გარეჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გარეჯი

გარეჯი – შუა საუკუნეების საქართველოს რელიგიურ-კულტურული ცენტრი, გამოქვაბულის ტიპის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გადაჭიმულია 65 კმ. მანძილზე გარეჯის ქედის ფერდობებზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 60 კმ. დაშორებით (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქია); VI ს.-დან XX ს. ოციან წლებამდე ერთ-ერთი უმსხვილესი რელიგიურ-კულტურული ცენტრი კავკასიაში.

სარჩევი

ისტორია

სავანე VI ს. შუა ხანებში დააარსა წმ. დავით გარეჯელმა, ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა. საქართველოში მოსვლისას ღირსი მამა დავითი მცირე ხანს მკვიდრობდა თბილისის ახლოს, მთის ფერდობზე არსებულ ბუნებრივ გამოქვაბულში (მოგვიანებით ამ ადგილას აშენდა მონასტერი, რომელიც მამადავითის, ან მთაწმინდის სახელითაა ცნობილი), მაგრამ ასკეტური საბერმონაზვნო ცხოვრების წესის დასანერგად მისთვის და მისი მოწაფეებისთვის სამკვიდრო არეალად საბოლოოდ გარეჯის უდაბნო იქცა.

ღირსი დავითისა და მის მოწაფეთა, დოდო და ლუკიანე გარეჯელების მოსაგრეობის ასკეტური ხასიათი შესაძლებელს ხდის მსჯელობას გარეჯის სამონასტრო გაერთიანების ისტორიის ადრეულ ეტაპზე აღმშენებლობის მასშტაბების შესახებ. ამასთანავე, რადგანაც წმინდა დავითის ლავრაში, აგრეთვე წმ. იოანე ნათლისმცემლის და წმ. დოდოს მონასტრებში სამოწესეო ცხოვრება ასწლეულების განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა, ეს კომპლექსები მრავალჯერ გადაკეთდა და განახლდა. სამონასტრო კომპლექსის ყველაზე ადრეულ, VI-VIII სს. ძეგლთაგან წმ. დავითის ლავრაში შემორჩენილია ღირსი დავითისა და ლუკიანეს სენაკები და განსასვენებლები (VI ს.), ღირსი დოდოს საძვალე მისსავე მონასტერში (VI ს.), სენაკი და სტელა წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში (VI-VII სს.), სამარტვილე და ეკლესიის ნაშთი წამებულში (VI-VII სს.), სამარტვილე ბერთუბანში (VI და X სს.), აგრეთვე რამდენიმე მცირე კომპლექსი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია თეთრი უდაბნო (გამოქვაბულ ეკლესიაში შემორჩენილი VII-VIII სს-ის მოხატულობით) და ბერთა მთა (სადაც მკვიდრობდნენ ასკეტი ბერები არა უგვიანეს IX ს-ისა). ნახევარუდაბნოს მკაცრ კლიმატურ პირობებში, მონასტერთა უმეტესობაში ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან ჩამოყალიბდა წყლით მომარაგების სისტემები, კლდეში ამოკვეთილი არხებითა და ლაკვებით; ზოგიერთი (მაგ. წმ. დავითის ლავრაში) ამჟამადაც მოქმედია.

გადმოცემის თანახმად, წმ. დავითის იერუსალიმში მომლოცველობის შემდგომ მის მიერ დაარსებულ სავანეს მინიჭებული ჰქონდა მესამედი წილი იერუსალიმის მადლისა (გარეჯის სამგზის მოლოცვა იერუსალიმის მოლოცვის თანაფარდი იყო), ამიტომ გარეჯში მომლოცველები ქრისტიანები აღმოსავლეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩადიოდნენ. განსაკუთრებული თაყვანისცემით სარგებლობდა წმ. დავითის ლავრაში ღირსი დავითისა და ლუკიანეს, ხოლო წმ. დოდოს მონასტერში ღირსი დოდოს განსასვენებლები. წმ. დავითის ლავრაში ინახებოდა ღირსი მამის მიერ იერუსალიმიდან ჩამოსვენებული (ამჟ. დაცულია საქართველოს საპატრიარქოში). დღემდე წმინდად ითვლება წყალი, რომელსაც „დავითის ცრემლებს“ უწოდებენ და რომელიც წვეთ-წვეთად მოედინება წმ. დავითის ლავრის დასავლეთით წამომართული კლდოვანი მთის ფერდზე არსებულ ქვაბში. გარეჯში შემორჩა მრავალრიცხოვანი წარწერები, როელიც შესრულებულია მომლოცველთა და ადგილობრივი მოწესეთა მიერ სხვადასხვა ენაზე, აგრეთვე ნახატი-გრაფიტები. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია წმ. დავითის ლავრისკენ მიმავალ გზაზე განლაგებულ მონასტრებში.

ახალი ეტაპი გარეჯის ისტორიაში დაკავშირებულია ღირსი ილარიონ ქართველის (IX ს. შუახანები) მოღვაწეობასთან. იმხანად მეუდაბნოეობისა და მკაცრი ასკეტიზმის ტრადიციები სამონასტრო ცხოვრების ორგანიზაციის ახალი პრინციპებით შეიცვალა. წმ. მიწასა და იორდანიის უდაბნოში შვიდი წლის მკვიდრობის შემდეგ, გარეჯში დაბრუნებულმა ღირსმა ილარიონმა განაახლა და გააფართოვა წმ. დავითის განსასვენებელი ეკლესია ლავრაში, გაამშვენა ღირსი დავითის საფლავი. სამონასტრო კომპლექსი განივრცო, გამრავლდა საეკლესიო ქონება, გაიზარდა მოწესეთა რიცხვი, მონასტრიდან აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით დაფუძნდა არაერთი სავანე. თელავის ახლოს, აკურაში აშენდა მამა დავითის დედათა მონასტერი. იმ პერიოდს მიეკუთვნება, წმ. დავითის ლავრის სამხრეთი ფრთის ზედა ნაწილში არსებული კლდეში ნაკვეთი სათავსები, მათ შორის მცირე ეკლესია და სატრაპეზო, რომლებიც, გადმოცემით, ღირსი ილარიონის სამყოფელს წარმოადგენდა.

მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072) მეფობიდან მოყოლებული, გარეჯი იმყოფებოდა ერთიანი ქართული სამეფოს მმართველთა მფარველობის ქვეშ, თუმცა თურქ-სელჩუკთა შემოსევამ („დიდი თურქობა“, დაახლოებით 1080) შეაფერხა კომპლექსის განვითარება. მეფე დავით IV აღმაშენებლის (1089-1125) ზეობაში, საქართველოს სამეფოსთვის კახეთ-ჰერეთის (1104) შემოერთებისა და თურქებზე გამარჯვების შემდეგ, გარეჯი საბოლოოდ გადავიდა სამეფო მფარველობაში, რასაც ადასტურებს წერილობითი წყაროები და საქართველოს სამეფო კარის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელთა XII საუკუნის მიწურულს შექმნილი ფრესკული გამოსახულებების მთელი გალერეა წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მთავარ ეკლესიაში (ბაგრატ III ან ბაგრატ IV, დავით IV, დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე, დავით სოსლანი და ყრმა გიორგი IV ლაშა); ქოლაგირის მონასტრის მთავარ ეკლესიაში, XII ს. დასასრული (უმაღლესი სამღვდელოებისა და საერო ხელისუფლების წარმომადგენელთა მრავალრიცხოვანი დასი ვრცელი წარწერებით); ბერთუბნის მონასტრის მთავარ ტაძარში, XIII ს. დასაწყისი (თამარ მეფე, გიორგი IV ლაშა); უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიაში, XIII ს. დასასრული (წმ. დემეტრე II თავდადებული, ეპ. იოანე).

XII-XIII სს. მიჯნაზე გარეჯი უმნიშვნელოვანესი სასულიერო და კულტურულ-საგანმან. ცენტრი ხდება. იმ პერიოდში მრავალმთის უდაბნოში უკვე არაერთი მონასტერია, რაც აისახა კიდეც სამონასტრო გაერთიანების სახელწოდებაშიც „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“. ბოლო ათწლეულების კვლევების თანახმად, მრავალმთის გამოქვაბულ კომპლექსთა რიცხვი ორ ათეულს აჭარბებს (წმ. დავითის ლავრა, ნათლისმცემელი, უდაბნო, ბერთუბანი, დოდოს რქა, თეთრი უდაბნო, მრავალწყარო, შავი სენაკები, ბერთა მთა, წამებული, ჩიჩხიტური, ვერანგარეჯა, საბერეები, ბერების სერის ოთხი კომპლექსი, პირუკუღმარის ორი კომპლექსი, დიდი ქვაბები, პატარა ქვაბები, ქოლაგირი, სატორგე, კოწახურა). მრავალმთის სხვადასხვა მონასტერში (ნათლისმცემელი, დოდოს რქა, უდაბნო, ბერთუბანი, ქოლაგირი) XII-XIII სს. მიჯნაზე შეიქმნა დიდი ზომის ეკლესიები, მომცრო სამლოცველოები, საცხოვრებელი და დამხმარე ნაგებობები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება დერეფნების, გასასვლელების, კიბეების საშუალებით და ერთიან ანსამბლს ქმნის. ეკლესიებისა და სატრაპეზოების ინტერიერი მორთული იყო ფრესკებით, დასრულებული სახე მიიღო წყალმომარაგების სისტემებმა. XII-XIII სს. არქეოლოგოური მასალა ცხადყოფს მრავალმთის მონასტრებში კერამიკული წარმოებისა და სამჭედლო საქმის განვითარების მაღალ დონეს.

XIII ს-ის 20-იანი წლებიდან, მონღოლთა შემოსევებისას, გარეჯის მრავალმთისა და მისი შემოგარენის მონასტრების დიდი ნაწილი გაპარტახდა. მიუხედავად ამისა, XIV ს-ის I ნახ-ში, მეფე გიორგი V ბრწყინვალეს (1314-1346) მეფობის დროს, გარეჯის მრავალმთა ჯერ კიდევ ძლიერ გაერთიანებას წარმოადგენდა. გარეჯის არქიმანდრიტები მონაწილეობდნენ ქვეყნის საერო და საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV ს. ბოლოს თემურლენგის შემოსევებმა გარეჯში მოშალა სამონასტრო ცხოვრება. 1424 წ. მეფე ალექსანდრე I-მა დიდმა გარეჯის მონასტრები საქართველოს საპატრიარქოს (მცხეთის საპატრიარქო საყდარს) გადასცა. ქვეყნის ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, გარეჯი კახეთის მეფეთა საზრუნავი გახდა. იმ პერიოდს მიეკუთვნება კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის (1574-1605) მიერ წმ. დავითის ლავრის ზედა ეზოში კოშკის მშენებლობა, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. 1616 წ. სპარს. შაჰის, აბბას I-ის ლაშქარმა გააჩანაგა მონასტრები და შემუსრა ადგილ. ძმობა. მოგვიანებით მოწამეთა წმ. ნაწილები (გარეჯელი მოწამენი), გადაასვენეს უდაბნოს მონასტრის საძვალეში, რომელსაც მოწამეთა ეწოდება.

სპარსთა მიერ იავარქმნილი მონასტრების აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეიმურაზ I-მა (160-1648) და არჩილ II-ემ (1664-1675). XVII ს. ბოლოს და XVIII ს. პირველ მესამედში გარეჯის ზოგიერთ მონასტერს კვლავ აღმავლობის ხანა დაუდგა, რაც უკავშირდება წმ. დავითის ლავრის წინამძღვრის, ონოფრეს (მაჭუტაძე) (1690-1732) სახელს; იგი ლავრაში, ნათლისმცემლის და ბერთუბნის მონასტრებში საამშენებლო მოღვაწეობისთვის,გარეჯის „მეორე აღმშენებლად“ იწოდება. მისი წინამძღვრობის პერიოდში, მეფე ერეკლე I-ის (1688-1703) მატერიალური დახმარებით, ლავრამ დასრულებული სახე მიიღო: აშენდა წმ. ნიკოლოზის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებისა და წმ. მარინეს ეკლესები; გაფართოვდა, განახლდა და კანკელითა და მოხატულობებით გამშვენდა წმ. იოანე ღვთისმეტყველის (XII-XIII სს.) ეკლესია; დასრულებული სახე მიიღო კომპლექსის სათავდაცვო სისტემამ მაღალი გალავნით, აგრეთვე რელიეფებითა და წარწერებით გამშვენებული მთავარი კარიბჭით (1695), განახლდა, ან ხელახლა აშენდა ნაწილი ეკლესიების, სენაკებისა და დამხმარე ნაგებობებისა, რომლებიც იარუსებადაა განლაგებული მონასტრის ტერასებზე. ნათლისმცემლისა და დოდოს რქის მონასტრებში შეიქმნა ვრცელი სატრაპეზოები; განახლდა და ახალი კანკელებით გამშვენდა საკრებულო ეკლესიები, შეიქმნა ახალი სენაკები.

გარეჯის მრავალმთა – XVII-XIX სს-ებში მრავალჯერ დაურბევიათ. იმხანად მოქმედ მონასტრებში მომხდურთა მიერ მოწამებრივად აღსრულებულთა შორის ცნობილნი არიან: კოზმა (გ.1630), შიო ახალი, დავითი, გაბრიელი და პავლე (1696-1700), გერონტი, სერაპიონი, გერმანე, ბესარიონი, მიქაელი და სვიმეონი (გ.1851), გაბრიელ მცირე (გ.1802). ხანმოკლე წყვეტილებით სამონასტრო ცხოვრება გრძელდებოდა რამდენიმე კერაში: წმ. დავითის ლავრაში, წმ. იოანე ნათლისმცემლისა და წმ. დოდოს მონასტრებში. გახშირებული შემოსევების გამო იმხანად დაიწყო სათავდაცვო სისტემების – გალავნების, აგრეთვე საგუშაგო და სასიგნალო კოშკების მშენებლობა და განახლება-განვრცობა.

გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დაკავშირებულია საქართველოს უკანასკნელ მეფეთა – ერეკლე II-ისა (1762-1798) და მისი ძის, გიორგი XII-ის (1798-1800) საქტიტორო მოღვაწეობასთან. მეფე გიორგი XII-ის დამოკიდებულებას გარეჯის მიმართ ადასტურებს მისი სენაკი წმ. დავითის ლავრაში და მის მიერ განახლებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია იქვე.

1811 წ., საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; სამონასტრო მამულები და საეკლესიო ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცა. XIX საუკუნის დასაწყისში, არქიმანდრიტ ილარიონის წინამძღვრობისას, განახლდა მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის კარიბჭე წმ. დავითის ლავრაში. ლავრასა და ნათლისმცემელში შემორჩენილი საფლავის ქვების მიხედვით, იქ კრძალავდნენ როგორც ადგილობრივ ბერებს, ასევე საერო პირებსაც. ლავრაში დაიკრძალნენ წმ. მამებიც, რომლებიც მოწამებრივად აღესრულნენ 1851 წ. ლეკების შემოსევის დროს. ეს პერიოდი ხასიათდება გარეჯის მონასტრების მიმართ რუსი მომლოცველებისა და სიძველეთა მოყვარულთა ინტერესის ზრდით (გ. გორდეევი, ა. მურავიოვი).

XX ს-ის 20-იან წლებში, საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, გარეჯის მოქმედ მონასტრებში (წმ. დავითის ლავრასა და წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში) ცხოვრება საბოლოოდ შეწყდა; ახალი ადმინისტრაციული დაყოფით, ბერთუბნის მონასტერი აზერბაიჯანულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. XX ს. 40-იანი წლების ბოლოდან, კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდა საბჭოთა სამხედრო პოლიგონი; სამხედრო სწავლებებისას დაზიანდა, ან სრულიად განადგურდა კლდეში ნაკვეთი ქვაბ-სამლოცველოები, უნიკალური ფრესკები და ეპიგრაფიკული ძეგლები. XX ს. 90-იან წლებში წმ. დავითის ლავრაში და წმ. იოანე ნათლისმცემელის მონასტერში, XXI ს-ის დასაწყისში კი წმ. დოდოს მონასტერში, სამოწესეო ცხოვრება კვლავ აღდგა.

ლიტერატურული სკოლა

ლიტერატურული სკოლა, სავარაუდოდ, გარეჯში არსებობდა სამონასტრო გაერთიანების ისტორიის ადრეულ ეტაპზევე; მისი საბოლოო ფორმირების პერიოდად ითვლება XVII-XVIII სს., როდესაც გარეჯი ქართული საეკლესიო მწერლობის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდა. სამწერლობო მოღვაწეობა მრავალმთის კერებში რამდენიმე მიმართულებით წარიმართებოდა: ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია, დოგმატურ-პოლემიკური ლიტერატურა, ხელნაწერთა თარგმნა-გადანუსხვა და ბიბლიოთეკების შექმნა.

სხვადასხვა დროსგარეჯში მოღვაწეობდნენ მეფეები – დემეტრე I (1125-1256) და ალექსანდრე II (1574-1605), აგრეთვე სასულიერო პირები – ონოფრე გარეჯელი (XII ს.), სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725), ბესარიონ (ორბელიშვილი-ბარათაშვილი, 1724-1737/38 ან 1735), ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (XVIII ს., ნახ.), გაბრიელ საგინაშვილი (XVII ს. ბოლო – XVIII ს. დასაწ.), გრიგოლ დოდორქელი (XVII ს. ბოლო – XVIII ს. დასაწ.), პატრიარქი ანტონ I (1744-1755, 1764-1788), ეპ. ტიმოთე (გაბაშვილი, 1703-1764), წმ. მოწამე გაბრიელ მცირე (გ.1802), მიტროპოლიტი იონა (გედევანიშვილი, 1734-1821) და სხვ.

გარეჯის ბიბლიოთეკები

გარეჯის ბიბლიოთეკები, ხელნაწერ წიგნთა ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ და ყველაზე მდიდარ სამონასტრო საცავებად ითვლებოდა საქართველოში. ამაზე მეტყველებს წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის საცავში არსებული წიგნების ნუსხა, რომელიც თან ერთვის სინას მთის ახალი ქართული კოლექციის ერთ-ერთ ხელნაწერს (N/Sin-50); მასში აღნუსხულია მონასტრისთვის VI ს. ბოლოდან X ს. დასაწყისამდე შეწირული ხელნაწერები. გარეჯის მრავალმთის მონასტრების კუთვნილი მრავალრიცხოვანი ხელნაწერი და დოკუმენტი ამჟამად ინახება სხვადასხვა ქვეყნის სიძველეთსაცავთა ფონდებში (უმეტესობა კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული).

არქიტექტურა

გარეჯი შედგებოდა ზოგადსაცხოვრებელი ტიპის მონასტრებისგან (წმ. დავითის ლავრა, ნათლისმცემელი, დოდოს რქა, უდაბნო, ბერთუბანი, ქოლაგირი, მრავალწყარო, პირუკუღმარი); განსაშორებელისგან, რომლებიც რამდენიმე ბერისთვის იყო განწესებული (თეთრი უდაბნო, ბერთა მთა, ჩიჩხიტური, ვერანგარეჯა, პატარა ქვაბები, კოწახურა და სხვ.); კომპლექსებისგან, რომლებიც მხოლოდ ეკლესიებსა და სატრაპეზოს მოიცავდა (წამებული, საბერეები); ცნობილია მონასტრისა და დასახლების თანაარსებობის შემთხვევებიც (დიდი ქვაბები).

სამონასტრო გაერთიანების ისტორიის საწყის ეტაპზე, გამოქვებული კომპლექსების სახე შეესაბამებოდა მკაცრი ასკეტური ცხოვრების წესის მოთხოვნებს. ისინი, როგორც წესი, ზომით პატარა, ხოლო ფორმით ბუნებრივი მღვიმეების მსგავსია (წმ. დავითისა და ლუკიანეს სენაკები ლავრაში, საძვალეები ბერთუბანსა და წამებულში). სავარაუდოდ, IX ს-იდან, სამონასტრო ცხოვრების წესის პრინციპების თანდათანობითი ცვლილების პირობებში, იცვლება სამონასტრო კომპლექსების სახეც: მის ცენტრს წარმოადგენს საკრებულო ეკლესია და სატრაპეზო, რომლის გარშემოც განლაგებულია სენაკები და დამხმარე ნაგებობები. საცხოვრებელ ქვაბებს ენაცვლება სამეურნეო და სხვა დანიშნულების სათავსები. IX-X სს. გარეჯის სხვადასხვა მონასტერში მრავლად აგებდნენ ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიებს (მრავალწყარო, წამებული, დოდოს რქა, საბერეები, დიდი ქვაბები, პატარა ქვაბები, კოწახურა), რომელთა შორისაც გვხვდება უნიკალური ნიმუშებიც (მრავალწყარო). კლდეში ნაკვეთ ეკლესიებში (ისევე როგორც სხვა სათავსებში) შეიმჩნევა სწორი არქიტექტურული ფორმებისადმი სწრაფვა. ზოგიერთი კონსტრუქციული ფორმის ხაზგასმასთან ერთად გაჩნდა თაღები, ნახევარსვეტები, ტრომპები, ბაზისებითა და კაპიტელებით მორთული პილასტრები და ა.შ. ეკლესიები და განსასვენებლები მოხატულობით იმკობოდა. XII-XIII სს., სამონასტრო კომპლექსის აღმავლობის ხანაში, გარეჯის სამეფო კარის მფლობელობაში გადასვლის შემდგომ, შეიმჩნევა მშენებლობის პრინციპების ცვლილება: მნიშვნელოვნად იზრდება საკრებულო ეკლესიების ზომები, მრაფალფეროვანი ხდება მათი ფორმები და მორთულობა (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია ლავრაში, წმ. იოანე ნათლისმცემლის, წმ. დოდოს, ბერთუბნის მონასტრის მთავარი ტაძრები). სენაკები რამდენადმე უფრო კეთილმოწყობილი გახდა, თუმცა კი შენარჩუნდა მათი ზოგადასკეტური სახე. აშენდა ვრცელი, კეთილმოწყობილი სატრაპეზოები. ეკლესიასთან ან სატრაპეზოსთან უშუალო სიახლოვეს (გვერდით ან მაღლა) განთავსებული წინამძღვრის სენაკი ზოგჯერ ასევე იმკობოდა მხატვრობით (ბერთუბანი). მონასტრის სავალდებულო ნაწილი გახდა სამეურნეო სათავსები: ბეღელი, საცხობი (თონე), სამჭედლო, სამეთუნეო, ბაგა.

XVII-XVIII სს.-იდან 4-ის იმ მონასტრებში, სადაც სამოწესეო ცხოვრება კვლავ გრძელდებოდა (წმ. დავითის ლავრა, წმ. იოანე ნათლისმცემლისა და წმ. დოდოს მონასტრები), შეიმჩნევა დროით ნაკარნახევი ცვლილებები: შეიქმნა თავდაცვითი სისტემები გალავნებითა და კოშკებით, გახშირებული თავდასხმებისგან თავდასაცავად (ვახტანგ VI-ის (1703-1714, 1716-1724) მმართველობის პერიოდში შემუშავდა ლავრაში თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა-გადაკეთების პროექტი) აშენდა ახალი ეკლესიები და სატრაპეზოები. იმხანად შექმნილი სენაკების ნაწილი ინარჩუნებდა ფორმების უბრალოებასა და ასკეტურობას, ნაწილში კი საერო სამყოფლისთვის დამახასიათებელი ფორმები და დეკორატიული მორთულობა დასტურდება – მრავალრიცხოვანი ნიშებით, სვეტებით, ნახევარსვეტებით, განიერი სარეცლით, მოჩუქურთმებული და მოხატული დეკორატიული დეტალებით, რაც, თავის მხრივ, თანადროულ აღმოსავლურ მხატვრულ ტენდენციებთან სიახლოვით უნდა ყოფილიყო განპირობებული (რიგი სენაკებისა წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის დასავლეთ ნაწილში). ასეთი სახის სენაკის ერთ-ერთ უკანასკნელი ნიმუშია გიორგი XII-ის სენაკი წმ. დავითის ლავრის ზედა ნაწილში.

მოხატულობები

გარეჯის უძველესი მოხატულობები, სავარაუდოდ, VII-VIII სს-ით თარიღდება (თეთრი უდაბნო). იმ დროიდან მოყოლებული, განსაკუთრებით IX ს. II ნახ-დან XIV ს. დასაწყისამდე, გარეჯის მონასტრებში შექმნილი მრავალრიცხოვანი ფრესკული ანსამბლები საშუალებას იძლევა, თვალი გავადევნოთ მონუმენტური მხატვრობის ადგილობრივი სკოლის ფორმირებისა და განვითარების ეტაპებს. გარეჯის ფრესკები განსხვავდება საქართველოს სხვა რეგიონებში არსებული თანადროული მოხატულობებისგან თვითმყობადი იკონოგრაფიული ტრადიციითა და ორიგინალური მხატვრული თავისებურებებით.

ძირითადად ადგილობრივი საღებავებით შექმნილი, თბილი კოლორიტით გამორჩეული ამ მოხატულობების კომპოზიციური აგება სადა და ნათელია. ქრისტოლოგიური ციკლის კომპოზიციებთან ერთად აქ ხშირადაა ჩართული ასკეტთა და მესვეტეთა სახეები, აგრეთვე წმ. დავით გარეჯელის გამოსახულებები და მისი ცხოვრების ციკლები. სატრაპეზოების დანიშნულების გათვალისწინებით, მათ მოხატულობებში ევქარისტულ თემასთან დაკავშირებული სიუჟეტებია აქცენტირებული. ამასთანავე, გარეჯის ფრესკებში ერთ-ერთი ძირითადი მხატვრული ხედვის ის უშუალობაა, რომელიც საზოგადოდ არის დამახასიათებელი საბერმონაზვნო ხელოვნებისთვის.

გარეჯის ფერწერული სკოლა წარმოდგენილია სხვადასხვა მონასტერში არსებული მოხატულობით: თეთრი უდაბნო (VII-VIII სს.); საბერეები (ოთხი ეკლესია IX-X სს. მოხატულობით); მრავალწყარო (IX ს. შუა ხანები); წმ. დოდოს მონასტერი (გუმბათოვანი ეკლესია, IX-X სს. მიჯნა); წამებული (მცირე ეკლესია, X ს.); უდაბნო (მთავარი ეკლესიის მოხატულობის პირველი ფენა, წმ. დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი ციკლით, სადიაკვნეში (X ს.), ტაძარი (XI ს. I ნახ.), სამარტვილე (XII ს.), ხარების ეკლესია (XIII ს. 90-იანი წლები), ამაღლების ეკლესია (XIII ს. ბოლო – XIV ს. დასაწ.); ნათლისმცემელი, ბერთუბანი, ქოლაგირი (ყველგან – ტაძრები XII-XIII სს. მიჯნაზე შექმნილი ფრესკებით).

ზ. სხირტლაძე


წყაროები და ლიტერატურა

  • გარეჯის ეპიგრაფიკული ძეგლები (გარეჯის საგანძური, 2), ტ. 1, თბ., 1999;
  • სხირტლაძე ზ., საბერეების ფრესკული წარწერები, თბ., 1985;
  • გარეჯის ისტორიული წყაროები, XIII-XVIII სს., წ. I, თბ., 2008; წ. II, თბ., 2011;
  • ღირსი გაბრიელ მცირე, ღვთივსულიერნი თხრობანი სულთა ღვთისმოყვარეთა ფრიად სარგებელნი, გარეჯელ მამათა ცხოვრება, ზ. სხირტლაძის გამოც., თბ., 2002;
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, V-X სს., ტ.1, თბ., 1963; ტ. 3, თბ., 1971.
  • აბრამიშვილი გ., დავით გარეჯელის ციკლი ქართულ კედლის მხატვრობაში, თბ., 1972;
  • ბულია მ., ვოლსკაია ა, თუმანიშვილი დ., დავითგარეჯის მონასტრები, ლავრა, უდაბნო, თბ., 2008;
  • ბულია მ., ვოლსკაია ა., თუმანიშვილი დ., ჯოჯუა თ., დავითგარეჯის მონასტრები. ნათლისმცემელი, ბერთუბანი, თბ., 2010;
  • დოლაქიძე მ., ილარიონ ქართველის ცხოვრების ძველი რედაქციები, თბ., 1974;
  • ეპისკოპოსი კირიონი, ამბავი დავით გარესჯის საკვირველთმომქმედის ქვისა, ტფ., 1899;
  • თვალჭრელიძე ზ., გარეჯის მრავალმთის არქეოლოგიური ძეგლები. წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, თბ., 2010;
  • მენაბდე ლ. ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, თბ., 1962;
  • მღვდელ-მონაზონი კალისტრატე, წმინდა დავით გარესჯელის უდაბნო, ტფ., 1884;
  • სხირტლაძე ზ., ისტორიულ პირთა გამოსახულებები გარეჯის მრავალმთის ქოლაგირის მონასტერში, თბ., 2000;
  • ქავთარია მ., დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, 1965;
  • Чубинашвили Г.Н., Пещерные монастыри Давид Гареджи, Tб., 1948;
  • Skhirtladze Z., Martyrs and Martyria in the Gareja Desert, in: M. Kaplan ed., Monasteres, images, pouvoirs et societe a Byzance (By- zantina Sorbonensia 2006. 23), Paris,

იხილე აგრეთვე

დავითგარეჯის მონასტერი XIX-XX საუკუნეებში
გარეჯის გულანი

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები