ვახვახიშვილი თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახვახიშვილი თამარ

ვახვახიშვილი თამარ ნიკოლოზის ასული - (დ. - 23. XII.1893, ვარშავა - გ. - 31.X.1976, თბილისი) - პირველი ქართველი კომპოზიტორი ქალი. მოდერნისტი. პირველი ქართული საბალეტო სპექტაკლების ავტორი.

თამარ ვახვახიშვილი

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ვარშავაში, სამხედრო პირის ოჯახში. სამსახურის გამო ვახვახიშვილები დაღესტანში გადავიდნენ, შემდეგ თბილისში დასახლდნენ. მამა კარგად მღეროდა და ვიოლინოზე უკრავდა. პროფესიული განათლება ყოფილი საიმპერატორო რუსული სამუსიკო საზოგადოების თბილისის სამუსიკო სასწავლებელში მიიღო. ფორტეპიანოზე დაკვრა, მუსიკის თეორია და კომპოზიცია ნიკოლოზ ნიკოლაევმა შეასწავლა, პოლიფონია კი თომა ჰარტმანთან შეისწავლა. კომპოზიციის თეორიის პრინციპთა დაუფლება პეტერბურგის კონსერვატორიაში განაგრძო. სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ქართველ კომპოზიტორთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, რომანსის, საგუნდო მუსიკისა და ოპერის ნაცვლად, პანტომიმის ჟანრით დაინტერესდა და შექმნა მუსიკა დადგმებისათვის „მზეთამზე“, „ხანძარი“, „ირანული პანტომიმა“ და „ავგაროზი“.

დამოუკიდებლობის პერიოდში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული კულტურის ისტორიაში. მას ეკუთვნის პირველი ქართული ბალეტები - „ბახუსის დღესასწაული“ (ზოგი მონაცემით, 1918, ხოლო სხვა ვერსიით, 1919) და „სიყვარულის ნექტარი“ (1920). ორივე ბალეტი თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე დაიდგა.

1920 წლიდან მოყოლებული და უკვე გასაბჭოების შემდეგაც, 1925 წლამდე, II მუსიკალურ სასწავლებელს ხელმძღვანელობდა. სასწავლებელში მოიწვია ცნობილი ჩელისტი და პიანისტი აისბერგი, ჩამოაყალიბა კომპოზიციის კლასი პროფესორ კუშნარიოვის ხელძღვანელობით და შემოიღო ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლების მეთოდიკა. 1923 წელს კონსერვატორიის მაშინდელი რექტორის ზაქარია ფალიაშვილის მოთხოვნით, კომპოზიციის კლასი კონსერვატორიაში გადაიტანა და მის საფუძველზე დაარსდა თბილისის კონსერვატორიის კომპოზიციის კათედრა. 1923-1926 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგის და კომპოზიტორის თანამდებობები ეკავა. მუსიკალურად გააფორმა სანდრო ახმეტელისა და კოტე მარჯანიშვილის რეჟისორობით დადგმული გერმანელი ექსპრესიონისტი მწერლის ფრანც ვერფელის პიესა „შფიგელმენშ“. (პრემიერა I.02.1925 რუსთაველის თეატრში შედგა). ჩერეპნინისა და ჰარტმანის რჩევითი პარიზის კონსერვატორიაში მუსიკალურ-თეატრალური ჟანრების სფეროში მოღვაწე კომპოზიტორთან, პოლ ვიდალთან კომპოზიციის კურსი გაიარა. 1927 წელს პარიზის კონსერვატორია დაამთავრა. 1929 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ცნობილ რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან ქუთაისის დრამატულ თეატრში, შემდეგ კი თბილისის დრამატულ თეატრში (დღევანდელი კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი). კოტე მარჯანიშვილთან თანამშრობლობა დაწვრილებით აღწერა თავის წიგნებში - „კ.მარჯანიშვილის ექვსი სპექტაკლი“ და „თერთმეტი წელი კოტე მარჯანიშვილთან“. 1933 წლიდან მოსკოვში გადავიდა და იქ მოღვაწეობდა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. დაუმთავრებელი დარჩა ოპერა „ურიელ აკოსტა“ (დაიწერა 1 აქტი) და ბალეტი „არგონავტები“ ანუ „ოქროს საწმისი“. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

'ზურაბ ლეჟავა

ნაწრმოებები

  • ბალეტები: „ბახუსის დღესასწაული“; „სიყვარულის ნექტარი“; „სპარტაკი“(1937).
  • პანტომიმები: „ირანული პანტომიმა“; მზეთამზე“; „ხანძარი“.
  • მუსიკალური კომედიები: „დონ ჰოლი - მწვანე შარვალი“.
  • 100-მდე მუსიკალურ-დრამატული სპექტაკლი, მათ შორის მნიშვნელოვანია: „ცხვრის წყარო“, „ურიელ აკოსტა“, „სინათლე“, „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“, „დეზერტირკა“, „ვერაგობა და სიყვარული“ და სხვ.
  • ვოკალური ნაწარმოებები: „საბჭოთა უკრაინის ჰიმნი“.
  • თ. ვახვახიშვილი, „კ.მარჯანიშვილის ექვსი სპექტაკლი“, თბ., 1968;
  • თ. ვახვახიშვილი, „თერთმეტი წელი კოტე მარჯანიშვილთან“, თბ., 1976.

ლიტერატურა

  • მ. კიკნაძე, გერმანული ექსპრესიონიზმი ქართულ თეატრში, ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 2002, №3;
  • ნ. ლორია, „თამარ ვახვახიშვილი“, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის ჟურნალი „მუსიკა“, 2012, №3(17);
  • ნ. ჯავახიშვილი, „კომპოზიტორი თამარ ვახვახიშვილი“, ჟურ. „საბჭოთა ხელოვნება“, 1979, №7.

იხილე აგრეთვე

თამარ ვახვახიშვილი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები