კრონოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრონოსი(ბერძნ.) უძველესი ღვთაება. ურანოსისა და გეას ძე. ტიტანთაგან უმცროსი, თუმცა ყველაზე ძლიერი ღმერთი. რომში კრონოსს აიგივებდნენ სატურნუსთან.

რეა ჩვრებში გახვეულ ქვას აწვდის კრონოსს.
პელიკეს ფერწერა (ძვ. წ. 460 წ.), ნიუ-იორკი, მეტროპოლიტენის მუზეუმი

ძველ ბერძნულ მითოსში მმართველ ღმერთთა სამ თაობას გამოყოფენ: ურანოსსა და გეას. კრონოსსა და რეას. ზევსსა და ჰერას. შესაბამისად, კრონოსი ღმერთთა მეორე თაობის მამამთავრად ითვლება. როდესაც ურანოსი და გეა შეუღლდნენ, სამყაროში გაჩნდნენ მათი შვილები, ტიტანები, რომლებიც მამამ შეიძულა და რომელთაც დედამიწის წიაღში მალავდა, თანაც იმედოვნებდა, რომ ამით მათ მეტოქეობას განირიდებდა. მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა გეა. როდესაც მისი მოთმინება მოიწურა, განიზრახა ბოლო მოეღო ამ ბოროტებისთვის: შექმნა ლითონი – ადამანტი, მისგან ნამგალი დაამზადა, შეკრიბა თავისი შვილები და მამაზე შურის საძიებლად მოუწოდა. ყველა შეშინდა, მხოლოდ კრონოსმა გაბედა და დედის სურვილი აღასრულა: მან თავის მამას ადამანტის ნამგლით მოჰკვეთა ნაყოფიერების ასო და ძლიერად მოისროლა ზურგს უკან. ამით დასრულდა ურანოსის მეფობის ხანა და სამყაროს მბრძანებლად კრონოსი მოევლინა. მან ცოლად თავისივე და – რეა შეირთო და მასთან ერთად დიდხანს მეუფებდა. მის დროს იშვნენ და გამრავლდნენ ქვეყნად ადამიანები, რომლებიც თავდაპირველად უზრუნველად ცხოვრობდნენ. ისინი ბედნიერები იყვნენ და ამის აღსანიშნავად მათ ოქროს ხანის ადამიანებსაც უწოდებენ.

კრონოსს უწინასწარმეტყველეს, რომ ძალაუფლებას მისივე შვილი წაართმევდა და ასე რომ არ მომხდარიყო, იგი ახალშობილებს დაბადებისთანავე შთანთქავდა. ისევ დედამ შეიბრალა თავისი ნაშიერები და როდესაც გაჩნდა მეექვსე ვაჟი, მის მაგივრად ჩვრებში გახვეული ქვა გადააყლაპა კრონოსს. ჩვილს კი ზევსი შეარქვა და კუნძულ კრეტაზე გადამალა. როდესაც იგი გაიზარდა და მამასთან შებრძოლების ძალა მიეცა, გამოეცხადა კრონოსს და უკანვე ამოანთხევინა შთანთქმული ღმერთები: ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი და პოსეიდონი. მათ მადლიერების ნიშნად მხსნელ ძმას უბოძეს მეხი, ჭექა-ქუხილი და ელვა, გეას რომ ჰქონდა გადამალული. ამით მისი უზენაესობა აღიარეს, წინამძღოლად სცნეს და ტიტანებს გამოუცხადეს ომი, რომელიც ათი წელი გაგრძელდა და დასრულდა ზევსის გამარჯვებით. ამ ტიტანომაქიის შემდეგ კრონოსი და მისი მომხრენი ტარტაროსში განისვენებენ. მითოსის გვიანი ვერსიის თანახმად, ზევსი შეურიგდა კრონოსს და „ნეტართა კუნძულზე“ მეფობის უფლება მიანიჭა.

ვარაუდობდნენ, რომ თავდაპირველად კრონოსი მოსავლის ღვთაება იყო. მისი კულტი გავრცელებული ყოფილა მხოლოდ ოლიმპიასა და ათენში, სადაც იმართებოდა ხალისიანი ზეიმი – კრონიები. იმიტომ რომ სახელწოდება „კრონოსი“ თავისი ჟღერადობით ემსგავსებოდა „ქრონოსს“, რომელიც დროს განასახიერებდა, ხშირად კრონოსს დროის ღვთაებადაც მიიჩნევდნენ.

ანტიკურ ხელოვნებაში კრონოსს ზევსის მსგავს მოხუცად წარმოსახავდნენ, რომელსაც მოსასხამი ჰქონდა მოსხმული და ხელთ ეპყრა ნამგალი.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები