ვანის ქვაბები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვანის ქვაბები

ვანის ქვაბები − (ვაჰანის ქვაბები), (ინგლ. Vanis Kvabebi) – VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების კომპლექსი ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ასპინძიდან 27 კმ დაშორებით, მდინარე მტკვრის ზემო დინებაში, მის მარჯვენა ნაპირზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: კლდეში ნაკვეთი სადგომები, სენაკები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, თავშესაფრები, გვირაბები, საძვალე, წყალსადენის 3 ტრასა და 6 ეკლესია.

წმინდა გიორგის ტაძარი

წმინდა გიორგის ტაძარი

ვანის ქვაბების კლდეში 200-მდე გამოქვაბულია ნაკვეთი, რომლებიც 16 სართულადაა განლაგებული. კომპლექსის ცენტრში განთავსებულია წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი, რომელსაც მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭე ამშვენებს. იქვეა ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. იმავე ტერასაზე, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე, 3 სართულად განლაგებულია ქვაბსამარხი და ქვის სახლები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა კლდეში გამოკვეთილი საწნახლითა და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი ორი სახლი და სხვ. ქვითკირის ზღუდის გარეთ, ტერასაზე აღმოჩნდა ზღუდის მისადგომების დამცავი ოვალური კოშკი.

ვანის ქვაბების ცენტრში წმ. გიორგის ტაძარი (და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთილია IX-XI საუკუნეებში. 1089 წელს ვანის ქვაბების კომპლექსი ძლიერმა მიწისძვრამ თითქმის მთლიანად დაანგრია. XII საუკუნმეში დასაწყისიდან 1191 წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერია. 1191-1204 წლებში ვანის ქვაბები მეფის ხელშია. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213 წწ.) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. 1186-1191 წლებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს აღადგინა ძველი ქვითკირის ზღუდე. 1204-1283 წლებში ვანის ქვაბებს უკვე თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. 1265-1283 წლებში ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 წლის მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა. XIV-XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა.

სამონასტრო ანსამბლში სამონაზვნო სენაკებს შორის დაცულია, როგორც უდაბნოსათვის დამახასიათებელი უძველესი სამყოფი ქვაბები, ასევე შემდეგდროინდელი სამონასტრო ცხოვრების შესაფერი კლდის საცხოვრებლები სამეურნეო დამხმარე სადგომებით. ვანის ქვაბების ხუროთმოძღვრებაში მკვეთრად ჩანს კლდეში ნაკვეთ ადრეულ ქვაბთა თავისებურებანი; ამავე დროს იგი კლდის არქიტექტურის შუალედური ძეგლია, რომელმაც XII-XIII საუკუნეებში კლდეში ნაკვეთი ქალაქის – ვარძიის ხუროთმოძღვრული ფორმების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები