კადმოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კადმოსი(ბერძნ.) ბეოტიური მითოსის გმირი. თებეს ლეგენდარული დამაარსებელი. ფინიკიის მეფის, აგენორის ძე. ევროპეს, ფოინიქსისა და კილიქსის ძმა.

მას შემდეგ, რაც ზევსმა მოიტაცა ევროპე, ფინიკიის სამეფო კარი საგონებელში ჩავარდა. აგენორმა ვაჟებს უბრძანა, დის საძებრად წასულიყვნენ. კადმოსმა დელფოს სამისნოს მიაშურა რჩევის საკითხავად. ორაკულმა ურჩია, შეეწყვიტა ევროპეს ამაო ძებნა, გზას დასდგომოდა, პირველივე შემხვედრი ძროხის კვალს გაჰყოლოდა და სადაც ეს ძროხა შეჩერდებოდა, იქ ქალაქი დაეარსებინა. მეფისწულს მართლაც შემოხვდა ფოკისში ძროხა, რომელმაც, კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ, ერთ აყვავებულსა და წყლით მდიდარ მინდორზე შეისვენა. ეს იყო ბეოტიის მიწა (სიტყვა „ბეოტია“ ბერძნული წარმომავლობისაა და ქართულად „ძროხათა ქვეყანას“ ნიშნავს). სწორედ აქ ააგო კადმოსმა ციხე-სიმგრე და კადმეა უწოდა. ადათისამებრ სამსხვერპლოც აღმართა და მსხვერპლშეწირვისათვის საჭირო წყლის მოსატანად წყაროზე მსახურები გაგზავნა. წყალს არესის ვაჟი დრაკონი იცავდა. მსახურები რომ არ დაბრუნდნენ, კადმოსი თავად გაეშურა წყაროსკენ და დრაკონი მოკლა. შემდეგ, ათენას ჩაგონებით, მისი კბილები მიწაში ჩაფლა. დრაკონის კბილებიდან კი აღმოცენდნენ მეომრები, რომლებიც ერთურთს შეებნენ. ყველა დაიხოცა ხუთის გარდა. ესენი იყვნენ: ექიონი (გველისმიერი), უდაიოსი (ნიადაგისმიერი), ხთონიოსი (მიწისმიერი), პელორი (გოლიათური) და ჰიპერენორი (უძლიერესი), რომელთაც „სპარტები“ ანუ „დანათესარნი“ ეწოდათ. მათ თანადგომა შესთავაზეს კადმოსს, მასთან ერთად ააშენეს ქალაქი, რომელსაც თებე უწოდეს და საფუძველი დაუდეს მის დიდგვაროვანთა მოდგმას (ერთ-ერთი სპარტოსი, ექიონი, მოგვიანებით კადმოსის ასულ აგავეზე დაქორწინდება).

დრაკონი ღვთაებრივი მოდგმისა იყო და მისი მოკვლისთვის კადმოსი დაისაჯა: რვა წელი არესს ემსახურა. ბოლოს ათენამ იგი თებეს მეფედ აკურთხა და არესისა და აფროდიტეს ასულ ჰარმონიაზე დააქორწინა. ქორწილს ყველა ღმერთი დაესწრო. მათ ჰარმონიას უბოძეს მოსასხამი და ყელსაბამი, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა თებესა და მთელი მისი მოდგმისათვის.

კადმოსსა და ჰარმონიას ოთხი ასული და ერთი ვაჟი შეეძინათ: ავტონოე (აქტეონის დედა), ინო (მელიკერტესის დედა), სემელე (დიონისეს დედა), აგავე (პენთევსის დედა) და პოლიდოროსი. როდესაც ხანში შევიდა, კადმოსი მეუღლესთან ერთად ილირიაში გადასახლდა. იქ ისინი დრაკონებად გარდაისახნენ. გარდაცვალების შემდეგ კი დაივანეს ელისიონში.

კადმოსის მითოსი თებეს დამაარსებელთა და ფინიკიის სამეფო კარის სიახლოვეზე ამახვილებდა ყურადღებას. ამის დასტურია ისიც, რომ კადმოსს მიეწერება ფინიკიური ანბანის საბერძნეთში გავრცელება.

დრაკონთან მებრძოლი კადმოსის გამოსახულებას ხშირად ვხვდებით ანტიკური ხანის ლარნაკთა ფერწერაში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები