ვორონოვის თეთრყვავილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვორონოვის თეთრყვავილა - Galanthus woronowii Losinsk

Galanthus woronowii Losinsk. – ვორონოვის თეთრყვავილა

ბოლქვოვანი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთოლი 2, ფართო ხაზური, წაწვეტებული, ღარიანი, კაშკაშა მწვანე, ყვითელი ელფერით,პრიალა. ყვავილი დიდი ზომისაა, სასიამოვნო სუნით, ყვავილსაფარი გვირგვინისებრია, თეთრი, 6 ფურცლიანი. ნაყოფი კოლოფია, იხსნება 3 საგდულით. თესლი ოდნავ წახნაგოვანია, ფართო ელიფსური, მუქი ყავისფერი, პატარა თანათესლით. მიეკუთვნება ადრე გაზაფხულზე მოყვავილე მცენარეთა რიცხვს. ყვ. I- III, ნყ. V.

ფრიად დეკორატიულია. წარმოადგენს სამედიცინო ალკალოიდების (გალანტამინი, ლიკორინი და სხვ.) მიღების ძირითად წყაროს ( Машковский, 1955;1960).

გეოგრაფიული ტიპი - ხმელთაშუაზღვეთურმთიანეთის, კოლხური წარმოშობის ენდემური სახეობაა ირადიაციებით (ამიერკავკასიურ-ლაზური). კლასიკური ადგილი — სოჭი. კავკასიაში გავრცელებულია: კრასნოდარის მხარეს (Гроссгейм, 1940; Колаковский, 1985).

საქართველოში გვხვდება: აფხაზეთი, იმერეთი, აჭარა, ქართლი; (საქ. მც.სარკვ., 1969).

მცენარის ძირითადი არეალი წარმოდგენილია კოლხეთის ჰუმიდურ რაიონებში; თბილისის მიდამოები უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვარია სახეობის არეალში.

თბილისის მიდამოებში თანახმად ლიტერატურული მონაცემებისა ( მაყაშვილი, 1953; ანელი, 1973) და ჰერბარიუმებში (TGI, TGM) დაცული მასალების მიხედვით შემდეგ ადგილებში იზრდება: მცხეთის მიდამოები, არმაზის ხევი, ნატახტარი, საგურამო, დიღმის დიდგორი, კოჯორი.

თბილისის მიდამოებში მრავალმხრივი და მრავალგზის გასვლებით ჩვენს მიერ ვორონოვის თეთრყვავილა დაფიქსირდა მხოლოდ ნატახტრისა და არმაზის ტყეებში. აღნიშნულ პუნქტებში ვორონოვის თეთრყვავილა გვხვდება ლოკალურად, მცირე ლაქების სახით. ვორონოვის თეთრყვავილა ტიპიური მეზოფიტია. იზრდება ღია, ნახევრად დაჩრდილულ ადგილებში, მთის ქვედა და შუა სარტყლის ფართოფოთლოვან ტყეებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში, ტყის ფანჯრებში ზღ.დ. 150-850 მ სიმაღლემდე.

კარგად ვითარდება ტყის ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებზე. კოლხეთში, სადაც მისი გავრცელების ძირითადი არეალია ფართო ფრაგმენტებს ჰქმნის. თბილისის მიდამოებში კი მცირე ჯგუფების სახითაა წარმოდგენილი და ტენიან ხეობებში ბინადრობს. ჩვენთან ამ სახეობის ძირითად ლიმიტირების ფაქტორად კლიმატური ფაქტორი მიგვაჩნია, კერძოდ ნიადაგის სიმშრალე, ნალექების სიმცირე, დაბალი ტენიანობა. რასაც ემატება ანთროპოგენური სტრესი, ეკოტიპის ძირითადი ნაწილის ადვილად მისაწვდომობა და ნგრევა, ადრე გაზაფხულზე ყვავილების მასობრივი განადგურება.

შეზღუდული გეოგრაფიული არეალისა და საგრძნობი ანთროპოგენური სტრესიდან გამომდინარე (სამკურნალო მნიშვნელობასთან ერთად ფრიად დეკორატიულია, გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში, ბაღ-პარკების გასაფორმებლად და თაიგულებად), მცენარე „წითელი წიგნის” ობიექტია, რის გამოც ყოველგვარი დამზადება ბუნებაში დაუშვებელია. აუცილებლად მიგვაჩნია უახლოეს ხანში შემუშავდეს კონკრეტული რეგლამენტი და რეკომენდაციები მისი კულტივირებისათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები