ინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინო(ბერძნ.) თებეს მეფის კადმოსისა და ჰარმონიას ასული, სემელეს და. ათამასის მეორე ცოლი, ფრიქსოსისა და ჰელეს დედინაცვალი. რომში მისი სახელი იყო მატუტა.

როდესაც სემელე დაიფერფლა და ზევსმა თავისი თეძოდან ხელმეორედ შვა დიონისე, მისი აღზრდა ინომ ითავა. იგი ცოლად გაჰყვა ათამასს, რომელსაც ღრუბელთა ღვთაება ნეფელესაგან ორი შვილი, ფრიქსოსი და ჰელე, ჰყავდა. ინომ მისი დაღუპვა განიზრახა, მაგრამ ნეფელემ იხსნა თავისი შვილები. ჰერა გამუდმებით სდევნიდა ინოს იმის გამო, რომ იგი დიონისეს არ აკლებდა დედობრივ ზრუნვას. ისე აღივსო ბოროტებით დიდი ქალღმერთი, რომ დათმო ზეცის მშვიდი და ნათელი საბრძანებელი და მიწისქვეშა სამყაროს, ჰადესს მიადგა. ჰერამ უხმო ღამისგან ნაშობ დებს, შეუბრალებელ ერინიებს, რომლებიც ადამანტით დახშულ კარებთან ისხდნენ და შავი გველებით დამძიმებულ თავებს იქექავდნენ. ღმერთქალმა ისინი ათამასისა და ინოს დასასჯელად წააქეზა. ჰერას ბრძანების აღსრულება ერთ-ერთმა ერინიამ, გულღრძო ტისიფონემ ითავა. ხელი დაავლო სისხლიან ჩირაღდანს, მოისხა სისხლმოწურწურე მოსასხამი, ზედ გველი შემოიხვია და კადმოსის სასახლისაკენ ისწრაფა. ათამასმა და ინომ იგრძნეს უბედურების მოახლოება. კარებს მიაწყდნენ, მაგრამ უკვე გვიანღა იყო. ერინიას მიერ ნატყორცნმა გველებმა ისინი საზარელი შხამით დაგესლეს. ათამასს გონება წაერთვა. იგი გაშმაგებით დაედევნა ინოს, რომელსაც მკერდში ჩაეკრა თავისი ორი ძე. ათამასმა მას გამოგლიჯა ლეარქოსი, ღიმილით რომ იწვდენდა მისკენ პატარა ხელებს, შურდულივით დააბზრიალა და თავი სიპ ქვას მიახლევინა. გონგარდასული ინო მაღალ კლდეზე აბობღდა, სიშმაგემ ძალა შეჰმატა და რადგანაც შიშის გრძნობაც აღარ გააჩნდა, თავისი შვილით გადაეშვა მღელვარე ზღვაში. ტალღა გათეთრდა...

როგორც ძველები გადმოგვცემენ, მისმა დაუმსახურებელმა ტანჯვამ შეძრა ღმერთები. მათ შეიცოდეს ინო, ზღვის ღვთაებად გარდასახეს და ლევკოთეა („თეთრი ღვთაება“) უწოდეს. ზღვის ღვთაებადვე გარდასახეს მისი ჩვილი, მელიკერტესიც, რომელსაც პალემონი შეარქვეს.

ინოს კულტი გავრცელებული იყო მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები