ზაქარია (III) შანშე (I)-ის ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქარია (III) - შანშე (I)-ის ძე ამირსპასალარი 1250-1262 წწ-ში. ავაგის გარდაცვალების შემდეგ 1250 წ. ამირსპასალარის სახელო შანშეს სახლში დაბრუნდა და იგი ულუ დავითის დროს შანშე (I)-ის უფროსმა ძემ, ზაქარია (III)-მ დაიკავა (ჟამთააღმწერელი).

ზაქარია ამირსპასალარად მოიხსენიება ჯერ კიდევ ავაგ ათაბაგისა და მანდატურთუხუცეს შანშე (I)-ის სიცოცხლეში. როგორც ამირსპასალარი, ჟამთააღმწერელთან იგი დასახელებულია იმ ქართველ დიდებულთა შორის, რომლებმაც ლაშა გიორგის ძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. შანშეს და ავაგის სახლებს შორის ამირსპასალარის სახელოს დასასაკუთრებლად ფარული ურთიერთქიშპი და დაპირისპირება განსაკუთრებით აშკარა გახდა, როცა შანშე მხარგძელმა ლაშას ძე დავითს დაუჭირა მხარი, ხოლო ავაგ ათაბაგი დავით რუსუდანის ძის ბანაკში აღმოჩნდა (ჟამთააღმწერელი), თუმცა ორივე დავითის გამეფებამ ამ ურთიერთდაპირისპირებას საფუძველი გამოაცალა. დავით ულუსადმი ამირსპასალარი ზაქარიას ერთგულება განპირობებული იყო მისი ქორწინებითაც „უხტიაცის“ (ოლთისის) მფლობელ მეჭურჭლეთუხუცეს და სამცხის სპასალარ სარგის (I) ჯაყელის ასულზე (კირაკოს განძაკეცი). რამდენადაც სარგისი მონღოლების წინააღმდეგ ამბოხებულ დავით ულუს ედგა მხარში, ზაქარიაც მონღოლებს განუდგა და დავით ულუსთან ერთად დავით ნარინთან გადავიდა ქუთაისში. მცირე ხნის შემდეგ, 1261/1262 წ. იგი ულო ყაენის კარზე ფიცით მიიტყუეს და მოკლეს. მალევე მწუხარებით აღესრულა ზაქარიას მამა, მანდატურთუხუცესი შანშეც (ჟამთააღმწერელი).


წყაროები და ლიტერატურა

  • ჟამთააღმწერელი 1959: 219, 227, 250;
  • მესხია 1979: 314, 269, 314, 315.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები