ვიარდო პოლინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლინა ვიარდო

პოლინა გარსია ვიარდო - (Pauline Viardot, 1821-1910), XIX საუკუნის წარმატებული და ცნობილი ოპერის მომღერალი, კომპოზიტორი და პედაგოგი.

პოლინა ვიარდოს საოპერო თუ საკონცერტო გამოსვლები ევროპასა და რუსეთში ტრიუმფით სრულდებოდა. პოლინას მეცო-სოპრანო ჰქონდა, რომელიც ფრანგმა კომპოზიტორმა კამილ სენ-სანსმა ასე დაახასიათა: „მისი ხმა არ არის არც ხავერდოვანი, არც კრისტალურად სუფთა, არამედ მწარე, როგორც პომერანცი (ციტრუსის სახეობა)“. მომღერალი მარტივად გადადიოდა სოპრანოდან ალტში. ის იყო ჰ. ბერლიოზის, ჯ. მეიერბერის, შ. გუნოს, კ. სენ-სანსის და სხვა ცნობილი კომპოზიტორების მუზა.

პოლინამ საოპერო სცენა 1863 წელს მიატოვა, მაგრამ საკონცერტო გამოსვლები 1882 წლამდე გააგრძელა. მის რეპერტუარში ცნობილი ევროპელი კომპოზიტორების ვოკალური ნაწარმოებების გარდა, დიდი ადგილი ეკავა ასევე რუსულ რომანსებს. სცენის დატოვების შემდეგ ის აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. გარდა ამისა, ქმნიდა კამერულ და საფორტეპიანო მუსიკას, ოპერეტებს, რომანსებს, ამუშავებდა სხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებებსა და სხვადასხვა ერის ხალხურ სიმღერებს.

პოლინა, მუსიკის გარდა, დიდ დროს უთმობდა უცხო ენების შესწავლას. საუბრობდა ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე. მოგვიანებით შეისწავლა რუსული და გერმანული ენებიც. უცხო ენების ცოდნა პოლინას არიების სხვადასხვა ენაზე შესრულებაში ეხმარებოდა.

პოლინას საოპერო დებიუტი 1839 წლის მაისში ჯერ ლონდონში, ხოლო ოქტომბერში პარიზში დეზდემონას პარტიით ოპერაში „ოტელო“ შედგა. მის გამოსვლას ესწრებოდა ხელოვნების ისტორიკოსი და პარიზის იტალიური თეატრის დირექტორი ლუი ვიარდო (1800-1883). ვიარდო იმდენად მოიხიბლა პოლინას შესრულებით, რომ მას თავის თეატრში სიმღერა შესთავაზა. 1839-1840 წლებში პოლინა პარიზის იტალიური თეატრის მთავარი სოლისტია.

1840 წელს პოლინამ ცნობილი ფრანგი მწერალი ჟორჟ სანდი გაიცნო, რომელთანაც წლების მანძილზე დიდი მეგობრობა აკავშირებდა. სწორედ პოლინა იქცა მწერლის ცნობილი რომანის „კონსუელო“ მთავარი გმირის პროტოტიპად. პოლინა ამ პერიოდში პოეტ ალფრედ დე მიუსეს ხვდებოდა და მასზე გათხოვებასაც კი აპირებდა, მაგრამ ჟორჟ სანდმა გადააფიქრებინა, რადგან კარგად იცოდა, თუ რა გაუწონასწორებელი ხასიათი ჰქონდა მის ყოფილ საყვარელს. მწერლის რჩევით, პოლინა 1840 წლის აპრილში ცოლად გაჰყვა ლუი ვიარდოს. ლუი ცოლზე 21 წლით უფროსი იყო. დაქორწინების შემდეგ ლუი ვიარდომ თეატრის დირექტორის თანამდებობა დატოვა და მთელ დროს ცოლის კარიერას უთმობდა, აწარმოებდა მოლაპარაკებებს თეატრის დირექტორებთან, ორგანიზებას უკეთებდა პოლინას კონცერტებსა და ტურნეებს და ყოველთვის თან ახლდა. პოლინა გარდაცვალებამდე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.

პოლინა გარსია ვიარდო 1910 წლის 18 მაისს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მონმარტრის სასაფლაოზე.


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები