიგრაფიკული საბუთების რაოდენობა რამდენიმე ასეულია. ქართული ეპიგრაფიკული დიპლომატიკის სადღეისოდ ცნობილი უძველესი ძეგლია წყისის წარწურა (616–619). ქრონოლოგიურად მომდევნო ძეგლია არეშის წარწერა (881-891), რომლის იურიდიული შინაარსი და დანიშნულება როგორც სამართლებრივი აქტისა, ეჭვს არ იწვევს.

V-X სს-იდან ცნობილია ათობით ქვაჯვარი, რომელთა ერთ ნაწილზე მემორიალური წარწერებია ამოკვეთილი. შინაარსით ისინი არ არიან იურიდიული ძეგლები, მაგრამ მათი აღმართვა, თუნდაც უწარწეროდ, მიწის გარკვეულ ნაკვეთზე თავისთავად ადასტურებდა მისი აღმმართველის უფლებას ამ მიწაზე. ამიტომ ეს ქვაჯვრებიც შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული ძალის, ანუ ეპიგრაფიკული დიპლომატიკის ძეგლებად. კვარცხლბეკზე ამოკვეთილ წარწერებში მათ „ჯუარი“ ეწოდება. ამის მიხედვით, მიწისმფლობელობის აღმნიშვნელ უძველეს (V–VIII სს.) ტერმინად შეიძლება „ჯუარი“ მივიჩნიოთ.

X ს. დასასრულიდან ქართული ეპიგრაფიკულ დიპლომატიკაში ჩნდება საბუთების აღმნიშვნელი სპეციალური ტერმინები – „ჴელი“, „დაწერილი“; მოგვიანებით (XIII ს-იდან) – „ბრძანებაჲ“, „დაწერილი და ნიშანი“, „განგებული“…

ქართული ეპიგრაფიკულ დიპლომატიკის თავისებური ძეგლებია საგანგებოდ გათლილ ხის ჯოხებზე მელნით დაწერილი ისტორიული საბუთები. ოცზე მეტი ასეთი საბუთი დაცულია სოფ. კალის (მესტიის რ-ნი) წმ. კვირიკეს („ლაგურკი“) ეკლესიაში. მსგავსი შინაარსის სხვა სვანური საბუთებიდან (ისინი 200-მდეა), რომლებიც ხელნაწერი წიგნების აშიებზეა მიწერილი, მათ მხოლოდ საწერი მასალა განასხვავებს.

სამართლებრივი ურთიერთობის და ამ ურთიერთობათა გამოხატვის ფორმების მიხედვით ქართული ეპიგრაფიკული დიპლომატიკის ძეგლები შემდეგ ჯგუფებად იყოფა: 1. ჯვრები, 2. ჭელები, 3. დაწერილები, 4. განგებულებანი, 5. ქვის ან სხვა საეკლესიო შეწირულებათა წარწერები, 6. სააღაპე დადგენილებები… თითოეული მათგანი შეიძლება გაცემული იყოს საერო და სასულიერო ხელისუფალთა, ცენტრალურ და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენელთა, მეფეთა, დედოფალთა, კათალიკოსთა და სხვ. მიერ.

ქ. სილოგავა




ლიტერატურა

  • სილოგავა ე., ქართული სამართლის ძეგლები დასავლეთ საქართველოს ლაპიდარულ წარწერებში. – „მაცნე“ (ისტორიის სერია), 1972, №4;
  • მისივე, ისტორიული საბუთები ლაგურკიდან. – იქვე, 1973, №I3;
  • სვანეთის წერილობითი ძეგლები, II. ეპიგრაფიკული ძეგლები, ვ. სილოგავას გამოც., თბ., 1988, გვ, 187-211;
  • მისივე. კუმურდო. ტაძრის ეპიგრაფიკა, თბ. 1994;
  • მისივე, ქვემო ქართლის წარწერები (მოკლე მიმოხილვა). – კრ. „დმანისი“, II, თბ., 2000.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები