ჰადესი (ქვესკნელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰადესი(ბერძნ.) „უხილავი“, „შემზარავი“. მიწისქვეშა სამეფო. ჰადესი, საკმაოდ შთამბეჭდავად აისახა ანტიკურ ლიტერატურაში. ბერძენთა წარმოდგენით, მრავალი ზღვის და მთის გადაღმა, დასავლეთის სამანთა მიღმა, იქ, სადაც დედამიწა მთავრდება, სადაც ვერ აღწევს მზის მკრთალი სხივიც, მდებარეობს ჰადესის მიწისქვეშა სამეფოში შესასვლელი კარიბჭე. იქ შეიძლება მოხვდე მიწის იმ ორმოებიდან თუ ნაპრალებიდან, საიდანაც გოგირდის სუნი ამოდის. უხსოვარი დროიდან მიემართებიან სულები ქვესკნელში ამ უკიდურეს დასავლეთით არსებული კარიბჭის გავლით. გზად იხილავენ კიმერიელთა ქალაქს, სადაც მცხოვრებნი ბნელი ღრუბლებითა და ნისლით დაბურულ ქუჩებში დაეხეტებიან. მზე არ უხილავთ მათ, მხოლოდ ყურმოკვრით გაუგიათ, რომ არსებობს მისი ნათელი. ჰადესის შესასვლელთან გადაშლილია სევდიანი ველი, სადაც იშვიათად აღმოცენდებიან ხოლმე შავმერქნიანი ტირიფები და ალვის ხეები. კარიბჭესთან კი ირევიან უცნაური და საშინელი ქმნილებები: აქ არის სევდა თავისი დების, საზრუნავების თანხლებით. ფერმკრთალი სალმობა და დაძაბუნებული სიბერე. მუდამ მთრთოლვარე შიში და დაძონძილი უპოვრობა. შრომა საუბრობს სიკვდილთან, ომი შუღლს ეძებს. ოდნავ მოშორებით, მოშიშვლებულ ადგილზე იზრდება უზარმაზარი თელა, რომლის რტოებზეც სხედან სიზმრები და იმედები. ხის ქვეშ ზის თავისი უსახურობით შემზარავი ბუმბერაზი, ასხელა ბრიარეოსი.

აქ მიედინება მწუხარების მდინარე აქერონი, რომელიც უერთდება ჰადესის მდინარეთა შორის უდიდესს – სტიქსს. იგი ცხრა სარტყლად ეკვრის გარს მიწისქვეშა სამყაროს. მის მრუმე და უმოძრაო წყალს იფიცებენ დიდი ღმერთები. ერთი ნაკადით სტიქსი უერთდება გოდების მდინარეს, საიდანაც დასაბამს იღებს დავიწყების მდინარე ლეთე. ვინც მის წყალს შესვამს, უმალ ივიწყებს, რაც უხილავს და განუცდია დედამიწაზე. აი, ეს მდინარეები უნდა გადალახოს სულმა, მიცვალებულთა სამეფომდე რომ მიაღწიოს. მაგრამ მირიადი წელიც რომ იცუროს, მარტო ამის კეთებას მაინც ვერ შეძლებს. ამიტომ უნდა მიმართოს ქარონს, ქვესკნელის მენავეს, რომელსაც ერთი ობოლოსის ფასად გადაჰყავს მიცვალებულთა სულები ჰადესის სამფლობელოში. იქ მოხვედრილებს კი შემზარავი სანახაობა ელით: მათ შესახვედრად მიისწრაფის კერბეროსი, სამთავიანი მძვინვარე ქოფაკი. ჯერ კიდევ შორიდან ისმის მისი საშინელი ყეფა. მაგრამ არც ისე საშიშია ეს ცხოველი. თავაზიანადაც კი ექცევა შეშინებულ სულებს, მაგრამ თუ ვინმე დედამიწაზე დაბრუნებას განიზრახავს, მაშინ იგი შემზარავია. ელვის სისწრაფით ესხმის თავს მსხვერპლს, თათებით თელავს და ჰადესის ჯურღმულებისკენ მიათრევს.

სულთა სამეფო ერთი თვალუწვდენელი, დამზრალი და მკვდარი ველია, სადაც უსხეულო სულებს აქეთ-იქით დააქროლებენ მოგუგუნე ქარები. თუმცა, ყოველ მიცვალებულს აქვს განკუთვნილი ადგილი: ცალკე ტირიან ჩვილთა სულები, ცალკე დაეხეტებიან უმართებულოდ დასჯილები. განაპირა და უდაბური ადგილები თვითმკვლელებისთვის მიუჩენიათ. მივიწყებული ბილიკებით კი ისინი მიმოდიან, რომლებიც უპასუხო სიყვარულით გარდაიცვალნენ. იქ, სადაც იარაღის ჟღარუნი ისმის, ბრძოლის ველზე დაღუპულები ვარჯიშობენ. მიწისმუშათა აჩრდილები კი შოლტების აჩრდილებით დასდევენ ხარების აჩრდილებს. ყველა სამსჯავროს ელოდება.

სულთა სამეფოს ჰყავს სამი მსაჯული: მინოსი, ეაკოსი და მწითური რადამანთისი. ოდესღაც ისინი მართლგანგებით მეუფებდნენ დედამიწაზე. სწორედ ამიტომ, ზევსის ნებით, მიწისქვეშეთში მათ უდიდესი პატივი ერგოთ: მათ წინაშე წარსდგებიან სულები, რათა განისაჯონ სიცოცხლეში აღსრულებული საქმეებისათვის. განაჩენის გამოტანის შემდეგ კი იქეთ მიემართებიან, სადაც განაწესებენ.

მეფე ჰადესის სასახლის ქვეშ მდებარეობს უსაშინლესი ტარტაროსი. ეს არის ადგილი, სადაც უსასტიკესად ისჯებიან დამნაშავენი. ჰადესის ცნობილ ცოდვილთა შორის ასახელებენ ტანტალოსს, სისიფოსს, იქსიონს, დანაიდებსა და სხვებს. ტარტაროსში ბინადრობენ ჰეკატე, ერინიები, გორგოები, ჰარპიები, ქიმერა, ექიდნა და ჯოჯოხეთის სხვა ურჩხულები. საზარელია ტარტაროსში მოხვედრილთა ხვედრი. მაგრამ ქვესკნელში სხვა ქვეყანაც მდებარეობს. მას „ნეტართა კუნძულს“ უწოდებენ. იქ მიემართებიან მიცვალებულთა ის სულები, რომლებსაც მსაჯულები „წმინდა სულებად“ აღიარებენ (ელისიონი).

ჰადესში ჩასვლისა და იქიდან ცოცხლად ამოსვლის უფლება მხოლოდ რამდენიმე მოკვდავს მიანიჭეს ღმერთებმა: ორფევსს ზევსმა დართო ნება, ამოეყვანა იქიდან ძვირფასი მეუღლე – ევრიდიკე. ჰერაკლემ კერბეროსის ამოყვანა შეძლო. ოდისევსი და ენეასი კი ახლობელთა სულების სახილველად ჩაეშვნენ ჰადესში.

მოკვდავთა მიწისქვეშეთში ჩასვლის ამბები ფართოდ იყო გავრცელებული შუასაუკუნეებშიც. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია დანტეს „ღვთაებრივი კომედია“. ძველი სამყაროს წარმოდგენები მიწისქვეშეთზე ნაწილობრივ ქრისტიანობამაც მიიღო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები