ზემო ჩოჩეთის წმინდა სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზემო ჩოჩეთის წმინდა სამების ეკლესია - ეკლესია მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ჩოჩეთის ძველ სასაფლაოზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (7,5 X 4,7 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, კონსტრუქციის ნაწილებში გამოყენებულია მოზრდილი გათლილი ქვები. შესასვლელი სამხრეთ კედლის შუა ნაწილშია. კარი შიგნიდან თაღოვანია და ტიმპანითაა დასრულებული. ოდნავ ნალისებრი ფორმის აფსიდში სწორკუთხა სარკმელია, რომელიც გარეთკენ ძლიერ ვიწროვდება. მის გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია.

მეორე სწორკუთხა სარკმელი დასავლეთ კედელშია. სატრიუმფო თაღის იმპოსტის პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. ხოლო დასავლეთ კედელთან შეკიდული საბჯენი თაღის კრონშტეინების პროფილს – თარო და ნაოთხალი ლილვი. აფსიდის კონქი სარკმლის ზემოთ გარღვეულია ფრონტონის კედლის სიბრტყემდე. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის ზემოთა ნაწილში სწორკუთხა შეღრმავებაა. საკურთხევლის თაღოვანი სარკმელი გარედან მოწითალო ტუფის მოზრდილი ქვებითაა ნაწყობი. თაღოვანი ნაწილი ერთ ქვაშია ამოკვეთილი. სამხრეთ ფასადის კედლის წყობაში გამოირჩევა შესასვლელი, რომელიც მთლიანად ამოყვანია გათლილი ქვებით. ეკლესიის კედლები დასრულებულია სქელი ფიქალის ფილებით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნით, რომელსაც გვერდითი ფასადების ფრონტონებზე ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, გადახურული ყოფილა კრამიტით.




წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები