ეპისკოპოსი ათანასე (მაჭავარიანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეპისკოპოსი ათანასე (მაჭავარიანი) - (XVIII ს-ის I ნახ., – 20.06.1816, გარეჯი), სასულიერო მოღვაწე, ეპისკოპოსი.

ბიოგრაფია

დაიბადა მღვდლის ოჯახში. წარმოშობით ზემო ქართლიდან, სოფელი საკორინთლოდან იყო. მამამისი, მღვდელი იესე მაჭავარიანი, ვაჟკაცობით გამორჩეული პიროვნება, განუყრელად იმყოფებოდა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II–სთან, მის მხარდამხარ იბრძოდა განჯის ომში (აზატ-ხანის წინააღმდეგ), მჭადიჯვრის ომში და სხვ. ასეთი ერთგულებისათვის 1764 წ. მეფე ერეკლემ უბოძა მას თავად სვიმონისშვილის ბეითალმანი მამული. იესე მღვდლის გარდაცვალების შემდეგ მისი ორი ვაჟი ათანასესა და გერვასის სახელებით ბერად აღიკვეცნენ, შემდეგ კი სამღვდელმთავრო ხარისხში განაგრძეს მოღვაწეობა. 1788 წლის 8 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ ათანასე ეპისკოპოსად აკურთხა და ნიქოზის ეპარქია ჩააბარა.

პლატონ იოსელიანის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ ათანასეს შესახებ აღნიშნულია:

„1798 ივლისის თვეში ნიქოზის ეპისკოპოსმან ათანასი უბრძანა დაუსვენოს ეკლესიაში ძელი ჭეშმარიტი, სიდიდით განთქმული ყოველგან, რათა დააფიცონ ამირეჯიბნი თავადნი და მოდავენი მათნი იმერეთისა მესაზღვრენი. აღიღეს ტრაპეზიდან ძელი ჭეშმარიტი ესე ოქროსა ბუდეში ჩადებული მკლავისა სიგრძე და ალავერდისა ძელისა ჭეშმარიტისა მიხედვითა ორგზის დიდი და დაასვენეს გარე ეკლესიისა საწიგნესა ზედა. შემდგომად ფიცისა და შფოთისა შორის გლეხთა და თავადთა დაივიწყეს ეკლესიისა მცველთა აღება ძელისა ჭეშმარიტისა საწიგნოდამ და დაკრძალვა ტრაპეზსა ზედა. მწუხრისა შემდეგ სცნეს, რომელ საუნჯე ესე არღაა არცა საწიგნეზედა და არცა ტრაპეზზედა. მოახსენეს მღვდელმთავარსა, შეუდგა მრავალი ძიება, გარნა ვერ პოვეს იგი, სცნო ესე კათოლიკოსმან და ეცნობა მეფესა გიორგის; იწყეს ახლად ძიება; წარგზავნეს კაცი იმერეთად და სთხოვეს წერეთელთა და აბაშიძეთა მოიძიონ მათ ღვთისა პატივისათვის და წმინდისა ეკლესიისა, რომელმანცა საუკუნოებითა დაცული აწ მათთა მიზეზთა გამო მიეფარა. სწამებდნენ მიტაცებასა მისსა წერეთელისა და აბაშიძისა გლეხთა, მუნ ფიცისა დროსა მყოფთა და მათთგან მოპარვასა. მეფემან მწუხარემან დაკარგვისათვის ესრეთისა ქვეყნისა სიმდიდრისა, ბრძანა გამოდევნონ მღვდელმთავარი კათედრიდამ. გამოიყვანეს მუნით და წარგზავნეს ექსორიად ნათლისმცემლისა უდაბნოსა გარესჯას... შემდგომად მეფისა გიორგისა, ძემან მისმან დავით 1802 წელსა, უკუაქცია თვისსა კათედრად ათანასი – ესე მიამბო სვიმონ არქიმანდრიტმან წულუკიძემან, გელათისა წინამძღვარმან 1847 წელსა“.

1804 წელს გარდაიცვალა გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ექვთიმე (მჭედლიშვილი) და კათოლიკოსმა, ანტონ II-მ საქართველოს მთავარმართებელ ციციანოვის მოთხოვნით ათანასე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა. მოხუცებულობის გამო მას თანაშემწედ დაუნიშნა არქიმანდრიტი დომენტი (დავითაშვილ-ბაგრატიონი). ათანასე დაკრძალულია იოანე ნათლისმცემლის მონასტერში.

გ. მაჩურიშვილი

ლიტერატურა

  • „ივერია“, 1893, #58; სცსა, ფონდი 489, აღწ. 1, საქმე #596.
  • იოსელიანი პ., ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, ა. გაწერელიას რედ., თბ., 1978.


Logo1.JPG ათანასე მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები