ათამასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ათამასი(ბერძნ.) ბეოტიაში მოსახლე მინიელების მეფე. ორქომენოსის განმგებელი. მეფე ეოლოსის ძე, ელინოსის შვილიშვილი.

ათამასი – ათამასის რისხვა. არქანჯელო მილიარინი (1778-1865 წ.

ჰერას ბრძანებით, ათამასმა იქორწინა ღრუბელთა ღვთაება ნეფელეზე, რომელიც ზევსმა შექმნა ჰერას სახების მიხედვით. მისგან ათამასს შეეძინა ორი შვილი: ფრიქსოსი და ჰელე. მალე ათამასმა, ვერ აიტანა რა ნეფელეს მედიდურობა, ცოლად მოიყვანა კადმოსის ასული ინო, რომელმაც შეიძულა ნეფელეს შვილები და მათი დაღუპვა განიზრახა. მაგრამ ნეფელე ფხიზლად იყო. მისი თხოვნით, ჰერმესმა და-ძმას მფრინავი ოქროს ვერძი მოუვლინა, რომელმაც ღრუბლებში გახვეული ბავშვები კოლხეთისაკენ გააქროლა. როდესაც ვერძი აზიისა და ევროპის გასაყარს მიუახლოვდა, ჰელე წყალში ჩავარდა და დაიღუპა. მას შემდეგ ამ ადგილს „ჰელეს ზღვას“ („ჰელესპონტოს“) უწოდებენ. ხოლო ფრიქსოსმა მიაღწია კოლხთა ქვეყანას და იქ დასახლდა.

ჰერას არ ასვენებდა სიბრაზის გრძნობა იმის გამო, რომ ათამასმა მის ორეულს, ნეფელეს, უღალატა. ამას დაემატა ისიც, რომ მეფის სასახლეში მალულად აღიზარდა დიონისე, რომელიც ინოს დამ, სემელემ, შვა ზევსისაგან. ჰერამ განიზრახა, დაესაჯა ათამასი.

ქალღმერთმა მეფეს სიგიჟე მოუვლინა და გონგარდასულმა მამამ საზარლად მოკლა (ჯერ განგმირა და მერე დაგლიჯა) თავისი ძე ლეარქოსი, რომელიც უშვა ინომ. ხოლო როდესაც მეორე ძის, მელიკერტესის, მოსაკლავად გაექანა, ინომ სცადა ბავშვის გადარჩენა: ხელში აიტაცა და გადაეშვა ზღვაში, სადაც გულთბილად მიიღეს ნერეიდებმა. ინო და მელიკერტესი ზღვის ღვთაებებად გარდაისახნენ. ათამასი ბეოტიიდან გაასახლეს. გონზე მოსულმა ორაკულისაგან შეიტყო, რომ დასასახლებლად ისეთი ადგილი უნდა მოეძებნა, სადაც მას გარეული ცხოველებიც კი იუცხოვებდნენ (სხვა ვერსიით, გარეული ცხოველები უმასპინძლებდნენ). ბევრი ხეტიალის შემდეგ იგი წააწყდა მგლების ხროვას, რომელიც თავის ნადავლს გლეჯდა. ათამასის დანახვაზე მგლებმა ნადავლი მიატოვეს და გაიქცნენ. აქ დამკვიდრდა იგი და დაფუძნებულ მხარეს ათამანტია უწოდა.

ათამასს ინო მკვდარი ეგონა, ამიტომ ცოლად შეირთო თემისტო, რომლისგანაც ეყოლა შვილები: ლევკონი, ერითროსი, სქენევსი და პტოოსი.

ამ მითში აისახა ბოროტი დედინაცვლის მიერ თავისი გერების დევნის ამბავი, რომელიც ძველ სამყაროშიც ფართოდ იყო გავრცელებული.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები