ჰერაკლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერაკლე.
ბრინჯაო (ძვ. წ. 330-320 წ.წ.), პარიზი, ლუვრი.

ჰერაკლე(ბერძნ.) ძველი საბერძნეთის უდიდესი გმირი. ზევსისა და ალკმენეს ძე. რომაელებმა მას ჰერკულესი უწოდეს.

ჰერაკლე.
ვერცხლის ფინჯანი (ახ. წ. I ს.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი.

გმირები ღმერთთა და მოკვდავ ქალთა შვილები არიან, ადამიანებზე უფრო ახოვანნი და ძალმოსილნი. ისინი გამუდმებით ეძიებენ თავგადასავლებსა და საგმირო საქმეებს აღასრულებენ. ბერძნულმა მითოლოგიამ მრავალი გმირის სახელი შემოგვინახა, მაგრამ მათ შორის აღმატებულად პოპულარული იყო ჰერაკლე.

ალკმენე, რომელსაც ჰერაკლეს დედად ასახელებენ, იყო მიკენის უზენაესი მეფის, პერსევსის შვილიშვილი. ერთხელ, როდესაც მისი მეუღლე, ამფიტრიონი, საბრძოლველად იყო წასული, ზევსი ეწვია თებეს, მოიხიბლა ალკმენეს მშვენებით და მასთან სარეცელის გაზიარება მოისურვა. მიიღო ამფიტრიონის სახე და ალკმენეს თალამოსში გაატარა მთელი ღამე, რომელიც ხანგრძლივობით სამი ღამისოდენა იყო. იცოდა ზევსმა, რომ ისეთი დიდი გმირის ჩასახვა, როგორიც ჰერაკლე იყო, განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა მომხდარიყო. ალკმენეს მშობიარობის დროს კი ღმერთების საკრებულოში განაცხადა, რომ სულ მალე დაიბადებოდა მისი ძე, რომელიც შეიქნებოდა პერსევსის სახელოვანი კარის მეუფე. მოჰკრა თუ არა ამ სიტყვებს ყური ეჭვიანმა ჰერამ, შეიპირა ზევსი, რომ მას, ვინც შებინდებამდე დაიბადებოდა პერსევსის სასახლეში, უზენაეს მმართველად სცნობდნენ. როგორც კი მიიღო ზევსისგან ურღვევი ფიცი, ჰერამ ისწრაფა მიკენისაკენ და დააჩქარა მეფე სთენელოსის მეუღლის, ნიკიპეს მშობიარობა. შემდეგ თებესკენ გაემართა, ალკმენეს სახლის კარიბჭესთან ჩამოჯდა და მანამარ ამშობიარა, ვიდრე არ იშვა სთენელოსის შვიდთვიანი ძე ევრისთევსი. ერთი საათის შემდეგ დაიბადა ჰერაკლე. აღმოჩნდა, რომ მას ტყუპისცალიც ჰყოლია, რომელიც ამფიტრიონისაგან ჩასახულა. მას იფიკლესი შეარქვეს.

სარჩევი

ჰერაკლეს ბავშვობა

ზევსს არ შეეძლო დაერღვია თავისი ფიცი. ვეღარ იქნებოდა ჰერაკლე პერსევსის სახელოვანი კარის მეუფე. სამაგიეროდ, მეხთამტყორცნელმა დაითანხმა ჰერა იმაზე, რომ ჰერაკლე ღმერთთა შორის დაიდებდა ბინას, თუ ევრისთევსის დავალებით თორმეტ საგმირო საქმეს აღასრულებდა.

ამბობენ, თავდაპირველად, ჰერაკლესათვის ალკეოსი შეურქმევიათ. ხოლო ჰერაკლე მისთვის დელფოს ორაკულს უწოდებია „ჰერას მიერ დევნილის“ თუ „ჰერას მიერ განდიდებულის“ მნიშვნელობით. ასე იყო თუ ისე, ჰერა სხვადასხვა ოინს იგონებდა ზევსის უსაყვარლესი ძის დასაღუპად, ხოლო ჰერაკლე ღირსეულად აღწევდა თავს ყველა განსაცდელს.

წლისაც არ იქნებოდა ჰერაკლე, ჰერამ რომ მისი დაღუპვა განიზრახა. როდესაც ყველას ეძინა, მან ბავშვების საძინებელ ოთახში ორი უზარმაზარი გველი შეგზავნა. მათი თვალებიდან ცეცხლი იფრქვეოდა, დაღებული ხახიდან კი შხამი გადმოსდიოდათ. ზევსმა სასწაულებრივად გაანათა ოთახი. ტყუპებმა თვალები გაახილეს. შეძრწუნებული იფიკლესი საწოლიდან ჩამოგორდა, ხოლო ჰერაკლემ თავის თოთო ხელებში მოიმწყვდია ეს გველები და არნახული ძალით მოგუდა.

ჩვილი ჰერაკლე.
პომპეის ფრესკა (ახ. წ. 50-79 წ.წ.), ბერლინი სახელმწიფო მუზეუმი.

ზევსმა თავის დიად ასულს, ათენას მოუწოდა, ყოფილიყო ჰერაკლეს მფარველი, რაც ხალისით ითავა კიდეც ქალღმერთმა. ერთხელ მან ჰერას დაანახა თებეს კედლებთან ჩაძინებული პატარა ჰერაკლე და სთხოვა, გამოეკვება ეს მშვენიერი ბავშვი. ჰერამ, რომელიც ვერ მიუხვდა ათენას ოინს, ჩვილი აიყვანა და მკერდი გაიშიშვლა. ჰერაკლემ კი ისეთი ძალით დაუწყო წოვა, რომ ღვთაებამ ტკივილს ვერ გაუძლო და ბავშვი ჰაერში მოისროლა. რძის ნაკადი ზეცის თაღზე დაიღვარა და მრავალ ვარსკვლავად გაბრწყინდა. მას რძის იკანკლედი ეწოდა. თებელები იმ ადგილს, სადაც ეს მოხდა, „ჰერაკლეს ველს“ უწოდებენ. ათენამ კი, მიაღწია რა თავის საწადელს, ბავშვი ალკმენეს დაუბრუნა და უბრძანა, კარგად აღეზარდა.

ამფიტრიონს თავის შვილზე ნაკლებად როდი უყვარდა ზევსის ძე. მან მოიწვია ცნობილი მოძღვრები, მუსიკოსები და მწვრთნელები და ბავშვების აღზრდა ითავა. თავად ეტლის მართვასა და მოსახვევთა იოლად გავლას ასწავლიდა. კასტორი – საბრძოლო ხელოვნებას. ჰერმესის ერთ-ერთი ძე, ავტოლიკოსი – მუშტიკრივს, ევრიტოსი – მშვილდოსნობას, ევმოლპოსი – სიმღერასა და კითარაზე დაკვრას, ხოლო ლინოსი – ლიტერატურას.

ერთხელ ჰერაკლე კითარაზე უკრავდა. ევმოლპოსი იმხანად იქ არ იყო. სამაგიეროდ, იქვე იდგა ლინოსი, რომელმაც რაღაც შეუსწორა. არ შეისმინა მოწაფემ. განაწყენებულმა ლინოსმა გაარტყა. ჰერაკლემ თავი ვერ შეიკავა და კითარა მოუღერა მოძღვარს. ვერ მოზომა და ისეთი ძალით დაჰკრა, რომ საბრალოს სული გააფრთხობინა. ამ უმსგავსო საქციელისათვის იგი სამსჯავროს წინაშე წარდგა, მაგრამ თავი იმართლა სახელოვანი მსაჯულის, რადამანთისის სიტყვებით: „ვისაც დაარტყამენ, უფლება აქვს დარტყმით უპასუხოსო.“ მოსამართლეებმა ზევსის ძე გაამართლეს ათენა პალასის შემწეობით. შეწუხებულმა ამფიტრიონმა კი იმის შიშით, რომ მსგავსი რამ კვლავ არ ჩაედინა მის აღსაზრდელს, კითერონის ტყით შემოსილ მთებში გაგზავნა ჯოგების მოსამწყემსად. ამ ულამაზესი ბუნების წიაღში გაიზარდა ჰერაკლე და დიდებულ ჭაბუკად იქცა. იგი ხომ ღმერთის შვილი იყო. სწორედ ამიტომ გამოირჩეოდა ადამიანთაგან თავისი ახოვანებით, უმშვენიერესი გარეგნობითა და ძალმოსილებით. მისი თვალებიდან უჩვეულო ღვთაებრივი ნათელი გამოკრთოდა, მის მიერ ნასროლი შუბი თუ ისარი არასოდეს ასცდენია მიზანს. ჰერაკლე თავად არ ისწრაფოდა ბრძოლისაკენ, თუმცა თავდამსხმელს მუდამ საკადრის პასუხს მიაგებდა ხოლმე. შეეძლო სხვისი მწუხარების გაზიარებაც. მან, პირველმა მოკვდავთა შორის, ნება დართო მტერს, დაეკრძალა მიცვალებული.

თვრამეტი წლის იყო ჰერაკლე, როდესაც გაიგო, რომ კითერონის ლომი მოსვენებას არ აძლევდა ამფიტრიონს და მის მეზობელ მეფე თესპიოსს, ერეხთეიონის ჩამომავალს. ამ ლომს ბუნაგი ჰქონდა ჰელიკონის მთაზე, რომლის ძირშიც მდებარეობდა ქალაქი თესპია.

მეფე თესპიოსს ორმოცდაათი მშვენიერი და მხიარული ქალწული ჰყავდა. იმის შიშით, რომ მათ უმსგავსო საქმროები არ შეერჩიათ, მამამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: ყოველ მათგანს შვილი უნდა გაეჩინა ჰერაკლესაგან, რომელიც იმხანად ლომზე ნადირობდა. „შენ შეგიძლია სარეცელი გაიზიარო ჩემს უფროს ქალიშვილთან“, – თავაზიანად შესთავაზა გმირს თესპიოსმა და ყოველღამე ჰერაკლესთან მოდიოდა სხვადასხვა ქალწული. მხოლოდ ერთმა მათგანმა უარყო მისი ალერსი, შეინარჩუნა ქალწულობა აღსასრულამდე და ქურუმად მსახურობდა თესპიის სალოცავში. თესპიოსის ქალიშვილებმა ორმოცდათორმეტი ძე უშვეს დიდ გმირს (ორმა ტყუპ-ტყუპი გააჩინა). ჰელიკონის ჭალაში ჰერაკლემ ძირფესვიანად ამოგლიჯა დიდი იფნის ხე, რომლისგანაც უზარმაზარი კომბალი გამოთალა. სწორედ ამ კომბლით გააფრთხობინა სული კითერონის ლომს და მისი ტყავით შეიმოსა, ხოლო თავი კი მუზარადად გამოიყენა.

ჰერაკლეს გმირობები

ჰერაკლე.
ბერძნული ორიგინალის რომაული ასლი (ძვ. წ. IV ს.), მარმარილო, სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი.

ჯერ კიდევ კითერონის მთებში შეიტყო ჰერაკლემ, რომ თებეს მეფე კრეონი, რომელსაც შეფარებული ჰყავდა მისი მშობლები, მძიმე გასაჭირში იყო ჩავარდნილი. იგი ორქომენოსის მეფე ერგინოსს ყოველწლიურად დიდ ხარკს უხდიდა. ჰერაკლემ განიზრახა, გაეთავისუფლებინა თებელები ამ მძიმე გადასახადისაგან. როდესაც იგი ჰელიკონიდან ბრუნდებოდა, გზად შემოეყარნენ ერგინოსის მაცნეები, რომლებიც ხარკის ასაკრეფად მიდიოდნენ. ჰერაკლემ ჰკითხა მათ, თუ საით ეშურებოდნენ. მაცნეებმა სიამაყით განუცხადეს: „თებესკენ გვიჭირავს გეზი. ქალაქის მკვიდრთ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ის, თუ რაოდენი კეთილშობილება გამოიჩინა მეფე ერგინოსმა, რომ არ მოჰკვეთა მათ ცხვირები, ყურები და ხელები ხარკის გადაუხდელობის გამო“. „ნუთუ ერგინოსს მართლაც უნდა ასეთი ხარკი?“ – მრისხანებით იკითხა ჰერაკლემ. მან დაიჭირა მაცნეები, ჩამოათალა ცხვირები, ყურები და ხელები, კისერზე ჩამოჰკიდა და გაუყენა ორქომენოსის გზას.

მეფე ერგინოსი თავს დაესხა თებეს, განაიარაღა ლაშქარი და მოითხოვა, გაეცათ ის კაცი, ვინც ასეთი ბოროტება ჩაიდინა. მეფე კრეონმა იმის შიშით, რომ ერგინოსს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, უფრო კეთილგონივრულ ნაბიჯად მიიჩნია დამორჩილება, მაგრამ ჰერაკლე წინ აღუდგა და მოქალაქეებს თავისუფლებისათვის საბრძოლველად მოუწოდა. მან მოიარა ქალაქის ყველა ტაძარი, საიდანაც გამოიტანა გადანახული საბრძოლო ნადავლი, მეომართა აღსაკაზმავი. ჰერაკლეს ქცევით მოხიბლულმა ღმერთქალმა ათენამ თავად აღკაზმა მებრძოლები. დიდი სიმამაცე და გონიერება გამოიჩინა ჰერაკლემ ამ ბრძოლაში. მისი ძალიხსმევით ომი მოიგეს თებელებმა. მეფე კრეონმა სახელოვან გმირს თავისი ასული მეგარა (მეგერა) შერთო ცოლად და ქალაქის მცველად დანიშნა. მეგარამ ჰერაკლეს ორი ძე უშვა.

ქალღმერთმა ჰერამ საზარელი სენი შეჰყარა ზევსის რჩეულ ძეს: გონება წარსტაცა და სიგიჟე მოუვლინა. თავდაპირველად ჰერაკლე მოსაკლავად დაედევნა თავის ძმისშვილ იოლაოსს, რომელიც რაღაც სასწაულით გადარჩა, შემდეგ თავისი ექვსი შვილი მტრად ჩათვალა და ამოხოცა, ხოლო გვამები სათითაოდ კოცონზე დაწვა. მათ იფიკლესის ორი ძეც მიაყოლა. როდესაც გმირი გონს მოეგო, რამდენიმე დღით ჩაიკეტა ბნელ ოთახში, ხოლო გაწმენდის რიტუალის აღსრულების შემდეგ დელფოს სამისნოსკენ გაეშურა, რათა შეეტყო, თუ როგორ მოენანიებინა უნებურად ჩადენილი ცოდვა. პითიამ მოუწოდა, მისი მშობლების სამკვიდრებელ ტირინისში წასულიყო და მეფე ევრისთევსის კარზე თორმეტი წელი ემსახურა. ქურუმმა ჰერაკლეს უკვდავება უწინასწარმეტყველა, ოღონდ გმირს ევრისთევსის ბრძანებით თორმეტი საქმე უნდა აღესრულებინა.

დამწუხრდა ჰერაკლე. მას არ სურდა ემსახურა უღირსი მეფის კარზე. ამასთანავე მამა-ზევსის განრისხებასაც ერიდებოდა. გმირს ამშვიდებდნენ მეგობრები და ურჩევდნენ აღესრულებინა ღმერთის ნება. თანდათან დაცხრა ჰერაკლე და ბედს დამორჩილდა. ასე დასახლდა იგი მშობლიურ ქალაქ ტირინსში, რათა ცოდვების გამოსასყიდად მიკენის მეფის სურვილები ესრულებინა. თავად ევრისთევსს კი ისე ეშინოდა ძლევამოსილი გმირისა, რომ ახლოს არ იკარებდა, ყველა ბრძანებას თავისი შიკრიკის, კოპრევსის, პირით ატყობინებდა.

საგმირო საქმეთა აღსასრულებლად ჰერაკლეს ოლიმპოსის დიდმა ღმერთებმა უბოძეს აღსაჭურველი: ჰერმესმა უძღვნა შუბი, აპოლონმა – მშვილდი და არწივის ფრთით დამშვენებული ისრები, ჰეფესტომ ოქროს ჯავშანი, ხოლო ათენამ თავად მოუქსოვა სამოსი. პოსეიდონმა გმირი დაასაჩუქრა ტაიჭებით, მამა ზევსმა კი ფარით, რომელზეც მრავალი დიდებული საქმე იყო აღბეჭდილი. ასე ამბობენ, როცა ჰერაკლე საბრძოლველად შეიმართებოდა ხოლმე, შუა ბალთის გარშემო არშიად შემოვლებული თორმეტი გველის თავი გრგვინავდა და შიშის ზარს სცემდა მის პირისპირ მდგომთ.

პირველი გმირობა: ნემეას ლომი

ნემეას ლომი.
ამფორას ფერწერა. (ძვ. წ. 510 წ.).

თებეს სამხრეთით, არგოლისის ქალაქ ნემეას მახლობლად ბინადრობდა მძვინვარე ლომი. იგი ქოფაკ ორთროსისა და ექიდნას ნაშობი იყო. ლომი უმოწყალოდ აჩანაგებდა ახლომდებარე მიდამოებს. მას შიშით ვერავინ ეკარებოდა. ადამიანურ ძალას არ შეეძლო მისი განგმირვა. ცბიერმა ევრისთევსმა ჰერაკლეს ამ ლომის მოკვლა უბრძანა. წარბი არ შეუხრია გმირს, ისე წავიდა ამ უაღრესად სახიფათო ბრძანების აღსასრულებლად. მან ზურგზე კაპარჭი მოიგდო, ერთ ხელში მშვილდი დაიკავა, ხოლო მეორეში – ჰელიკონის ჭალაში გამოთლილი კომბალი.

ჰერაკლემ ნემეას შუადღისას მიაღწია. უკაცრიელი იყო მთელი მიდამო. საზარელი ლომის შიშით ძეხორციელი არ ჩანდა ირგვლივ. დიდხანს ეძებდა დაბურულსა და პირქუშ ხეობებში ზევსის ძე ნადირს. შებინდებისას გმირი ლომის ბუნაგს მიადგა. ეს იყო ვეებერთელა მღვიმე, რომელსაც ორი გამოსასვლელი ქონდა. ერთ-ერთი მათგანი ჰერაკლემ ლოდებით ამოავსო. მეორე გამოსასვლელთან თავად ჩასაფრდა. როცა დაბნელდა, გამოჩნდა უზარმაზარი ნადირი, რომელსაც თავი გრძელი ფაფარით ჰქონდა დაფარული. ღამის სიბნელეს მის თვალთაგან გადმოფრქვეული ცეცხლი ანათებდა. ჰერაკლემ მშვილდი მოზიდა და ისარი მძლავრად სტყორცნა მისკენ მიმავალ ლომს, მაგრამ მისმა რვალივით ტანმა ისარი აისხლიტა. ლომი შედგა, თავი მაღლა ასწია და გაირინდა. ჰერაკლემ კიდევ ორჯერ მოზიდა მშვილდი, მაგრამ ლომის უწყვლად ტყავს ასხლეტილი ისრები სხვადასხვა მიმართულებით გაფრინდნენ. ლომი მძვინვარე თვალებს აბრიალებდა და ისრის მტყორცნელს ეძებდა და ჰა, დაინახ ა კიდეც. მეხის ქუხილივით გაისმა მთებში მისი ღრიალი, იგი ნახტომისათვის მოემზადა და ელვის სისწრაფით დაეძგერა ჩასაფრებულ გმირს. მაგრამ დაასწრო ჰერაკლემ, ისეთი ძალით დაენარცხა მისი კომბალი ფაფარაყრილ ნადირს თავზე, რომ ნამსხვრევებად იქცა. მიწად განერთხა არაადამიანური დარტყმით გაბრუებული ლომი, რომელსაც ანაზდად მივარდა ჰერაკლე, მოხვია მძლავრი მკლავები და მოახრჩო. შემდეგ გმირმა ლომი ბეჭებზე მოიგდო და მიკენისკენ გასწია.

უსულო ნადირის დანახვაზე ისე დაფრთხა ევრისთევსი, რომ თავზარდაცემულმა ჰერაკლეს ქალაქში გამოჩენა აუკრძალა. ამიერიდან გამარჯვების წილ მოპოვებული ნადავლი გმირს გალავნის მიღმაუნდა დაეტოვებინა. ხოლო ჰერაკლე ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად ატარებდა მუზარადად ლომის თავსა და მოსასხამად მისივე ტყავს. ლომის თათები მკერდზე საბელებად ჰქონდა შეკრული რაინდს.

მეორე გმირობა: ლერნეს ჰიდრა

ჰერაკლე და ჰიდრა
სტამნოსის ფერწერა (ძვ. წ. 480-470 წ.წ.), პალერმო, ეროვნული მუზეუმი

მეფე ევრისთევსმა ჰერაკლე ახლა უფრო მძიმე დავალების აღსასრულებლად გაგზავნა: არგოსიდან მოშორებით ზღვის ნაპირზე მდებარეობდა ქალაქი ლერნე. მის ჩრდილოეთით, ჭადრის ხის ძირას, იქ, სადაც წყარო ამიმონე იღებდა სათავეს, ბუნაგი დაედო საზარელ ურჩხულს, ჰიდრას, რომელსაც გველის უზარმაზარ ტანზე ცხრა თავი ება. ამ თავთაგან ერთი უკვდავი იყო. ამიტომ შეუძლებლად მიაჩნდათ ჰიდრას დამარცხება. იგი ლერნეს ჭაობებში დათარეშობდა და აჩანაგებდა ირგვლივ მიდამოს.

ამჯერად ევრისთევსმა ჰერაკლეს ამ ურჩხულის მოკვლა უბრძანა. შეუდრეკელი გმირი ლერნესკენ თავისი საყვარელი ძმისშვილის, იოლაოსის თანხლებით გაეშურა.

ქალღმერთმა ათენამ თავად მოიფიქრა ის, თუ რა უნდა ეღონა ჰერაკლეს. მისი რჩევით მიაღწია გმირმა ჰიდრას ბუნაგს და ალმოდებული ისრები დაუშინა. ურჩხული ბუნაგიდან გამოძვრა, სხეულის გრეხვით კუდზე წამოიმართა და ის იყო გმირს უნდა სცემოდა, რომ არაადამიანური ძალით მოქნეული კომბალი მოხვდა და იგი კვლავ მიწად განერთხა. ჰერაკლე შესაპყრობად მივარდა ჰიდრას, მაგრამ ურჩხული ახლა ფეხზე შემოეგრაგნა. ამაოდ აცლიდა ჰერაკლე ჰიდრას თავებს. ურჩხული ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რადგანაც ყოველი მოგლეჯილი თავის ადგილას ორი ან სამი ახალი ამოსდიოდა.

ჰიდრას დასახმარებლად ჭაობიდან უზარმაზარი კიბორჩხალა ამოძვრა და ჰერაკლეს ტერფში ჩაეჭიდა. გმირმა შეუბრალებლად გასრისა იგი და დასახმარებლად უხმო იოლაოსს, რომელმაც ჭალას ცეცხლი წაუკიდა და აგიზგიზებული მუგუზლებით დაუწყო მოწვა ჰიდრას კისრებს, ჰერაკლე რომ თავებს აცლიდა. ახლა უკვე ურჩხულს ახალი თავები აღარ ეზრდებოდა. იგი თანდათან კარგავდა ძალას. ბოლოს ჰერაკლემ ურჩხულს მახვილით წააცალა უკვდავი თავიც, რომელიც ნაწილობრივ ოქროსი იყო და ღრმად ჩაფლა მიწაში. ზედ ვეებერთელა კლდე დაადგა, რათა ვერასოდეს ეხილა მზის ნათელი. შემდეგ მან ჰიდრას სხეული ასო-ასო აკუწა და მის ნაღველში ამოავლო თავისი ისრები. სწორედ ამიტომ ჰერაკლეს აუცდენელი ისრის ნაიარევი განუკურნელიც იყო.გამარჯვებული გმირი თავის ძმისწულთან ერთად ზეიმით დაბრუნდა მშობლიურ ტირინსში.

მესამე გმირობა: ერიმანთოსის ტახი

მესამე გმირობის აღსასრულებლად ევრისთევსმა ჰერაკლე არკადიაში გაგზავნა. მას ცოცხლად უნდა შეეპყრო ტახი. ეს იყო უზარმაზარი, მძვინვარე მხეცი, რომელიც ერიმანთოსის მთის კიპარისებით დაფარულ ფერდობებზე ბინადრობდა. იგი წამახული ეშვებით ფატრავდა კაცსა თუ ცხოველს. გაუკაცრიელდა მთის ირგვლივ მდებარე ქალაქები, აღარავის სურდა არკადიაში ცხოვრება. და აი, ჰერაკლე ამჯერად ამ ტახთან შესარკინებლად გაეშურა. გზად შეიარა თავისი მოძღვრის, ბრძენი ქირონის უსაყვარლეს მეგობართან, კენტავრ ფოლოსთან, რომელმაც დიდი პატივით მიიღო ზევსის ძე.

ერიმანთოსის ტახი.
იონოქოეს ფერწერა (ძვ. წ. 510 წ.), ლონდონი ბრიტანეთის მუზეუმი.

ფოლოსმა სუფრა გაშალა და თავი ახადა ღვინით სავსე ჩაფს. უმალ მოეფინა ღვინის სუნი მთებსა და ველებს. კენტავრებმაც შეიგრძნეს იგი და განრისხდნენ ფოლოსზე, რომელმაც მათ გარეშე ჩამოასხა ღვთაებრივი სასმელი. ლოდებით, კომბლებითა და ნაჯახებით შეიარაღებულმა კენტავრებმა ფოლოსის მღვიმისკენ ისწრაფეს. მათ წინ უშიშრად აღიმართა ჰერაკლე და ნაწილი იქვე ამოხოცა. გადარჩენილებმა ბრძენი ქირონის მღვიმეს შეაფარეს თავი მალეაზე. მათ კვალდაკვალ მიჰყვა ჰერაკლე. მოზიდა მშვილდი და მისი მომაკვდინებელი ისარი შემთხვევით ქირონს მუხლში ჩაერჭო. ღრმა მწუხარებამ მოიცვა გმირი, როს გონს მოეგო და გაიაზრა, რომ დაჭრა მისვე მეგობარი, ბრძენი მოძღვარი, უმალ იარა მოუბანა, მაგრამ ამაოდ. ნაიარევი განუკურნელი იყო. იცოდა ქირონმა, რომ არ მოკვდებოდა, რადგან უკვდავი იყო, მაგრამ საშინლად გაწამდებოდა.

დარდით აღსავსე გაემართა ჰერაკლე ერიმანთოსის მთისკენ. დაბურულ ტყეში წააწყდა იგი მძვინვარე ტახს და მანამდე სდია, ვიდრე ღრმა თოვლში არ მოიმწყვდია. ჰერაკლემ იგი ცოცხლად შებოჭა, პირდაპირ მიკენში ჩაიყვანა და ევრისთევსს მიართვა. მხდალი მეფე უზარმაზარი ტახის დანახვაზე შიშითბრინჯაოს დიდ პითოსში ჩაიმალა.

ასე აღასრულა ჰერაკლემ თავისი მესამე გმირობა. იგი დიდხანს წუხდა იმის გამო, რომ უნებურად ამოწყვიტა ტიტანთა მოდგმა. ორად-ორი კენტავრი დარჩა ცოცხალი: ნეფელეს ვაჟი ნესოსი, რომელსაც ევენოსის მდინარეზე გადაჰყავდა ხალხი და კრონოსის ძე, ბრძენი ქირონი, რომელიც მოგვიანებით პრომეთეს გაუცვლის უკვდავებას სიკვდილში ზევსის თანხმობით.

მეოთხე გმირობა: კერინეას ირემი

კერინეას ირემი.
კილიქსის ფერწერა (ძვ. წ. ...), პარიზი ლუვრი.

ნადირობის ღვთაება არტემისი გაუნაწყენდა არკადიელებს და დასასჯელად მშვენიერი ირემი მიუგზავნა. მას ოქროს რქები და სპილენძის ჩლიქები ჰქონდა. იგი ქარივით დაქროდა ველ-მინდვრებში და მთელ მოსავალს აოხრებდა. იცოდა ევრისთევსმა, რომ ამ ირემს ვერავინ ეწეოდა, ამიტომაც დაავალა ჰერაკლეს მისი ცოცხლად შეპყრობა და მიკენში ჩამოყვანა. დაუფიქრებლად გაეშურა ჰერაკლე არკადიისკენ. მის მაღალ მთებში წააწყდა იგი მშვენიერ ირემს, რომელიც ისარივით მიფრინავდა გაშლილ ველებზე, თავს ევლებოდა უფსკრულებს და მდინარეებს მიაპობდა მალი ცურვით. კვალდაკვალ სდევდა გმირი ნადირს, რათა თვალთაგან არ დაეკარგა. ასეთი სრბოლით მიაღწიეს მათ ქვეყნიერების ჩრდილოეთ სამანს, ჰიპერბორეასა და მდინარე ისტროსის წყაროსთვალს. წამით შეყოვნდა აქ არტემისის მშვენიერი ნადირი, ჰერაკლემ ხელი წაატანა, მაგრამ გაუსხლტა და კვლავ სამხრეთით იბრუნა პირი. ქარის სისწრაფით მფრინავ ირემს ჰერაკლე მხოლოდ არკადიაში დაეწია. მისი შეპყრობის იმედი რომ დაკარგა, აუცდენელი ისარი სტყორცნა და ფეხში დაჭრა. ამჯერად ისარი შხამიანი არ იყო, მაგრამ მაინც უჭირდა მშვენიერ ირემს სწრაფი სრბოლა. მაშინ კი იოლად შეიპყრო იგი ჰერაკლემ, მხრებზე მოიგდო და მიკენისაკენ გაემართა.

მეხუთე გმირობა: სტიმფალიური ფრინველები

ჰერაკლეს ახალ დავალებას უმზადებდა ევრისთევსი. მას უნდა გაენადგურებინა არესის წმინდა ფრთოსნებად მიჩნეული საზარელი ფრინველები, რომელთაც ბრინჯაოს ფრთები, ნისკარტები და კლანჭები ჰქონდათ. ისინი ადამიანებს ჭამდნენ და ულმობლად ანადგურებდნენ არკადიის ქალაქ სტიმფალოსის ირგვლივ მდებარე მიდამოებს.

ამ დავალების აღსრულების ჟამს ჰერაკლეს ათენა პალასი მოევლინა მფარველად. მებრძოლმა ქალღმერთმა გმირს ჰეფესტოს გამოჭედილი ორი სპილენძის დაფი მისცა. ურჩია, მაღალ მთაზე შემდგარიყო იმ ტყის მახლობლად, სადაც სტიმფალიური ფრინველები ბუდობდნენ, ძლიერად დაეკრა დაფი და მის ხმაზე აშლილი ფრთოსნები დაუხანებლად დაეხოცა. ჰერაკლე ისე მოიქცა, როგორც დიდმა ქალღმერთმა ურჩია. ავიდა მთაზე, დაჰკრა დაფსა და ისეთი გრიალი ატეხა, რომ თავზარდაცემული ფრინველები ანაზდად წამოიშალნენ. შიშისგან შეძრულნი ტყეს დასტრიალებდნენ და ისარივით წამახულ ფრთებს სეტყვასავით უშენდნენ დედამიწას. მაგრამ ზევსის ძეს ერთიც არ მოხვედრია. მან მშვილდი მოზიდა და დამფრთხალ ფრინველებს მომაკვდინებელი ისრები სტყორცნა. ბევრი დაიხოცა, ბევრიც მაღლა ღრუბლებში აფრინდა და თვალს მიეფარა. კაციჭამია ფრთოსნებმა ევქსინის პონტოსკენ აიღეს გეზი. იქ მათ მერე არგონავტები აღმოაჩენენ.

ჰერაკლე კი ბრძენი ათენას შემწეობით კვლავ გამარჯვებული დაბრუნდა ტირინსში.

მეექვსე გმირობა: ავგიასის თავლები

სამშობლოში დაბრუნებულ ჰერაკლეს დასვენება არ აცალა მეფე ევრისთევსმა. მან ახალი ბრძანება გასცა: ჰერაკლეს ნაკელისაგან უნდა გაეწმინდა ელისის მეფის, ავგიასის თავლები. ეს მეფე მზის ღმერთის, სხივნათელი ჰელიოსის ძე იყო. ღმერთმა თავის შვილს აუარებელი სიმდიდრე უბოძა. საქვეყნოდ იყო ცნობილი ავგიასის მრავალრიცხოვანი რემები და ჯოგები: მეფეს ჰყავდა სამასი შავი, მაგრამ თეთრფეხა, ორასი წითელი ჯიშის, თორმეტი მშვენიერი მოვერცხლისფრო თეთრი და ერთიც, უჩვეულო სილამაზით გამორჩეული, ვარსკვლავივით მანათობელი ხარი.

ავგიასის თავლები. ჰერაკლე და მისი მფარველი ათენა.
ზევსის ტაძრის მეტოპე ოლიმპიიდან. (ძვ. წ. 457 წ.), ოლიმპია, არქეოლოგიური მუზეუმი.

მრავალი წლის განმავლობაში არ გაწმენდილა ავგიასის თავლები და ბოსლები. მთელ პელოპონესოსში იდგა სუნი ნაკელისა, რომელიც თვიდან თვემდე მატულობდა და ისეთ სქელ ფენად გადაიქცა, რომ იქ გავლაც კი არვის ძალუძდა.

ჰერაკლე მეფეს დაჰპირდა, რომ ერთ დღეში გამოასუფთავებდა ყველა თავლას, თუ გასამრჯელოდ ჯოგების მეათედს მიიღებდა. ავგიასი დასთანხმდა, რადგან ერთ დღეში ასეთი საქმის შესრულება შეუძლებლად მიიჩნია. მან უხმო თავის უფროს ძეს, ფილეოსს, რათა მოწმე ყოფილიყო ამ შეთანხმებისა. „დაიფიცე, რომ დაბნელებამდე დაასრულებ მთელ სამუშაოს“, – მოითხოვა ფილეოსმა. მამის სახელით დაიფიცა ჰერაკლემ და ეს იყო მისგან დადებული პირველი და უკანასკნელი ფიცი. ავგიასმაც დაიფიცა, რომ პირობას აღასრულებდა. ამ დროს თეთრი ჯოგის წინამძღოლი ხარი ეძგერა ჰერაკლეს, რომელიც ლომად მოეჩვენა. გმირმა მარცხენა რქაში წაავლო მას ხელი და უმალ მიწაზე დაანარცხა. შემდეგ შეუდგა თავის საქმეს: იოლაოსის დახმარებით მოანგრია ორი კედელი, რომლებიც თავლას გარშემო ერტყა და წლობით გაუსუფთავებელ ბაკებში ორი მდინარე – ალფეოსი და პენეოსი მიუშვა. წყალმა უმალ წაიღო დაგროვილი ნაკელი. როდესაც თავლები გაიწმინდა, ჰერაკლემ მდინარეები თავის კალაპოტს დაუბრუნა, მონგრეული კედლები ამოაშენა და მეფე ავგიასს ეახლა, რათა დაპირებული გასამრჯელო მიეღო. ცბიერმა მეფემ სიტყვა გატეხა, რის გამოც ჰერაკლეს ტირნისში უნადავლოდ მოუხდა დაბრუნება.

როდი აპატია მეფეს ცბიერება ამაყმა გმირმა. ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ ევრისთევსის სამსახურისგან გათავისუფლებული ჰერაკლე დიდძალი ჯარით ავგიასის სამფლობელოში შეიჭრება, სისხლისმღვრელ ბრძოლაში დაამარცხებს მეფეს და მომაკვდინებელი ისრით სიცოცხლეს გამოასალმებს.

მეშვიდე გმირობა: კრეტის ხარი

კრეტის ხარი.
ამფორას ფერწერა. (ძვ. წ. 510-500 წ.წ.), პარიზი, ლუვრი.

იმხანად კუნძულ კრეტას განაგებდა მეფე მინოსი. მან ზღვათა ღვთაება პოსეიდონს აღუთქვა, რომ ხარს შესწირავდა, მაგრამ იმასაც აღნიშნავდა, რომ თავის ჯოგში ამ უაღრესად საპატიო წესისგებისათვის მსხვერპლი არ ეგულებოდა. მიწისმრყეველმა პოსეიდონმა უჩვეულოდ ლამაზი ხარი ამოუშვა ზღვათა სიღრმიდან და სამეფო ჯოგს შეურია. მინოსმა რომ ხარი იხილა, მოეწონა და დაენანა მისი მსხვერპლად შეწირვა. მის ნაცვლად მაღალ ღვთაებას სხვა ხარი მიუძღვნა. პოსეიდონი განრისხდა და მშვენიერი ხარი გააცოფა. გამძვინვარებული ცხოველი საოცარი სისწრაფით დაქროდა მთელ კუნძულზე და ყველაფერს ანადგურებდა. მისი დაოკება შეუძლებელი იყო.

ევრისთევსმა ჰერაკლეს სწორედ ამ ხარის შეპყრობა და მიკენში ჩამოყვანა უბრძანა. როდესაც ჰერაკლე კრეტაზე გამოჩნდა, მეფე მინოსმა დიდად გაიხარა, დახმარება აღუთქვა, მაგრამ გმირმა არჩია, თავად აღესრულებინა დავალება. მან იოლად შეიპყრო მძვინვარე და ცეცხლისმფრქვეველი ხარი და მიკენში გაგზავნა. ევრისთევსს შეეშინდა ამ ხარის ჯოგში დატოვება, ჰერას მიუძღვნა და ველზე გაუშვა. ჰერამ არ მიიღო საჩუქარი და მძვინვარე ცხოველი ჯერ სპარტასკენ წარმართა, შემდეგ ისევ არკადიისკენ და ისთმოსის გავლით ატიკაში, მარათონის ველზე დაავანა. აქ კი იგი მოგვიანებით საბერძნეთის კიდევ ერთმა დიდმა გმირმა, თესევსმა შეიპყრო და ქალღმერთ ათენას შესწირა მსხვერპლად.

მერვე გმირობა: დიომედესის ცხენები

დიომედესის ცხენები.
კილიქსის ფერწერა (ძვ. წ. 510-500 წ.წ.), სანკტ-პეტერბურგი, ერმიტაჟი

ბისტონთა მეფე დიომედესს ჰყავდა საკვირველი ძალისა და სილამაზის ოთხი გაუხედნავი ფაშატი. ისინი მეფეს რკინის ჯაჭვებით ჰყავდა მიბმული სადგომთან. ამ ფაშატებს ადამიანთა ხორცით კვებავდნენ. შეუბრალებელი მეფე დიომედესი მათ სარჩოდ ხდიდა ყველა უცხოელს, ვისაც კი ქარიშხალი მისი სამეფოს საზღვრებთან გადმოისროდა. და აი, სწორედ ეს ცხენები უნდა ჩამოეყვანა ამჯერად ჰერაკლეს ევრისთევსისათვის. ჰერაკლემ თანამგზავრები შეკრიბა და ხომალდით გაეშურა თრაკიის ნაპირებისაკენ. უმალ მიაგნო რკინის ჯაჭვებით დაბმულ უჩვეულო სილამაზის ფაშატებს, აუშვა, დაიმორჩილა და თავისი ხომალდისაკენ გასწია. მას სანაპიროსთან დაეწია მეფე დიომედესი, ბისტონთა ამალის თანხლებით. ჰერაკლემ ცხენების დაცვა ღმერთების შიკრიკს, ჰერმესის ძეს, აბდეროსს დაავალა, თავად კი დაიწყო მზადება მდევრებთან შესაბმელად. ხერხი იხმარა: გაჭრა არხი, რომლითაც ზღვა ბარში დაეშვა. როდესაც ბისტონები უკუიქცნენ, ჰერაკლე მათ თავს დაესხა, კომბლის დაკვრით განგმირა დიომედესი, რომლის გვამიც მიუგდო მისივე ფაშატებს, თავად კი გამარჯვებულმა შეაბიჯა ხომალდზე. მაგრამ აქ მას დიდი საწუხარი ელოდა: მისი საყვარელი მეგობარი აბდეროსი ცხენებს დაეგლიჯათ. ჰერაკლემ მას მეფური გასვენება მოუწყო. მისი საფლავის მახლობლად კი დააარსა ქალაქი და განსვენებულის პატივსაცემად აბდერა უწოდა. როდესაც ეს საქმე აღასრულა, ჰერაკლემ გაუხედნავი ფაშატები დაიმორჩილა და მთათა გადავლით გაემართა მიკენისაკენ. მხდალმა ევრისთევსმა ცხენები ჰერას მიუძღვნა და ოლიმპოსის მაღალ მწვერვალზე ბრძანა მათი გაშვება. ბოლოს ისინი ლიკაონის უსიერ ტყეებში გარეულმა მხეცებმა დაგლიჯეს.

მეცხრე გმირობა: ჰიპოლიტეს სარტყელი

ომის ღვთაება არესმა ამორძალთა უმშვენიერეს დედოფალ ჰიპოლიტეს ოქროს უჩვეულო სარტყელი უბოძა. ეს ღვთაებრივი ძღვენი ძალასა და დიდებას ჰმატებდა მებრძოლ ქალთა წინამძღოლს. ევრისთევსის ასულის, ადმეტეს ყურამდეც მიეღწია ამ დიდებული საბოძვრის ამბავს. ქალწულის თხოვნით, მეფე ევრისთევსმა ჰერაკლეს სწორედ ამ ქამრის მოპოვება დაავალა. იცოდა ზევსის ღვთაებრივმა ძემ, რომ წინ დიდი და სახიფათო გზა ელოდა. ამიტომ შეკრიბა საბერძნეთის სახელოვანი გმირები და მტკიცე კიჩოიანი ხომალდით გაემგზავრა შორეული ნაპირებისაკენ. ამ მოგზაურობის ჟამს ჰერაკლეს მხარს უმშვენებდნენ ატიკის უდიდესი გმირები: თესევსი, იოლაოსი, ტელამონი, პელევსი და სხვები.

ჰიპოლიტეს სარტყელი.
ტაძრის მეტოპე. (ძვ. წ. 470-460 წ.წ.), პალერმო, ნაციონალური მუზეუმი.

ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მიაღწიეს საბერძნეთის დიდმა გმირებმა ამორძალების სატახტო ქალაქ თემისკირას, სადაც უკვე ემზადებოდნენ მათ დასახვედრად. ამორძალების დედოფალს, ჰიპოლიტეს, ხომ დიდი ხანია შეეტყო ზევსის ძის გმირობათა ამბავი. იგი თავისი ამალის თანხლებით გამოეგება სახელოვან სტუმრებს. მონუსხულებივით შესცქეროდნენ ამორძალები ჰერაკლეს, რომელიც ისე გამოირჩეოდა თანამგზავრთაგან, როგორც ღვთაება მოკვდავთაგან. ჰიპოლიტე მოხიბლა ჰერაკლეს მამაკაცურმა გარეგნობამ და საუბარმა. იგი მზად იყო ნებით მიეცა მისთვის სარტყელი, ხელიც შეავლო მას მოსახსნელად, მაგრამ ჰერამ ისევ განიზრახა ჰერაკლეს დაღუპვა. ამორძალის სახე მიიღო, მეომარ ქალებს შეერია და წაქეზება დაუწყო, თავს დაესხით ჰერაკლეს ამალას, რადგან მათ ჰიპოლიტეს მოტაცება განუზრახავთო.

ამორძალებმა ირწმუნეს ქალღმერთის ნათქვამი, იარაღი აისხეს და ბერძენ გმირებს შეუტიეს. ბრძოლის ყიჟინი ცას სწვდებოდა. მზეს აბნელებდა ისართა და ოროლთა წვიმა. დიდმა ჰერაკლემ ტყვედ ჩაიგდო ამორძალთა წინამძღოლები, შეუდრეკელი მელანიპე და მშვენიერი ანტიოპე. მეომარი ქალები დამარცხდნენ. დედოფალმა ჰიპოლიტემ თავისი რჩეული მელანიპე ტყვეობიდან არესის ქამრის ფასად გამოისყიდა, ანტიოპე კი ჰერაკლემ თან წაიყვანა და არნახული გმირობისათვის თესევსს უბოძა.

ბერძენმა გმირებმა დატოვეს ამორძალების სამფლობელო და მიკენისკენ აიღეს გეზი. როდესაც მცირე აზიის სანაპიროსთან მდებარე ტროას მიუახლოვდნენ, იხილეს კლდეს მიჯაჭვული ქალიშვილი, რომელიც საბრალობლად ტიროდა. მეხომალდეებმა ღუზა ჩაუშვეს და ნაპირზე გადავიდნენ ამბის გასაგებად. ეს იყო ტროას მეფის, ლაომედონის ასული ჰესიონე, რომელიც ზღვის ურჩხულს უნდა შთაენთქა. ჰერაკლემ ქალიშვილის გათავისუფლება განიზრახა, სანაცვლოდ კი მეფე ლაომედონს ზევსის მიერ ნაჩუქარი მერნები სთხოვა. მეფე დათანხმდა. ჰერაკლემ ურჩხული მოკლა, ხოლო როდესაც გასამრჯელო მოითხოვა, პირი გატეხა ლაომედონმა და დიადი გმირი მუქარით გაისტუმრა ტროადან. ზევსის ძემ შურისძიება მომავლისთვის გადასდო და მიკენისკენ გაემართა რისხვადამცხრალი.

ჰერაკლემ ოქროს სარტყელი ევრისთევსს გადასცა. დანარჩენი ნადავლი ასე გაანაწილა: მდიდრული მოსასხამები უძღვნა აპოლონის ტაძარს დელფოში, ჰიპოლიტეს ორპირი ცული კი – ლიდიის დედოფალ ომფალეს. შემდეგ ეს ცული ლიდიის მეფეთა წმინდა რეგალიად იქცა.

მეათე გმირობა: გერიონის ძროხები

მიკენში ჰერაკლეს ახალი დავალება ელოდა. ევრისთევსმა მას გერიონის ძროხების მორეკვა უბრძანა, თანაც გმირს ეკრძალებოდა მათი მოთხოვნა ან მათთვის საფასურის გადახდა. გერიონი იყო ოკეანიდა კალიროესა და ქრისაორის ვაჟი, იბერიის ტარტესას მეფე. იგი იმხანად მცხოვრებ ადამიანთა შორის უძლიერეს კაცად ითვლებოდა, რამეთუ დაიბადა სამი თავით, ექვსი ხელითა და წელთან შეზრდილი სამი ტანით. მის ზანტსა და მეწამულ ძროხებს, უცნაური აღნაგობით გამორჩეულთ, ოკეანის დასავლეთ სამანთან მდებარე კუნძულ ერითიაზე მწყემსავდა ევრიტიონი, არესის ძე, ხოლო დარაჯად ედგა ტიფონისა და ექიდნას ნაშობი ქოფაკი ორთროსი, რომელიც ადრე თურმე გოლიათ ატლასის საკუთრებად ითვლებოდა. ამ შორეულ გზას ჰერაკლე მარტო დაადგა. გადაიარა მთელი ევროპა, აფრიკა, გადალახა ლიბიის უნაყოფო უდაბნოები და ბარბაროსთა ველური სამფლობელობები. ევროპისა და აფრიკის გასაყართან მდებარე სრუტის ორთავე მხარეს თავისი გმირობის უკვდავსაყოფად ორი უზარმაზარი ქვის სვეტი აღმართა, რომელთაც დღემდე „ჰერაკლეს სვეტებს“ უწოდებენ. ამის შემდეგ კიდევ დიდი გზა განვლო გმირმა, ვიდრე მარადმღელვარე ოკეანოსის ნაპირებს მიაღწევდა. აქ კი ჩაფიქრდა, აღარ იცოდა, საით უნდა წასულიყო, როგორ მიეღწია ერითიის იმ კუნძულამდე, სადაც გერიონი თავის ძროხებს აბალახებდა. საღამოს მწუხრი მიდამოებს ეფინებოდა, როცა გამოჩნდა ჰელიოსის ცეცხლოვანი ეტლი და ტალღებისაკენ დაეშვა. მზის ღმერთის კაშკაშა სხივებმა ჰერაკლე შეაწუხეს. იგი ფეხზე წამოიჭრა და მშვილდი მოზიდა. „ეს კი მეტისმეტია“! – წამოიძახა ჰელიოსმა. მიხვდა ჰერაკლე, ვინც იდგა მის წინ და ბოდიში მოიხადა. მზის ღვთაებამ ოქროს ნავი შესთავაზა გმირს კუნძულზე გადასასვლელად. ამ ნავით იგი ოკეანოსის დასავლეთი ნაპირებიდან აღმოსავლეთით მდებარე ოქროცურვილი სასახლისაკენ ყოველ ღამე მიცურავდა ხოლმე. ჰერაკლემ მადლობა გადაუხადა ღმერთს და გაეშურა ერითიისკენ. გზად ტიტანმა ოკეანოსმა მას გამოცდა მოუწყო და ზღვა ააღელვა. მაგრამ მოზიდა თუ არა ჰერაკლემ მშვილდი, ზღვა უმალ დაწყნარდა.

ერითიაზე გმირს ახალი ხიფათი ელოდა. მან ძლივს მოასწრო კუნძულზე ფეხის შედგმა, რომ მრისხანე ორთავიანმა ქოფაკმა ორთროსმა სუნი აიღო და ყეფით გამოვარდა. ჰერაკლემ მას თავისი მძიმე კომბლის ერთი დარტყმით სული გააფრთხობინა. ამ ხმაურზე გამოფხიზლდა გერიონის ჯოგების მწყემსი ბუმბერაზი ევრიტიონი. მასაც ქოფაკის ბედი ეწია. ამის შემდეგ ჰერაკლემ უპატრონოდ დარჩენილი ძროხები მირეკა ზღვისპირთან. მენეტოსმა, ჰადესის ძროხებს რომ მწყემსავდა იქვე, ყველაფერი უამბო გერიონს, რომელიც დაუყონებლივ დაედევნა ჯოგის გამტაცებელს. ზღაპრული ძალის ბუმბერაზთან შესარკინებლად მოემზადა ჰერაკლე. საოცარი რამ იყო ეს გერიონი. იგი ერთდროულად სამ ფარს იფარებდა და სამ უზარმაზარ შუბს სტყორცნიდა ხოლმე თავის მოწინააღმდეგეს. გაუჭირდებოდა გმირ ჰერაკლეს მისი დამარცხება, შემწედ ათენა პალასი რომ არ მოვლენოდა. დაინახა თუ არა ზევსის ძემ სამთავიანი ბუმბერაზი, მოზიდა მშვილდი და მომაკვდინებელი ისარი თვალში მოახვედრა. შემდეგ ისრები სეტყვასავით მიაყარა და რეტდასხმულ ბუმბერაზს მრისხანებით მოქნეული კომბალი მეხივით დაატეხა თავს. მიწას განერთხა გერიონის სამივე ტანი. ასე დაამარცხა იგი ჰერაკლემ და მისი ჯოგი ჰელიოსის ოქროს ნავით კუნძულიდან ხმელეთზე გადაიყვანა, ჩამავალ ღმერთს მადლობა უთხრა, ნახირი წინ გაირეკა და მიკენისაკენ მიმავალ შორეულ გზას დაადგა. მან ნახირი ევრისთევსს მიჰგვარა, რომელმაც დაუხანებლად შესწირა იგი მსხვერპლად ქალღმერთ ჰერას.

მეთერთმეტე გმირობა: ჰესპერიდების ვაშლები

ოდესღაც, ქორწინების ჟამს, ჰერამ დედამიწის ღვთაება გეასგან დიდებული ძღვენი მიიღო: ოქროს ვაშლის ხე, რომელიც თავის ჯადოსნურ ბაღში დარგო. ეს ბაღი ატლასის მთის ფერდობებზე იყო შეფენილი, იქ, სადაც თავის გზას ასრულებდნენ მზის ოქროცურვილ ეტლში შებმული დაღლილი რაშები. ერთხელ ჰერამ აღმოაჩინა, რომ ჰესპერიდებად წოდებული ატლასის ქალიშვილები, რომელთაც ბაღის მოვლა ევალებოდათ, იპარავდნენ ამ ოქროს ვაშლებს. მაშინ დარაჯად დააყენა ტიფონისა და ექიდნას მარადფხიზელი ვაჟი, დრაკონი ლადონი. ამ საოცრებას ასი თავი და ასევე ასი მოლაპარაკე ენა ჰქონდა. ატლასი, როგორც ჭეშმარიტი მებაღე, ამაყობდა თავისი ბაღით. ერთხელ თემისმა გააფრთხილა: „იცოდე, ტიტანო, ზევსის ძეთაგან ერთ-ერთი წაიღებს შენს ოქროს ვაშლებს!“ იმხანად ატლასს სასჯელის ნიშნად ჯერ კიდევ არ ედგა მხრებზე ცის თაღი, მან ბაღის ირგვლივ სქელი კედელი აღმართა და თავისი მიწიდან გააძევა უცხოელები.

იცოდა ევრისთევსმა, რომ შეუძლებელი იყო ატლასის ბაღში შეღწევა. სწორედ ამიტომ უბრძანა ჰერაკლეს: „მსურს, მომიტანო ჰესპერიდების ოქროს ვაშლები“. არ შეპასუხებია მეფეს ზევსის ძე. მან არ იცოდა, საით უნდა აეღო გეზი. გადაიარა ილირია და გაემართა მდინარე პოსკენ, სადაც ცხოვრობდა ზღვის გრძნეული ღმერთი ნერევსი. გზად არესის ძე კიკნოსი შემოეყარა, რომელმაც იგი ორთაბრძოლაში გამოიწვია. შეებნენ კიდეც გმირები ერთმანეთს, მაგრამ ზევსმა მათ შორის კვერთხი დაჰკრა და ბრძოლა შეწყვიტა. ჰერაკლემ თავისი გზა განაგრძო. მდინარე პოს სანაპიროზე ნიმფებმა მას მძვინვარე ნერევსი დაანახვეს. ჰერაკლემ იგი შეიპყრო და აიძულა ეთქვა, თუ როგორ მოეპოვებინა ოქროს ვაშლები. ნერევსმა ურჩია, თავად კი არ მოეპარა ეს ხილი, არამედ ამის გაკეთება ატლასისათვის ეთხოვა მძიმე ტვირთისგან – ცის თაღიდან – მცირე ხნით განთავისუფლების სანაცვლოდ. როგორც კი მიაღწია ჰერაკლემ ჰესპერიდების ბაღს, დაინახა ბუმბერაზი ატლასი, რომელსაც მხრით ცის კაბადონი ეკავა. გმირი მიუახლოვდა მას და სთხოვა, მოეტანა ჰესპერიდების ბაღიდან სამი ოქროს ვაშლი. რას არ გააკეთებდა ატლასი, ოღონდ მცირე ხნით მაინც მოეპოვებინა თავისუფლება. ოდეს გაიგო, რომ ჰერაკლე თანახმა იყო დაეჭირა უმძიმესი ზეცა ღმერთებით, უმალ დასთანხმდა, ოღონდ ლადონის ეშინოდა. მაშინ ჰერაკლემ თავისი ისრით განგმირა ბაღის მარადფხიზელი დარაჯი და განიერ მხრებზე შეიდგა ზეცა. გახარებული გაემართა ატლასი ბაღისკენ და სამი ვაშლით, რომელიც მისმა ქალიშვილებმა მოუწყვიტეს, დაბრუნდა უკან. თავისუფლება მას ისე სურდა, რომ ჰერაკლეს ასეთი რამ შესთავაზა: „თუ რამდენიმე თვეს ჩემს მაგივრად დაიჭერ ზეცას, თავად წავუღებ ვაშლებს ევრისთევსს“. ნერევსის რჩევა გაიხსენა გმირმა ჰერაკლემ, ყურად არ ეღო ატლასის თხოვნა. მან თავი ისე მოაჩვენა გოლიათს, თითქოს თანახმა იყო: „კარგი, წაიღე – ასე მიუგო, – ოღონდ ჯერ დამეხმარე, ბალიშები დავიდო მხრებზე, რომ ზეცის თაღის დაჭერა შევძლო ხანგრძლივი დროით“. მოტყუვდა გულუბრყვილო გოლიათი. ვაშლები მიწაზე დადო და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა – ცის სიმძიმეს შეეყუდა. ხოლო ჰერაკლემ ხელი დაავლო თავის მშვილდს, კაპარჭს, კომბალს, ოქროს ვაშლებს და ატლასს ამ სიტყვებით გამოემშვიდობა: „მე მეკავა ეს ზეცის თაღი, ვიდრე შენ ვაშლებს მოიტანდი. მისი სიმძიმის მარად ზიდვას კი არ ვაპირებ“. ეს თქვა თუ არა, გზას გაუდგა, მაგრამ მოკლე გზით არ წასულა. თავდაპირველად გაემართა ლიბიისაკენ, სადაც მეფობდა ანტეოსი, პოსეიდონისა და გეას ძე. მას ჩვევად ჰქონდა შებრძოლება უცხოელებთან, ხოლო შემდეგ კი მათი მოკვლა. ანტეოსს ძალას ანიჭებდა დედამიწასთან შეხება. მის მსხვერპლთა თავის ქალებით იყო მოფენილი პოსეიდონის ტაძარი. ეს ბუმბერაზი ცხოვრობდა მაღალი კლდის გამოქვაბულში, იკვებებოდა ლომის ხორცით და ეძინა შიშველ მიწაზე, რათა არა მხოლოდ შეენახა, არამედ უფრო გაეზარდა თავისი ისედაც დაუოკებელი ძალა. გეას თავის შვილებში გამორჩეულად უყვარდა იგი. გაუჭირდებოდათ გამარჯვება ოლიმპოსის მაღალ ბინადართ, ანტეოსს რომ ებრძოლა მათ წინააღმდეგ ფლეგრეს ველებზე.

ორთაბრძოლის წინ მეტოქეებმა ტანთ განიძარცვეს. ჰერაკლემ სხეული, ოლიმპიური წესის თანახმად, ზეთით დაიზილა, ანტეოსმა კი ცხელი ქვიშა მიიყარა ფეხებზე, მიწა რომ უფრო კარგად შეეგრძნო. ჰერაკლეს სურდა, თავისი ძალები დაეზოგა, ანტეოსი კი მოექანცა. გაოცდა გმირი, ოდეს იხილა მიწაზე დაგდებული, ქანცგაწყვეტილი ანტეოსი როგორ იკრებდა ძალას. ეს, რა თქმა უნდა, მისი დედის დამსახურება იყო. წამოიმართა ანტეოსი, მაგრამ მალე უკვე თავისით დავარდა მიწაზე. მიხვდა ჰერაკლე, რომ ბუმბერაზი მიწიდან უნდა მოეწყვიტა. ასეც მოიქცა, ზეაღმართა, ნეკნები დაუმტვრია და ასე ეჭირა მანამ, ვიდრე სული არ ამოჰხდა. ბევრი ეცადა გეა, მაგრამ ვერაფერი იღონა ჰერაკლეს წინააღმდეგ.

ზევსის ღვთაებრივმა ძემ გზა განაგრძო სამხრეთისაკენ და ეგვიპტეში დააარსა ქალაქი თებე. თუმცა იმასაც გადმოგვცემენ, ამ ქალაქს ოსირისმა ჩაუყარაო საფუძველი. მაშინ ეგვიპტის მეფე იყო ოსირისის ძმა ბუსირისი. იმხანად მის სამეფოში მძვინვარებდა გვალვა, შიმშილი. კვიპროსიდან მოსულმა მისანმა, თრასიასმა, უწინასწარმეტყველა მეფეს, რომ შეწყდებოდა ეს უბედობა, თუკი ყოველწლიურად ზევსს შესწირავდნენ თითო უცხოელს. ბუსირისმა ეს მსხვერპლშეწირვა თრასიასით დაიწყო და გააგრძელა მანამ, ვიდრე ჰერაკლე არ გამოეცხადა. მას, ხანგრძლივი მგზავრობით დაღლილს, ნილოსის ხეებით დაჩრდილულ ნაპირებთან ჩასძინებოდა. ბუსირისმა შეიპყრო იგი და მიიყვანა ზევსის საკურთხეველთან, რათა მსხვერპლად შეეწირა. ჰერაკლემ თავი გაითავისუფლა, იქვე განგმირა ბუსირისი, მისი ძე ამფიდამასი და ყველა ქურუმი, ვინც მსხვერპლშეწირვას ესწრებოდა. ასე დაისაჯა ეგვიპტის ულმობელი მეფე.

ბევრი იარა ჰერაკლემ ვიდრე მიაღწევდა კავკასიონის მაღალ მწვერვალებს. აქ ერთ-ერთ კლდეზე მრავალი წლის განმავლობაში მიჯაჭვული იყო პრომეთე, რომელსაც ყოველდღე ღვიძლს უძიძგნიდა არწივი, ღამღამობით კი მტანჯველი წყლული უშუშდებოდა. ზევსს უკვე დიდი ხანია სურდა მისი გათავისუფლება. მაგრამ ასე იყო ნათქვამი: პრომეთეს ტანჯვა უნდა გაგრძელებულიყო მანამ, ვიდრე უკვდავთაგან ვინმე საკუთარი ნებით მის მაგივრად არ ჩავიდოდა ჰადესის პირქუშ სამეფოში. ჰერაკლემ გაახსენა ზევსს, რომ კენტავრი ქირონი, რომელსაც უზომოდ აწუხებდა განუკურნებელი იარა, დიდი ხანია ნატრობდა სიკვდილს. აღარაფერი ედგა წინ პრომეთეს ხსნას. ჰერაკლემ თავისი ისრით მოკლა არწივი და ასე გაათავისუფლა ტიტანი.

შემდეგ ზევსის ძემ მიკენისაკენ აიღო გეზი. ოქროს ვაშლები მიუტანა მეფე ევრისთევსს, რომელმაც ვერ გაბედა მათი აღება. ჰერაკლემ ხილი ათენას უძღვნა, მან კი ისინი კვლავ ჰესპერიდებს დაუბრუნა.

მეთორმეტე გმირობა: კერბეროსი

ჰერაკლეს მიერ აღსრულებულ გმირობათაგან მეთორმეტე, კერბეროსის დატყვევება, ურთულესი იყო. იმხანად მიწისქვეშა სამყაროს, ჰადესის კარიბჭეს დარაჯობდა ტიფონისა და ექიდნას ვაჟი, საზარელი ურჩხული კერბეროსი. ეს იყო უზარმაზარი ქოფაკი, რომელსაც სამი თავი ჰქონდა. მის კისერზე გველები იკლაკნებოდნენ, ხოლო კუდი ხახადაღრენილი გველეშაპის თავით უმთავრდებოდა. კერბეროსი ჰადესში ყველას უშვებდა, იქიდან კი – არავის. სწორედ ამ ქოფაკის მოყვანა უბრძანა მეფემ ჰერაკლეს.

ჰადესში ჩაშვების წინ გმირი უნდა განწმენდილიყო. ამიტომ ჰერაკლე თავდაპირველად გაემართა ელევსინისკენ, რათა მისტერიას ზიარებოდა.

განწმენდილი ჰერაკლე გაემართა ჰადესისაკენ. იგი ჩავიდა ლაკონიაში და ტენარონის კონცხის მრუმე ნაპრალიდან დაეშვა მიწისქვეშეთში. მას წინ მიუძღოდნენ და მძიმე გზას უიოლებდნენ ათენა და ჰერმესი. ჰერაკლეს მრისხანე მზერით დაშინებულმა ქარონმა ისე გადაიყვანა გმირი მდინარე სტიქსის მეორე ნაპირზე, რომ საზღაურიც არ უთხოვია. როდესაც ჰერაკლემ შეაბიჯა ჰადესის სამფლობელოში, მიცვალებულთა შეშინებული სულები, მელეაგროსისა და გორგო მედუზას გარდა, აქეთ-იქით გაიფანტნენ. მედუზას დანახვისთანავე იშიშვლა ხმალი ჰერაკლემ, მაგრამ ჰერმესმა დაარწმუნა იგი, რომ მის წინაშე მხოლოდ უსხეულო აჩრდილი იდგა. ახლა მელეაგროსს დაუმიზნა ისარი გმირმა, მაგრამ აჩრდილმა გაუღიმა და ასე მიმართა: „როდი არიან საშიშნი მიცვალებულნი...“, შემდეგ მათ მეგობრული ბაასი იწყეს. ბოლოს მელეაგროსმა სთხოვა ჰერაკლეს მისი დაობლებული და, დეიანირა შეერთო ცოლად და მფარველობა გაეწია. ჰერაკლემ მეგობარს აღუთქვა, რომ სათხოვარს აღუსრულებდა და დაედევნა წინ მიმავალ ჰერმესს.

ჰადესის სამეფოს კარიბჭესთან ზევსის ძემ თვალი მოჰკრა მივიწყების ტახტზე მიკრულ გმირებს – თესევსსა და პირითოოსს. ისინი თან ახლდნენ მას ამორძალების სამეფოში ლაშქრობისას. გაოცდა ჰერაკლე. „რა ჩაიდინეთ, ღმერთებმა რომ ასე დაგსაჯეს? „– იკითხა მან და ეს შეიტყო: პირითოოსს თესევსის დახმარებით ჰადესის მეუღლის, პერსეფონეს მოტაცება განუზრახავს. ეს ამბავი რომ გაიგო ღმერთმა ჰადესმა, ორივე გმირი მივიწყების ტახტს მიაჯაჭვა თავისი სამფლობელოს შესასვლელთან. ჰერაკლემ ძლივს ააგლიჯა ტახტს თესევსი, ხოლო როდესაც პირითოოსის წამოყენება სცადა, მიწა შეირყა. მიხვდა ზევსის ძე, რომ თავად ღმერთებს არ ეწადათ მეფის გათავისუფლება და მიატოვა მიჯაჭვული ჰადესის კართან. შემდეგ გადააგორა ლოდი და ორმოდან ამოიყვანა დემეტრეს მიერ დასჯილი ასკალაფოსი. მწყემსმა მენეტოსმა კი ორთაბრძოლაში გამოიწვია გმირი, რომლის მკლავებში მომწყვდეულს, კინაღამ ყველა ნეკნი დაემსხვრა. ამ დროს სასახლიდან გამოვიდა პერსეფონე და სიყვარულით მიესალმა მეხთამტყორცნელი ზევსის დიად ძეს, ბნელით მოცულ სამფლობელოში ასე უშიშრად დაშვებულს. მან სთხოვა ჰერაკლეს მოწყალება გამოეჩინა მენეტოსისადმი. გამოჩნდა სულთა სამეფოს მბრძანებელიც. მან დამზრალი მზერა მიაპყრო თავის სტუმარს, სალამი უძღვნა და მოსვლის მიზეზი ჰკითხა. „ნუ განმირისხდები კადნიერი თხოვნისთვის, – მიმართა მას ჰერაკლემ – მოგეხსენება, ოლიმპოსის ღმერთების ნებით ევრისთევსს რომ ვემსახურები. ნაბრძანები მაქვს ჰადესის მცველი კერბეროსი მიკენში ჩავიყვანო“. დიდმა ჰადესმა გმირს მიუგო: „თუკი კერბეროსს უიარაღოდ დაიმორჩილებ, თუ მოერევი, ნებას გრთავ, რომ მიჰგვარო იგი ევრისთევსს“.

ჰერაკლე ქოფაკის საძებნელად გაემართა. დიდხანს იარა, ბოლოს მიაგნო აქერონის სანაპიროსთან. მიეპარა და მძლავრი მკლავები შემოაჭდო კისერზე, რომელზეც სამი თავი ება. საოცარი ხმით დაიღრინა ჰადესის ძაღლმა. მიწისქვეშეთი შეზანზარდა. ბეწვის მაგივრად მას სხეულზე გველები წამოეშალნენ. კუდით ფეხებზე შემოეჭდო და გველეშაპის ყბებით სხეულში ჩააფრინდა ქოფაკი ჰერაკლეს, მაგრამ ამაოდ. ისეთი ძალით მოუჭირა გმირმა მკლავები, რომ კინაღამ გაგუდა. კერბეროსს ძალა დაეკარგა და ძირს დავარდა. ჰერაკლემ იგი მოასულიერა, კისერზე მძიმე ჯაჭვი შეაბა და ჰადესის სამფლობელოდან ამოიყვანა. ქოფაკი უძალიანდებოდა, თვალს არიდებდა დღის სინათლეს, სამმაგი ყეფით აყრუებდა ირგვლივ მიდამოს, დაღრენილი ლაშებიდან დუჟი გადმოსდიოდა. დედამიწაზე, სადაც მისი დუჟი იღვრებოდა, შხამიანი ბალახები ამოდიოდა.

როცა ჰერაკლემ კერბეროსი მიკენში ჩაიყვანა, ევრისთევსი მსხვერპლშეწირვის რიტუალს აღასრულებდა. საშინელი ქოფაკის დანახვაზე იგი შეძრწუნდა და სთხოვა დიდ გმირს, დაებრუნებინა ეს ურჩხული თავის სამკვიდრებელში. ჰერაკლემ ეს ბოლო სურვილიც აღუსრულა მეფეს და თავის მშობლიურ თებეს ეწვია.

ჰერაკლეს თავგადასავალი საგმირო საქმეთა აღსრულების შემდეგ

ერთხანს მშვიდად ცხოვრობდა ჰერაკლე, მაგრამ მისი სული ვერ ისვენებდა, კვლავაც დიადი საქმეებისკენ ისწრაფოდა. იმხანად მეგარას ოცდაცამეტი წელი შეუსრულდა. ჰერაკლე თვლიდა, რომ მათი ქორწინება არ იყო ბედნიერი, ამიტომ იხმო თავისი ნათესავი და ერთგული თანამებრძოლი, მეეტლე იოლაოსი, თექვსმეტი წლის მშვენიერი ჭაბუკი, და მეგარა მიათხოვა. თავად კი სხვა ცოლის ძიებას შეუდგა.

კუნძულ ევბეაზე, ქალაქ ექალიაში მეფობდა მთელ საბერძნეთში სახელგანთქმული მოისარი ევრიტოსი. თვით ისართმტყორცნელი ღმერთი აპოლონი იყო მისი მოძღვარი, მშვილდი და ისრებიც მან უბოძა. სიყმაწვილეში ჰერაკლესაც ევრიტოსი ასწავლიდა მშვილდოსნობას. ამ მეფეს ჰყავდა ულამაზესი ქალიშვილი იოლე, რომელიც უბრალო მოკვდავისათვის არ ემეტებოდა. ევრიტოსმა მთელ სამეფოში გამოაცხადა, რომ მშვენიერი იოლეს ქმრობის ღირსი მხოლოდ ის იქნებოდა, ვინც მას, მეფეს, მშვილდოსნობაში დაამარცხებდა. ეს რომ ჰერაკლემ გაიგო, ექალიისკენ ისწრაფა. მან დაამარცხა ევრიტოსი, მაგრამ მეფემ პირობა არ შეასრულა, ვინაიდან გაგონილი ჰქონდა, თუ როგორ ამოხოცა ჰერაკლემ შვილები. ევრიტოსმა ეს საბაბად გამოიყენა და, დაივიწყა რა სტუმართმოყვარეობის წმინდა წესი, გმირს ასეთი სიტყვებით მიმართა: „შენ ვერასოდეს დამამარცხებდი მშვილდოსნობაში, რომ არ გქონოდა ჯადოსნური ისრები, რომლებიც თავად მიემართებიან მიზნისაკენ. ეს შერკინება უსამართლოა. მე ვერ ვანდობ ჩემს უსაყვარლეს ასულს შენნაირ ბოროტმოქმედს. გარდა ამისა, შენ მონა ხარ მხდალი ევრისთევსისა და თავისუფალი ადამიანისაგან მხოლოდ სიძულვილს იმსახურებ!“ მეფემ სანადიმო სუფრასთან მჯდომ ჰერაკლეს ნადიმი შეაწყვეტინა და სასახლიდან გააგდო. სულის სიღრმემდე შეძრა გმირი მეფის სიტყვებმა. ხმა არ ამოუღია, ისე დატოვა ექალია, თუმც დაიფიცა, რომ ოდესმე შურს იძიებდა.

გავიდა ხანი. მეფე ევრიტოსს დაეკარგა ჯოგი, რომლის ქურდობაც ჰერაკლეს დააბრალა. მისმა უფროსმა ძემ, იფიტოსმა, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა ეს ამბავი. მან ამ ჯოგის პოვნაც კი იდვა თავს, რათა მეგობარი გაემართლებინა. სინამდვილეში აი, რა მოხდა: ეს ჯოგი ჰერმესის ძემ, ბერძენთა შორის უცბიერესმა ავტოლიკოსმა მოიპარა. მას მამისგან ჰქონდა ნასწავლი გაიძვერობა და ამის გამო დახელოვნებულ ქურდად ითვლებოდა. შეეძლო სასურველი სახის მიღება, საგნების გაუჩინარება ან გარდასახვა. ეს ის ავტოლიკოსია, ჰერაკლეს რომ ბრძოლის ხელოვნებას ასწავლიდა ყმაწვილობის ჟამს. მან სახე შეუცვალა ევრიტოსის ჯოგს და მიჰყიდა ჰერაკლეს, რომელმაც არა უწყოდა რა ამ საქმისა. იფიტოსი გაჰყვა ჯოგის კვალს, რომელმაც იგი მიიყვანა ქალაქ ტირინისში. მაინც დაეჭვდა ევრიტოსის ძე. იგი პირისპირ შეეყარა ჰერაკლეს, რომელმაც ის-ის იყო იხსნა ალკესტისი და დაბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქში. იფიტოსმა განიზრახა გამოეკითხა თავისი მეგობრისათვის ჯოგის ამბავი. ჰერაკლემ მას დახმარება აღუთქვა და შინ მიიწვია სტუმრად. ბოლოს მიხვდა, რომ იფიტოსსაც შეჰპარვოდა ეჭვი მის გულწრფელობაში და საშინლად განრისხდა. ნადიმის შემდეგ ჰერაკლემ სტუმარი ტირინსის ყველაზე მაღალ კლდეზე აიყვანა და ჰკითხა: „მიმოიხედე, შენი ჯოგის მსგავსს ხედავ რამეს?“ „ვერა, ვერ ვხედავ“, – მიუგო მას იფიტოსმა. „ჰოდა, შენს გულში ამაოდ მდებდი ბრალს ქურდობაში!“ – წამოიყვირა მძვინვარებისგან გონგადასულმა ჰერაკლემ და იფიტოსი კლდიდან გადაჩეხა. როდესაც გმირი გონს მოეგო, თავზარდაცემული დაეშვა ხევში მეგობრის გადასარჩენად, იპოვა კიდეც, მაგრამ საბრალო ჭაბუკი უსულოდ ეგდო მიწაზე. ამ უნებლიედ ჩადენილი მკვლელობით ჰერაკლემ განარისხა კანონიერების დამცველი ზევსი, რადგანაც დაარღვია სტუმართმოყვარეობისა და მეგობრობის წმინდა წესები. სასჯელის ნიშნად ღმერთთა მეუფემ მას მძიმე სენი შეჰყარა.

ჰერაკლე პილოსის მეფე ნელევსისაკენ გაეშურა და სთხოვა ცოდვათაგან განწმენდის წესისგების აღსრულება. ნელევსმა იგი უარით გაისტუმრა იმ მიზეზით, რომ ევრიტოსი მისი მოკავშირე იყო. მხოლოდ ნესტორმა, ნელევსის უმცროსმა ვაჟმა, მიიღო იგი. მან დაიყოლია დეიფობოსი, მონაწილეობა მიეღო ჰერაკლეს განწმენდაში. ქალაქ ამიკლეში აღასრულეს ეს წესისგება. მაგრამ ზევსის ძეს კვლავ აწამებდნენ ღამეული მოჩვენებანი.

სამფეხის გატაცება. აპოლონი მიზდევს ჰერაკლეს.
(ძვ. წ. 520 წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი.

სნეულებით გაწამებულმა ჰერაკლემ გადაწყვიტა დელფოში წასულიყო, რათა ორაკულისათვის ეკითხა, როგორ ეხსნა თავი ზევსის სასჯელისაგან. მაგრამ პითიამ ტაძრიდან გააგდო მეგობრის სისხლით წაბილწული ჰერაკლე. შეურაცხყოფილმა გმირმა ტაძრიდან გაიტაცა მაგიური სამფეხი, რომელზედაც იჯდა ხოლმე პითია წინასწარმეტყველებისას. განრისხდა აპოლონი, მსგავსი რამ ღმერთსაც არ უკადრებია მისთვის. მძვინვარე სახით გამოეცხადა ჰერაკლეს და სამფეხის დაბრუნება უბრძანა. ასე მიუგო მას გმირმა: „მე ჩემი ნებით როდი ვცოდავ, მაღალი ძალა მაიძულებს, ჩავიდინო დანაშაული. მე ხომ თავადაც ვიტანჯები. განა გონება დაბინდული არ მქონდა მაშინ, როცა დავხოცე ჩემი და ჩემი ძმის შვილები. მერე ევრისთევსს ვემსახურე მრავალი წელი ღმერთების ნებით და ყველა ცოდვა გამოვისყიდე. ახლა ჩემს ერთგულ მეგობარს, იფიტოსს, განა სასიკვდილოდ გავწირავდი, ღვთაებრივ ძალას გონება რომ არ დაებნელებინა. მამაჩემმა, ღმერთთა მეუფემ, დამსაჯა და ღირსიც ვიყავი. მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. მსურდა ცოდვა კვლავ გამომესყიდა. შენთან მოვედი, რათა ხსნის გზა გესწავლებინა, შენც გამწირე, შეურაცხმყავი და ახლა კი მასხრად მიგდებ, რისხვით მიბრძანებ, დაგიბრუნო ოქროს სამფეხი. დიადო ღმერთო, ბრძოლაში გიწვევ!“

არ მოელოდა ისართმტყორცნელი დიდი ღმერთი ამ გამოწვევას. მხრებზე ლამაზად შეფენილი ოქროს კულულები შეარხია და მძლეთამძლე გმირთან შესაბმელად მოემზადა. სასტიკი ბრძოლა გაიმართა. ქარიშხალთა შეხლას მოჰგავდა მათი ჭიდილი. ამ საოცრების მხილველმა მზე-ჰელიოსმაც შეაყენა თავისი რაშები, მიწა გმინავდა მათ ფერხთა ქვეშ, დუღდა ჰაერი. ზევსი საწვიმრად გამზადებული ღრუბლებიდან უმზერდა ამ ორთაბრძოლას. შერკინებულებს ოლიმპოსიდან მოციმციმე ელვა სტყორცნა და გააშველა. ძმები შერიგდნენ. თავისი ხელით მიიტანა ჰერაკლემ ოქროს სამფეხი აპოლონის მაღალ ტაძარში და პითიასგან მოისმინა ასეთი წინათქმა: „განიკურნები, მხოლოდ მას შემდეგ, თუ მთელი წელი დაუდგები მეფეს მოჯამაგირედ, ხოლო აღებულ თანხას მისცემ იფიტოსის შვილებს“. შექანდა ჰერაკლე, თითქოს ფერხთა ქვეშ მიწა გამოეცალაო, მაგრამ იკითხა: „ვის უნდა ვემსახურო?“ „ლიდიის დედოფალი ომფალე გიყიდის შენ!“ – ასეთი იყო მისნის პასუხი. „თანახმა ვარ, – აღმოხდა დიდ გმირს, – მაგრამ დადგება დრო და იმ ადამიანს, ვისთვისაც ასე ვიტანჯები, მონად გავყიდი, და უფრო მეტიც, ამ ხვედრს მთელი მისი ოჯახი გაიზიარებს!“

შერისხული გმირი ჰერმესმა წაიყვანა აზიაში და გაყიდა, ვითარცა უსახელო მონა. მანვე გადასცა ვერცხლის სამი ტალანტი იფიტოსის ობლებს. მაგრამ ევრიტოსმა არ მიიღო ეს თანხა და თავის შვილიშვილებს მოუწოდა, შური ეძიათ მამის მკვლელობისათვის. რა ბედი ეწიათ ვერცხლის ტალანტებს, ჰერმესის გარდა არავინ იცის.

ჰერაკლე იყიდა ლიდიის დედოფალმა ომფალემ, ტმოლოსის ქვრივმა. მას მოეწონა უბრწყინვალესი აღნაგობის ეს მამაკაცი და მისი სახით შეიძინა მონა კი არა, საყვარელი. ომფალემ ჰერაკლესაგან შვა სამი ძე: ლამოსი, აგელაოსი და ლაომედონი. ამპარტავანი იყო ლიდიის დედოფალი. მას სიამოვნებას ჰგვრიდა მძლეთამძლე გმირზე მბრძანებლობა. იგი ზევსის ძეს ქალის სამოსელს აცმევდა და აიძულებდა ჯარატართან დგომას, რთვასა და ქსოვას. გმირი, რომელმაც მძიმე კომბლით ლერნეს ჰიდრას თავი გაუპო, ჰადესიდან ამოიყვანა შემზარავი ქოფაკი, ხელით მოგუდა ნემეას ლომი და თავისი მხრებით დაიკავა ცის მძიმე თაღი, გმირი, რომელიც თავად ღმერთებს შებრძოლებია, რომლის სახელის ხსენებაზეც ძრწოდნენ თავად ბუმბერაზები, ახლა წელში მოხრილი იჯდა ჯარა-ტართან და ძაფს რთავდა იმ ხელით, რომლითაც ნაჩვევი იყო მშვილდის მოზიდვას, ხმლის ქნევასა და კომბლის ბზრიალს. ომფალე კი ოქროს აბჯარზე შემოისხამდა ხოლმე გმირის ლომის ტყავს, რომელიც სანახევროდ მიწაზე დასთრევდა, შემოირტყამდა მის ხმალს, ძლივსძლივობით აიკიდებდა მხარზე მძიმე კომბალს და ასე გამოწყობილი ტმოლოსის ვენახში მიაბიჯებდა.

ეს ამბები ბერძნებს უამბო პანმა, რომელსაც ასეთი რამ შეემთხვა: ერთხელ ომფალე მონა-ჰერაკლეს თანხლებით ტმოლოსის ხეივანში სეირნობდა. პანმა თვალი ჰკიდა თუ არა დედოფალს, მყის შეუყვარდა. დაემშვიდობა მთის ნიმფებს და სათაყვანებელ არსებას გამოეკიდა ამ სიტყვებით: „ახლა მხოლოდ შენ გეკუთვნის ჩემი გული!“ ამასობაში ჰერაკლე და მისი მბრძანებელი ერთ მღვიმეს მიადგნენ. იქ მათ აზრად მოუვიდათ სამოსის გამოცვლა. ვახშმის შემდეგ ორივენი ძილს მიეცნენ. შუაღამისას მღვიმეში შეიპარა პანი. მან, თავისი აზრით, ომფალეს სარეცელს მიაგნო, აცახცახებული ხელით გადასაფარებელი ასწია და შიგ მოკალათდა. სინამდვილეში იქ იწვა დედოფლის სამოსში გამოწყობილი ჰერაკლე. მან გაიზმორა და ისე გაჰკრა ფეხი პანს, რომ მღვიმის მეორე ბოლოში მოისროლა. ხმაურზე ომფალესაც გამოეღვიძა. როდესაც ჩირაღდნები აანთეს და ყველაფერი გაცხადდა, ბევრი იცინეს მღვიმის სტუმრებმა. იმ დღიდან ვერ იტანდა პანი ტანსაცმელს, ვეღარც ჰერაკლეს, რომელსაც გაუვრცელა ხმა, რომ თითქოს გმირს სიამოვნებას ჰგვრიდა ქალის სამოსით სიარული.

იმ საქმეთა შორის, რომელიც ჰერაკლემ ომფალეს კარზე ყოფნისას აღასრულა, იყო კეკროპთა დატყვევებაც. მაინც ვინ იყვნენ კეკროპები? ოკეანოსის და თეას ტყუპი ვაჟები, საქვეყნოდ ცნობილი მატყუარები და ოინბაზები. ისინი დაეხეტებოდნენ დედამიწის ზურგზე და ახალ-ახალ ოინებს იგონებდნენ. თეა ურჩევდა მათ, შორს დაეჭირათ თავი ჰერაკლესაგან. ანდაზად იქცა მისი გამოთქმა: „ჩემო პატარა თეთრგავიანებო, მოგიწევთ თქვენ დიდ შავ გავასთან შეხვედრა!“ ყურად არ იღეს კეკროპებმა დედის სიტყვები. ისინი ბუზებს ემსგავსებოდნენ და ბზუილით ძილს უფრთხობდნენ ბუმბერაზს. ერთხელ ისე მოხდა, რომ გმირს ეფესოსის ჭალის ჩრდილში მშვიდად მიეძინა. მძინარეს ჯუჯა კეკროპები მიეპარნენ და იარაღის მოპარვა მოუნდომეს. ჰერაკლეს სწორედ იმ დროს გამოეღვიძა, როდესაც კეკროპებმა მისი მშვილდი და ისრები დაიტაცეს. ამის მხილველი ზევსის ძე როდი განრისხდა, იოლად შეიპყრო ჯუჯები, ფეხები შეუკრა, მერე გრძელ ჯოხზე თავდაყირა დაჰკიდა და ქალაქისკენ გაემართა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჰერაკლეს დუნდულები, რომელთაც ლომის ტყავი ვერ ფარავდა, მზით ისე გარუჯულიყო, რომ ძველი ტყავის ფარებს მოჰგავდა. მათ ფერს კაკოსისა და კრეტის ხარის ცეცხლოვანი სუნთქვაც დასტყობოდა. ამიტომ ამ სანახაობის მხილველი კეკროპები, რომლებიც თავდაყირა ეკიდნენ, თავშეუკავებლად ხითხითებდნენ. თავდაპირველად მათმა საქციელმა გააოცა ჰერაკლე, ხოლო როდესაც მიუხვდა მიზეზს, კლდეზე ჩამოჯდა და თავადაც კარგად იხალისა. ასე გაითავისუფლეს თავი ონავარმა ძმებმა.

კიდევ მრავალი რამ შეემთხვა ჰერაკლეს ომფალეს კარზე მსახურების ჟამს: ლიდიაში ცხოვრობდა ვინმე სილევსი, რომელიც ყოველ უცხოელს აიძულებდა ემუშავა მის ვენახებში. ჰერაკლემ მას ძირფესვიანად ამოუთხარა ყოველი ვაზი. როდესაც იტონოსის მკვიდრი ლიდიელები თავს დაესხნენ ომფალეს სამეფოს, ჰერაკლემ შემოსეულებს მთელი ნაძარცვი წაართვა, ხოლო მათი ქალაქი აღგავა მიწის პირისაგან. კელენეში ცხოვრობდა მიწათმოქმედი ლიტიერსესი, მეფე მინოსის უკანონო ძე. იგი მგზავრებს შინ იწვევდა და აიძულებდა, შეჯიბრებოდნენ მას მოსავლის აღებაში. თუკი ჩამორჩებოდნენ, როზგებით სცემდა, ხოლო საღამოს წაგებულებს თავებს სჭრიდა და თან სევდიანად მღეროდა. ჰერაკლე ჩავიდა კელენეში, რათა ეხსნა მწყემსი დაფნისი, ჰერმესის ძე, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიარა მისი საყვარელი პიმპლეას ძებნაში და, როგორც იყო, მიაგნო მას ლიტიერსესის მონათა შორის. როდესაც ამ უკანასკნელმა მოსავლის ასაღებად წაიყვანა დაფნისი, იგი ჰერაკლემ შეცვალა, შეჯიბრი მოიგო, ბოროტმოქმედს თავი მოჰკვეთა, ხოლო სხეული მდინარე მეანდროსში მოისროლა. დაფნისმა კი მიიღო არა მხოლოდ პიმპლეა, არამედ ლიტიერსესის სასახლეც. ბოლოს ლიდიის მდინარე სანგარიოსის სანაპიროზე ჰერაკლემ ისრით განგმირა უზარმაზარი გველი, რომელიც ანადგურებდა მოსავალს და ადამიანებს. მადლიერმა ომფალემ, როგორც იქნა, გაიგო, ვინ ჰყავდა მონად. გაათავისუფლა იგი და დიდძალი ძღვენით გაისტუმრა ქალაქ ტირინისში. ზევსმა კი ამ მოვლენის აღსანიშნავად შექმნა თანავარსკვლავედი, რომელსაც „გველთამჭერი“ უწოდა.

ჰერაკლე.
ლეკითოსის ფერწერა (ძვ. წ. 475-450 წ.წ.), ბერლინი, სახელმწიფო მუზეუმი.

მონობისაგან გათავისუფლებული ჰერაკლე მძიმე სენისგანაც განიკურნა. ახლა უკვე მას მოსვენებას არ აძლევდა ტროას მეფე ლაომედონზე შურისძიების სურვილი. მან ხომ თავის ქალიშვილის, ჰესიონეს გადარჩენისთვის შეპირებული მერნები არ მისცა გმირს. უფრო მეტიც, მასხრად აიგდო და ტროადან ისე გაისტუმრა. ჰერაკლეს წყენა გულში ჰქონდა ჩამარხული და სათანადო ჟამს ელოდა შურისგებისთვის. ეს ჟამიც დადგა. ზევსის ძემ დიდძალი ჯარი შეკრიბა და რჩეულ გმირთა თანხლებით ტროასკენ დაიძრა თვრამეტი ხომალდი. ჰერაკლემ იოლად აიღო ტროა, ისრებით განგმირა ლაომედონი და მისი ვაჟიშვილები. შეიწყალა მხოლოდ პოდარკესი, რომელიც მამას პირობის აღსასრულებლად მოუწოდებდა. ტროა დაეცა. როდესაც შურისძიების სურვილი დაიცხრო, ჰერაკლემ ტელამონს უბოძა მშვენიერი ჰესიონე, რომელსაც ნება დართო, გამოესყიდა ტყვეთაგან ნებისმიერი. მან პოდარკესი აირჩია. „კარგი! – დასთანხმდა ჰერაკლე, – მაგრამ თავდაპირველად ის უნდა გაიყიდოს, ვით მონა“. ჰესიონემ თავიდან დედოფლის მანდილი მოიხსნა და ჰერაკლეს გაუწოდა, ვით საზღაური ძვირფასი ძმისთვის. სწორედ მას შემდეგ უწოდეს პოდარკეს პრიამოსი, ანუ „გამოსყიდული“.

ჰერაკლემ გაუკაცრიელებული ტროა პრიამოსს ჩააბარა, თავად კი სხვა საგმირო საქმეთა აღსასრულებლად გაეშურა თეთრი ხომალდით.

ვიდრე ზევსს ზმანებათა ღვთაების ნებით ეძინა, ჰერამ ბორეასს მოუწოდა, ქარიშხალი გარდმოევლინა, რათა ჰერაკლე დაეღუპა ბობოქარ ზღვაში.

მედგრად ებრძოდა ზევსის ძე მძვინვარე დელგმას. ძლივს მიაღწია კუნძულ კოსის ნაპირებამდე, მაგრამ აქ ახალი საფრთხე ელოდა. კუნძულის მკვიდრებმა იფიქრეს, მეკობრეები დაგვესხნენ თავსო და ქვები დაუშინეს ზვირთებში თეთრად მოქანავე ხომალდს. ჰერაკლემ მაინც შეძლო ნაპირზე გადასვლა, მედგარი ბრძოლა გაუმართა კოსელებს, განგმირა მათი მეფე, პოსეიდონის ძე ევრიპილოსი და მთელი კუნძული დაარბია.

როდესაც ზევსმა გამოიღვიძა და გაიგო, თუ რა საფრთხეში ჩააგდო ჰერამ მისი ძე, განრისხდა. მეუღლე ჯაჭვებით შებოჭა და ცასა და მიწას შორის დაკიდა, ფეხებზე კი ორი მძიმე გრდემლი მიაბა. ყოველ ღმერთს, რომელიც კი გაბედავდა ჰერას გამოქომაგებას, განრისხებული ზევსი შეუბრალებლად ისროდა ოლიმპოსიდან. იგი დიდხანს ეძებდა ძილის ღვთაება ჰიპნოსსაც, რომელსაც ერებოსის მარადიულ წყვდიადში გადაგდებით ემუქრებოდა. აღასრულებდა კიდეც მუქარას, მისთვის ღამის ქალღმერთს, ნიქსს რომ არ მიეცა თავშესაფარი. ძლევამოსილი ნიქსისა კი ზევსსაც ერიდებოდა. ასეთი მრისხანებით იხსნა ღმერთთა მეუფემ თავისი ძე კუნძულ კოსზე და არგოსისაკენ მიმავალი გზა გაუნათა.

ათენას რჩევით, ქალკისისაკენ გაეშურა ჰერაკლე. იქ, ფლეგრეს ველზე, ერთმანეთს ებრძოდნენ ღმერთები და გიგანტები. ჰერაკლეს დახმარებით ღმერთებმა დაამარცხეს გიგანტები, რითაც წესრიგი დაამყარეს მთელ სამყაროში და განამტკიცეს ზევსის ძალაუფლება.

კიდევ ერთ მეფეზე შურისძიების სურვილით იყო შეპყრობილი ჰერაკლე. ეს ელისის მეფე ავგიასი. ამან ხომ თავისი თავლების გაწმენდისათვის შეპირებული გასამრჯელო არ მისცა გმირს. და აი, იმ ამბებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეკრიბა ტირინსელთა და არკადიელთა ლაშქარი – საუკეთესო ბერძენი გმირები – და გაემართა ელისისაკენ. ავგიასი მზად იყო საბრძოლველად. მან მხედართმთავრებად დანიშნა თავისი ძმის, აკტორისა და მოლიონეს შვილები – ევრიტოსი და კტეატოსი, რომელთაც აკტორიონებს ან მოლიონებს უწოდებდნენ.

ჰერაკლეს ვერ მოუტანა დიდება ელისის ბრძოლამ. იგი ავად გახდა. ამით ისარგებლეს მოლიონებმა და გაანადგურეს მისი ლაშქარი. ამასობაში კორინთოელებმა დრო იხელთეს და დაამყარეს ე.წ. ისთმოსის ზავი. ამ ბრძოლაში დაიჭრა ჰერაკლეს ძმა იფიკლესი. იგი არკადიაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც გმირად აღიარებული. სამას სამოცი მებრძოლი დაკარგა ჰერაკლემ ელისის მინდვრებზე. ყოველ მათგანს დიდმა გმირმა სათანადო პატივი მიაგო. შემდეგ გაემართა ოლენოსისკენ, სადაც ეწვია თავის მეგობარ დექსამენოსს. იქ მის უმცროს ქალიშვილ დეიანირასთან სარეცელი გაიზიარა და ცოლად მოყვანის პირობა მისცა.

როცა ჰერაკლე წავიდა, დაიანირას ხელი ითხოვა კენტავრმა ევრიტიონმა, რომელსაც უარი ვერ შეჰკადრა დექსამენოსმა. ქორწინების დღეს მოულოდნელად გამოცხადდა ჰერაკლე, მოკლა ევრიტიონი და მისი ძმები, ხოლო დეიანირა თან წაიყვანა.

როდესაც ჰერაკლე დაბრუნდა ტირინსში, ევრისთევსმა ბრალად დასდო, თითქოს მას სურდა სამეფო ტახტის ხელში ჩაგდება და გააძევა არგოლისიდან. ჰერაკლე თავისი ოჯახით გადასახლდა არკადიის თენეოსში, რომლის ველებზეც მრავალი არხი გათხარა. ამ არხებმა ნაყოფიერი გახადეს არკადიის უკაცრიელი მიწები.

ერთხელ ჰერაკლემ შეიტყო, რომ ელისელები მიემართებოდნენ მესამე ისთმოსურ ზეიმზე და რომ მათ შორის იქნებოდნენ მოლიონებიც. იგი ჩაუსაფრდა პროცესიის მონაწილეებს და ამოხოცა ავგიასის მხედართმთავრები. შემდეგ ონკოსს სთხოვა შავფაფრიანი ცხენი არიონი, რომელიც მოათვინიერა, შეაგროვა ახალი ჯარი არგოსში, თებესა და არკადიაში და ქალაქი ელისი დაიპყრო. მოკლა ავგიასი შვილებთან ერთად, ხოლო ტახტი კანონიერ მფლობელს – მეფე ფილევსს დაუბრუნა.

ელისიდან ჰერაკლემ დიდძალი ნადავლი წამოიღო. მან თავი მოუყარა ლაშქარს პისასთან და მამა-ზევსის პატივსაცემად შემდეგ უკვე საყოველთაოდ აღიარებული ოლიმპიური ასპარეზობანი დააწესა. დიადმა გმირმა თავად მონახა ზევსის ტაძრისთვის შესაფერისი ადგილი, შემოსაზღვრა წმინდა ჭალა, საკუთარი ნაბიჯებით მოზომა სტადიონი, იქვე მდებარე ბორცვს უწოდა „კრონოსის ბორცვი“ და ოლიმპოსის ღმერთებს აუგო საკურთხევლები. არ დაივიწყა თავისი დიდი წინაპარი პელოფსიც. მის სახელზე აღმართა სამხსვერპლოცა და საკურთხეველიც.

ზაფხულის ბუნიაობის შემდეგ, მთვარის პირველივე მოვანების ჟამს, დღესასწაულისათვის ყველაფერი უკვე მზად იყო. ოღონდაც ველზე ცოტა იყო ხეცა და ჩრდილიც. მაშინ ჰერაკლემ ისწრაფა ჰიპერბორეელთა ქვეყნისკენ, სადაც ოდესღაც ნეტარებდა ზეთისხილის ხეების ჩრდილში. მან აპოლონის ქურუმები დაიყოლია, მიეცათ თუნდაც ერთი ზეთისხილის ხე. შემდეგ დაბრუნდა ოლიმპიაში და ეტოლიელ მსაჯულს უბრძანა, ოლიმპიელი გამარჯვებულისათვის მიენიჭებინა ზეთისხილის რტო. ეს უნდა ყოფილიყო ერთადერთი ჯილდო, რამეთუ თავად ჰერაკლემ ისე აღასრულა თავისი თორმეტი საქმე, რომ გასამრჯელო არ მიუღია ევრისთევსისგან. ამ ხეს, რომელიც ხარობდა ზევსის ტაძრის წმინდა ჭალაში, „სამართლიანი დაგვირგვინების ზეთისხილს“ უწოდებდნენ. ხოლო გვირგვინებისთვის მას რტოებს ჰკვეცდა წარჩინებული ოჯახის შვილი, რომელსაც მშობლები ცოცხალი ჰყავდა.

როდესაც დაიწყო ასპარეზობა, არავის სურდა ჰერაკლესთან შერკინება. მაშინ თვით ზევსმა სახე იცვალა და ვით მოკვდავი, აღიმართა გმირის წინაშე. საოცარი სანახაობის მომსწრე შეიქნენ მხილველები. ეს დაძაბული შერკინება დიდხანს გაგრძელდა. მამამ და შვილმა გამარჯვება გაინაწილეს. როდესაც ზევსმა თავისი სახე წარმოაჩინა, აღფრთოვანებულ შეძახილებს ბოლო არ ჰქონდა. ეს მოხდა მთვარის მოვანების ჟამს და მთელ სტადიონს სავსე მთვარის ბრწყინვალების ნათელი ადგა.

ოლიმპიური დღესასწაულები იმართებოდა ყოველ ორმოცდაცხრა ან ორმოცდაათ თვეში ერთხელ, გრძელდებოდა ხუთი დღე: თერთმეტიდან თხუთმეტ რიცხვამდე. ამ დროს, მთელი თვის განმავლობაში, მშვიდობა სუფევდა საბერძნეთში. ასპარეზობაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა ის ათლეტი, ვისაც რაიმე ცოდვა მიუძღოდა ღმერთის წინაშე. თავდაპირველად დღესასწაულს მართავდნენ პილოსელები. შემდეგ, როდესაც საბოლოოდ დაბრუნდნენ ჰერაკლიდები, მათი ეტოლიელი მოკავშირეები დასახლდნენ ელისში და ამ მოვალეობის აღსრულება მათვე განაგრძეს.

ელისელებს ბრძოლაში ეხმარებოდა პილოსელთა ჯარი. ამიტომ გმირმა მათ წინააღმდეგ გალაშქრებაც გადაწყვიტა. სამართლიანობის მომხრე ათენა მას მფარველობდა, ხოლო ქალაქ პილოსს – ჰერა, პოსეიდონი, ჰადესი და არესი. თავდაპირველად ჰერაკლე პოსეიდონს შეება. მისი კომბალი მოხვდა ღმერთის სამკაპს. განრისხდა პოსეიდონი და თავი დამარცხებულად სცნო. შემდეგ ჰერაკლემ შუბით ისწრაფა ათენას დასახმარებლად და მესამე დაკვრით გააპო არესის ფარი, თავად ღმერთი კი მიწაზე დასცა. იგივე შუბი ჩაარჭო გვერდში და ტკივილისაგან გაწამებული ღვთაება ოლიმპოსისკენ განდევნა. იქ მას აპოლონმა მოუშუშა იარა ერთ საათში. არესი ისევ ბრძოლის ველზე დაბრუნდა და მანამ იბრძოდა, ვიდრე ჰერაკლეს ისარმა მხარი არ გაუხვრიტა. გმირმა ჰერაც დაჭრა მარჯვენა მკერდში „სამწვერა“ ისრით.

პილოსელთა მხარეს იბრძოდა ნელევსის ძე, არგონავტი პერიკლიმენოსი. მას პოსეიდონმა უბოძა ძალა და მრავალ სახედ გარდაქმნის უნარი. ამჯერად იგი ჯერ ლომად გარდაისახა, შემდეგ გველად, ბოლოს კი ბუზად თუ ჭიანჭველად. ჰერაკლემ ათენას შემწეობით იცნო პერიკლიმენოსი და კომბალს დასწვდა. მაშინ პერიკლიმენოსი არწივად გარდაისახა და ჰერაკლეს კინაღამ თვალი გამოსთხარა, მაგრამ გმირის მიერ ნასროლი ისარი მოხვდა და განგმირული მიწაზე დაეცა.

ბოლოს და ბოლოს, ზევსის ძემ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში.

ჰერაკლემ განიზრახა გაელაშქრა სპარტის წინააღმდეგ და დაესაჯა ჰიპოკოონის ვაჟიშვილები, რომლებმაც არ მიიღეს იგი იფიტოსის გარდაცვალების შემდეგ, უარი თქვეს მისი განწმენდის რიტუალის აღსრულებაზე და პილოსის ომში ნელევსის მხარეს იბრძოდნენ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შემოაკვდათ მისი მეგობარი ოიონოსი. აი, როგორ მოხდა ეს: ლიკიმნიოსის ძე ოიონოსი, თან ახლდა რა ჰერაკლეს სპარტაში, ჰიპოკოონის სასახლის წინ სეირნობდა. მას თავს დაესხა უზარმაზარი ძაღლი. თავს რომ იცავდა, ოიონოსმა ქვა მოახვედრა ამ ძაღლს პირდაპირ დინგში. ამ დროს გამოვარდნენ გარეთ ჰიპოკოონის ვაჟები და ჯოხებით დაუწყეს მას ცემა. მაშინ ჰერაკლე ქუჩის მეორე ბოლოს იყო, ისწრაფა ოიონოსის დასახმარებლად, მაგრამ ცოცხალს ვეღარ მიუსწრო. თავადაც დაჭრეს ხელსა და თეძოში. გმირმა თავი შეაფარა ტეგეას მთასთან აღმართულ ელევსინელი დემეტრეს ტაძარს, სადაც იგი განკურნა ცნობილმა ექიმმა ასკლეპიოსმა.

ასე რომ, შეკრიბა რა მცირერიცხოვანი ლაშქარი, ჰერაკლემ გეზი აიღო არკადიის ტეგეასაკენ. იქ კეფევსს სთხოვა, თავის ოც ვაჟთან ერთად შეერთებოდა მის ამალას. თავდაპირველად კეფევსი არ თანხმდებოდა, ეშინოდა რომ მისი ქალაქიც არ ჩაეთრიათ ამ ბრძოლაში. მაშინ ჰერაკლემ ათენას მიერ ნაჩუქარი გორგო მედუზას თმის კულული მისცა კეფევსის ასულ აეროპეს და უთხრა: „თუ მტერი ქალაქს მოუახლოვდება, საკმარისია ქალაქის კედლიდან სამგზის დაანახო მას ეს ხვეული ზურგშებრუნებით და იგი უმალ უკუიქცევა“. მაგრამ აეროპეს არ დასჭირვებია ეს მაგიური ნივთი.

სამწუხაროდ, კეფევსი და მისი ოცი ძე დაიღუპა ამ ბრძოლაში. ჰერაკლემ კიდევ რამდენიმე მებრძოლი დაკარგა, სპარტელებმა კი – უამრავი, მათ შორის ჰიპოკოონიც თავისი თორმეტი ვაჟით. ქალაქი იერიშით აიღეს. ჰერაკლემ მეფედ დასვა ტინდარეოსი მანამ, ვიდრე მისი შთამომავალი არ მოითხოვდა უფლებას ტახტზე.

ამ ლაშქრობის ჟამს ჰერა არც კი გამოჩენილა. მადლიერების ნიშნად, ჰერაკლემ მას სპარტაში აღუმართა საკურთხეველი და თხა შესწირა მსხვერპლად. მანვე აუგო ტაძარი ათენას, ხოლო გზად თერაპნესკენ ასკლეპიოსს უძღვნა სამსხვერპლო.

ჰერაკლემ თენეოსში ოთხი წელი გაატარა. ბოლოს განიზრახა პელოპონესოსის მიტოვებაც. არკადიის მძლავრ ლაშქარს ჩაუდგა სათავეში, ზღვა გადალახა და ეტოლიის კალიდონს მიადგა. ამ დროისთვის მას კანონიერი არც მეუღლე ჰყავდა, არც მემკვიდრეები. ჰერაკლეს მუდამ ახსოვდა ჰადესის სამეფოში დადებული პირობა, ცოლად შეერთო დეიანირა, ოინევსის სავარაუდო ასული. მან ეს მელეაგროსის სულს აღუთქვა. და აი, დადგა ამ პირობის აღსრულების დროც. მრავალი გმირი ითხოვდა ეტოლიის მეფის, ოინევსის ასულის, დეიანირას ხელს. მათ შორის იყო მდინარის ღმერთი აქელოოსიც, რომელსაც გარდასახვის უნარი შესწევდა. მეფე ოინევსმა გადაწყვიტა დეიანირა ცოლად იმისთვის მიეცა, ვინც ორთაბრძოლაში გაიმარჯვებდა. სასიძოებმა უარი თქვეს აქელოოსთან შერკინებაზე. მხოლოდ ჰერაკლე შეემზადა მდინარის ძლევამოსილ ღმერთთან საბრძოლველად. როდესაც ისინი პირისპირ დადგნენ, ასე მიმართა ღმერთმა მასთან მებრძოლ გმირს: „ნუთუ გგონია, რომ ზევსისა და ალკმენეს ძე ხარ? მაღალი ზევსი შენი მამა როგორ იქნება?!“ – და აქელოოსი მოჰყვა ალკმენეს შეურაცხყოფას.

ჰერაკლემ რისხვის ცეცხლით ანთებული თვალები ღმერთს მიაპყრო და ასე უთხრა: „აქელოოს, შენ ენა გერჩის, მე კი ხელები! ენით გამარჯვება შენი იყოს, მე ამ ხელებით გავიმარჯვებ!“

ჰერაკლე და აქელოოსი.
სტამნოსის ფერწერა (ძვ. წ. 520-510 წ.წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი.

დინჯი ნაბიჯით მიუახლოვდა იგი მდინარის ღვთაებას და მძლავრი ხელები შემოაჭდო. არ განძრეულა უზარმაზარი აქელოოსი, ისე იდგა, ვით ურყევი კლდე, ზღვის მძვინვარე ზვირთები რომ ეხეთქებიან. სამგზის დაესხა თავს ჰერაკლე ძლევამოსილ ღმერთს. მეოთხედ, ხელიდან რომ დაუსხლტა, ზურგში ჩააფრინდა და მთასავით დადო მიწაზე. დაიძაბა აქელოოსი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა იბრძოდა, მაგრამ სულ უფრო და უფრო მძლავრად აკრავდა მიწას ზევსის ძე. ამოიგმინა მდინარის ღმერთმა, მუხლები მოხარა და ქედი მოიდრიკა. ბოლოს ხერხს მიმართა: გველად იქცა და გმირს ელვის სისწრაფით დაუსხლტა ხელიდან. ჰერაკლემ გადაიხარხარა და შესძახა: „გველებთან ბრძოლას აკვნიდანვე ვარ ჩვეული! მართალია, შენ სხვა გველებზე დიდი ხარ, აქელოოს, მაგრამ ლერნეს ჰიდრას ხომ ვერ შეედრები. თავს რომ მოვკვეთდი, მის ადგილას ორი თავი ამოსდიოდა, ერთი უკვდავი თავიც ჰქონდა, და მაინც ვძლიე!“

ჰერაკლემ კისერში ჩაავლო ხელი ქვეწარმავალს და ისეთი ძალით მოუჭირა, კინაღამ სული ამოხადა. იგრიხებოდა აქელოოსი, ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა, მაგრამ ამაოდ. კიდევ ერთხელ მიმართა ხერხს: ხარად იქცა და კვლავ დაესხა თავს ჰერაკლეს. გმირმა რქებით დაითრია ხარი და მიწაზე დაანარცხა ისეთი ძალით, რომ რქა მოსტეხა. ასე დამარცხდა აქელოოსი და მდინარეში მიიმალა.

მეფე ოინევსმა კი ჰერაკლესა და დეიანირას დიდებული ქორწილი გადაუხადა.

დიდხანს არ დარჩენილა ჰერაკლე მეფის კარზე. მალე თავის მეუღლესთან ერთად მშობლიური ტირინსისაკენ გაეშურა. გზად მდინარე ევენოსს მიადგა. აქ იგი შეხვდა კენტავრ ნესოსს, რომელსაც მგზავრები ზურგით გადაჰყავდა. მან ჰერაკლესაც შესთავაზა თავისი სამსახური, სულ მცირე საზღაურის ფასად დეიანირას გადაყვანა ითავა. ჰერაკლემ გადაუხადა, რაც ითხოვა, კომბალი და მშვილდი მეორე ნაპირზე გადაისროლა და აღელვებულ მდინარეში გადაეშვა. ხოლო ნესოსმა სიტყვა გატეხა და საწინააღმდეგო მხარეს გაცურა. როდესაც ნაპირს მიაღწია, დეიანირას მიუალერსა. ქალმა შეჰკივლა. მეორე ნაპირზე გასულ ჰერაკლეს ესმა მისი ხმა და მრისხანებით ზეწამოიჭრა. მშვილდი მოზიდა და დაჭიმული ლარიდან მომაკვდინებელი ისარი სტყორცნა კენტავრს. ჩაიმუხლა სასიკვდილოდ დაჭრილმა ცხენკაცმა. ნაკადულივით მოჩქეფდა მისი იარიდან ჰიდრას შხამნარევი სისხლი. ნესოსმა სიკვდილის წინ შურისძიება განიზრახა და საბედისწერო სიტყვებით მიმართა დეიანირას: „შენ ხარ ჩემი უკანასკნელი მგზავრი ევენოსის მღვრიე ტალღებში! შენმა მშვენებამ მომხიბლა აღსასრულის წინ. ჩემს სისხლს ხომ ხედავ, წყაროსავით რომ მოჩქეფს. თუ ამ სისხლს შეურევ თესლს, რომელიც მიწაზე დავღვარე, დაუმატებ ზეითუნის ზეთს და მიღებულ ნარევს მალულად წაუსვამ ჰერაკლეს სამოსს, არასოდეს გადაგიყვარებს იგი“.

ნესოსი მოკვდა. დეიანირამ მისი სისხლის წვეთები და მიწად დაღვრილი თესლი ერთმანეთს შეურია, დამალა ყუთში და ჰერაკლესთან ერთად გაუყვა გზას ტირინსისაკენ. მან ჰერაკლეს უშვა ოთხი ძე და ერთადერთი ქალიშვილი მაკარია.

ერთხელ ჰერაკლე ეწვია ქალაქ იტონოსს, სადაც იდგა ათენას უძველესი ტაძარი. იქ ცხოვრობდა კიკნოსი, არესის ძე. იგი სტუმრებს სთავაზობდა შეჯიბრს ეტლით სრბოლაში. გამარჯვებულს ძვირფასი ჯილდო უნდა მიეღო. მაგრამ ყოველთვის იმარჯვებდა თავად კიკნოსი, დამარცხებულებს კი კვეთდა თავებს, რომლებითაც მამამისის ტაძარს ამკობდა.

აპოლონს არ უყვარდა კიკნოსი იმის გამო, რომ იგი მის სამსხვერპლო ხარებს არ უშვებდა დელფოში. მან დაიყოლია ჰერაკლე, მიეღო კიკნოსის გამოწვევა. ასე მოილაპარაკეს, ჰერაკლეს დაეხმარებოდა იოლაოსი, ხოლო მის მოპაექრეს – არესი.

უჩვეულო იყო ჰერაკლესათვის ეს ორთაბრძოლა. ამიტომ იგი საგანგებოდ გამოეწყო: გაიკეთა ბრინჯაოს მბრწყინავი სამუხლეები, რომლებიც მისთვის გამოჭედა ჰეფესტომ, დიდი ოსტატობით ნაკეთები ოქროცურვილი სამკერდე, რომელიც მას უძღვნა ათენამ და რკინის სამხრეები. აღიჭურვა მშვილდით, შუბით, მუზარადითა და იმ ფარით, რომელიც ზევსმა დაამზადებინა ჰეფესტოს. ასე შემკული იგი მსუბუქად აღიმართა საბრძოლო ეტლზე.

ღმერთქალი ათენა საგანგებოდ დაეშვა ოლიმპოსიდან და ჰერაკლე გააფრთხილა: „ზევსი, მართალია, ნებას გრთავს მოკლა კიკნოსი და მიითვისო მისი ქონება, მაგრამ როდესაც არესს შეებრძოლები და დაამარცხებ, ხელი არ ახლო მის ტაიჭებს და დიდებულ აღსაჭურველს!“ შემდეგ იგი თავისი რჩეულის უკან დაბრძანდა, ეგისი შეარხია და როდესაც გაქანდა ეტლი, ამოიგმინა დედამიწამ. მსგავსი სისწრაფით მოქროდა კიკნოსი მათ შესახვედრად. შუბები რომ ახმაურდნენ, ორივე მებრძოლი მიწაზე აღმოჩნდა. უმალ ზეწამოიჭრნენ, ერთურთს შეებნენ და ისე მოხდა, რომ ჰერაკლემ კისერი მოუგრიხა კიკნოსს. ზევსის ძემ ახლა არესისაკენ ისწრაფა. მან შუბი სტყორცნა მისკენ მომავალს, ამ დროს ათენამ წარბი შეიკრა და შუბი მიზანს ააცილა. არესი ახლა მახვილით დაიძრა ჰერაკლესაკენ, მაგრამ ყველა ცდის მიუხედავად, თავად დაიჭრა თეძოში, მიწაზე დავარდა და როდესაც გმირმა ხელი აღმართა მისთვის მეორე იარის მისაყენებლად, ზევსმა მათ შორის დაკლაკნა ელვა და პაექრობა განასრულა. ათენამ დასუსტებული არესი ოლიმპოსზე აღაზევა, ხოლო ჰერაკლემ მდიდრული ნადავლით განაგრძო გზა.

ქალაქ ტრაქისში ჰერაკლეს დიდძალმა ჯარმა მოიყარა თავი. გმირმა გაილაშქრა ექალიის წინააღმდეგ, რათა შური ეძია მეფე ევრიტოსზე. მან რომ მშვილდოსანთა პაექრობაში გამარჯვებისათვის აღთქმული ჯილდო არ მისცა ჰერაკლეს, არ მიათხოვა თავისი ასული იოლე. ზევსის ძემ აიღო ქალაქი, ისრით განგმირა ევრიტოსი, ხოლო იოლე ტყვედ აიყვანა. არ ნებდებოდა მეფის ასული. ჰერაკლემ მის თვალწინ ამოხოცა მთელი სამეფო მოდგმა. მაშინ იოლე ქალაქის კედლიდან გადაეშვა უფსკრულში, მაგრამ არ მოკვდა, კაბის კალთებმა შეამსუბუქეს მისი დაცემა. ჰერაკლემ იოლე სხვა ტყვეებთან ერთად გაგზავნა ტრაქისში, სადაც დატოვა დეიანირა.

დიდი ზეიმით ემზადებოდა ჰერაკლე მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად. სურდა თაყვანი ეცა მამა-ზევსისთვის, ექალიის აღებისას რომ შემწეობა გადმოუვლინა. თავის დესპანი ლიქასი გაგზავნა დეიანირასთან, რათა მისი სადღესასწაულო ქიტონი, წესისგების აღსრულების ჟამს ტანთ რომ ისხამდა, წამოეღო.

ჰერაკლე და დეიანირა.
პელიკეს ფერწერა. (დაახ. ძვ. წ. 475 წ. ), პარიზი, ლუვრი.

მშვიდად ცხოვრობდა დეიანირა ტრაქისში. დიდი ხანია შეგუებოდა იმ აზრს, რომ ჰერაკლეს დროდადრო ახალი საყვარელი ქალი მოჰყავდა. როცა იოლე დაინახა, არც კი სწყენია, სიბრალულის გრძნობით აღივსო, რადგან მის გამო განადგურდა ექალია. მაგრამ აუტანელი იყო ის განცდა, რომ მათ ერთ ჭერქვეშ უნდა ეცხოვრათ. დეიანირას თვალწინ დაუდგა ჰერაკლეს ისრით განგმირული კენტავრი ნესოსი, რომელმაც სიკვდილის წინ თავისი ლერნეს შხამით მოწამლული სისხლი და თესლი შეანახვინა. დეიანირას თითქოს კენტავრის ხმაც შემოესმა: „თუ ჯადოწამალს მალულად წაუსვამ ჰერაკლეს სამოსს, არასოდეს გადაგიყვარებს იგი“. ფრთხილად აიღო დეიანირამ ნესოსის „ძღვენი“, ამდენ ხანს რომ საგულდაგულოდ ინახავდა სიბნელეში, რათა მზის სხივი არ მოხვედროდა, რათა სინათლეს არ წაეხდინა. ჯადო-წამალი წაუსვა ჰერაკლეს დიდებულ მოსასხამს, რომელიც თავად მოუქსოვა და დახურულ ყუთში საიმედოდ ჩადო. შემდეგ მოიხმო ლიქასი და ასე უბრძანა: „ეს ქიტონი მიართვი ჰერაკლეს. როდესაც ზევსის ბომონთან მივა, მაშინ მოისხას. არავინ შეეხოს ამ სამოსს, თავად ნათელი ჰელიოსის სხივიც არ მოხვდეს!“ ცხენებს შესძახა ლიქასმა და თვალს მიეფარა. დეიანირას კი შემზარავი სანახაობა გადაეშალა თვალწინ: ქსოვილი, რითაც ჰერაკლეს მოსასხამს ჯადოს უსვამდა, მზის სხივებზე იფერფლებოდა, იქვე მოჩანდა შხამიანი ქაფიც. ელდა ეცა დეიანირას, მიხვდა, ჰერაკლე სასიკვდილოდ რომ გაწირა: სასწაულმოქმედი იყო ლერნეს შხამში არეული კენტავრის სისხლი და თესლი. დეიანირამ ლიქასს მდევარი დაადევნა, თავად კი ფიცი აღავლინა, რომ უფრო ადრე მოკვდებოდა, ვიდრე ჰერაკლე.

მდევარმა გვიან მიაღწია კენევსის მთას. ჰერაკლეს უკვე მოესხა საზეიმო ქიტონი და რჩეული ხარებიც შეეწირა მსხვერპლად ზევსისთვის. ზეცას აღწევდა ცეცხლის ალი. საკურთხეველთან იდგა ჰერაკლე, მოწიწებით აღემართა ხელები მაღლა და დიად ღმერთებს მოუხმობდა. სამსხვერპლო ცეცხლის სიმხურვალისაგან ოფლმა დაასხა. სითბომ ჰიდრას შხამი და ნესოსის სისხლი გაალღო და ერთმანეთში აურია. ქიტონი ტანზე მიეკრო დიდ გმირს და საშინელი ტკივილისგან დაკრუნჩხა. გონგარდასულმა ჰერაკლემ საკურთხევლები ააყირავა, შემოიგლიჯა სამოსელი და მასთან ერთად ზედ მიკრული ხორციც. ძვლები უჩანდა, სისხლი უდუღდა აქაფებული. იქვე, მახლობლად იყო მდინარე. იქ გადაეშვა, მაგრამ შხამი უფრო მძლავრად მოედო. ახლა მთებისკენ გაექანა გაწამებული. გზად ფესვიანად გლეჯდა ხეებს. იქვე მიმალულ ლიქასს გადაეყარა, ხელი დასტაცა, თავს ზემოთ სამჯერ დააბზრიალა და შურდულივით მოისროლა ევბეას ზღვაში. გახევებული უყურებდა ყველა მის ტანჯვას. ვერავინ ბედავდა მიახლოვებას. ჰერაკლემ თავად იხმო თავისი ძე ჰილოსი და შეევედრა: „ნუ მიმატოვებ ამ მძიმე დღეში, თუნდ სიკვდილი მემუქრებოდეს. მოკვდავთა მზერას განმარიდე, იქ წამიყვანე, სადაც ვერავინ ვერ მიხილავს. თუკი გიყვარვარ, თუკი გაქვს ჩემი ოდნავი სიბრალული და თანაგრძნობა, აქ ნუ მომკლავ!“

ძლივს დააწვინეს საკაცეზე დიადი გმირი, თეთრ ხომალდზე აიყვანეს და ტრაქისისკენ აიღეს გეზი. დელფოს მისანმა დიდი ხნის წინ უმისნა ლიკიმნიოსს და იოლაოსს, თუ სად აღესრულებოდა მათი მეგობარი. ეს რომ გაიგო დეიანირამ, ერთი სიტყვაც არ დასცდენია, უხმოდ შევიდა თალამოსში, სწვდა ორპირ მახვილს და ზედ წამოეგო. ამასობაში ჰერაკლეც შემოიყვანეს სასახლეში. ტკივილებისგან დაქანცული ასე ბღაოდა: „დიადო ზევსო, საბერძნეთის დიდო გმირებო, სად ხართ? თქვენთვის გავწმინდე მიწა და ზღვები ურჩხულებისგან, რათა ქვეყანა ბოროტებას არ დაეთრგუნა, ნუთუ არ გსურთ, რომ საზარელი წამებისგან მიხსნათ! ო, ზევსის ძმაო, დიდო ჰადესო! დამაძინე სიკვდილის ძილით!“ დეიანირაც გაიხსენა, სურდა შური ეძია მასზე, მაგრამ ჰილოსმა შეაჩერა, ცრემლების ფრქვევით მოახსენა მთელი სიმართლე. მიხვდა ჰერაკლე, რომ სრულდებოდა ღმერთების ნება. მას დიდი ხნის წინ უმისნა ზევსმა: „სულდგმულს არ ძალუძს შენი მოკვლა. მხოლოდ უსულო მტერი შეიქნება შენი დაღუპვის მიზეზიო“. ტკივილებისგან გაწამებულმა ჰერაკლემ ნაღვლიანი მზერა მიაპყრო ჰილოსს და შეევედრა, ეტას მაღალ მწვერვალზე დაენთო დიდი კოცონი და ცეცხლზე დაწვით ბოლო მოეღო მისი ტანჯვისთვის. თან დააფიცა, ცოლად შეერთო იოლე. არ მოეწონა ჰილოსს ნათქვამი, მაგრამ სურვილის აღსრულების პირობა მისცა მომაკვდავ მამას.

მეგობრებმა, საბერძნეთის დიდმა გმირებმა, აიყვანეს მძლეთამძლე ჰერაკლე ეტას მთის თხემზე. იქ შეშის უზარმაზარი ზვინი აღმართეს და ზედ დაასვენეს ღმერთის შვილი. სულ უფრო ღრმად იჭრებოდა ჰერაკლეს სხეულში ჰიდრას შხამი. აუტანელი ხდებოდა ლმობა. ერთადერთი იყო ხსნის გზა – სიკვდილი. ყველა გრძნობდა ამას, მაგრამ ვერავინ ბედავდა ცეცხლის დანთებას. მძიმე ნაბიჯით ავიდა მთაზე ფილოქტეტესი. ევედრებოდა მას ჰერაკლე, ცეცხლი დაენთო, აჩუქა მშვილდიც და ისრებიც. თავად კი ზვინის თავზე გაიშალა ლომის ტყავი, ზედ წამოწვა და თავქვეშ კომბალი ამოიდო. რა უნდა ექნა ფილოქტეტესს, მეგობრის ტანჯვას ვერ გაუძლო და კოცონი ააგიზგიზა. ცისფრად აენთო ცეცხლის ალი, მაგრამ ამ დროს განათდა ზეცა და მასზე ელვა გაიკლაკნა მეხისტეხაში. კოცონს ოქროს ეტლით გადაუქროლეს ათენა პალასმა და ჰერმესმა. მათთან ერთად იყო გამარჯვების ქალღმერთი ნიკე. ცისიერებმა ცისფრად მობრიალე კოცონიდან ამოიტაცეს ჰერაკლე და ოლიმპოსზე აიყვანეს. იქ ფეხზე ამდგარი შეეგება ოქროს სკიპტრის მპყრობელი თავის დიად შვილს. ირგვლივ ღმერთები ზეიმობდნენ. ასე მიმართა მათ ზევსმა: „ზენარნო, მიხარია, რომ მადლიერ ხალხს განვაგებ, რომ ჩემს ნაშიერს არ აკლდა თქვენი წყალობა, თუმც ეს პატივი მან დიადისაქმეებით დაიმსახურა. ყოველიერთა მძლე ძლევს ცეცხლსაც, მის ცხოველ ძალას მხოლოდ დედისეული ნაწილით იგრძნობს. რაც ჩემგან დაჰყვა, ის ექნება მარადიული, სიკვდილისა და ცეცხლის ძალით დაუძლეველი! თუ მისი გაღმერთება ვინმეს შეაშფოთებს, აღსრულებულ საქმეთა გამო მაინც ღირსადყოფს და უნებურად აღიარებს უკვდავთა შორის!“ თავის ქნევით დაადასტურეს ცისიერებმა მისი ნათქვამი. მხოლოდ ჰერა გაანაწყენეს ბოლო სიტყვებმა. თუმცა იგიც ბედს შეეგუა, გულიდან ამოიღო ჰერაკლესადმი სიძულვილი და ცოლად შერთო თავისი უსაყვარლესი ასული, მარად ნორჩი ჰებე, სიყმაწვილის ქალღმერთი. და ცხოვრობს მშვიდად დიდი ჰერაკლე ოლიმპოსის ღრუბლებით დაბურულ მწვერვალზე ახლაც. დიდმა განგებამ მას უკვდავება მიანიჭა იმ საგმირო საქმეებისთვის, რაც მან მიწაზე აღასრულა, იმ ტანჯვისათვის, რაც მან მიწაზე დაითმინა. მოკვდავი ჰერაკლე ადამიანებს მხსნელად მოევლინა. მან დაამარცხა ურჩხულები და ამით შეამცირა ბოროტება დედამიწაზე. ის გამარჯვების გზით მიემართებოდა ოლიმპოსისკენ. ამით იყო მისი მიწიერი ცხოვრება უაღრესად მნიშვნელოვანი, ხოლო ზეციურ სამყოფელში, სადაც სუფევს წესრიგი და კეთილგანგება, ჰერაკლე ჩვეულებრივი უკვდავია. მას აღარ სჭირდება ბრძოლა გამარჯვებისათვის და ამიტომაც სდუმან მითები მის მარადიულ ცხოვრებაზე.

ბერძნებს მუდამ ახსოვდათ, რომ ჰერაკლე გაღმერთებამდე ადამიანი იყო. მის შესახებ სხვადასხვა ამბებს თხზავდნენ. ხანდახან მას კეთილ, ღორმუცელა ბუმბერაზადაც წარმოადგენდნენ, ბაზარში რომ ჩხუბობდა ბრბოსთან გამასხრებული. მაგრამ იგი ღმერთებზე მეტად უყვარდათ. ჰერაკლეს მთელ საბერძნეთში უგებდნენ ტაძრებს, საკურთხევლებს, სწირავდნენ მსხვერპლს და უმართავდნენ დიდებულ დღესასწაულებს, რომლებსაც ჰერაკლეები ეწოდებოდა. მას წარმოსახავდნენ ძლევამოსილ, ახოვან კაცად, ხშირად ტანშიშველს, ხან აღჭურვილს აღსაკაზმავით ან ლომის ტყავით დამშვენებულს. იოლი იყო მისი ცნობა, რადგან ხელთ მუდამ ეპყრა თავისი როკებიანი კომბალი.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები