თესმოფორიები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თესმოფორიები(ბერძნ.) ზეიმი, რომელიც დემეტრესა და კორა-პერსეფონეს ეძღვნებოდა. „თესმოფოროსი“ დემეტრეს ეპითეტია და ნიშნავს „კანონმდებელს“. შესაბამისად, თესმოფორიები იყო ზეიმი, რომელიც განადიდებდა დემეტრეს, როგორც საზოგადოებრივი წესრიგისა და ქორწინებათა კანონების დამცველს, მიწათმოქმედებისა და მოსავლის მფარველს. ეს დღესასწაული იმართებოდა ათენში, არკადიაში, მცირეაზიურ პოლისებში, დელოსზე, ეგინასა და სხვა კუნძულებზე.

ათენში თესმოფორიებს ზეიმობდნენ პიანეფსიონის თვეს (ოქტომბერი-ნოემბერი) ხუთი დღის განმავლობაში. მასში მონაწილეობდნენ მხოლოდ შეუბღალავი სახელის მქონე თავისუფალი, დაოჯახებული ქალები, ატიკაში დაბადებული ათენის მოქალაქეები. მამაკაცებს სასტიკად ეკრძალებოდათ თესმოფორიებზე დასწრება. ყოველი დემოსიდან (რაიონიდან) ამოირჩევდნენ ხოლმე ორ შეძლებულ ქალს და მათ ხარჯზე მზადდებოდა დღესასწაული, რომელიც ბოლოს დიდი ნადიმით სრულდებოდა. პირველ დღეს პროცესია სახუმარო და ეროტიკული სიმღერებით მიემართებოდა ათენიდან იმ კონცხისაკენ, სადაც დემეტრესა და კორეს ტაძარი მდებარეობდა. მეორე დღეს ქალღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ღორს ან გოჭს. ცხოველს იმ უფსკრულში აგდებდნენ, რომელიც პერსეფონეს ჰადესიდან გამომავალ ადგილად მიაჩნდათ. ეს ადათი ევბულევსის მითოსის გამოძახილი იყო. ზოგადად ევბულევსი „კეთილ მრჩეველს“ ნიშნავს. იგი რამდენიმე ღვთაების ეპითეტია, მათ შორის ჰადესისაც.

მითოსში ევბულევსი ტრიპტოლემოსის ძმაა (სხვა ვერსიით, დემეტრეს შვილი ან მსახური). ერთხელ, როდესაც ის ღორებს მწყემსავდა, პერსეფონეს მოტაცებას შეესწრო. ეს ამბავი მან დემეტრეს გაუმხილა, რის გამოც ღვთაებამ იგი მიწათმოქმედების წესს აზიარა. გვიანი ლეგენდების თანახმად, ევბულევსი თავის ღორებთან ერთად ჩავარდა ქვესკნელში მაშინ, როდესაც ჰადესისა და მის მიერ მოტაცებული პერსეფონეს წინ მიწა გაიპო. სწორედ ამ მოვლენის აღსანიშნავად იწირებოდა მსხვერპლად ცოცხალი ღორი. მესამე დღის გამთენიისას პროცესია ათენში ბრუნდებოდა. მეოთხე დღე ეთმობოდა გარკვეული წესების აღსრულებას, ხოლო ბოლო დღე – ლხინსა და მხიარულებას, დემეტრე – კალიგენიას, ანუ „მშვენიერ ნაყოფთა შემოქმედი ღვთაების“ განდიდებას.

ჩვენამდე მოაღწია კომედიოგრაფოს არისტოფანეს ქმნილებამ სახელწოდებით „თესმოფორიაძუსები“ („ქალები თესმოფორიების ზეიმზე“).


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები