დემეტრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დემეტრე "კნიდოსელი".
მარმარილო (ძვ. წ. 340-330 წ.წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი.

დემეტრე(ბერძნ.) ნაყოფიერების ღვთაება, მიწათმოქმედების მფარველი ქალღმერთი. კრონოსისა და რეას ასული, ზევსის და, პერსეფონეს დედა. რომაულ მითოლოგიაში მას უწოდებენ კერესს (ცერერას).

მიწის თაყვანისცემა ყველა ძველი ხალხისთვის იყო დამახასიათებელი. მიწა ითვლებოდა სიცოცხლის საწყისად, დედად ყოველი არსებულისა, რომელიც ბოლოს და ბოლოს უბრუნდება იმას, საიდანაც იშვა. თავდაპირველად მიწის ღვთაება მრავლისმომცველი ქალღმერთი იყო. რელიგიის განვითარებასთან ერთად მისი ფუნქციები განაწილდა, გამოიყო ნაყოფიერების ღვთაება, რომელიც მოგვიანებით მიწათმოქმედების მფარველადაც შერაცხეს. საბერძნეთში მისი სახელი იყო დემეტრე, რაც სიტყვასიტყვით „დედა-მიწას“ ნიშნავს. მოგვიანებით დემეტრეს თაყვანს სცემდნენ აგრეთვე როგორც კანონიერების (თესმოფორე), ოჯახისა და ქორწინების მფარველ ღვთაებასაც. ოლიმპიურ პანთეონში დემეტრე მხოლოდ ძვ.წ. VI-V საუკუნეებში დამკვიდრდა.

ბერძენთა წარმოდგენით, დემეტრემ ასწავლა ადამიანებს მიწის დამუშავების წესები, მან უძღვნა მოკვდავთ ყველა ნაყოფი, რომელთაც კი დედამიწა აღმოაცენებს. ამიტომ დემეტრეს ყოველგან სცემდნენ თაყვანს და უძღვნიდნენ მდიდრულ შესაწირს.

მართალია, დემეტრე ქორწინების მფარველი ღვთაებაც იყო, მაგრამ მეუღლე თავად არასოდეს ჰყოლია. მას ზევსისაგან უქორწინოდ შეეძინა ქალიშვილი, სახელად კორე (პერსეფონე) და ძლევამოსილი ძე იაკქოსი. პლუტოსი კი შეეძინა იასიონისაგან, რომელსაც შეეუღლა კადმოსისა და ჰარმონიას ქორწილზე. არსებობს გადმოცემა იმის თაობაზე, თუ როგორ დაიმორჩილა დემეტრე პოსეიდონმა. მითოსის თანახმად, თავი რომ დაეღწია აბეზარი ღვთაებისაგან, დემეტრე ფაშატად გარდაისახა. პოსეიდონი არ მოტყუვდა, მანაც ულაყად იცვალა სახე და ასე ძალით თანაეყო ღვთაებას. ამ ამაზრზენი კავშირისაგან იშვა ნიმფა დესპოინა და ველური ცხენი არეიონი. დემეტრეს რისხვა იმდენად მძვინვარე იყო, რომ მას თაყვანს სცემდნენ, როგორც შურისგების ქალღმერთსაც.

დემეტრესავით ლამაზი იყო პერსეფონე. მიწისქვეშეთის მბრძანებელი ჰადესი მოიხიბლა მისი მშვენებით და მოიტაცა (პერსეფონე). მიწის წიაღში ჩამავალ მბრწყინავ ეტლს თვალი მოჰკრა მხოლოდ მზე-ღმერთმა ჰელიოსმა, რომელმაც იცოდა, რომ ეს მოტაცება ზევსის თანხმობით მოხდა.

დიდხანს ეძებდა დემეტრე თავის ქალიშვილს. ყოველ შემხვედრს ეკითხებოდა მის ამბავს, მაგრამ ვერც ღმერთი, ვერც კაცი და ვერც ფრთოსანი სანუგეშოს ვერაფერს ეუბნებოდა. პურის თავთავი შემოახმა, ყაყაჩოები შემოაჭკნა, შემოეხია მოსასხამი თავთუხისფერი. ცხრა დღე და ღამე დაეხეტებოდა ძაძით მოსილი დიდი ქალღმერთი დედამიწაზე, მეათე დღეს კი მზე-ჰელიოსს ესტუმრა, რომელმაც ამცნო, რაც იცოდა.

დემეტრე.
ზევსის საკურთხევლის ფრიზი პერგამონში (ძვ. წ. 180 წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი.

კიდევ უფრო შეწუხდა დემეტრე. მეხთამტყორცნელ ზევსზე განრისხდა, მიატოვა ღმერთების საბრძანებელი, უბრალო მოკვდავის სახე მიიღო და დიდხანს, დიდხანს დაეხეტებოდა ქალაქიდან ქალაქში. გაუდაბურდა დედამიწა, აღარც ბალახი იზრდებოდა, აღარც ყვავილი, ფოთლები დაჭკნა, ტყე გაშიშვლდა, აღარ ხარობდა ბაღში ნაყოფი, გახმა ვენახი, სიცოცხლე ჩაკვდა. ყველგან შიმშილი მძვინვარებდა, დაღუპვა ელოდა ადამიანთა მოდგმას. ბოლოს ქალღმერთი ელევსინს მიადგა და იქ, ქალაქის კედლებთან, ზეთისხილის ჩრდილში ჩამოჯდა მოღლილი და მოტირალი. იგი ელევსინის მეფის, კელეოსის ასულებმა ნახეს და სასახლეში წაიყვანეს. რა იცოდნენ გულმოწყალე ქალიშვილებმა, რომ მათ გვერდით დიდი ღვთაება მიაბიჯებდა! მაგრამ როდესაც სასახლეში შედიოდა დემეტრე, თავით შეეხო კარიბჭეს. მთელი სასახლე გააბრწყინა ნათელმა სხივმა. იგრძნო დედოფალმა მეტანირამ, რომ უბრალო მოკვდავს არ გადმოუბიჯებია სასახლის ზღურბლზე. იგი სტუმრებს შემოეგება და სადედოფლო ტახტზე დაბრძანება შესთავაზა. მაგრამ ქალღმერთმა უბრალო მოახლის სკამი ირჩია. მეტანირას მოახლემ, მხიარულმა იამბემ, ხუმრობა სცადა. პირველად გაიღიმა დემეტრემ მას შემდეგ, რაც პირქუშმა ჰადესმა ასული მოსტაცა. დემეტრე კელეოსის სასახლეში დარჩა და მისი ვაჟის, დემოფონის აღზრდას შეუდგა. ქალღმერთმა განიზრახა მისთვის უკვდავება მიენიჭებინა. ყმაწვილს მუხლებზე იწვენდა, ღვთაებრივ მკერდთან, რათა უკვდავი ამონასუნთქი შთაებერა. ამბროსიას უსვამდა ტანზე. ღამღამობით კი, როდესაც ელევსინის სასახლეში ყველას ეძინა, არტახებში ახვევდა და გახურებულ ღუმელში აწვენდა, რათა მოკვდავთა ყველა თვისება, რაც იყო მასში, ალს დაეფერფლა. ბავშვი დღითიდღე იზრდებოდა. ალბათ უკვდავებასაც ეზიარებოდა, მეტანირას რომ არ ეხილა როგორ აწვენდა მას დემეტრე ანთებულ ღუმელში. შეძრწუნებულმა დედოფალმა შეჰყვირა და დემეტრესთან მიიჭრა გონდაბინდული. თავადაც არ ესმოდა, რას ყვიროდა. დემეტრე განრისხდა, ყრმა გამოიღო ანთებული ღუმელიდან, მთელი თავისი ბრწყინვალებით აღიმართა მეტანირას წინაშე და აუწყა: „მე დემეტრე ვარ, დიდი ღვთაება. შემეძლო მეფისწული უკვდავი გამეხადა, მაგრამ ასე აღარ მოხდება. გიბრძანებ, ამიგოთ ტაძარი და მის კედლებში აღმიმართოთ საკურთხეველი. დღესასწაულსაც დავაწესებ, რათა საიდუმლო ზიარებისას თაყვანი მცენ წესის მიხედვით“, – თქვა ქალღმერთმა და გაქრა. გონს რომ მოეგო დედოფალი, ღვთაების ნების აღსრულება ბრძანა. მალე ელევსინში ააგეს დიდებული ტაძარიც და საკურთხეველიც. ოქროს დემეტრემ, ძვირფას ასულზე დარდით ერთობ დამწუხრებულმა, დაივანა ამ ტაძარში. მისგან მიტოვებული დედამიწა კი გაუდაბურდა, იღუპებოდა ხალხი. მაშინ ზევსმა დემეტრეს მოლმობიერება განიზრახა. ჰადესს ფიქრივით სწრაფი ჰერმესი გაუგზავნა, რათა მაცდური სიტყვით დაეყოლიებინა იგი, დაეთმო პერსეფონე. ზევსის სურვილი კი აღასრულა ჰადესმა, მაგრამ განშორების ჟამს ბროწეულის ნაყოფი მიართვა თავის მეუღლეს. პერსეფონემ გადაყლაპა რამდენიმე მარცვალი. მან არ იცოდა, რომ ამით სამუდამოდ დაუკავშირდებოდა აჩრდილთა საუფლოს.

დემეტრე, ტრიპტოლემოსი, პერსეფონე.
ბარელიეფი (ძვ. წ. 440-430 წ.წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

მას შემდეგ პერსეფონე, ღვთაებათა გადაწყვეტილებით, წლის ორ მესამედს დედასთან ატარებს, ერთ მესამედს კი – თავის მეუღლესთან. როდესაც პერსეფონე დემეტრესთან არის, ბუნება ხარობს, მიწას ნაყოფიერება უბრუნდება, ტყე ფოთლებით იმოსება, მწვანე ჯეჯილი თავთავს იყრის, მთელი სამყარო ზეიმობს და განადიდებს მწიფე თაველისფერი გვირგვინით მოსილ მშვენიერ ქალღმერთს. ხოლო როდესაც პერსეფონეს წასვლის დრო დგება, ბუნება კვდება, რათა შემდეგ კვლავ აღორძინდეს.

კეთილმოწყალე ღვთაებაა დემეტრე, მაგრამ შურისმგებელია მათ მიმართ, ვინც მას არ ეთაყვანება. აი, რა შეემთხვა თესალიის მეფე ტრიოფსის ძეს, ერისიხთონს, რომელიც მიატოვა კეთილმა ღვთაებამ: უძველეს ხანად პელასგებმა მადლიერების ნიშნად დემეტრეს უძღვნეს ჩრდილით მოსილი დიდებული ჭალა, სადაც ძველთაძველი მუხა ხარობდა. მისი კენწერო ცას სწვდებოდა, ხოლო რტოთა ქვეშ მთელი ტყე იყო გადაშლილი. და აი, ამ მუხის მოჭრა განიზრახა ერისიხთონმა, რომლის სულშიაც ბოროტებამ დაისადგურა. დემეტრემ სცადა, გონს მოეყვანა მეფისწული, მაგრამ ამაოდ. ბოროტი სულით დათრგუნულმა თესალიელმა ცულის ურიცხვი დაკვრით ძირს დასცა ძველთაძველი მუხა, რომელმაც მთელი ტყე ქვეშ მოიყოლა. ელევსინზე ნაკლებად როდი უყვარდა დიდ ღვთაებას ეს წმინდა ადგილი. სწორედ ამიტომ მან ერისიხთონი სასტიკად დასაჯა: იგი შიმშილით უნდა მომკვდარიყო. დემეტრემ შიმშილის ღვთაებას დაავალა ამ ბრძანების აღსრულება.

როდესაც თვალებჩაცვენილი, თმაგაჩეჩილი, ჩამომჭკნარი და გაძვალტყავებული შიმშილის ღმერთი ერისიხთონის სასახლისაკენ წალასლასდა, ღამეული დრო იყო. მკრეხელს ეძინა. ღმერთმა მკლავები შემოაჭდო მეფისწულს და თავისი სული შთაბერა.

ძილშივე შეაწუხა ერისიხთონი შიმშილის დაუოკებელმა გრძნობამ. გამოღვიძებული საჭმელს ეცა და რაც უფრო მეტს ჭამდა, მით უფრო მეტად შიოდა. გაფლანგა მთელი საბადებელი, მაგრამ ამაოდ. ერთი ასულიღა შერჩა. ისიც გაყიდა. ზღვათა მეუფე პოსეიდონმა შეიბრალა მეფის ქალიშვილი და გარდასახვის უნარი უბოძა. ქალწულმა სახე იცვალა და ახალ მეპატრონეს იოლად დააღწია თავი. ეს რომ ერისიხთონმა შეიტყო, ხშირად იწყო მისი გაყიდვა, მაგრამ ამანაც არ უშველა. შიმშილის უფრო მძლავრმა სენმა შეიპყრო: მან საკუთარი ხორცის გლეჯა დაიწყო და საშინელი ტანჯვით დალია სული. დემეტრესა და პერსეფონეს მითში აისახა სიკვდილისა და სიცოცხლის მარადიული ბრძოლა. წლის იმ მანძილზე, როდესაც პერსეფონე დედასთან არის, ბუნება ხარობს. როდესაც პერსეფონე ჩადის ჰადესში, დგება ზამთარი. ბუნება კვდება. მაგრამ მალე პერსეფონე უბრუნდება დედას, რაც იწვევს ბუნების კვლავ აღორძინებას და ასე გრძელდება უსასრულოდ.

საბერძნეთში განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავდნენ დემეტრეს სადიდებელ საყოველთაო დღესასწაულებს – თესმოფორიებს. დემეტრესადმი მიძღვნილი მთავარი წმინდა ადგილი მდებარეობდა ელევსინში, სადაც სექტემბრის თვეში იმართებოდა ელევსინური მისტერიები (ელევსინიები). ეს იყო დემეტრეს გლოვის სიმბოლური წარმოსახვა. ამ მისტერიებს ზიარებულებს სწამდათ, რომ გრძნობდნენ ცოცხალი და მკვდარი სამყაროს იდუმალ კავშირს, რაც იწვევდა მათ სულიერ განწმენდას.

ანტიკური ხელოვნების აყვავების ხანაში დემეტრეს ჰერას მსგავსად წარმოსახავდნენ ამაყს, მომხიბლავს. მას, თავთავთა გვირგვინით თმაშემოსილს, ხშირად ხელთ ეპყრა ჩირაღდანი და მწიფე ნაყოფით სავსე კალათა.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები