ტანტალოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტანტალოსი(ბერძნ.)

1. ფრიგიის სიპილოსის (ზოგი ვერსიით, არგოსის ან კორინთოს) მეფე. ზევსის (თუ ტმოლოსის) ძე. პელოფსისა და ნოიბეს მამა. ატრევსისა და თიესტესის პაპა.

ტანტალოსი უდიდესი პატივის ღირსად სცნეს ცისიერებმა. მას ხშირად იწვევდნენ ოლიმპოსზე სანადიმოდ გაშლილ ღვთაებრივ სუფრასთან. ვერ შეიფერა ეს პატივი მოკვდავმა კაცმა. ამბროსია და ნექტარი მოიპარა, რათა თავისი მეგობრებისათვის დაემტკიცებინა ღმერთებთან ყოფნის ამბავი. ჯერ კიდევ არ იყო ეს დანაშაული გახმაურებული, რომ ტანტალოსმა მეორეგზისაც შესცოდა: სიპილოსზე (თუ კორინთოში) მოიწვია ოლიმპიელი ღმერთები და მოეჩვენა, რომ მის საცავებში არ იყო საკმარისი საკვები. ამას დაერთო ისიც, რომ ტანტალოსმა ღმერთების გამოცდა განიზრახა. სურდა შეეტყო, მართლაც ყველაფერს ხვდებოდნენ თუ არა ისინი. საამისოდ თავისი ძე, პელოფსი, აკუწა და სტუმრებს მიართვა. შეძრწუნებულმა ცისიერებმა არ დააკარეს პირი საზარელ საკვებს. მხოლოდ დემეტრემ, პერსეფონეს დაკარგვით რომ იყო შეძრწუნებული, მიირთვა პელოფსის მხარი. ახლა კი განრისხდნენ ღმერთები და ტანტალოსის დასჯა განიზრახეს. თან ერთი ცოდვაც გაუხსენეს: მაშინ, როდესაც ზევსი ჯერ კიდევ ბავშვი იყო და კუნძულ კრეტაზე იზრდებოდა, ჰეფესტომ ოქროს ძაღლი გამოჭედა და რეას უძღვნა, რათა დარაჯად დაეყენებინა ღმერთების მომავალი მეუფისათვის. ეს ოქროს ძაღლი პანდარევსმა მოიპარა და ტანტალოსს მიაბარა გადასამალად. როდესაც მინელდა ამ ქურდობით გამოწვეული ხმაური, პანდარევსმა უკანვე მოითხოვა ძაღლი, მაგრამ ტანტალოსმა ზევსის სახელით დაიფიცა, რომ არა თუ არ უნახავს, არც არაფერი სმენია მასზე. ეს ფიცი ზევსსაც ესმა. იხმო ჰერმესი და ამბის გარკვევა დაავალა. მახვილგონიერმა ჰერმესმა ძალით თუ ეშმაკობით აღმოაჩინა ეს ძაღლი და ტანტალოსის მზაკვრობა გაამჟღავნა.

ცრუ ფიცისათვის, ქურდობისათვის, ღმერთების გამოცდისათვის ტანტალოსმა საშინელი სასჯელი დაიმსახურა – მისი სამეფო განადგურდა, ხოლო თავად, ჰადესის ბნელ სამეფოში ჩაგდებული ითმენს მუდმივ სატანჯველს: მშიერ-მწყურვალი დღემდე გამჭვირვალე წყალში დგას. ტალღები ყელამდე სწვდებიან, მაგრამ საკმარისია, ოდნავ დაიხაროს წყურვილის მოსაკლავად, რომ წყალი ქრება, მხოლოდ ტალახი რჩება ფერხთა ქვეშ. თუ მოახერხებს და პეშვით აიღებს წყალს, უმალ თითებს შორის გაურბის. სველი ხელით თუ ტუჩს გაისველებს, წყურვილი უფრო უძლიერდება. ტანტალოსისკენ იხრებიან ტკბილი ნაყოფით დახუნძლული ვაშლის, ფინიკის, ზეთისხილის თუ ბროწეულის ხეთა რტოები, მაგრამ როგორც კი ხელს გაიწვდენს მათ მოსაწყვეტად, იმწამს ქარი ამოვარდება და ტოტები მაღლა იწევიან.

ამას ემატება ისიც, რომ მის თავს ზემოთ უზარმაზარი კლდე ირხევა, რომელიც წამდაუწუმ ჩამოვარდნითა და გასრესით ემუქრება ამ შიმშილით და წყურვილით გათანგულ მოკვდავს, რომელიც ოდესღაც ღმერთებთან ერთად შეექცეოდა ნექტარსა და ამბროსიას.

ტანტალოსის მითოსი ოლიმპიამდელი რელიგიის კუთვნილებაა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გავრცელდა საბერძნეთში.

ტანტალოსის სახემ მხატვართა და პოეტთა ყურადღება ანტიკურ ეპოქაშივე მიიპყრო. მასზე სოფოკლეს ტრაგედიაც კი შეუქმნია. სამწუხაროდ, ამ ტრაგედიას ჩვენამდე არ მოუღწევია.

გამოთქმა „ტანტალოსის ტანჯვანი“ თანამედროვე მეტყველებაში დამკვიდრდა სანუკვარი მიზნის მიღწევის შეუძლებლობის გამოსათქმელად.

2. თიესტესის ვაჟი, რომელიც აგამემნონმა მოკლა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები