ზდანევიჩი ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილია ზდანევიჩი

ზდანევიჩი ილია მიხეილის ძე - (დ. - 20.IV.1894, თბილისი - გ. - 25.XII.1975, პარიზი) - ლიტერატურული ავანგარდის ერთ-ერთი ლიდერი, წიგნის დიზაინერი, მკვლევარი, ნ. ფიროსმანაშვილის პირველი ბიოგრაფი.

სარჩევი

ბიოგრაფია

ილიას მამა, წარმოშობით პოლონელი, რომლის წინაპრები 1831 წლის რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმის წინააღმდეგ ვარშავის აჯანყების შემდეგ კავკასიაში გადაასახლეს, ფრანგულს ასწავლიდა თბილისის გიმნაზიაში. დედა, ვალენტინა გამრეკლიძე, პიანისტი, პ. ჩაიკოვსკის მოსწავლე გახლდათ.

ილია ზდანევიჩმა დაამთავრა თბილისის I ვაჟთა გიმნაზია და სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა (1911). დაუახლოვდა ავანგარდისტულ წრეებს. 1912 წელს ი. ზდანევიჩმა სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში წაიკითხა მოხსენებები ფუტურიზმის შესახებ. იმავე წელს არდადეგებზე თბილისში ჩამოსულმა ძმებმა ილია და კირილე ზდანევიჩებმა, მხატვარ ლე-დანტიუსთან ერთად, აღმოაჩინეს ნ. ფიროსმანაშვილის ნამუშევრები და დაიწყეს მათი შეგროვება. გაზეთ Закавказская речь-ის 1913 წლის 10 მარტის ნომერში დაიბეჭდა ი. ზდანევიჩის პირველი სტატია ნ. ფიროსმანაშვილზე.

1913 წლიდან მან დაამუშავა „ვსიოჩესტვოს“ იდეა, რომელიც, სხვა ავანგარდული მიმართულებების საპირისპიროდ, ყველა ეპოქის და სტილის მიმართ ტოლერანტობას გულისხმობდა. ი. ზდანევიჩმა 1914 წელს უმასპინძლა მოსკოვში ჩასულ მარინეტის. თბილისში დაბრუნებულმა, კვლავ გამოაქვეყნა სტატია ფიროსმანაშვილის შესახებ („აღმოსავლეთი“, №1, თბილისი, 29.VI.1914). 1916 წელს დაასრულა და დადგა თავისი პირველი პიესა „იანკო ალბანეთის მეფე“. წლის ბოლოს თბილისში ჩამოსულმა, მოაწყო ფიროსმანაშვილის ერთდღიანი გამოფენა, რომელზეც წარმოადგინა მხატვრის 50 ტილო საკუთარი კოლექციიდან.

1917 წელს მონაწილეობა მიიღო ე. თაყაიშვილის თაოსნობით მოწყობილ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების არქეოლოგიურ ექსპედიციაში და, ლ. გუდიაშვილთან, დ. შევარდნაძესთან, მიხ. ჭიაურელთან და ალ. კალგინთან ერთად, გაემგზავრა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების შესასწავლად. იმავე წელს კრუჩიონიხთან, ტერენტიევთან და კ. ზდანევიჩთან ერთად დააარსა ფუტურისტული გაერთიანება, რომელიც „ფანტასტიკურ დუქანში“ იკრიბებოდა. მალე მათ ჯგუფს (პოეზიის ახალ სასწავლებელს) ეწოდა „უნივერსიტეტი 41°“. სწორედ აქ დაიბადა ზაუმის პოეზია. 1918 წელს თბილისში დაიბეჭდა ი. ზდანევიჩის „იანკო ალბანეთის მეფე“ და პირველი „დრა“, რომელიც თავად შეადგინა. მხატვარი „ფანტასტიკურ დუქანში“ ატარებდა კონფერენციების ციკლს ფუტურიზმზე.

ი. ზდანევიჩმა თბილისში მოაწყო არაერთი მხატვრის საღამო, კ. ზდანევიჩისა და ლ. გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა, დააარსა 41°-ის გამომცემლობა (1919). ამავე წელს გამოქვეყნდა ჯგუფ 41°-ის კოლექტიური ნაშრომი – „პატარა ფანტასტიკური დუქანი. ეძღვნება სოფია მელნიკოვას“, რომელშიც ზდანევიჩის მეორე „დრა“ შევიდა. სექტემბერში დაიბეჭდა მისი Асёл на прокат.

1921 წელს ი. ზდანევიჩი პარიზში გაემგზავრა. პარიზში არტისტი, მ. ლარიონოვის ხელშეწყობით, გაეცნო რუს ხელოვანებს, აგრეთვე - პაბლო პიკასოს, რობერტ და სონია დელონეებს, ტრისტან ტზარას, პოლ ელუარს, დადაისტებს. მონაწილეობდა პოეზიის საღამოებში და ატარებდა კონფერენციებს. ერთ-ერთ საავტორო კონფერენციაზე პირველად გამოიყენა ფსევდონიმად „ილიაზდი“ (1922). აქვე პარიზში, კაფე „ქამელეონში“, ი.ზდანევიჩმა აღადგინა და დაამკვიდრა „უნივერსიტეტი 41°“. 1923 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა ი.ზდანევიჩის Лидантю Фарам - მეხუთე დრა, რომელიც მისი ზაუმით დაწერილი ნაწარმოებების მწვერვალად ითვლება.

1924 წელს ილიაზდის მიერ ორგანიზებული „ოლიმპიური მეჯლისი“ რელიეფური ლექსებით გააფორმეს ილიაზდმა და დ. კაკაბაძემ. 1927 წელს არტისტმა მუშაობა დაიწყო კოკო შანელთან - ჯერ მხატვრად, შემდეგ კი, 1933 წლამდე - ფაბრიკის დირექტორად.

1931 წელს პარიზში, საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში მყოფ ე. თაყაიშვილთან ერთად, შეაგროვა ინფორმაცია კავკასიაში 1917 წლის ექსპედიციის შესახებ და ხელახლა დახაზა ეკლესიის გეგმები (იფინებოდა პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში ბიზანტიური ხელოვნების გამოფენაზე). სომხურ ჟურნალში „ხელოვნება და ცხოვრება“ გამოაქვეყნა სტატიების სერია „საქართველოს მრავალფასადიანი ნაგებობანი“ (1936. 1948 პარიზში ჩაატარა კონფერენცია „უძველესი ქართველები“ და გამოსცა თავისი ნაწარმოები „წერილს“ პიკასოს ილუსტრაციებით, 1949 წელს კი შეადგინა და გამოაქვეყნა „პოეზია ამოუცნობი სიტყვებისა“ (1912-1932 წლებში შექმნილი ფონეტიკური პოეზიისა და ზაუმური ტექსტების ანთოლოგია).

1954-1955 წლებში ი. ზდანევიჩმა მ. დიუშანის შეკვეთით დაამზადა „მუყაოს ჩემოდნის“ ეგზემპლარები. 1961 წელს გამოსცა გერმანელი დადაისტის რაულ ოსმანის პოემები და თავისი 14 რუსულენოვანი სონეტი „უტყვი განაჩენი“. გამოცემის ყდა ჟორჟ ბრაკის ნახატით იყო ილუსტრირებული, წიგნში კი ჯაკომეტის მიერ შესრულებული ილიაზდის პორტრეტი იყო ჩართული. 1966 წელს ი. ზდანევიჩმა ოქსფორდის ბიზანტიური კვლევების კონგრესზე წაიკითხა მოხსენება „კისამოსის ტაძარი კრეტაზე“ და დაურიგა მონაწილეებს თავისი წერილი „რუი გონსალეს დე კლავიოს მოგზაურობა საქართველოში და საათაბაგოს საზღვრისპირა ეკლესიები“, რათა გაეცნო მათთვის თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების ნგრევის საგანგაშო მდგომარეობა (1966).

1969 წელს პარიზში მოეწყო ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა, სადაც ი. ზდანევიჩის კუთვნილი 60 ტილო იყო წარდგენილი. 1971 წელს გამოვიდა ილიაზდის პოემა „ბუსტროფედონი სარკეში“ - რიბემონ დესენის ილუსტრაციებით, 1972 წელს კი - „ფიროსმანაშვილი - 1914“, რომელშიც შევიდა ილიაზდის მიერ 1914 თბილისში დაბეჭდილი სტატიის თარგმანი და ტექსტი „60 წლის შემდეგ“. გამოცემა გაფორმებული იყო პიკასოს მიერ მშრალი ნემსით შესრულებული ფიროსმანის პორტრეტით. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებში, ასევე, არაერთ კერძო კოლექციაში.

მაია ციციშვილი

ლიტერატურა

  • Iliazd, Paris, Centre Georges Pompidou, 1978 (კატალოგი);
  • L’Avanguardia a Tifi is: studi, ricerche, cronache, testi monianze, documenti, Luigi Magarott o, Marzio Marzaduri, Giovanna Pagani Cesa, eds., Venezia, 1982;
  • Le Gris-Bergmann F., 41°: Ilya and Kirill Zdanevich, San Francisco: Modernism inc., 1991;
  • Т. Никольская, Фантастический город: Русская культурная жизнь в Тбилиси: 1917-1921, М.: Пятая страна, 2000;
  • И. Терентьев, Рекорд нежности: житие Ильи Зданевича, Рис. К. Зданевича, Тифлис, 1919; Т. Никольская, Авангард и окрестности, СПб.: Изд-во Ивана Лимбаха, 2001.

იხილე აგრეთვე

ილია ზდანევიჩი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები